მუხრან ხოჭოლავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუხრან ხოჭოლავა
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1881(1881-09-22)
დაბ. ადგილი ოდიში
გარდ. თარიღი 13 დეკემბერი, 1922(1922-12-13) (41 წლის)
საქმიანობა პოლიტიკოსი

მუხრან (იონა) ხოჭოლავა (დ. 22 სექტემბერი, 1881, ოდიში, ზუგდიდის მაზრა — გ. 13 დეკემბერი, 1922) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუხრან ხოჭოლავა დაიბადა 1881 წლის 22 სექტემბერს, ზუგდიდის მაზრის სოფელ ოდიშში. დაამთავრა ტფილისის საოსტატო ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1910-იან წლებში გადასახლებული იყო კავკასიიდან პოლიტიკური საბაბით. თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში "მუხრან ოდიშელის" ფსევდონიმით. 1919 წელს იყო საქართველოს მტავრობის რწმუნებული სოჭის ოლქში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან, იყო საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი. 1920 წლისათვის მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად ბათუმში დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც აკრიკიტებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1921 წლის ბოლოდან "სხივის" წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობდა ბოლშევიკურ რეჟიმთან საბრძოლველად საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათაშორის მოლაპარაკებებში. 1922 წლის მაისიდან იყო "სხივის" წარმომადგენელი "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 478.