„დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა[1]“
ამიერიდან მთელი XI საუკუნის განმავლობაში კახეთ-ჰერეთის სამეფო ერთიანი საქართველოსაგან განცალკევებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი მესვეურები „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის“ ტიტულს ატარებდნენ. კახეთის სამეფო მოიცავდა ტერიტორიას მდინარექსანიდან (დასავლეთით) ალჯიგანჩაიმდე (აღმოსავლეთით) და დიდოეთ-ხუნძახიდან (ჩრდილოეთით) მტკვრამდე (სამხრეთით). მის ფარგლებში შედიოდა ჰერეთის სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი — ახლანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილი (ბელაქნის, ზაქათალის, კახის და შაქის რაიონები).
სწორედ ამიტომ თუ ქართულ წყაროების მიხედვით კახეთის მფლობელი ოფიციალურად „რანთა და კახთა მეფედ“ იწოდებოდა, არაბულ წყაროებში იგი „შაქთა და გურჯთა მეფედ“ ანუ იმავე „რანთა (ჰერთა) და კახთა მეფედ“ იხსენიება. კვირიკემ ახალშექმნილი სახელმწიფოს ცენტრი თელავში გადაიტანა, ააგო სასახლე (დღევანდელი „ძველი გალავანი“ თელავში), ჩაატარა გარკვეული ადმინისტრაციული რეფორმა — სამეფო დაყო 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, შტორის, ვეჯინის, ხორნაბუჯის და მაჭის). ფაქტობრივად, როგორც ჩანს, კვირიკემ შერყეული ძველი ვითარება აღადგინა. პირველ ხანებში კახეთის მეფეები გაერთიანებული საქართველოს მეფეების მოკავშირედ გამოდიოდნენ უცხო აგრესორებთან ბრძოლაში. მაგ., კვირიკე III გიორგი I-ს ეხმარებოდა ბიზანტიასთან ბრძოლაში, ხოლო ბაგრატ IV-ს — განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მაგრამ უფრო მოგვიანებით, როდესაც ბაგრატ IV-მ ენერგიული ღონისძიებები გაატარა კახეთის სამეფოს საქართველოდან კვლავ შესაერთებლად, კახთა მეფეები თურქ-სელჩუკებს დაუკავშირდნენ და ამ გზით შეეცადნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. აღსართან I-მა, კახეთის სამეფო რომ შეენარჩუნებინა, ქრისტიანობაც კი დათმო და გამაჰმადიანდა. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება დროებითი იყო, რადგან გაერთიანებული საქართველოს მეფეს კახეთის სამეფოში საკმაოდ ძლიერი დასაყრდენი ჰქონდა საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი აზნაურების სახით (აშოტ მარილელი, ხახულა, გურნი, ვაჟინის ერისთავი წირქვალელი და სხვა). სწორედ დიდებულ აზნაურთა ამ დასის, კერძოდ, არიშინიანისა და მისი მომხრეების მხარდაჭერით შეძლო დავით აღმაშენებელმა XII საუკუნის დასაწყისში კახეთის უკანასკნელი მეფის აღსართან II-ის შეპყრობა და კახეთის სამეფოს შემოერთება.
ამიერიდან კახეთის სამეფო გაერთიანებული საქართველოს ადმინისტრაციული წესწყობილებისდა კვალად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად დანაწილდა (კახეთის და ჰერეთის საერისთავოები, ხორნაბუჯის სანაპირო, „არიშინის ადგილი“).