მოსკოვის ხელშეკრულება (1920)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის ხელშეკრულება (რუს. Московский договор) — დაიდო საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს, რომლითაც რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე ცნო სანაცვლოდ პირობისა, რომ საქართველო საკუთარ მიწაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ჯარებს არ განალაგებდა.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, სოციალ-დემოკრატიულ (მენშევიკთა) პარტიის ხელმძღვანელობით, რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს. ეს ფაქტი საბჭოების მიერ ფორმალურად არცნობილ იქნა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ მოახერხა მოკავშირეთა ლიდერთაგან დე ფაქტო ცნობის მიღება.

1920 წლის მაისში ბოლშევიკთა გადატრიალების მცდელობის ჩავარდნისა და წითელი არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, ლენინის მთავრობა დათანხმდა საქართველოსთან ხელშეკრულების მოწერაზე და ცნო მისი დამოუკიდებლობა დე იურე. ამასთან მენშევიკებს პირობა უნდა დაედოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრული ქვეყნის ჯარებს არ განალაგებდნენ. მრავალი ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ამ მუხლს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევდნენ და რუსეთის პირობების უკუგდებას ამჯობინებდნენ. თუმცა პრემიერ-მინისტრი ნოე ჟორდანია, რომლისთვის საერთაშორისო აღიარების მიღწევა მთავარი ამოცანა იყო, დათანხმდა რუსეთის პირობებს. ხელშეკრულებას საბოლოოდ ხელი მოაწერეს ქართული მხრიდან გრიგოლ ურატაძემ და რუსული მხრიდან ლევ კარახანმა, მოსკოვში 1920 წლის 7 მაისს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლევან თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991