სოლომონ ვადაჭკორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოლომონ ვადაჭკორია

სოლომონ ვადაჭკორია (დ. 1880, სოფ. ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1928, ბერლინი) — პოლიტიკოსი, პარტიული მოღვაწე. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. დაამთავრა დაწყებითი სოფლის სკოლა. ბავშობიდან მუშაობდა ტფილისის ტიპოგრაფიებში შეგირდად, შემდგომ - ასოთამწყობად. 1897 წელს მუშაობდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ასოთამწყობად. ამ პერიოდიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1898 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში, ლადო კეცხოველთან ერთად მუშაობდა ექვთიმე ხელაძის სტამბაში. იყო ტიპოგრაფიის მუშათა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1901 წლის ბოლოს კოოპტაციით შეიყვანეს რსდმპ ტფილისის კომიტეტში, სადაც მუშაობდა 1902 წლის ბოლომდე. 1903 წლის ივლისში ჟანდარმერიამ დააპატიმრა და 3 თვით იჯდა მეტეხის ციხეში. 1905 წლამდე საპასუხისმგებლო პარტიული თანამდებობა არ ეჭირა. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. 1905 წლის დასაწყისიდან ტფილისის კომიტეტში თბილისის მე-3 რაიონის წარმომადგენლად იყო კომიტეტის წევრის უფლებით. 1905 წლის აგვისტოში ქალაქის საბჭოს შენობაში დემონსტრაციის დარბევისას დააპატიმრეს და ციხეში იჯდა თვე-ნახევარი. 1905 წლის ბოლოს კვლავ დააპატიმრეს 4 თვით. დამსახურებების გამო პარტიამ მისი კანდიდატურა 1906 წელს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ხმოსნად წამოაყენა. 1908 წლამდე იყო რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრი, ასევე იყო არალეგალურ გაზეთ „დილას“ პასუხისმგებელი რედაქტორი. 1908 წლის თებერვალში დააპატიმრეს, ძიებამ წელიწად-ნახევარი გასტანა და ბოლოს სამხედრო სასამართლომ მიუსაჯა 4 წლით კატორღა. კატორღის ვადის მოხდის შემდეგ სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში, სადაც წელიწადნახევრის შემდეგ მოახერხა გაქცევა საზღვარგარეთ. 1914 წლიდან 1915 წლამდე ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, სადაც მუშაობდა ასოთამწყობად. 1915 წელს გადავიდა ბერლინში, იქაც ტიპოგრაფიაში მუშაობდა. მონაწილეობდა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის გაეთ „ქართული გაზეთის“ გამოცემაში. საქართველოში 1918 წლის მაისში დაბრუნდა, მუშაობდა ქალაქ ტფილისში, ტიპოგრაფიაში. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიაში სხვა წევრის გარდაცვალების გამო. 1920 წელს, არჩევნების შედეგების ხელახლა გადაანგარიშების შემდეგ ამოირიცხა დამფუძნებელი კრების წევრობიდან, რადგან სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მანდატები შეუმცირდა. ამის შემდეგ მუშაობდა ქალაქთა კავშირის ტიპოგრაფიის გამგის თანაშემწედ და მთავრობის ტიპოგრაფიის გამგედ.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. დააპატიმრეს 21 მაისს. ციხეში გაატარა ორი თვე. გათავისუფლების შემდეგ, 1921 წლის ნოემბერში გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში და ამ მდგომარეობაში 1923 წლამდე დაჰყო თბილისში. იყო არალეგალური სტამბების ორგანიზატორი, აქტიურად მუშაობდა ნოე ხომერიკთან ერთად. 1923 წლის დასაწყისში წავიდა ბათუმში, რათა არალეგალურად გამგზავრებულიყო გერმანიაში ოჯახთან, მაგრამ 6 ივნისს სხვისი – გერონტი არტემის ძე ჩუბინიძის – პასპორტით საზღვრის გადაკვეთისას დააპატიმრეს მიხეილ ივანეს ძე ტუღუშთან ერთად. ის გადაგზავნეს თბილისში. 1923 წლის 17 დეკემბერს მან ითხოვა საზღვარგარეთ ოჯახთან წასვლის უფლება და განაცხადა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიტიკისგან ჩამოცილება. 1924 წლის 17 იანვარს გაიცა მისი გათავისუფლების რეკომენდაცია და გაათავისუფლეს. 1924 წლის ბოლოდან კვლავ არალეგალურად მუშაობდა, იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დასაშლელად ჩამოყალიბებული „მუშათა კომისიის“ წევრი. ასოთამწყობი, სოციალ-დემოკრატი. 1925 წელს მას კვლავ უარი უთხრეს ვიზაზე საზღვარგარეთ წასასვლელად, მაგრამ მოახერხა არალეგალურად გაპარვა. გარდაიცვალა 1928 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონ ვადაჭკორია, ღია ბარათი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვადაგიანი, ირაკლი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN ISBN 978-9941-0-9318-0. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]