გიორგი ანჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჯაფარიძე.

გიორგი (გიზო) ნესტორის ძე ანჯაფარიძე (დ. 9 იანვარი, 1887, კიწია, სენაკის მაზრა — გ. 14 დეკემბერი, 1937, ირკუტსკი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძე დაიბადა 1887 წლის 9 იანვარს, სენაკის მაზრის სოფელ კიწიაში. დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრია და მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1913 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბათუმში ადვოკატად მუშაობდა და იცავდა 1915-1916 წლებში რუსეთის იმპერიის სამხედრო მმართველობის მიერ დაპატიმრებულ აჭარლებს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბათუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეობდა. თანამდებობა ეკავა 1918 წლის 1 აპრილამდე, ვიდრე ოსმალური არმიის მიერ ბათუმის ოკუპაცია მოხდებოდა. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრია, ხოლო 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, აგვისტოდან იყო საქართველოს მთავრობის რწმუნებული სოჭის ოლქში. 1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. 1920 წლის 4 სექტემბერს აირჩიეს ბათუმის ქალაქისთავად.

1921 წლის 3 მაისს, საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს. საპატიმროში იმყოფებოდა 1922 წლის ივლისამდე. მეორედ დააპატიმრეს იმავე წლის 16 სექტემბერს, სურამში. 20 ოქტომბერს კვლავ გაათავისუფლეს საქართველოს დატოვების ვალდებულებით, თუმცა მოგვიანებით დარჩენის უფლება მისცეს.

1924 წლის გაზაფხულიდან მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში, მაგრამ მის ოჯახზე ზეწოლის გამო ჩეკას ჩაბარდა. 1925 წელს გაასამართლეს სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად, სადაც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შემდეგაც იგი რამდენიმეჯერ იქნა დაპატიმრებული, კვლავ ანტისაბჭოთა ქმედებების ბრალდებით. 1937 წლის 5 დეკემბერს სასჯელს იხდიდა ირკუტსკის მხარეში, აქვე მიესაჯა დახვრეტაც. დახვრიტეს ქ. ირკუტსკში, 1937 წლის 14 დეკემბერს.

რეაბილიტირებულია 1957 წლის 30 ნოემბერს ირკუტსკის მხარის, 1989 წლის 23 აპრილის ალთაის მხარის და 1989 წლის 30 ივნისს ომსკის მხარის შესაბამისი სამსახურების მიერ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუნცაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 31-32.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 154-156, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • გურული ვ., ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი 1869-1953, თბილისი, 1999