ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 აგვისტო, 1875 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | უცნობია |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | მასწავლებელი |
ხელმოწერა | |
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (დ. 18 აგვისტო, 1875 — გ. უცნობია) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა ქალაქ თბილისში აზნაურის ოჯახში, დაამთავრა თბილისის გიმნაზია.
1902 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1905 წლიდან, მეუღლე ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში სადაც მუშაობდა კერძო სკოლის მასწავლებლად. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ელეონორაც იყო, რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ჩაანაცვლა: ჩამოაყალიბა სახალხო მილიცია, ქალაქი უბნებად დაყო და ბოიკოტი გამოუცხადა ქალაქის თვითმმართველობას. 1905 წლის ნოემბერში კი მოითხოვა არსებული სათათბიროს დაშლა და ახალი პირდაპირი, საყოველთაო და ფარული არჩევნების დანიშვნა. მათ ასევე მოითხოვეს არჩევნებამდე საყოველთაო აღწერის ჩატარების მიზნით ქალაქის თვითმმართველობიდან 2000 მანეთის გამოყოფა. ქალაქის თავი ამას არ დათანხმდა. ხსენებული კონფლიქტისას რევოლუციონერთა ორგანიზაციის მხრიდან მოლაპარაკებებში რწმუნებულის სტატუსით ელეონორა მახვილაძეც მონაწილეობდა. ამის გამო, მასზე დაიწყო გამოძიება მაგრამ ის დააპატიმრებული არ იქნა სოხუმის ციხის გადატვირთულობისა და ქალთან განყოფილების არარსებობის გამო. მას მიესაჯა 1 წლიანი პატიმრობა და კავკასიიდან განსახლება თუმცა ორსულობის გამო განთავისუფლებულ იქნა აღნიშნული სასჯელისგან.
1912 წლის მონაცემებით გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის ერთ-ერთი წევრი.[1]
1919 წლის 12 მარტს ელეონორა მახვილაძე არჩეულიქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო შრომის, საპენსიო და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მისი ოჯახის ბინა ქალაქ ტფილისში უდელის (ამჟამინდელი პეტრიაშვილის) ქუჩაზე, #14-ში მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყო. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად. 1925 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში აირჩიეს. საგანგებო კომისიამ 1926 წელს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა. 30-იან წლებში, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალების თარიღი უცნობია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კირთაძე ნესტან, „კაენ, სად არის ძმა შენი?!“, თბ., 1998
- საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #113, ანაწერი #2, საქმე #216.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე ელეონორა მიხეილის ასული — საზოგადოებრივი არქივი
- ელეონორა /ლოლა/ ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
- პირველი ქალი პარლამენტარები[მკვდარი ბმული]
- ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი