პარმენ ჭიჭინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკოლოზ (პარმენ) გაბრიელის ძე ჭიჭინაძე (დ. 18 ნოემბერი, 1873, გოდოგანი, — გ. 30 სექტემბერი, 1921, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი 1920 წლის ნოემბრიდან 1921 თებერვლამდე.

ჭიჭინაძე დაიბადა შორაპნის მაზრის სოფ. გოდოგანში. ეუფლებოდა მედიცინას, მაგრამ ახალგაზრდობიდან ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი და მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1911-1915 წლებში საქართველოდან გაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის საწყის ეტაპზე ჩაბმული იყო დონის როსტოვის მოვლენებში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918-1920 წლებში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის მოადგილე იყო და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე ჩაანაცვლა საქართველოს სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, 19 თებერვალს, სამხედრო მინისტრი ჭიჭინაძე და დამფუძნებელი კრების წევრები ნოე ხომერიკი, გრიგოლ ურატაძე და გოგილო ცინცაძე, ფრონტის დათვალიერებისას, ორ შეიარაღებულ წითელარმიელს გადააწყდნენ, რომლებიც იქვე დაატყვევეს. საბჭოთა რუსეთის მიერს საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მინისტრი ჭიჭინაძე საქართველოში დარჩა, დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ტუსაღობისას დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. მის დაკრძალვას საქართცელოში ერთ-ერთ პირველი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია მოჰყვა.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]