ვლადიმერ ჯიბლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვლადიმერ ჯიბლაძე (დ. 18 იანვარი, 1879, ქუთაისის მაზრა, ხუნჯულაური — გ. 1938, 9 თებერვალი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ჯიბლაძე დაიბადა 1879 წლის 18 იანვარს, ქუთაისის მაზრის სოფელ ხუნჯულოურში. დაწყებითი განათლება მიიღო კულაშის ოთხკლასიან სოფლის სკოლაში. სწავლა განაგრძო ტფილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1896 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკლად; აქვე ჩაება მუშათა პირველ სოციალ-დემოკრატიულ არალეგალურ წრეებში. 1897 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1901 წელს, რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მოწყობილი გაფიცვის დაშლის შემდეგ ჟანდარმერიამ დააპატიმრა "ტფილისის სოციალ-დემოკრატიული წრის" წევრობის ბრალდებით და ადმინისტრაციული წესით 3 წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლა. გადასახლებიდან გაიქცა და დაბრუნდა საქართველოში. აქტიურად იყო ჩართული 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში; მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1906 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სტოკჰოლმის ყრილობის დელეგატი ქუთაისის ორგანიზაციიდან. გადასახლებიდან დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1937 წლის 13 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ კარიაკოვოში და გადაგზავნეს მოსკოვში სსრკ შინსახკომის განკარგულებაში. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ იოსებ სტალინის სანქციით და "კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით 1938 წლის 8 თებერვალს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 9 თებერვლის ღამეს. რეაბილიტირებულია 1989 წლის 17 აპრილს სსრკ გენერალური პროკურატურის, 1991 წლის აპრილში სსრკ გენერალური პროკურატურის და 1993 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 485.