შინაარსზე გადასვლა

გიორგი ჟურული (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ჟურული (პოლიტიკური მოღვაწე))
გიორგი ჟურული

გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული (დ. 22 ოქტომბერი, 1865, სოფ. ჯელალ-ოღლუ, ბორჩალოს მაზრა, — გ. 9 ოქტომბერი, 1951, პარიზი, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე) — ქართველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრი (1918-1919). 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი.

დაიბადა აზნაურ დურმიშხან ჟურულის (შემდგომში ბათუმის პოლიცმაისტერი) და ქეთევან ნამორაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1886) და მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში (1893). საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში. იყო გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი (შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც „ახალგაზრდა ივერიელებად“ იწოდება). არჩეული იყო ქართული სასკოლო კომიტეტისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად, ასევე დრამატული საზოგადოების გამგეობაში. 1897-1903 წლებში იყო ცენზორი კავკასიის საცენზურო კომიტეტში, შემდეგ მუშაობდა სამიწათმოქმედო სამინისტროს საშუალო რგოლის მოხელედ. 1903 წელს აირჩიეს ბათუმის საქალაქო გამგეობის წევრად. იყო ბათუმის ქალაქის თავი (1910-1913), თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, გამგეობის წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. 1905-1906 წლებში ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად შედიოდა პეტერბურგში წარგზავნილ დელეგაციაში, რომელმაც სახელმწიფო საბჭოსაგან ამიერკავკასიისათვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოითხოვა.

1908-1910 წლებში ჟურული სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შედიოდა ოზაკომთან ჩამოყალიბებული ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს წევრი. იმავე წლის ივნისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე იგი ყრილობის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ და პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1917 წლის სექტემბერში მონაწილეობდა საქართველოს საეკლესიო კრების მუშაობაში (კრების ერთ-ერთი თავმჯდომარე), რომელმაც აირჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. იმავე წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის მრჩეველი, მონაწილეობდა ბათუმის საზავო კონფერენციაში.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შევიდა მისი პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, როგორც ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. ეს პოსტი ნოე ჟორდანიას კაბინეტშიც შეინარჩუნა 1919 წლის მარტამდე, ვიდრე საქართველოს დამფუძნებელი კრება მთავრობას არჩევნებში გამარჯვებული ერთი პარტიის — სოციალ-დემოკრატთა წარმომადგენლებით დააკომპლექტებდა. 1919-1921 წლებში იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე, 1919-1920 წლებში — საქართველოს წარმომადგენელი ბათუმში განლაგებულ მოკავშირეთა არმიის სარდლობასთან. 1921 წლის მარტში, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ — საფრანგეთში. შედიოდა რევაზ გაბაშვილის იმ ჯგუფში, რომელიც 1926 წელს ემიგრაციაში პირველი გამოეყო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და გაზეთ „მამულიშვილის“ ირგვლივ დაჯგუფდა. მონაწილეობდა ემიგრანტულ ორგანიზაციებში, აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს უცხოეთის ქართულ პრესაში. ავტორია მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გიორგი ჟურული გარდაიცვალა 1951 წლის 9 სექტემბერს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე მეუღლესთან, ელენე ჟურულთან (დ. 1879 — გ. 1974) ერთად.

  • ჟურული გიორგი. ილიასთან შორი-ახლოს დგომით // საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე / გურამ შარაძე. - თბ., 1986. - გვ. 154-204.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]