ანანია სალუქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალუქვაძე.
ანანია სალუქვაძე
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1889
დაბ. ადგილი ოზურგეთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1935
გარდ. ადგილი ალმა-ათა, ყაზახეთის ასსრ
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა რევოლუციონერი
მამა მაქსიმე სალუქვაძე

ანანია სალუქვაძე (დ. 4 მარტი, 1889, ოზურგეთი — გ. 25 ოქტომბერი, 1935, ალმა-ათა) — ქართველი რევოლუციონერი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, რეპრესირებული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში, დაობლდა ადრეულ ასაკში და ზრდიდა მამინაცვალი, ვაჭარი ჯამულეთ ქარცივაძე. სკოლაში არ უვლია, წერა-კითხვა შეისწავლა სახლში. ბავშვობაში მუშაობდა ნოქრად, შემდეგ მიიღეს ბათუმის მანთაშევის ქარხანაში ტექნიკური განყოფილების მოწაფედ, მაგრამ ქარხნის დახურვის გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა. პირველად დააპატიმრეს 16 წლის ასაკში, 1904 წლის 7 თებერვალს. პოლიციამ გაჩხრიკა მისი დუქანი და აღმოუჩინა არალეგალური ლიტერატურა: „ოთხი ძმა“ (60 ცალი), „სარატოვის მუშების სიტყვა სასამართლოში“ (100 ცალი) და რსდმპ ბათუმის კომიტეტის მოწოდება გურიის გლეხებს, ხვარბეთის საზოგადოებისთვის გადასაცემად. გამოტეხის მიზნით ორჯერ გაროზგა მაზრის პრისტავმა ჯაფარიძემ. 2 თვისა და 20 დღის შემდეგ გაათავისუფლეს, როგორც არასრულწლოვანი. 1905 წელს გახდა რსდმპ მენშევიკური ფრაქციის წევრი, თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან და იყო გურიაში რევოლუციური გამოსვლების აქტიური მონაწილე. მეორედ დააპატიმრეს 1907 წელს. პოლიციამ ჯერ დააპატიმრა მამინაცვალი და მოსთხოვა ანანიას ჩაბარება. მას შემდეგ, რაც ანანია ჩაბარდა, პოლიციამ ვერ დაიჯერა, რომ ასეთი ახალგაზრდა იქნებოდა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და მამინაცვალი დააპატიმრა ტყუილისთვის. 1908 წელს ორი თვე და 9 დღე გაატარა ციხეში. 1908 წლიდან 1910 წლის ნოემბრამდე იყო რსდმპ გურიის კომიტეტის ხელმძღვანელი. 1909 წელს თავს დაესხნენ და იძულებული გახდა, გადასულიყო არალეგალურ მუშაობაზე. 1910 წლის ნოემბრამდე დევნიდნენ, გაჩხრიკეს მისი სახლი და წაიღეს მისი დაუბეჭდავი ნაწარმოებები „ობოლი სული“ და „დევნილი“, რომლებიც დაიკარგა.

1910 წელს გამოცხადდა სამხედრო ბეგარის მოსახდელად. მსახურობდა ვოლნის გუბერნიის ქალაქ ოსტრიგში. სამხედრო სამსახურის დროს სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცებთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო წრე. 1914 წლის 24 იანვარს, ჟიტომირის ჟანდარმერიამ მოაწყო ოსტრიგის ფოსტის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს არალეგალური ლიტერატურა „ნაშა ზარია“, „პრავდა“, „რაბოჩაია გაზეტა“. ამის გამო სალუქვაძე ამხანაგებთან ერთად დააპატიმრეს და რვა კვირა გაატარა კარცერში, სადაც დაავადმყოფდა. სალუქვაძე გაგზავნეს სამხედრო საავადმყოფოში, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო სასამართლომ საქმე აღარ განიხილა და სალუქვაძე გაათავისუფლეს. ჯარში ყოფნის დროს დაწერა მოთხრობები „პანი“ (რომელიც წაართვა პოლკის უფროსმა მიშაკოვმა), „ტყის ძმები“ (გურიის ცხოვრების შესახებ) და შრომის „სამეფოში“ (რომელიც 1917 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებში).

სამშობლოში დაბრუნდა 1915 წლის დეკემბერში. 1916 წლიდან მუშაობდა თბილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში, წყობდა მუშათა წრეებს ფაბრიკა-ქარხნებში, ხელმძღვანელობდა გაფიცვებს. იყო რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. იყენებდა ფსევდონიმებს „ჰერკულესი“, „თავისუფალი მუშა“, „ანანია“, „ა. ჟუჟისპირელი“, „ჟუჟისპირელი“, „ჟიუნ-მავრი“.

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, იყო სამეურნეო-საგამგეო და სამხედრო კომისიების წევრი. მუშაობდა სახალხო გვარდიის საგანმანათლებლო ნაწილში.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. აწყობდა არალეგალურ ტიპოგრაფიებს და სამხედრო ორგანიზაციებს. დააპატიმრეს 1921 წლის 22 მაისს, გოგოლის ქუჩაზე, 26 მაისის დემონსტრაციის ორგანიზების ბრალდებით, რაც უარყო დაკითხვებზე. ბრალდების დაუსაბუთებლობისა და ავადმყოფობის გამო 6 ივნისს გაათავისუფლეს თბილისიდან გაუსვლელობის ხელწერილით. 10 ივნისს განახლდა მისი ძებნა, რადგან მიიმალა. დააპატიმრეს 1922 წლის 1 აგვისტოს. 7 ოქტომბერს შეუფარდეს 3 წლით პატიმრობა. 1 ნოემბერს სასჯელი შეუცვალეს განუსაზღვრელი ვადით პატიმრობით. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად ეტაპით გააგზავნეს მოსკოვში რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გასანაწილებლად. 1923 წლის 12 იანვარს გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში 3 წლის ვადით. სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს კავკასიასა და ყირიმში ცხოვრების აკრძალვით. 1928 წლის 21 დეკემბერს მოუხსნეს აკრძალვა ყირიმში ცხოვრებაზე. რადგანაც ახალგაზრდობიდან დაავადებულ იყო ტუბერკულოზით, დასახლდა ყირიმში, ლივადიაში. საზღვარგარეთ არალეგალური მიმოწერის გამო დააპატიმრეს და 1931 წლის 14 დეკემბერს 3 წლით გადაასახლეს შუა აზიაში. ცხოვრობდა ალმა-ათაში, დაქორწინდა გადასახლებაში, საცოლემ ჩააკითხა საქართველოდან. გარდაიცვალა 1935 წელს. დაკრძალეს იქვე. 1960-იან წლებში შვილმა, შოთა სალუქვაძემ გადაასვენა თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 357-359 — საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0