ლევან რუხაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლევან რუხაძე (დ. 1884, ხონი, ქუთაისის მაზრა — გ. 23 ოქტომბერი, 1937, ყაზახეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან (ლეო) პორფირეს ძე რუხაძე დაიბადა 1884 წელს, ქუთაისის მაზრის დაბა ხონში. მიიღო საშუალო განათლება საოსტატო სემინარიაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1915 წელს იყო რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდიის) ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში. აქტიურად მუშაობდა ახალციხის მხარეში და "სამუსლიმანო საქართველოში" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების განმტკიცებისათვის.

1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო საბიბლიოთეკო კომისიის წევრი. 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. სავარაუდოდ 1922 წელს დააპატიმრეს. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად გადააგზავნეს მოსკოვში, რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ 1926 წლის 15 იანვარს ხელახლა გადაასახლეს ქალაქ ორიოლში. აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის შინსახკომის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა ლეო რუხაძეს დახვრეტა მიუსაჯა.

რეაბილიტირებულია 1989 წლის 25 აპრილს, სემიპალატინსკის მხარის პროკურატურის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 348-349, თბ., 2016