სამსონ დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამსონ დადიანი
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1886(1886-12-23)
დაბ. ადგილი მოიდანახე
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი, 1937(1937-12-10) (50 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა პოლიტიკოსი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი

სამსონ პლატონის ძე დადიანი (დ. 23 დეკემბერი, 1886, ზუგდიდის მაზრა, მოიდანახე — გ. 10 დეკემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსონ პლატონის ძე დადიანი დაიბადა 1886 წლის 23 დეკემბერს, ზუგდიდის მაზრის, სოფელ მოიდანახეში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში (1908). 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს, მათ მამულში საეკზეკუციო ჯარების დაბანაკების შემდეგ, მამა — პლატონ დადიანი — გლეხებმა მოკლეს. XX ს. 10-იანი წლებიდან იმდროინდელ პრესაში იბეჭდებოდა მისი წერილები ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე. მას ასევე ეკუთვნის 1905 წლის რევოლუციისადმი მიძღვნილი დრამა „ჯვარედინ გზაზე“ და ისტორიული დრამა „გიორგი სააკაძე“.

1908 წლიდან საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი იყო. 1917 წლისის 16 აპრილს სიმონ დადიანი მონაწილეობდა ქართული პარტიების ინტერპარტიულ შეკრებაში. ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად და მდივნად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის ივნისიდან იყო ეროვნული საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის), წევრი. შედიოდა სოციალილტ-ფედერალისტთა პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 1919 წლის აგვისტოში, დამატებითი არჩევნების დროს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. შედიოდა 1918 წლის 6 ივნისს არჩეული „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. 1918 წლის ივლისში აირჩიეს კომისიის მდივნად. როდესაც კომისიამ გადაწყვიტა, მუშაობის დაჩქარების მიზნით, კონსტიტუციის ცალკეული თავები შესამუშავებლად დაენაწილებინა კომისიის წევრებისათვის, სიმონ დადიანს დაევალა კონსტიტუციის ერთ-ერთი თავის შემუშავება — „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ“, რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. 1921 წლის იანვარში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მეხუთე კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის ხუთკაციან პრეზიდიუმში, სადაც პარტიის თავმჯდომარის ამხანაგის (მოადგილის) მოვალეობას ასრულებდა.

1921 სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ მემარჯვენე ფედერალისტების შემადგენლობაში დარჩა და მტკიცედ იდგა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ნიადაგზე. 1922 წლიდან არჩეული იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრად, მუშაობდა ბანკის იურისკონსულტად. ოსიკო ბარათაშვილსა და კირილე ნინიძესთან ერთად 1924 წელს იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო პირთა ჯგუფს. 1924 წლის თებერვლიდან ივლისამდე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან, დამკომში მან შეცვალა გრიგოლ რცხილაძე. დამკომი დატოვა, რადგან არ ემხრობოდა შეიარაღებულ აჯანყებას. 1924-1925 წლებში დაპატიმრებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ მას შეუფარდა 3-წლიანი პატიმრობა, თუმცა, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაშიში პირი, სასჯელისგან გაათავისუფლა. აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1937 წელს იგი დააპატიმრეს და 10 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრიტეს 11 დეკემბერს, ღამით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 173-174, თბ., 2016;
  • შველძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 107.
  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012.