ამიერკავკასიის კომისარიატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამიერკავკასიის კომისარიატი
დროებითი კოალიციური მთავრობა

15 (28) ნოემბერი191713 (26) მარტი1918
დედაქალაქი ტფილისი
ამიერკავკასიის მხარე 1903 წ.
ამიერკავკასიის მხარის შიდა ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის პროექტი, რომელიც 1917 წელს იყო შემოთავაზებული რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური კომისიის მხრიდან.

ამიერკავკასიის კომისარიატი (აზერ. Zaqafqaziya Komissarlığı, სომხ. Անդրկովկասյան կոմիսարիատ; 15 (28) ნოემბერი191713 (26) მარტი1918) — დროებითი კოალიციური მთავრობა ამიერკავკასიაში (რუსეთის დროებითი მთავრობის მხარდამჭერი). შეიქმნა თბილისში საქართველოს სოციალ-დემოკრატების და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავათების მიერ. იგი დაკომპლექტებული იყო რუსეთის იმპერიაში არჩევნების გზით მოსული დეპუტატიბისაგან.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებით მოხდა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ორგანოს — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის გადაყენება, რომლის სათავეშიც კადეტი ვ. ხარლამოვი იდგა[1].

ნოემბერში, ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ამიერკავკასიაში, ყოფილი ოზაკომის ტერიტორიაზე ქაოსისა და ანარქიის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყდა შექმნილიყო ადგილობრივი მთავრობა, რომელიც საბოლოოდ 14 (27) ნოემბრს საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე ევ. გეგეჭკორის თავჯდომარეობით შედგა[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც რუსეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა და მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, ამიერკავკასია, როგორც ადმინისტრაციულად, ისე ეკონომიურად მოსწყდა რუსეთს. არ არსებობდა არანაირი კავშირი პეტროგრად-მოსკოვსა და სხვა ცენტრებთან, ამიერკავკასია ფაქტობრივად განცალკევდა, რამაც დაბადა აზრი ამიერკავკასიის მმართველობის მოწყობისა. ახალი მთავრობის შედგენამდე და რუსეთში მოვლენების დასტაბილურობამდე, ადგილობრივ ანარქიისა და არევ-დარევისაგან თავის აცილების მიზნით საჭირო გახდა შექმნილიყო ადგილობრივი დროებითი ადმინისტრაციული ორგანო. ასეთ ორგანოს მოწყობის პროექტი წინასწარ განხილულ იქნა რევოლუციურ ორგანიზაციებისა და პარტიების მიერ.

1917 წლის 11 (24) ნოემბერს დროებითი ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოოდ მისაღებად მოწვეულ იქნა საგანგებო თათბირი, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ორგანიზაციები: კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრები, თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, თბილისის ქალაქის გამგეობა, ამიერკავკასიის საზოგადოებრივ თავდაცვის კომიტეტი, სოციალისტური პარტიები: ესერები, სოციალ-დემოკრატები, მენშევიკები, სოციალ-რევოლუციონერები, ბოლშევიკები, დაშნაკიუცუნი, სოციალ-ფედერალისტები, სახალხო სოციალისტთა პარტია, სომხური სოციალ-დემოკრატიული პარტია „ჰ ნჩაკი“, ებრაელთა სოციალ-დემოკრატიული პარტია „ბუნდი“, მუსლიმთა ყველა ორგანიზაცია, ამიერკავკასიის რგინიგზის ცენტრალური კომიტეტი, ფოსტა-ტელეგრაფის ცენტრალური კომიტეტი, პროფესიონალური კავშირები და სხვა. თათბირს დაესწრო აგრეთვე კავკასიის ჯარების მთავარსარდალი გენერალი პრჟევსკი, კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსი გენერალური მდივანი, თბილისის გარნიზონის უფროსი პოლკოვნიკი სტ. ახმეტელაშვილი და მოკავშირე და ნეიტრალურ სახელმწიფოთა ელჩების სრული შემადგენლობა. გარეშე პირები დაუშვეს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა.

თათბირი გახსნა ხელმძღვანელობა გაუწია ევგენი გეგეჭკორმა. მან მოკლე სიტყვით მიმართა დამსწრეთ, აღნიშნა მომენტის სიდიადე, მისი სირთულე და თქვა, „ჩვენ ყოველთვის შეკავშირებული ვიყავით რუსეთთან და დღესაც ვგრძნობთ ამ კავშირს, მაგრამ მეათე დღეა, რაც პეტროგრადთან გაწყვეტილია ყოველივე კავშირი და რომ ფინანსური და სასურსათო კატასტროფა რომ თავიდან ავიცილოთ, რომ ამიერკავკასიასაც არ მოედოს რუსეთში დაწყებული კრიზისი, იძულებული ვართ აქ, ადგილობრივ ვაშენოთ სახელმწიფოებრივი ცხოვრება“.

ადგილობრივი მმართველობის მოწყობის შესახებ მოხსენება გააკეთა კავკასიის ჯარების კომისარმა დიმიტრი დანსკოიმ. მან განაცხადა, რომ „შესაძლოა აქაც იფეთქოს სამოქალაქო ომმა, რომელიც გაცილებით უფრო საშინელი იქნება, ვიდრე რუსეთში, ვინაიდან ამიერკავკასია დასახლებულია სხვადასხვა ერებით. მეორეს მხრივ ფულის უქონლობამ და მოსალოდნელმა შიმშილობამ შესაძლოა აქ შექმნას საშინელი მდგომარეობა. ამიტომ საჭიროა მოეწყოს ავტორიტეტული ორგანო, რომელიც უხელმძღვანელებს მხრეს. ასეთი იქნება დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნად არჩეულ დეპუტატებისაგან შემდგარი ადგილობრივი დროებითი მმართველობა. დამფუძნებელ კრების არჩევნებიარსებული პირობების გამო დღეს რუსეთში ბევრ ადგილებში ვერ შედგება. ცხადია დამფუძნებელი კრება ვერ დაიწყებს დანიშნულ დროზე მუშაობას, და სანამ დაიწყებდეს მუშაობას დამფუძნებელი კრება, საჭიროა ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს შექმნა. იგ დროებითი იქნება და დაიშლება, როცა კი რუსეთში შედგება ცენტრალური მთავრობა ან მოწვეული იქნება დამფუძნებელი კრება. ჩვენ გვეუბნებიან, თითქოს ვშორდებით რუსეთს და მხოლოდ საკუთარ ტყავის გადარჩენაზე ვზრუნავდეთ. ეს არ არის მართალი, ჩვენ არ ვაცხადებთ ავტონომიას, არც სეპარატიზმს, ჩვენ სასტიკ პროტესტს ვაცხადებთ ასეთი ბრალდების წინააღმდეგ. გულზე ხელდაკრეფილი კი არ უნდა შევცქეროდეთ რუსეთს, უნდა ადგილზე ვიმოქმედოთ და ამით მეტ სარგებელს მოვუტანთ საერთო საქმეს“. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა ყველა იქ დამსწრე საზოგადოებამ.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა ბოლშევიკების წარმომადგენელი ფილიპე მახარაძე, მან აღნიშნული წამოწყება გააკრიტიკა და საოლქო მთავრობის მოწყობა კონტრრევოლუციურ აქტად გამოაცხადა.

სიტყვით გამოვიდა ასევე სოციალისტურ-რევოლუციური ცენტრალური კომიტეტის წევრი — ლუნკევიჩი. მან განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი საოლქო კომიტეტში იქნა განხილული და მიიღეს შემდეგი დებულებები: უნდა მოეწყოს ადგილობრივი მმართველობა, იგი უნდა იყოს ავტორიტეტული, ამიტომ უნდა დაკომპლექტდეს არჩეული დეპუტატებისაგან; მმართველობის ორგანიზაცია მიენდოს წევრ-დეპუტატებს; იგი უნდა იყოს აუცილებლად დროებითი; მმართველობის მოწყობამდე, ადგილობრივ საქმეებს უნდა განაგებდეს საზოგადოების თავდაცვის კომიტეტი.

დასასრულ სიტყვით გამოვიდნენ: ვ. ჯუღელი და ილ ქარცივაძე, რომლებმაც გააკრიტიკეს ფ. მახარაძე თავის გამოსვლაში[3].

თათბირმა მიიღო შემდეგი რეზოლუცია: „რადგან არ არსებობს ყველას მიერ მიღებული ცენტრალური მთავრობა, და შესაძლოა ანარქიამ ამიერ კავკასიაშიც იჩინოს თავი, ამასთან რადგან გადასაწყვეტია მთელი რიგი საზოგადო, ეკონომიური და ფინანსური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაზე დამოკიდებულია ამიერკავკასიის ბედი. თათბირმა დაადგინა:

  1. ვიდრე დამფუძნებელ კრების არჩევნები დასრულდებოდეს ამიერ-კავკასიას განაგებდეს საზოგადოებრივი დაცვის კომიტეტი. კომიტეტში შევლენ ამიერკავკასიის ყველა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
  2. არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის მოწყობა, მისი შემადგენლობა დავალდეს არჩეულ პირებს შემდეგი პირობიებით.
ა) ადგილობრივ საოლქო პოლიტიკის შემოღება, სრულიად რუსეთის დემოკრატიასთან კავშირით, საერთო სახელმწიფოებრივ საკითხების გადაწყვეტა.
ბ) ადგილობრივ მიმდინარე საკითხის ავტონომიური გადაწყვეტა.
გ) ამიერ-კავკასიის სრულიად რუსეთის სრულ უფლებიან დამფუძნებელ კრებამდის მიყვანა ანდა იმ მომენტამდე - სანამ შესდგებოდეს ყველას მიერ მიღებული რევოლუციურ-დემოკრატიული მთავრობა.
დ) თავის მოქმედებაში უნდა ეყრდნობოდეს საოლქო და მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ადგილობრივ საბჭოებსა და თვით მართველობათ ორგანოებს.“

ხელისუფლების ახალი სამხარეო ორგანოს შექმნით ამიერკავკასია ოფიციალურად გაემიჯნა საბჭოთა რუსეთს[4]. თუმცა, განაცხადა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი ხელისუფლების სამხარეო ორგანოს როლში გამოვიდოდა რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე. ე.ი. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა.[5]

ამიერკავკასიის კომისარიატის წევრები

14 (27) ნოემბრს საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე საბოლოოდ შედგა ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობა ევ. გეგეჭკორის თავჯდომარეობით და მოხდა წევრთა შორის უწყებათა შემდეგნაირი განაწილება:

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში განუკითხაობამ დაისადგურა. არ არსებობდა ცენტრაური ხელისუფლება და შესაბამისად ვერ ხდებოდა რეგიონებზე კონტროლი. უკონტროლობის გამო რეგიონებშიც რომ არ წარმოქმნილიყო ქაოსი, აუცილებელი გახდა ყველას თავის გადასარჩენად თავისი ზომები მოეძებნა. ამიერკავკასიაში, მალევე ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც დროებითი მთავრობის ფუნქციას ითავსებდა. ამის გარდა საჭიროებამ მოიტანა, ხახლის მიერ არჩეული სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიის დეპუტატებით დაკომპლექტებულიყო წარმომადგენლობითი ორგანოც[6].

18 (31) დეკემბერს რსფსრ-ის სახკოსაბჭომ სტეფანე შაუმიანი კავკასიის საქმეთა საგანგებო კომისრად დანიშნა. იგი თავის მდივანთან კუზნეცოვთან ერთად ამიერკავკასიაში, კერძოდ კი თბილისში თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად 1918 წლის თებერვლის დასაწყისში ჩამოვიდა. ამიერკავკასიის კომისარიატმა ისინი მიიღო, როგორც პეტროგრადიდან არადემოკრატიულად დანიშნულნი და ოცდაოთხსაათიანი დრო მისცა ამიერკავკასიის დასატოვებლად[7].

1918 წლის 22 იანვარს (3 თებერვალს) თბილისში სასახლის დარბაზში გაიხსნა სრულიად რუსეთის დამფუძნებელ კრების ამიერკავკასიის დეპუტატთა კრება (ესწრებოდა 26-მდე დეპუტატი). კრება გახსნა ამიერკავკასიის კომისარიატის სახელით ევგენი გეგეჭკორმა. კომისარიატი მთელი შემადგენლობით დაესწრო. კრებას ესწრებოდნენ, როგორც რევოლუციურ ორგანიზაციების წარმომადგენლები ისე გარეშე პირებიც. თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კარლო ჩხეიძე, რომელმაც მოკლე სიტყვით მიმართა კრებას. მიღებულ იქნა ნოე ჟორდანიას წინადადება, რომლის თანახმად პირველად უნდა განეხილათ საკითხი კრების კონსტრუქციის შესახებ, ანუ უნდა გამოერკვიათ მისი უფლება-მოვალეობანი. ამ საკითხის შესახებ სიტყვა წარმოსთქვა ნოე ჟორდანიამ. მისი აზრით კრების შემადგენლობა უნდა გადიდებულიყო, ხოლო სახელად კი „ამიერკავკასიის სეიმი“ დაერქვათ, რომელიც გადაჭრიდა ადგილობრივ საკითხებს. კრება დასრულდა მეორე დღის პირველ საათამდე, რათა სხვა ფრაქციებსაც მისცემოდათ საშუალება ამ საკითხის შესახებ თავისი აზრი ჩამოეყალიბებინათ[8].

მორიგ შეხვედრაზე გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმი გაფართოებული შემადგენლობით 10 თებერვალს შეკრებილიყო. ასევე საუბარი შედგა სეიმისა და საბჭოების უფლება-მოვალეობების გადანაწილების თაობაზე[9].

10 (23) თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმის პირველი სხდომა, რომელიც დაკომპლექტდა რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩეული ამიერკავკასიელი დეპუტატებით. სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე[10].

13 (26) თებერვალს სეიმის მეორე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ამიერკავკასიის კომისარიატის თავჯდომარე ე. გეგეჭკორი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მოახსენა კომისარიატის მიერ გაწეული საქმიანობა, ბოლოს დასძინა, „ამგვარათ, მოგახსენებთ, რომ ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურავს და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, როგორც პატიოსანმა რვვოლუციონერებმა. ეხლა კი, როცა სეიმი შესდგა, ჩვენ ვანებებთ თავს ჩვენს მოვალეობას და ვაბარებთ სეიმს“, და წაიკითხა კომისარიატის განცხადება გადადგომის შესახებ. ნ. ჟორდანია, რომელიც შემდეგი გამოვიდა ტრიბუნაზე, კომისარიატის შესახებ თქვა, რომ მისი განცხადება სეიმმა უნდა მიიღოს, რადგან ის სეიმის მოწვევამდე, იყო დაყენებული, მაგრამ ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე ჯობია სეიმმა კომისარიატს დარჩენა სთხოვოს[11].

13 (26) მარტს ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე მინისტრ-თავჯდომარემ ევ. გეგეჭკორმა ახალი მთავრობა წარადგინა, რითაც გაუქმდა ამიერკავკასიის კომისარიატი[12].

გეგეჭკორის ახალი მთავრობა შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან:

  1. ევგ. გეგეჭკორი — თავჯდომარე და სამხედრო მინისტრი;
  2. ნოე რამიშვილი — შინაგან საქმეთა მინისტრი;
  3. აკაკი ჩხენკელი — საგარეო საქმეთა მინისტრი;
  4. ნოე ხომერიკი — მიწათმოქმედების მინისტრი;
  5. კარჩიკიანი — ფინანსთა მინისტრი;
  6. უსუბ ბეკოვი — განათლების მინისტრი;
  7. მელიქ ასლანოვი — ტრანსპორტის (მიმოსვლის) მინისტრი;
  8. ხან ხოისკი — იუსტიციის მინისტრი;
  9. ა. ხატისოვი — სურსათის მინისტრი;
  10. გაჯინსკი — სავაჭრო-სამრეწველო მინისტრი;
  11. გობეჩია — საზღვაო მინისტრი;
  12. ტერ გაზარიანი — შრომის მინისტრი;
  13. გაჯინოვი — სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი;
  14. გაიდაროვი — კონტროლიორი;
  15. კაჩაზ ნუნი — უპორტფელო[13].

9 (22) აპრილის ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე გამოცხადდა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა[14].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]