იოსებ ბარათაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.
იოსებ ბარათაშვილი
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1874(1874-11-04)
დაბადების ადგილი ბორბალო, ბორჩალოს მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 1937(1937-09-14) (62 წლის)
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები მეორე სათათბიროს პერიოდში, 1906 წ. სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: იოსებ ბარათაშვილი, ნოე ჟორდანია, მ.ს. ჯაფარიძე, ისიდორე რამიშვილი; დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: ივანე გომართელი, სემიონ წერეთელი.

იოსებ (ოსიკო, იესე) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი (დ. 4 ნოემბერი, 1874, ბორბალო, ტფილისის მაზრა, ახლ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ― გ. 1937) ― ქართველი ადვოკატი, პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშლის ოჯახში. 1895 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია, ხოლო 1899 წელს სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ სწავლობდა იურიევის უნივერსიტეტში. 1900 წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1901 წელს იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პარტიის არსებობის მანძილზე შედიოდა მის მთავარ კომიტეტში. 1905 წლიდან ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. გამოდიოდა დამცველად პოლიტიკურ საქმეებზე, ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად, გამოირჩეოდა ორატორული ნიჭით. 1906 წელს იცავდა არსენ ჯორჯიაშვილს. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. მონაწილეობდა მელიტონ ბალანჩივაძის ეთნოგრაფიულ გუნდში, უკრავდა თარზე. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან[1]. სათათბიროში მუშაობდა „ტრუდოვიკთა“ ჯგუფში და გამოდიოდა საქართველოს ავტონომიის მოთხოვნით. სათათბიროს დაშლის შემდეგ ბარათაშვილმა ხელი მოაწერა ე.წ. ვიბორგის საპროტესტო მოწოდებას, რისთვისაც სხვა ხელმომწერებთან ერთად გაასამართლეს და 1907 წლის დეკემბერში 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის იმპერიის რეპრესიული პოლიტიკა.

ბარათაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: იყო ქართული დრამატული საზოგადოების ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე 1913 წლიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, კავკასიის ვექილთა საბჭოს წევრი (1917 წელს). 1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. იყო „თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების“ წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი პუბლიცისტური წერილები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში („ივერია“, „სახალხო საქმე“ და სხვა).

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლის 12 მარტიდან იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიიდან. დამფუძნებელ კრებაში იყო სარეგლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო, სამანდატო, სარეკომენდაციო, საპენსიო და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922-1924 წლებში რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1923 წლის ნოემბერში მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის იძულებით თვითლიკვიდაციაში. 1924 წლის მარტში სამსონ დადიანთან და კირილე ნინიძესთან ერთად სასამართლო პროცესზე იცავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსის და სამღვდელო პირთა ჯგუფს. შემდეგ წლებში აგრძელებდა საადვოკატო პრაქტიკას, იყო საქართველოს სსრ-ის დამცველთა კოლეგიის წევრი. 1937 წელს დიდი წმენდის დროს გარიცხეს ადვოკატთა კოლეგიის შემადგენლობიდან. იმავე წლის 17 აგვისტოს დააპატიმრეს და 14 სექტემბერს დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია მოხდა 1956 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 352.
  • საითიძე გ., „ბედშავი ქართველი ხალხის“ ინტერესების დამცველი.- ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, N 1, თბილისი, 1991.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) первый созыв, М., 1906, ст. 471