აჭარის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა. აჭარა როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული მხარე გვხვდება XI საუკუნის წყაროში, კერძოდ ლეონტი მროველის თხზულებაში, ფარნავაზ მეფის მიერ (ძვ.წ IV-III სს.).

XI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ერთიანი საქართველოს სამეფოს შემადგენელი ნაწილია. ამ პერიოდში ზემო აჭარა კლარჯეთთან ერთად აბუსერიძეთა საერისთავოში შედიოდა და მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. XIII საუკუნის შუა წლებიდან აჭარა წარმოადგენდა სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთ საერისთავოს, მაგრამ XV საუკუნის შუაში ყვარყვარე II ჯაყელმა აჭარა გადასცა გურიის მთავარს, რომელიც მას ეხმარებოდა ერთიანი საქართველოს უკანასკნელ მეფესთან, გიორგი VIII-სთან ბრძოლაში. ყვარყვარე ათაბაგსა და გიორგი მეფეს შორის გადამწყვეტი ბრძოლა 1465 წელს გაიმართა. ყვარყვარემ დახმარებისთვის მიმართა კახაბერ გურიელს, რის სანაცვლოდაც შემდგომში საჩუქრად აჭარა და ჭანეთი გადასცა.

XVI საუკუნის დასაწყისში მზეჭაბუკ ათაბაგმა აჭარა გურიის მთავრებს წაართვა, მაგრამ 1535 წლიდან ეს მხარე კვლავ გურიელების ხელში გადავიდა. გვიანფეოდალურ ხანაში აჭარა ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო (მაღალმთიანი) აჭარა და ქვემო (ზღვისპირა) აჭარა, მის ცენტრალურ ნაწილს კი შუახევი წარმოადგენდა.

XVI საუკუნის შუა წლებში ოსმალეთის იმპერიამ სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად აჭარაც დაიპყო. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დააარსეს და ჩილდირის ვილაიეთს შეუერთეს. აჭარელმა ფეოდალებმა ოსმალეთის სუზერენობა აღიარეს.[1] თავდაპირველად აჭარა სპერის მმართველებს ემორჩილებოდა, 1563 წელს ადგილობრივი ფეოდალების მიერ ისლამის მიღების შემდეგ კი დამოუკიდებელ სანჯაყად ჩამოყალიბდა. XVII-XVIII საუკუნეებში აჭარა ადმინისტრაციულად შედიოდა ხან ისპირის სანჯაყში, ხან ჩილდირის, ყარსის თუ გურჯისტანის ვილაიეთში. ოსმალეთის იმპერიამ დანერგა ქართულ ფეოდალურ სისტემასთან ადაპტირებული სამხედრო-ლენური სისტემა, რომელზეც აგებული იყო აჭარის ადმინისტრაციული მმართველობა.

ოსმალეთის ბატონომის ხანაში ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგები იყვნენ ხიმშიაშვილები, რომლებიც ფორმალურად სულთნის მორჩილები იყვნენ, თუმცა ფაქტობრივად დამოუკიდებლად განაგებდნენ მათზე დაქვემდებარებულ მხარეს. XIX საუკუნემდე ჭარაში ოსმალეთის მმართველობა ნომინალური იყო: მოსახლეობა არ იხდიდა ოსმალურ გადასახადებს, არ გადიოდა საყოველთაო სამხედრო სამსახურს ოსმალეთის არმიაში, მხოლოდ ომის დროს გამოჰყავდათ მოლაშქრეები, შენარჩუნებული იყო მიწათმფლობელობის ძველი ქართული ფორმები, გლეხობა კვლავ ქრისტიანობას ინარჩუნებდა, ხოლო დიდგვაროვნები იღებდნენ ისლამს.

1828-1829 წლებში აჭარა ოსმალეთ-რუსეთის ომის პოლიგონად იქცა. ომის დროს აჭარას შეაფარა თავი აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილმამ. 1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა და ახმედმა კვლავ აჭარაში დაიხია უკან. რუსეთს განზრახული ჰქონდა აჭარის შეერთება, მაგრამ ზამთრის კლიმატისა და რთული რელიეფის გამო თავი შეიკავა. ამან საშუალება მისცა ხიმშიაშვილს მოლაპარაკებები გაემართა ბებუთოვთან. მოლაპარაკებები შედიოდა რუსეთის ინტერესებშიც, რადგან ის უომრად მიიღებდა აჭარას. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ შეთანხმება მაინც ვერ შედგა.

1829 წლის 27 ივნისს რუსეთმა აიღო არზრუმი. გენერალი ბებუთოვი სომხეთის ოლქის უფროსად გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი დანიშნეს ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც ხიმშიაშვილი არ ენდობოდა. ოსტენ-საკენმა ხიმშიაშვილს მისცა ოთხი დღის ვადა, რათა თავად, ან მისი შვილი გამოცხადებულიყვნენ რუსეთის ბანაკში და მიეღოთ ქვეშევრდომობა. ხიმშიაშვილმა არ მიიღო ეს პირობა და ოსტენ-საკენი 12 აგვისტოს შევიდა ზემო აჭარაში სამი ქვეითი ბატალიონით, 2700 ხიშტით, კაზაკთა პოლკით, სამი სამთო და ოთქი მცირე ქვემეხით. ასე მივიდა ხულომდე. ოსტენ-საკენი წინააღმდეგობას შეხვდა, ამიტომ იძულებული გახდა დიდი დანაკლისით უკან გაბრუნებულიყო 28 აგვისტოს.

საქართველოს მთავარმმართებელმა გენერალმა პასკევიჩმა გენერალ გესეს დაავალა, აეღო ბათუმი. გესემ დაიწყო მოლაპარაკებები ადგილობრივ ბეგებთან. ოსმალეთის ხელისუფლებამ იცოდა რა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, იქ გაგზავნა რვა ათასი ასკერი ტუსჩიოღლის მეთაურობით, რომელმაც დაარწმუნა ადგილობრივი ბეგები, რომ მართალია, ოსმალეთი ახლა ომს აგებდა, მაგრამ მთელი ევროპა ოსმალეთს უჭერდა მხარს და მალე ყველაფერი შეიცვლებოდა. 1829 წლის 4 აგვისტოს რუსეთის ჯარი ორი მიმართულებით დაიძრა ბათუმისკენ: ერთი შეკვეთილიდან ქობულეთისკენ პოლკოვნიკ პატოვსკის ხელმძღვანელობით და და მეორე ოზურგეთიდან მუხაესტატეს გავლით გესეს ხელმძღვანელობით. მუხაესტატესთან გამაგრებული ოსმალები გესემ პირწმინდად დაამარცხა. ქობულეთში გამაგრებულმა ოსმალებმა უკან დაიხიეს და ციხისძირის პოზიციებიც მიატოვეს. ქობულეთიდან ზღვით გაიქცა სოფიო გურიელი. გესემ არ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, ბათუმზე შეტევის ნაცვლად კინტრიშზე გამაგრდა და კვლავ დაიწყო მოლაპარაკებები. ამან საშუალება მისცა ოსმალებს ხელახლა გაემაგრებინათ ციხისძირი. 17 სექტემბერს გესემ იერიში მიიტანა ციხისძირზე, მაგრამ დაკარგა ცოცხალი ძალის ორი მესამედი. ეს ამ ომში კავკასიის ფრონტზე რუსების ყველაზე დიდი მარცხი იყო. გესე იძულებულ ხდებოდა დაეთმო უკვე დაკავებული ტერიტორიები, მაგრამ ამასობაში მოუსწრო ადრიანოპოლის ზავმა.

რუსეთმა ამიერკავკასიაში მიიღო ანაპა, ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი. ოსმალეთს დარჩა ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ყარსი, არტაანი, ბაიაზეთი. საზღვარმა კავკასიაში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გაიარა მდინარე ჩოლოქზე. [5]საზღვარის ჩოლოქზე გავლება მხოლოდ ტექნიკურმა ლაფსუსმა გამოიწვია. საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას გურიის მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.[6][7]

1829 წლიდან ოსმალებმა ზემო და ქვემო აჭარა ტრაპიზონის ვილაიეთს, ლაზისტანის სანჯაყს შეუერთეს. აჭარის მოსახლეობა ოსმალეთის ბატონობის ხანაში გამაჰმადიანდა, მაგრამ არ გათურქებულა და შემოინახა ქართული ენა, ქართული გვარები და ქართული იდენტობა. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ აჭარაში, განსხვავებით მესხეთისაგან, ისლამი მოგვიანებით და ზედაპირულად გავრცელდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე მუსლიმი იყო. 1871-1873 წლებში ბათუმის, ჩურუქ-სუს, გონიოს, ზემო და ქვემო აჭარის კაზებში იყო 307 დასახლება, სადაც ფუნქციონირებდა 141 ჯამე და 65 მედრესე.

1878 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე აჭარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლად შემოერთებული აჭარა ადმინისტრაციულად ბათუმის ოკრუგის სახით გამოიყო. 1883 წელს ბათუმისა და ართვინის ოკრუგები გაერთიანდა და ბათუმის ოლქი შეადგინა, რომელიც ადმინისტრაციულად ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა. დიმიტრი ბაქრაძე 1874 წელს აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა შემონახული მეხსიერება ქრისტიანობის შესახებ, ახსოვდათ ქრისტიანული დღესასწაულები და მისდევდნენ ზოგიერთ ტრადიციას, მაგ. სააღდგომოდ კვერცხის შეღებვას. ტაძარი შემორჩენილი იყო მხოლოდ სოფელ სხალთაში, ხოლო ხულოს ეკლესია ხიმშიაშვილებს დაუნგრევიათ. ბაქრაძის ცნობით აჭარლები თავს გურჯებად მოიხსენიებდნენ. 1886 წელს რუსეთის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საოჯახო სიებში აჭარლები და შავშელები ჩაწერილნი არიან, როგორც ქართველი მაჰმადიანები.

აჭარის კუთვნილების საკითხი არაერთხელ წამოიჭრა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგაც. 1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება, შედეგად რუსეთმა ოსმალეთს დაუთმო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები. რამდენიმე დღეში ქალაქ ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასიის კომისარიატისა და ოსმალეთის დელეგაციათა მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც იყო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხის გარკვევა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება შეწყდა. ოსმალეთმა შეტევები განაახლა, ქართულმა მხარემ ოსმალეთის ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქთან შეძლო.

1918 წლის 4 ივნისს ქალაქ ბათუმში საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აღდგა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომამდე არსებული საზღვრები, ე.ი. ოსმალეთს დარჩა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი. მოგვიანებით, 1918 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ოსმალეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი მოეწერა მუდროსის დროებით საზავო შეთანხმებაზე (ფაქტობრივად კაპიტულაციაზე), ბათუმის ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა. 1918 წლის 15 დეკემბერს ბათუმის პორტში შევიდა ბრიტანეთის 5 გემი ბორტზე 15-20 ათასი ჯარისკაცით, რომლებიც ბათუმის ოლქში განლაგდნენ. სამხედრო ადმინისტრაცია აჭარას განაგებდა 1920 წლის ივლისამდე, რის შემდეგაც იგი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადაეცა.

მას შემდეგ რაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო ამიერკავკასია და კვლავ დაუმეზობლდა თურქეთს დღის წესრიგში დადგა სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით, დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ოსმალეთის საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფთან, შემდეგ მიუყვებოდა ქედისმთას, შავშეთსა და კინნი-დაღის მთების წყალგამყოფ, არდაგანის (არტაანის) და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს, მდინარეების არპა-ჩაისა და არაქსის ხეობებს. ამრიგად საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო საქართველოს ისტორიული ტერიტორია: ართვინის, არტაანის და ყარსის ოკრუგები.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის დეკრეტით აჭარა თანამედროვე საზღვრებით ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს 1995 წელს მიღებული კონსტიტუციით აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ შეინარჩუნა თავისი სტატუსი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი: ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის და ხულოს, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962
  • თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985
  • ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, ტფ., გვ. 225
  • გოგოლიშვილი ო. „რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი და აჭარა“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N18 2016 წ. გვ. 174-181 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 წ. ISSN 1512-3154
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. შაშიკაძე ზ. „ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი XVI საუკუნის აჭარის ისტორიიდან“ გვ. 151-152 — ბსუ კრებული ტ III ბათუმი 2002