თედორე კიკვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თედორე კიკვაძე
ფსევდონიმი/ები ჭაღარა, ფანდი
დაბადების თარიღი აპრილი, 1868
დაბადების ადგილი მაკვანეთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი იანვარი, 1935
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
განათლება თბილისის სასულიერო სემინარია
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პედაგოგი, რევოლუციონერი, პოლიტიკოსი
მამა გაბრიელ კიკვაძე

თედორე კიკვაძე (დ. აპრილი, 1868, მაკვანეთიიანვარი, 1935, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. 1878-1884 წელს წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მეორე კურსიდანვე მონაწილეობდა არალეგალურ სტუდენტურ წრეებში, კითხულობდა არალეგალურ ლიტერატურას — ბოკლს, პისარევს, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვს, ლავროვს, შელგუნოვს. რედაქტორობდა არალეგალურ სტუდენტურ ჟურნალ „ლამპარს“ ფსევდონნიმით „ხლაფორთაძე.“ ამავე ჟურნალში თანამშრომლობდნენ ნოე ჟორდანია წითე ფერაძის და ფილიპე მახარაძე ჯვარელის ფსევდონიმით. სემინარიაში სწავლა ძალიან უჭირდა უსახსრობის გამო, ამიტომ იძულებული იყო კერძო გაკვეთილები აეღო. სწავლის ბოლო წელს გათავისუფლდა გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ დაწესებული ნახევარ-ხარჯიანი სტიპენდია, რომელიც კიკვაძემ მიიღო და სწავლის დასრულება შეძლო 1890 წელს. სწავლის დასრულების წელს, მარტში მან მახარაძესთან და ჟორდანიასთან ერთად ხელმძღვანელობა გაუწია გამოსვლას სასწავლებლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. წარდგენილ მოთხოვნებს შორის იყო სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება, აკრძალული ლიტერატურის დაშვება, ადმინისტრაციის ზოგი მოხელის გადაყენება. სასწავლებლის ადმინისტრაცია წავიდა დათმობაზე და 1890-1891 წლებში დაარსდა ქართული ენისა და ლიტერატურის რუსულენოვანი კათედრა. მაგრამ გაფიცვების ორგანიზატორებს, მათ შორის კიკვაძეს, ყოფაქცევაში დაბალი ნიშანი (4) დაუწერეს. ეს არ იყო ყველაზე მკაცრი სასჯელი, რადგან სემიანრიის რექტორი ნიკოლოზი შედარებით ლომიბიერად მოექცა გაფიცულებს. მან კიკვაძეს შესთავაზა სწავლა კიევის უნივერსიტეტში გაეგრძებენინა და რეკომენდაციასაც დაჰპირდა.

კიკვაძის ოცნება მშობლიურ სოფელში სკოლის გახსნა იყო. მაკვანეთი შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა და მისი ერთკლასიანი სკოლა ემსახურებოდა, მაგრამ სიშორის გამო მოსწავლეები იქ ვერ დადიოდნენ. კიკვაძე 1890 წლის ივნისში დაბრუნდა გურიაში სკოლის დასაარსებლად, დაიწყო თანასოფლელების დარწმუნება სკოლის საჭიროების შესახებ და განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექციას. იმისთვის, რომ ადმინისტრაცია ფაქტის წინაშე დაეყენებინა, კიკვაძემ შემოიკრიბა 60-მდე მოსწავლე და დააწყებინა მეცადინეობა მის მიერვე შემუშავებული პროგრამით. მას სოფლელებმა მხარი აუბეს და 1891 წელს ააშენეს სკოლისთვის საჭირო შენობა და მოწყობილობა. კიკვაძეს ასევე სურდა მეზობელი ქობულეთის თემის მოსწავლეების ჩაბმა სწავლაში, მაგრამ შემოქმედის სასოფლო საზოგადოების თანხმობა ვერ მიიღო.

კიკვაძეს მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა 500-600 მანეთის ვალი. ამის გამო მან სასწავლებელი სხვას გადააბარა და თავად მუშაობა დაიწყო მანგანუმის მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან, რომელმაც კიკვაძე დანიშნა სადგურ გომში მანგანუმის საწყობისა და ოფისის გამგედ. ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი ურმებით იგზავნებოდა გომში, ხოლო გომიდან მადანი გადაჰქონდათ ფოთში რკინიგზით. ცხოვრება და მუშაობა უწევდა მძიმე პირობებში. სადგურზე იმუშავა 1891 წლის ზაფხულამდე და შემდეგ შეცვალა ეგნატე ნინოშვილმა, თითონ კი ჯერ ჯყუთის, შემდეგ კი ჭიათურის ოფისხებს ხელმძღვანელობდა. ჭიათურაში ყოფნის დროს აგროვებდა ფულს მშობლიური სოფლის სკოლისთვის, ასევე პერიოდულად ჩადიოდა ქუთაისში სკოლის აკრედაქტიიც მოსაპოვებლად. საბოლოოდ, მისი ძალისხმევით, 1894 წელს მაკვანეთის სკოლა ოფიციალურად დამტკიცდა. ჭიათურაში მუშაობის დროს კიკვაძის ბინა გადაიქცა ადგილობრივი დემოკრატიული ძალების თავშეყრის და კულტურული მუშაობის სივრცედ. მუშაობდა ჭიათურის ბიბლიოთეკის, თეატრის, საკვირაო სკოლის დაარსებაში, უწევდა პროპაგანდას ქალთა ემანსიპაციას. 1893-1894 წლებში გაეცნო მარქსის „კაპიტალს“ და ჩაება მესამე დასის მოძრაობაში. „ივერიასა“ და „კვალში“ აქვეყნებდა წერილებს ჭიათურის მაღაროს მუშების ინტერესების დასაცავად. 1896 წელს დაინიშნა ფოთში ღოღობერიძის ფირმის საექსპორტო ოფისის გამგედ. ქალაქის თავის, ნიკო ნიკოლაძის მხარდაჭერით გაიხსნა ფოთის პირველი ბიბლიოთეკა. 1896 წლის დეკემბერში თავი დაანება მანგანუმის მრეწველობაში მუშაობას.

1897 წელს აკაკი წერეთლის მიწვევით მუშაობა დაიწყო ჟურნალ „კრებულში“ რედაქციის გამგედ. რედაქტორობის პარალელურად ითავსებდა ადმინისტრატორობას, მდივნობასა და სტილისტობას. ასევე თანამშრომლობდა ჟურნალ „კვალში“, სადაც აქვეყნებდა ხელმოუწერელ წერილებს „კვირიდან კვირამდე“ და სხვა წერილებს ფსევდონიმებით „ჭაღარა“ და „ფანდი“. 1898 წლის ბოლოს ჟურნალის რედაქცია ზესტაფონში გადაიტანეს. კიკვაძე გადავიდა ოზურგეთში და ხელი მიჰყო კერძო მასწავლებლობას. 1899 წელს მან გახსნა კერძო სასწავლებელი ბათუმში, რომელიც 1901 წელს ოზურგეთში გადაიტანა. აქ ის 8-12 წლის ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში მისაღებად, ასევე ამზადებდა მასწავლებლობის მაძიებლებს და აფთიაქის მოწაფეებს. 1901 წელს იყო გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავლის“ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. კიკვაძის მოხსენების საფუძველზე გადააყენეს ამხანაგობის თავმჯდომარე სოლომონ ჭეიშვილი.

1904 წლიდან მისი სახლი გახდა გურიის რევოლუციური ბიუროს შეკრების ადგილი. კიკვაძე თავადაც იყო ამ ბიუროს წევრი. ამ დროს ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი არ იყო გურიაში გადასული. კიკვაძის ბინა ჟანდარმერიამ გაჩხრიკა, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს. 1905 წლის მარტში ის დააპატიმრეს გიორგი ჭოღოშვილთან და ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად. ის მოათავსეს მეტეხის ციხეში და ელოდებოდა ყაზანის გუბერნიაში გადასახლება, მაგრამ გაათავისუფლეს ახლადდანიშნული მეფისნაცვლის, ვორონცოვ-დაშკოვის, ამნისტიით. 1905 წლის განმავლობაში გურიის რესპუბლიკაში იყო ბენია ჩხიკვიშვილის თანაშემწე. აგვისტოში აირჩიეს ოზურგეთის მაზრის საერობო საბჭოდან ქუთაისის საგუბერნიო საერობო საბჭოში წარსაგზავნად შემოქმედისა და ლიხაურის სასოფლო საზოგადოებების წარმომადგენლად.[1]

1905 წლის დეკემბერი მუშაობა დაიწყო გაზეთ „სხივში“ რედაქციის მდივნად. ხელისუფლებამ „სხივი“ მალე დახურა. „სხივის“ ნაცვლად კიკვაძემ გამოსცა „განთიადი“, რომლის ირგვლივ მოხდა ბოლშევიკებისა და მენშევიკების დროებითი გაერთიანება. მასში ბოლშევიკების მხრიდან მდივანი იყო ფილიპე მახარაძე, ხოლო მენშევიკების მხრიდან ნოე ჟორდანია და სევერიან ჯუღელი, გაზეთის მდივანი იყო თედო კიკვაძე. ხუთი ნომრის გამოცემის შემდეგ გაზეთი დაიხურა, მის ნაცვლად გამოიცა „ელვა“. 1906 წლის 15 აპრილს ავლაბრის არალეგალური ტიპოგრაფიის აღმოჩენის შემდეგ პოლიცია თავს დაესხა გაზეთის რედაქციას და 24 ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის თედო კიკვაძე, რომელსაც ჩხრეკისას უპოვეს პარტიის ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომ მან ფულადი დახმარება გაუწია გენერალ გრიაზნოვის მკვლელის, არსენა ჯორჯიაშვილის მამას. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა გურიაში და განაგრძო მასწავლებლობა, პარალელურად აგრძელებდა არალეგალურ პარტიულ საქმიანობას. 1907 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს. იმავე წელს ერმილე ნაკაშიძის ხელშეწყობით დატოვა ოზურგეთი, რადგან პოლიციამ მასზე მიიტანა ეჭვი პოლიციის მოხელის, დიმიტრი მგელაძის მკვლელობის გამო და დაჭერას უპირებდა. თავი შეაფარა თბილისს და მუშაობდა იუმორისტულ ჟურნალ „ეკალში“, რომელიც მწვავე სატირის გამო ხელისუფლებამ ორი თვით დახურა. 1909 წელს დაბრუნდა ოზურგეთში. ამ დროს ქალაქის საბჭო ცდილობდა რეალური სასწავლებლის გახსნას და მათ ამ საქმეში დასახმარებლად კიკვაძე მიიწვიეს. მაზრის უფროსის წინააღმდეგობის გამო რეალური სასწავლების გახსნა არ მოხერხდა.

1912 წელს დაპატიმრების შიშით კვლავ თბილისში გადავიდა, სადაც ასწავლიდა რვაკლასიან კომერციულ სასწავლებელში ქართულ ენას, თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან. 1914 წლიდან იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. ამავე წელს აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრად, სადაც 1918 წლიდან იყო თავმჯდომარის ამხანაგი და მინდობილი ჰქონდა წიგნების გამოცემის ხელმძღვანელობა. 1917 წლის მაისიდან იყო განათლების მუშაკთა პროფკავშირის წევრი.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და განათლების სმაინისტროსთან არსებული სასკოლო სახელმძღვანელოების გადამამუშავებელი კომისიის თავმჯდომარე. 1918 წლიდან 1919 წლის აპრილამდე იყო ქალთა მე-4 გიმნაზიაში ქართული სიტყვიერების მასწავლებელი. 1919 წელს აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, იყო განათლების და სამანდატო კომისიების წევრი. 1920 წელს იყო მხედრული შრიფტის შემსწორებელი კომისიის თავმჯდომარე,

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. ივლისამდე მუშაობდა სასკოლო საბჭოში, ივლისიდან მიავლინეს განათლების კომისარიატში სამუშაოდ. მონაწილეობდა სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენაში. შეადგინა პირველი ფერადი სახელმძღვანელოები, „ჩვენი სკოლა“ და „მეგობარი“. წერდა საბავშვო მოთხრობებს. 1927 წელს დაინიშნა ქართული ენის ლექტორად სამხატვრო აკადემიაში. 1930 წელს ეს სასწავლებელი შეუერთდა პედაგოგიურ ინსტიტუტს, სადაც კიკვაძე განაგრძობდა სწავლებას დოცენტის ხარისხით. 1931 წლიდან ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ასწავლიდა რუსულ ენას. პედაგოგიური ინსტიტუტის ქუთაისში გადატანის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა რუსულ ენას. თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსების შემდეგ ხელოვნების ფაკულტეტზე გახდა ქართული ლიტერატურის ლექტორი. 1931 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერ მუშაკთა სექციის წევრი. გარდაიცვალა 1935 წლის იანვარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]