ზაქათალის ოკრუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზაქათალის ოკრუგის რუკა

ზაქათალის ოკრუგი (რუს. Закатальский округ) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში (1860-1918), საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1920-1921). შეიქმნა 1860 წელს. ექვემდებარებოდა სამხედრო ადმინისტრაციას და იყოფოდა 4 ნაწილად: ალიაბადის, ჭარ-მუხახის, ბელაქნის, და კაკის უბნებად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ისტორიული ქრონიკები ამ ტერიტორიას აღწერენ, როგორც ქართველებით დასახლებულ ჰერეთის სამეფოს. X საუკუნეში კახეთის დედოფადმა დონარმა ადგილობრივი მოსახლეობა მართლმადიდებლურ (ბერძნულ–ქართულ) ქრისტიანობაზე მოაქცია. XI საუკუნის დასაწყისში მეფე კვირიკემ ჰერეთი კახეთს შემოუერთა. XV საუკუნეში საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდმა კახეთი თავის უმცროს ვაჟს დავითს გადასცა, ამავე ჰერიოდში ჩამოყალიბდა ზაქათალის მხარე საიდანაც ქართველი მეფეები ჩრდილოეთკავკასიელების გადმოსვლისა და თარეშის შეზღუდვას ცდილობდნენ. მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა XVII ს–ის დასაწყისში როცა სპარსეთის შაჰმა აბას I–მა კახეთი ფაქტობრივად უკაცრიელი გახადა. ამ პერიოდში მისივე ხელშეწყობით ეს ტერიტორია თათრულმა ტომებმა და დაღესტნელმა ლეკებმა დაიკავეს, დარჩენილი ქართული მოსახლეობა კი გამუსლიმანდა (ინგილოები).

რუსეთის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლ-კახეთის სამეფო 1801 წელს

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან მიერთების შემდეგ, რეგიონის დამორჩილება მხოლოდ 1830 წელს ბრძოლით იქნა შესაძლებელი, რომლის ტერიტორიაზე წარმოიქმნა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული ჭარ-ბელაქნის ოლქი. 1844 წელს მას შემოუერთეს ელისუს სასულთნო, 1859 წელს დაერქვა ზაქათალის ოკრუგი და ტფილისის გუბერნიაში შედიოდა, როგორც სამხედრო ოლქი. მანამდე ელისაბედოპოლის გუბერნიაში შედიოდა. მოსახლეობა 1886 წლის აღწერით 74 449 კაცს შეადგენდა. მის მხოლოდ ოთხ სოფელში ცხოვრობდნენ ქრისტიანი ქართველები, დანარჩენი სოფლების მოსახლეობა კი ქართველი მუსლიმებისგან შედგებოდა.

სადავო ტერიტორია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 26 მაისიდან 1920 წლის 29 აპრილამდე ზაქათალის ოლქი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა. მართალია, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე არ მისულა, მაგრამ საკითხი ვერც დიპლომატიური მოლაპარაკებით ვერ გადაწყდა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობით ზაქათალის ოკრგუგს ავტონომია მიენიჭა.

1920 წლის 7 მაისს მოსკოვში საქართველო-რსფსრ შორის დადებული მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში აღიარა, თუმცა ცოტა მოგვიანებით, წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ, ბაქოელმა ბოლშევიკებმა მოსკოვში პროტესტი გაგზავნეს და ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნება მოითხოვეს. საქართველოს დელეგაცია იძულებული გახდა, რომ ძირითადი ხელშეკრულების გარდა, 12 მაისს ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, ზაქათალის ოლქის კუთვნილების ბედი შერეულ კომისიას უნდა გადაეწყვიტა. ბოლშევიკთა ანტიქართული პოზიციის გამო მოლაპარაკება გაიყინა და პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.

საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ კი, რუსეთის კომპარტიის კავბიუროს ზეწოლის შედეგად, საქართველოს რევკომი დათანხმდა ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის სსრ-სადმი გადაცემას. ეს ფაქტი დაფიქსირდა 1921 წლის 5 ივლისის საქართველო-აზერბაიჯანის დელეგაციათა კონფერენციაზე (დადგენილების მე-4 პარაგრაფი), შემდეგ იურიდიულად გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ებს შორის 1921 წლის 15 ნოემბერს ხელმოწერილ სასაზღვრო შეთანხმებით (მე-3 მუხლი). თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაქათალის ოლქი იურიდიულად საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში 6 თვის განმავლობაში შედიოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცინცაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 488.
  • პაპუაშვილი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII-IX სს.), თბ., 1982
  • პაპუაშვილი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970
  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან // სქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 3., თბ., 1966