გრიგოლ რცხილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რცხილაძე.

გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე (დ. 1876, სოფ. ფანიანი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 1934, თბილისი) — ქართველი იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადრევე ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში; მოგვიანებით, როგორც სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, დაპატიმრებული იყო მეტეხის ციხეში.

ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების წლისთავზე, 1908 წლის 3 სექტემბერს გაიმართა მწრალთა საზოგადოების დამფუძნებელი კრება, რომელმაც აირჩია „სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების“ საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გრიგოლ რცხილაძე (თავმჯდომარე), იროდიონ ევდოშვილი, შიო არაგვისპირელი, კოტე მაყაშვილი, ილია ზურაბაშვილი, საპატიო წევრად აკაკი წერეთელი. საბჭომ გ. რცხილაძეს რედაქტორობით გამოსცა ლიტერატურული კრებული „გრდემლი“, ბესიკის ნაწარმოებები და სხვა მრავალი. 1906-1907 წლებში იგი რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთს „მეგობარს“, 1909-1914 წლებში „სახალხო გაზეთის“ თანარედაქტორია. იყო აგრეთვე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უნივერსიტეტის დაარსების საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბოლო წლებში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულად.

გიგო რცხილაძეს ფართო მკითხველი იცნობდა როგორც მახვილი კალმის კრიტიკოსს. მისი სტატიები იბეჭდებოდა „ზანგის“ ფსევდონიმით. ცნობილი პუბლიცისტიისა და დიდად განათლებული ინტელიგენტის გარშემო იკრიბებოდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ფართო წრე, რომელთა საუბრებისა და კამათის საგანი ერთთავად მშობლიური ლიტერატურა და სამშობლოს ბედი იყო. 1923 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სამოქალაქო სამართლის კურსს. ამ დარგში აქვს გამოკვლევები და თეორიული ხასიათის წერილები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 316, თბ., 1994