საქართველო-ბიზანტიის ომი (1021-1023)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქართველო-ბიზანტიის ომები XI საუკუნეში.

საქართველო-ბიზანტიის ომი — ომი, რომელიც მიმდინარეობდა ბიზანტიასა და საქართველოს შორის 1021-1023 წლებში ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დასაკავებლად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული საქართველოს მეფე გიორგი I-მა ისარგებლა ბიზანტიის იმპერატორის ბასილი II-ის ბულგარელებთან ომით და 1014—1016 წლებში შეიჭრა სამხრეთ ტაოში, რომელიც თავის დროზე ბასილი II-მ დავით III კურაპალატს ჩამოართვა. 1018 წელს ბასილი II ბულგარეთიდან ძლევამოსილი დაბრუნდა და გიორგი I-ს მოსთხოვა დაკავებული ტერიტორიის დაცლა. გიორგიმ უარი შეუთვალა. ამასთანავე, მან კავშირი დაამყარა ბიზანტიის წინააღმდეგ ეგვიპტის ფატიმიანთა სულთანთან, ალ-ჰაქიმთან. შესთავაზა მას ერთობლივი მოქმედება ბიზანტიის წინააღმდეგ. ეგვიპტე ამ დროს ბიზანტიის ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო და მას ხმელთაშუა ზღვის აუზში ბატონობას ექიშპებოდა. თუკი საქართველოსა და ეგვიპტის ერთობლივი გამოსვლა განხორციელდებოდა ბიზანტიას რეალური საფრთხე ემუქრებოდა. საქართველო-ეგვიპტის ერთობლივი გამოსვლა ბიზანტიის წინააღმდეგ ვერ განხორციელდა, რადგან სულტანი ალ-ჰაქიმი მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

1021 წელს ბიზანტიის ჯარი დაძრა საქართველოს წინააღმდეგ. გიორგი I-ისა და მისი მოკავშირეების — კახეთ-ჰერეთის, ანისის, ვანანდისა და ვასპურაკანის მეფეთა ლაშქარი ჯერ ბასიანში დაბანაკდა, მაგრამ შემდეგ ბრძოლას გაერიდა, ქ. ოლთისი გადაწვა და კოლაში დაიხია. ბიზანტიის ჯარი დაედევნა უკანდახეულ გიორგი მეფეს და სოფელ შირიმნთან წამოეწია. სისხლისმღვრელ ბრძოლაში დაიღუპნენ ერისთავი რატი ბაღვაში და ხურსი, ქართველები დამარცხდნენ და უფრო ღრმად დაიხიეს. ბასილი II შეიჭრა არტაანში, ჯავახეთსა და თრიალეთში. სასტიკად მოაოხრეს ეს მხარეები, შემდეგ უკან გამობრუნდა, კვლავ ააოხრა ჯავახეთი და არტაანი და მოახლოებული ზამთრის გამო დატოვა საქართველო. საზამთროდ ბასილიმ ტრაპიზონის მიდამოებში დაიბანაკა. აქ მასთან გიორგი I-ის მოციქულები მივიდნენ და ზავი შესთავაზეს, ამასთან ისინი ზავის საბოლოოდ დადებას აჭიანურებდნენ. ამ დროს თვით ბიზანტიაში იმპერატორს აუჯანყდნენ მისი დიდებულები ქსიფე და ფოკა. გიორგი მეფემ გადაწყვიტა ამით ესარგებლა და ახალი ომისთვის სამზადისს შეუდგა. მაგრამ ბასილიმ დაამარცხა აჯანყებულები, შეიპყრო ისინი, ფოკას მოკვეთილი თავი გიორგი I-ს გამოუგზავნა და თავისი ჯარი კვლავ საქართველოსაკენ დაძრა. ქართველები დამარცხდნენ და ფრიად დაზარალებილებმა დაიხიეს. გიორგი I იძულებული იყო ზავი ეთხოვა. 1022-1023 წლებში ზავით საქართველოს მეფემ დაუთმო ბიზანტიას რაც კი მიწები ჰქონდა ტაოში, ბასიანში, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში, დაცალა ადრე დაკავებული ციხეები და 3 წლით მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე ბაგრატი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მატიანე ქართლისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955;
  • სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, იქვე;
  • არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც. თბ., 1974;
  • გიორგი კედრენე, წგნ., გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963;
  • იაჰია ანტიოქიელი, მატიანის გაგრძელება, წგნ.: Розен В. Р., Император Василий Болгаробойца, СПб., 1883;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ., 2008;
  • კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970—1070 წლებში, თბ., 1969;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., 1965;