ერთა ლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ორგანიზაციას ეხება. შეჯიბრის შესახებ იხილეთ ერთა ლიგა (უეფა).
1920-1945 წლების მიხედვით ერთა ლიგა და მსოფლიო

ერთა ლიგა (ინგლ. League of Nations, ფრანგ. Société des Nations) — პირველი საერთაშორისო, სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მსოფლიო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა[1]. ერთა ლიგა დაარსდა 1920 წლის 10 იანვარს, მას შემდეგ რაც პარიზის სამშვიდობო კონფერენციის შედეგად პირველი მსოფლიო ომის დასრულება მოხდა. 1919 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი ერთ ლიგის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული გახდა.

ერთა ლიგის დაარსების დღიდანვე მის მიზანს წესდების მიხედვით წარმოადგენდა კონფლიქტების და ომების მშვიდობიანი გზით მოგვარება, რაც საკითხის გადასაჭრელად ითვალისწინებდა მოლაპარაკებების და არბიტრაჟის გამოყენებას[2]. ერთა ლიგის წესდება ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას; ადამიანების და ნარკოტიკების ტრეფიკინგს; იარაღით ვაჭრობას; მსოფლიო ჯანდაცვას; ევროპაში უმცირესობების უფლებების დაცვას; ომის ტყვეების საკითხს და ღირსეული სამუშაო პირობების არსებობას[3]. ერთა ლიგის წესდების პირველ ნაწილს 1919 წლის 28 ივნისს ვერსალის შეთანხმების ფარგლებში მოეწერა ხელი, რომელიც მის მეორე ნაწილთან ერთად ამოქმედდა 1920 წლის 10 იანვარს, როდესაც მის მეორე ნაწილსაც მოეწერა ხელი. ერთა ლიგის საბჭოს პირველი შეხვედრა ამავე წლის 16 იანვარს გაიმართა, ხოლო 1920 წლის 15 ნოემბერს ერთა ლიგის პირველი ასამბლეა შეიკრიბა.

ერთა ლიგის შექმნა არსებული ეპოქის დიპლომატიისთვის სიახლეს წარმოადგენდა. მისმა შექმნამ მანამდე არსებული ასწლოვანი დიპლომატიური წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა. ერთა ლიგის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაზე, განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებზე (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და იაპონია), რომლებიც უზრუნველყოფდნენ რეზოლუციების აღსრულებას, ეკონომიკური სანქციების შესრულებას და შეიარაღებული ძალების გამოყოფას. დიდი სახელმწიფოები ლიგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ხშირად აყოვნებდნენ, ვინაიდან აღნიშნულს შეეძლო მათი ინტერესებისთვის ზიანი მიეყენებინა[4].

26 წლიანი არსებობის განმავლობაში ერთა ლიგას ჰქონდა, როგორც მნიშვნელოვანი წარმატებები, ისე წარუმატებლობები, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთა ლიგის არაეფექტიანობა მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, განსაკუთრებით XX საუკუნის 30-იანი წლებში, როდესაც მან ღერძის ქვეყნების აგრესიული პოლიტიკის შეჩერება ვერ მოახერხა. ერთ-ერთ მთავარი მიზეზი თუ რამაც განაპირობა ერთა ლიგის არაეფექტიანობა იყო აშშ-ის უარი გამხდარიყო ორგანიზაციის წევრი, მაშინ როდესაც აშშ აღნიშნული ორგანიზაციის შექმნის მთავარი ინიციატორი იყო. ერთა ლიგის როგორც ორგანიზაციის დასუსტება და ავტორიტეტის დაქვეითება რამდენიმე მოვლენამ განაპირობა, კერძოდ საბჭოთა კავშირი ორგანიზაციის წევრი საკმაოდ გვიან გახდა, მაგრამ ფინეთთან სამხედრო დაპირისპირების გამო ის მალევე გააძევეს[5][6][7][8]. საბჭოთა კავშირის გაძევებას მალევე მოჰყვა გერმანიის, იტალიის, იაპონიის და ესპანეთის მიერ ერთა ლიგის დატოვება. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გამოჩნდა, რომ ერთა ლიგამ მისი მთავარი მიზანი ახალი მსოფლიო ომის აცილება ვერ მოახერხა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ერთა ლიგა ახალი ორგანიზაციით გაერთიანებული ერების ორგანიზაციით (გაერო) ჩანაცვლდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა მშვიდობიანი გაერთიანების იდეა, რომელიც კონფლიქტს შეზღუდავდა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობას დაიცავდა ჯერ კიდევ 1795 წელს გაჩნდა, როდესაც იმანუელ კანტმა მისი წიგნი „მუდმივი მშვიდობა: ფილოსოფიური სკეჩი“ გამოსცა[9]. კანტი მხარს უჭერდა მშვიდობიანი მსოფლიო წესრიგის შექმნას, რომელიც შინაარსობრივად არ გულისხმობდა მსოფლიო ხელისუფლების შექმნას, არამედ ისეთი სახელმწიფოების რომლებიც თავისუფალი ქვეყნები იქნებოდნენ და პატივს სცემდნენ როგორც საკუთარ ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რაც მსოფლიოში ხელს შეუწყობდა მშვიდობიანი საზოგადოების შექმნას. XIX საუკუნეში ნაპოლეონის ომების შემდგომ ევროპის კონცერტმა ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაში და კოლექტიური უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვნად განვითარდა, რომლის დროსაც შეიქმნა ჟენევის პირველი კონვენცია და ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები, რომლებიც სამშვიდობო ისე საომარი მოქმედებების დროს სახელმწიფოთა მოქმედებებს არეგულირებდნენ[10].

პირველი მსოფლიო ომის სისასტიკემ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე. კონფლიქტის მიმდინარეობის პერიოდში რამდენიმე იმპერია დაიშალა, კერძოდ რუსეთის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის და ოსმალეთის იმპერია. პირველი მსოფლიო ომის სისასტიკემ მსოფლიოში პაციფისტური და ანტი საომარი მოძრაობები მნიშვნელოვნად გააძლიერა, სწორედ ამიტომ პირველი მსოფლიო ომი „უკანასკნელ ომად“ იყო მიჩნეული. იმ მიზნით, რომ პირველი მსოფლიო ომის მსგავსი ან უფრო მძიმე ტრაგიკული ომი აღარ მომხდარიყო გადაწყდა ყველა იმ მიზეზის შესწავლა რამაც კონფლიქტის დაწყება გამოიწვია, რომლის შედეგადაც რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა. დადგინდა, რომ სახელმწიფოები აქტიურად აწარმოებდნენ საიდუმლო დიპლომატიას, შეჯიბრს შეიარაღებაში, სამხედრო ნაციონალიზმს და სახელმწიფოები მოკავშირეებს მხოლოდ პირადი სარგებლის მიღების მიზნით არჩევდნენ. სამომავლოდ კონფლიქტების არიდების მიზნით გადაწყდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა შექმნილიყო, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა და წაახალისებდა ღია დიპლომატიას, მოახდენდა განიარაღებას, წაახალისებდა კოლექტიურ უსაფრთხოება და შესაძლო ნეგატიური შედეგების გაზრდით ქვეყნებს სამომავლოდ კონფლიქტის დაწყების სურვილს შეუმცირებდა.

ერთა ლიგის შექმნამდე დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს და საფრანგეთს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები ჰქონდათ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ორგანიზაცია, რომელიც სამომავლოდ მსოფლიო წესრიგის და სტაბილურობის განმსაზღვრელი იქნებოდა. ბრიტანული იდეის თანახმად უნდა მომხდარიყო ე. წ. გამარჯვებული ქვეყნების კონფერენცია, რომელიც ქვეყნებს შორის დავებს გადაწყვეტდა და საჭიროების შესაბამისად სანქციებს დააწესებდა. საფრანგეთის ინიციატივა ორგანიზაციასთან დაკავშირებით უფრო მრავლისმომცველი იყო, რაც გულისხმობდა კრიზისების გადაჭრას საგანგებო შეხვედრებით და საერთაშორისო არმიის შექმნით, რომლის მეშვეობითაც გადაწყვეტილების აღსრულება მოხდებოდა. რაც შეეხება აშშ-ს პოზიციას ვუდრო ვილსონმა ორგანიზაციის შექმნის იდეა მის ცნობილ 14 პუნქტზე დააფუძნა, რომლის მიხედვითაც ედვარდ ჰაუსმა ერთა ლიგის პირველი მონახაზი შეიქმნა. აღნიშნული მონახაზის თანახმად სახელმწიფოების უნდა შეეწყვიტათ არაეთიკური მოქმედებები, ასევე გარკვეული სახის ჯაშუშობა და უღირსი მოქმედებები. სახელმწიფოები რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ ორგანიზაციის გადაწყვეტილებას მათ მიმართ უნდა მომხდარიყო მკაცრი სანქციების დაწესება და ვაჭრობის აკრძალვა იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღნიშნული ქვეყანას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნედლეულს აწვდიდა[11].

ბრიტანელი რობერტ სესილის და სამხრეთ აფრიკელი იან სმუტსის შექმნილმა მონახაზმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ერთა ლიგის როლზე და მის სტრუქტურაზე. სმუტსი აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოს შექმნას, სადაც როგორც დიდი ისე პატარა სახელმწიფოები იქნებოდნენ გაერთიანებულნი, წევრი პატარა ქვეყნები დიდებისგან განსხვავებით როტაციის პრინციპს დაემორჩილებოდნენ ხოლო დიდი ქვეყნები მუდმივ მოქმედი წევრები იქნებოდნენ. სმუტსის იდეის თანახმად ასევე უნდა შექმნილიყო ე. წ. მანდატის სისტემა, რომელიც ღერძის ქვეყნების ტერიტორიებს გამარჯვებულ და ანტანტის ქვეყნებს გადაუნაწილებდა. მეორე მხრივ, სესილის ინიციატივები მეტწილად კონცენტრირებული იყო ლიგის ადმინისტრაციულ მხარეზე, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იყო როგორც საბჭოს ისე ასამბლეის შეკრების დრო და ფუნქციები. სესილი ასევე მხარს უჭერდა მუდმივმოქმედი სამდივნოს შექმნა, რომელიც ლიგის ადმინისტრაციულ საკითხებს გაუძღვებოდა[12][11][13][14].

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციის დროს ვილსონმა, სესილმა და სმუტსმა საკუთარი მონახაზები წარმოადგინეს. დელეგაციებს შორის გრძელვადიანი და დამღლელი მოლაპარაკებების შემდგომ შეთანხმება შედგა და მიიღეს ჰურსტ-მილერის მონახაზი, რომელზეც ლიგის შეთანხმების დაეფუძნა მოხდა, რომლის შედეგადაც 1919 წლის 25 იანვარს წევრებმა ლიგის დაარსებას წინადადებას მხარი დაუჭირეს. ერთა ლიგის საბოლოო შეთანხმების მონახაზი სპეციალური კომისიის მიერ იქნა შედგენილი, ერთა ლიგა ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად შეიქმნა. 1919 წლის 20 ივნისს 44-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ლიგის შეთანხმებას. მათ შორის არ იყო ორი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო – აშშ და რუსეთი.

მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრა ლიგის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც შეიქმნებოდა გენერალური ასამბლეა (სადაც ყველა ქვეყანა იქნებოდა წარმოდგენილი), აღმასრულებელი საბჭო (მხოლოდ დიდი სახელმწიფოები) და მუდმივმოქმედი სამდივნო. ლიგის წვერ ქვეყნებს პატივი უნდა ეცათ სხვა ქვეყნების ტერიტორიებისთვის და აგრესიისგან თავი უნდა შეეკავებინათ, ასევე წვერ ქვეყნებს საკუთარი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ დონემდე, რომელიც თავდაცვისთვის იქნებოდა აუცილებელი. იმ შემთხვევაში თუ წევრ ქვეყანას სხვა რომელიმე წევრი ქვეყნის მიმართ პრეტენზია ანდ დავა ექნებოდა ის ვალდებული იყო მიემართა არბიტრაჟისთვის სადაც მოხდებოდა აღნიშნული დავის გადაწყვეტა. ლიგის შეთანხმების თანახმად ქვეყნებს არბიტრაჟამდე საომარი მოქმედებების დაწყება ეკრძალებოდათ, მანამ სანამ აღმასრულებელი საბჭოს მიერ დანიშნული საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ვუდრო ვილსონის ძალისხმევის და მიუხედავად, რის გამოც ის 1919 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა, აშშ ერთა ლიგაში ვერ გაწევრიანდა. რესპუბლიკელ სენატორს ჰენრი კებოტს სურდა, რომ აშშ ლიგაში პრივილეგიებით ყოფილიყო წარმოდგენილი. კებოტი ასევე მიიჩნევდა, რომ ომის გამოცხადების უფლება მხოლოდ სენატს ჰქონდა, ხოლო ერთა ლიგის წევრობა ქმნიდა ალბათობას, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა, რომ აშშ ომში ყოფილიყო ჩათრეული. ვუდრო ვილსონმა აღნიშნულ მოთხოვნებზე უარი თქვა, რის გამოც კომპრომისი ვერ შედგა, ხოლო სენატში საჭირო ხმების 2/3 არ იყო, რის გამოც ვილსონის მცდელობა, რომ აშშ ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო წარუმატებლად დასრულდა[15].

1920 წლის 16 იანვარს მას შედეგ რაც ვერსალის საზავო შეთანხმება დასრულდა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. 1920 წლის 1 ნოემბერს ლიგის სათაო ოფისი ლონდონიდან ჟენევაში გადაიტანეს, სადაც პირველი გენერალური ასამბლეა გაიმართა[16].

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგის სტრუქტურა შემდეგი ორგანოებისგან შედგებოდა. ასამბლეა, საბჭო და მუდმივმოქმედი სამდივნო. მას ასევე დამატებით გააჩნდა მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვა დამხარე კომისიები თუ სამსახურები. თითოეული ორგანოს ბიუჯეტი ასამბლეის მიერ იყო განსაზღვრული, ლიგის ფინანსური მხარდაჭერა მისი წევრი ქვეყნების მიერ ხდებოდა. ერთა ლიგის ასამბლეას და კომისიას შორის ურთიერთობები მკაცრად განსაზღვრული არ იყო, ასევე ბუნდოვანი იყო ორივე ორგანოს კომპეტენციების საკითხიც[17].

გადაწყვეტილებები ერთა ლიგაში ერთსულოვნებას პრინციპით მიიღებოდა, პროცედურული საკითხების და გარდა ყველა საკითხზე ყველა ქვეყანას თანხმობა უნდა განეცხადებინა, წინააღდეგ შემთხვევაში საკითხი მიღებული არ იქნებოდა. აღნიშნული პრინციპი არ ვრცელდებოდა ახალი წევრების მიღებაზე თუ სხვა რომელიმე განსაკუთრებულ საკითხზე.

მუდმივ მოქმედი სამდივნო- სამდივნო აერთიანებდა სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, რომლებიც გენერალური სამდივნოს ექვემდებარებოდა. აღნიშნული სამდივნოს ძირითადი მიმართულებები იყო პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური, სატრანზიტო, უმცირესობები, ადმინისტრირება(საარი და დანცინგი), მანდატების საკითხი, განიარაღება, ჯანმრთელობა და სოციალური. სამდივნო საბჭოსთვის და ასამბლეისთვის შეიმუშავებდა სამოქმედო გეგმას ასევე საჭიროებისამებრ წარადგენდა რეპორტებს.

  • ასამბლეა — ასამბლეაში ერთა ლიგის ყველა წევრი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, სადაც თითოეულ ქვეყანას 3 წარმომადგენელი ჰყავდა და ყველა ქვეყანას ერთი ხმის უფლება ჰქონდა. ასამბლეა შეკრება ყოველი წლის სექტემბერში ჟენევაში ხდებოდა, სადაც განიხილავდნენ ახალი წევრების მიღებას და ორგანიზაციის ბიუჯეტს, საბჭოს არა მუდმივმოქმედი წევრების არჩევას და სასამართლოს წევრების არჩევას.

ერთა ლიგის საბჭოს წევრთა რაოდენობა არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. 1922 წელს არამოქმედი წევრი ქვეყნების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ხოლო 1926 წელს უკვე რვამდე. 1926 წელს როდესაც გერმანია ერთა ლიგაში გაწევრიანდა ის საბჭოს მეხუთე მუდმივმოქმედი წევრი გახდა. მას შემდეგ რაც გერმანიამ და იაპონიამ ლიგა დატოვეს არაწევრი ქვეყნების რაოდენობა 9-დან 11-მდე გაიზარდა, ხოლო მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი ლიგის წევრი გახდა საბჭოს კიდე 3 არამუდმივი წევრი დაემატა, რის შედეგადაც საბოლოოდ საბჭოს 15 წევრი ჰყავდა. საბჭოს წევრები საკითხთა განხილვის მიზნით წელიწადში 5-ჯერ იკრიბებოდნენ, შეკრება ხდებოდა საგანგებო მდგომარეობის დროსაც.

მანდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც მსოფლიო ომი დასრულდა დღის წესრიგში დამარცხებული ქვეყნების ტერიტორიების ნაწილის გადანაწილების საკითხი დადგა. გერმანიას ჩამოერთვა კოლონიები აფრიკასა და ოკეანეთში, ხოლო ოსმალების იმპერიას ჩამოერთვა მისი არაბულენოვანი რეგიონები. პარიზის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად აღნიშნულ ტერიტორიებზე პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნებს უნდა აეღოთ და ემართათ.[19] ერთა ლიგის მანდატის სიტემა შეთანხმების 22-ე მეორე მუხლით იყო განსაზღვრული. მანდატების კომისია განსაზღვრავდა ქვეყნის მანდატის სტატუსს, ასევე სადავო ტერიტორიებზე პლებისციტის ჩატარებას იმისთვის, რომ მოსახლეობას ქონოდა არჩევანი თუ რომელ ქვეყანას შეერთებოდა. ერთა ლიგაში მანდატების 3 კატეგორია არსებობდა A, B და C.[19]

A — აღნიშნული მანდატი ოტომანების იმპერიის ნაწილს შეეხებოდა, ასევე თუ გაერთიანება საკმარისად განვითარებული იყო და გააჩნდა სახელმწიფოებრივი ნიშნები და შეეძლო საკუთარი თავის დაცვა მაშინ მისი მოთხოვნები მმართველის შერჩევის დროს მკაცრად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო[20].

B — ტერიტორიები რომლებიც გერმანიის შემადგენლობაში შედიოდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის მართვისას მანდატის მფლობელი ქვყანა უნდა დახმარებოდა გაერთიანებას განვითარებულიყო და საკუთარი ტავის დაცვა ესწავლა. მმართველ ქვყანა მართული გაერთიანების ადმინისტრირება უნდა განეხორციელებინა და დაეცვა სამოქალაქო წესრიგი[20].

C — ტერიტორიები მოიცავდა აფრიკის და ოკეანეთის ნაწილს. აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხები რომლებიც არასაკმარისად განვითარებულები და ცივილიზაციისგან საკმაოდ დაშორებულები იყვნენ. აღნიშნული მანდატის ქვეშ ასევე იმართებოდა ის ტერიტორიები, რომლებზეც ეთნიკური ჯგუფები მნიშვნელოვნად დაქსაქსული ან მცირერიცხოვანი იყო[20].

მანდატით მართული ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგის მანდატით ტერიტორიების მართვის უფლება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა, ერთა ლიგის 14 მანდატი დიდ ბრიტანეთს, სამხრეთ აფრიკის გაერთიანებას, საფრანგეთს, ბელგიას, იაპონიას, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას ჰქონდა განაწილებული. დიდი ბრიტანეთი მისი მანდატით პალესტინას მართავდა, ხოლო სამხრეთ აფრიკის გაერთიანება კი სამხრეთ დასავლეთ აფრიკის მანდატს. ერთა ლიგის მანდატით მართულმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ვერ მიიღეს, ერთადერთი გამონაკლისს ერაყის სამეფო წარმოადგენდა, რომელიც ერთა ლიგის წევრი 1932 წელს გახდა[21].

ერთა ლიგის პირდაპირი მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა ზაარლანდი, რომელიც 15 წლის შემდეგ პლებისციტის შედეგად დაბრუნდა გერმანიის მმართველობაში და დანცინგის თავისუფალი ქალაქი (დღევანდელი გდანსკი)[19].

ტერიტორიული დავების გადაწყვეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საზღვრების საკითხი. საზღვრების მოწესრიგების საკითხს მოკავშირეები წყვეტდნენ, მაგრამ ისინი საკითს განსახილველად ერთა ლიგას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადასცემდნენ. ვინაიდან მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ერთა ლიგა ყველა დავას ვერ განიხილავდა, ქვეყნებს შორის ბევრი ტერიტორიული დავა გაჩნდა, რაც დაპირისპირების და შეტაკებების მიზეზი ხდებოდა[19].

ალანდის კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალანდის კუნძულები ოდითგანვე შვედეთის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ 1809 წელს რუსეთის იმპერიამ მისი და ფინეთის ანექსია მოახდინა. 1917 წელს როდესაც რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია მიმდინარეობდა ფინეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ალანდი მის შემადგენლობაში შევიდა[22]. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების მიზეზი მას შემდეგ გახდა რაც შვედურ ენოვანმა უმრავლესობა შვედეთთან გაერთიანების სურვილი გამოთქვეს, რამაც ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება საკმაოდ რეალური გახადა. დაძაბული ურთიერთობების ფონზე დიდმა ბრიტანეთმა ვითარების განმუხტვის მიზნით ერთა ლიგას მიმართა, მაგრამ ფინეთი აღნიშნულ ინციატივას კრიტიკულად შეხვდა, ვინაიდან ის აღნიშნულ საკითს მის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევდა. ფინეთის წინააღმდეგობის და მიუხედავად ერთა ლიგამ დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებდა. 1921 წელს ლიგის გადაწყვეტილებით ალანდის კუნძულები ფინეთის შემადგენლობაში უნდა დარჩენილიყო, მართალია შვედეთი უკმაყოფილიო იყო მიღებული გადაწყვეტილებით, მაგრამ ის იძულებული გახდა დათანხმებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას[19].

კოლუმბია-პერუს დაპირისპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში კოლუმბიასა და პერუს შორის რიგი სახის დაპირისპირებები არსებობდა, რომელიც საბოლოოდ 1922 წლის სალომონ-ლოზანოს ხელშეკრულებით დასრულდა. შეთანხმების თანახმად სასაზღვრო სოფელი ლეტიცია მისი შემოგარენით პერუს გამოეყო და კოლუმბიას გადაეცა, რაც კოლუმბიას საშუალებას აძლევდა ამაზონთან წვდომა ქონოდა. 1930 წლის 1 ოქტომბერს შეთანხმებით დაზარალებულმა პერუელმა ფერმერებმა საკუთარი შეიარაღებულ ძალებით ლეტიცია დაიკავეს. თავდაპირველად პერუმ ლეტიცის ძალადობრივად მის შემადგენლობაში დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ პერუს პრეზიდენტმა გადაწყვიტა კოლუმბისათვის ლეტიციის დაბრუნების საშუალება არ მიეცა, სწორედ ამიტომ პერუს არმიამ ლეტიციის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპაციას ორ ქვეყანას შორის მალევე მოყვა დაპირისპირება. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ორივე ქვეყნის ხელისფლება დათანხმდა, რომ ერთა ლიგა მოლაპარაკებებში ჩართულიყო. კოლუმბიამ და პერუმ საკუთარი დავა განსახილველად ერთა ლიგის საბჭოს წარუდგინეს, 1933 წელს განხილვის პროცესში სადავო ტერიტორია ერთა ლიგის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 1934 წელს მოლაპარაკებების შედეგად ლეტიცია კვლავ კოლუმბიის მფლობელობაში დაბრუნდა და ასევე 1932 წლის ოკუპაციის გამო პერუს ოფიციალური ბოდიშის მოხდა დაევალა[23].

საარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ტერიტორია აერთიანებდა პრუსიის და რაინის ტერიტორიებს, რომელსაც ვერსალის შეთანხმების თანახმად უშუალოდ ლიგა მართავდა. შეთანხმების თანახმად 15 წლის შემდეგ საარში პლებისციტი უდნა ჩატარებულიყო იმასთან დაკავშირებით საფრანგეთის თუ გერმანიის შემადგენლობაში იქნებოდა ის. 1935 წელს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად 90 % მეტმა ადამიანმა გერმანიის შემადგენლობაში ყოფნას დაუჭირა მხარი[19][24].

სხვა კონფლიქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიული კონფლიქტების პრევენციის შეჩერების გარდა ერთა ლიგა აქტიურად ერეოდა ქვეყნების სხვა კონფლიქტურ საკითხებში[25].

საბერძნეთი და ბულგარეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წელს საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი ორ ქვეყანას შორის კონფლიქტში გადაიზარდა, რასაც რამდენიმე დღეში საბერძნეთის მხრიდან ბულგარეთში შეჭრა მოჰყვა. ბულგარეთის გადაწყვეტილებით მან მისი შეიარაღებული ძალები უკან დახევის რეჟიმში მოიყვანა და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის უფლება მისცა, ბულგარეთმა კონფლიქტური რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდიან და ერთა ლიგას დასახმარებლად მიმართა. ერთა ლიგამ საბერძნეთის სამხედრო მოქმედებები დაგმო და ჯარების გაყვანა მოსთხოვა, ასევე საბერძნეთს ბულგარეთისთვის კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა[19].

ლიბერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ლიბერიაში ამერიკული კომპანიის მფლობელობაში არსებულ კაუჩუკის პლანტაციებში ადამიანებს მონობას ჰქონდა ადგილი და ადამიანებს იძულებით ამუშავებდნენ ლიბერიამ ერთა ლიგას საკითხის შესწავლით მიზნით მიმართა. ერთა ლიგის გადაწყვეტილებით შეიქმნა კომისია რომელსაც უნდა შეესწავლა აღნიშნული საკითხი. 1930 წელს კომისიის კვლევამ დაადასტურა, რომ მონობას და იძულებით მუშაობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ასევე ლიბერიის ხელისუფლების წევრები გარეულნი იყვნენ მუშახელის მიყიდვის პროცესში. კომისიის ანგარიშს ლიბერიაში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც პრეზიდენტი ჩარლი კინგი და ვიცე-პრეზიდენტი გადადგნენ. აღნიშნული ფაქტიდან ლიბერიის მხრიდან მალევე მოყვა მონობის და იძულებით მუშაობის აკრძალვა[26].

იაპონიის თავდასხმა ჩინეთზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგის დასუსტების ერთ-ერთი მიზეზი წამყვანი ქვეყნების მიერ იაპონიის მხრიდან გამოვლენილი აგრესიის ვერ შეკავება გახდა, რასაც მალევე იაპონიის მხრიდან ერთა ლიგიდან გასვლა მოჰყვა.

ჩინეთ-იაპონიის შორის შეთანხმების თანახმად იაპონიას უფლება ჰქონდა სამხრეთ მანჯურიის რეგიონში საკუთარი ჯარები ყოლოდა, რაც მას საშუალებას აძლევდა მანჯურიის რკინიგზა გაეკონტროლებინა. 1931 წლის სექტემბერში რკინიგზა ნაწილობრივ დაზიანდა, რაზეც იაპონიამ პასუხისმგებლობა ჩინეთს დააკისრა, აღნიშნული ფაქტიდან მალევე იაპონიის არმიამ სრულიად მოახდინა მანჯურიის დაკავება. 1932 წელს ოკუპირებულ მანჯურიაში იაპონიამ მარიონეტი ხელისუფლება შექმნა, რომელსაც ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი მართავდა. ახალი ხელისუფლება მხოლოდ იტალიამ, ნაცისტურმა გერმანიამ და ესპანეთმა აღიარეს, სხვა ქვეყნები მანჯურიას კვლავ ჩინეთის ნაწილად მიიჩნევდნენ.

იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციას ერთა ლიგის პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც ერთა ლიგამ საკითხის შესასწავლად კომისია შექმნა. ანგარიშის მიხედვით იაპონია აგრესორი იყო და მას მანჯურია უნდა დაეტოვებინა. აღნიშნული ანგარიში 42 ხმით ერთის წინააღდეგ იქნა მიღებული, რასაც იაპონიის მიერ ერთა ლიგის დატოვება მოჰყვა. იაპონიის მიერ ერთა ლიგის დატოვება მნიშვნელოვან მომენტად ითვლება ორგანიზაციის ისტორიაში, ვინაიდან აღნიშნული ფაქტით კოლექტიური უსაფრთხოების იდეა სრულ კოლაფსს განიცდიდა[27].

იტალიის შეჭრა ეთიოპიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წლის ოქტომბერში ბენიტო მუსოლინიმ აბისინიაში (დღევანდელი ეთიოპია) შეჭრის ბრძანება გასცა[19], რასაც 400-ათასიანი არმიის გაგზავნა მოჰყვა. მუსოლინის ბრძანებით იტალიამ აბისინიის ინტენსიური დაბომბვები დაიწყო, დაბომბვების დროს გამოიყენეს ქიმიური იარაღიც. 1936 წლის მაისში იტალიის არმიამ დაამარცხა აბისინიის არმია და დაიკავა ადის-აბება, რასაც ეთიოპიის იმპერატორის, ჰაილე სელასიე I-ის გაქცევა მოჰყვა.

1935 წლის ნოემბერში ერთა ლიგამ აბისინიაში შეჭრის გამო იტალიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, მაგრამ აღნიშნულმა სანქციებმა იტალიაზე დიდი გავლენა ვერ მოახდინეს, ვინაიდან სანქციები ნავთობს არ შეეხო. ვინაიდან არსებულ მომენტში არცერთ ქვეყანას იტალიისთვის სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო იტალიის დასასჯელად ეკონომიკური სანქციები ერთადერთ საშუალებად იყო მიჩნეული. 1935 წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ახლად დამტკიცებული ნეიტრალიტეტის აქტი აამოქმედა, რომლის მიხედვითაც კონფლიქტში მყოფ ორივე მხარეს შეიარაღებაზე შეზღუდვები დაუწესდათ, მაგრამ აშშ-მ იტალიის როგორც აგრესორის მიმართ გააფართოვა. 1936 წლის ივლისში ერთა ლიგამ იტალიას სანქციები მოუხსნა[28].

1935 წლისთვის საფრანგეთის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იტალიასთან აბისინიის ორ ნაწილად იტალიურ და აბისინიურ ნაწილად გაყოფაზე დათანხმებას ცდილობდნენ, რაზეც მუსოლინი მზად იყო დათანხმებულიყო, მაგრამ არსებულმა შეთანხმებამ გაჟონა, რამაც საფრანგეთში და ბრიტანეთში პროტესტი გამოიწვია, რასაც მალევე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების გადადგომა მოჰყვა.

ესპანეთის სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წლის ივლისში ესპანეთის არმიამ გადატრიალება დაიწყო, რამაც ესპანელი რესპუბლიკელების (მოქმედი მემარცხენე მთავრობა) და ნაციონალისტების (კონსერვატორები, ანტიკომუნისტები) დაპირისპირება გამოიწვია. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხულიო ალვარესი ერთა ლიგას ესპანეთის ტერიტორიული ერთიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვას სთხოვდა, მაგრამ წევრმა ქვეყნებმა ესპანეთს სამოქალაქო ომში ჩართვა არ ისურვეს. ერთა ლიგის უუნარობით ისარგებლეს ჰიტლერმა და მუსოლინიმ, რაც ფრანკოს დახმარებაში გამოიხატებოდა. 1937 წელს ერთა ლიგამ კონფლიქტში უცხოელი მოხალისეების ჩართვა შეზღუდა, მაგრამ აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა[29].

ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია გავლენის სფეროებზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ შეთანხმებაში შედიოდა სპეციალური საიდუმლო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბალტიის ქვეყნები, აღმოსავლეთ პოლონეთი და ფინეთი საბჭოთა გავლენის სფეროდ ცხადდებოდა. 1939 წლის 17 სექტემბერს როდესაც საბჭოთა კავშირი ფინეთში შეიჭრა ერთა ლიგამ პირველად არსებობის ისტორიაში წევრი ქვეყანა გააძევა[30][31].

განიარაღების პოლიტიკის მარცხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგის შეთანხმების თანახმად წევრ სახელმწიფოებს საკუთარი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ და მხოლოდ საკუთარი თავდაცვისთვის აუცილებელი სამხედრო შეიარაღება ქონოდათ. ლიგის არსებობის განმავლობაში ორგანიზაცია მის მნიშვნელოვან რესურსებს და დროს ხარჯავდა იმისთვის, რომ წევრ ქვეყნებს საკუთარი შეიარაღების შემცირება დაეწყოთ, მაგრამ ყველა ქვეყანა ინტენსიური განიარაღების შესაძლებლობაში დარწმუნებული არ იყო. ერთა ლიგის შეთანხმების თანახმად ორგანიზაციას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის განიარაღების გეგმა უნდა შეემუშავებინა, მაგრამ 1926 წელს ლიგამ აღნიშნული მოვალეობა კომისიას გადააბარა, რომელსაც სამოქმედო გეგმა 1932-1934 წლებში მსოფლიო განიარაღების კონფერენციაზე უნდა წარმოედგინა. განიარაღებასთან დაკავშირებით ერთა ლიგაში კონსესუსის არ არსებობდა, ვინაიდან წევრ სახელმწიფოებს მუდმივი საფრთხის შეგრძნება ჰქონდათ. საფრანგეთს, პოლონეთს და ჩეხოსლოვაკიას გერმანიისგან მომდინარე საფრთხის გამო არ სურდათ განიარაღება, სწორედ ამიტომ აღნიშნული ქვეყნები დაცვის გარანტიებს ითხოვდნენ. 1933 წელს ადოლფ ჰიტლერის კანცლერად გახდომამ და გერმანიის გაძლიერებამ აღნიშნულ ქვეყნებს გერმანიის მხრიდან აგრესიის შიში გაუმძაფრა, სწორედ ამიტომ სახელმწიფოები განიარაღებაზე უარს ამბობდნენ.

1932 წლის მსოფლიო განიარაღების კონფერენციამ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა, ვინაიდან შეიარაღებაზე მორატორიუმი მხოლოდ ერთი წლით გამოცხადდა რომელზეც თავდაპირველად საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და იაპონიამ თანხმობა განაცხადეს. შეთანხმების თანახმად აღნიშნულმა ქვეყნებმა მათი საზღვაო ძალების გაზრდაზე უარი თქვეს, მაგრამ კომისიამ იტალიის, ესპანეთის, იაპონიისა და გერმანიის შეიარაღების ზრდის შეჩერებას ხელი ვერ შეუშალა. გერმანიის მიერ რაინის დაკავებას, სუდეტის ოკუპაციას და ავსტრიის ანშლუსს ერთა ლიგის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოყოლია, აღნიშნულმა ფაქტმა სხვა ქვეყნებს შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა. 1933 წელს გერმანიამ და იაპონიამ ერთა ლიგა დატოვეს ხოლო 1937 წელს უკვე იტალიამ და ესპანეთმა. ერთა ლიგის ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 1939 წელს საბჭოთა კავშირის ფინეთში შეჭრის გამო მისი გარიცხვა იყო[19].

ერთა ლიგის სისუსტეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარვეზი ხიდზე; წარწერა: „ერთა ლიგის ხიდი შექმნილია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ“, კარიკატურა ჟურნალიდან „პანჩი“, 10 დეკემბერი, 1920

ერთა ლიგის შექმნაში მოკავშირეთა დიდი როლის გამო ორგანიზაციას როგროც „გამარჯვებულთა ლიგას“ ისე აღიქვამდნენ. ლიგის ნეიტრალურობის პრინციპი გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა, ასევე პრობლემური იყო კენჭისყრა სადაც შეთანხმების მიღწევა და საჭირო ხმების რაოდენობის მიღება ვერ ხერხებოდა, სწორედ ამიტომ ხშირად ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულ იყო, ზოგ შემთხვევაში შეუძლებელსაც კი წარმოადგენდა[19].

კოლექტიური უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე მდგომარეობდა იმაში, რომ ხშირად კოლექტიური უსაფრთხოება და ქვეყნებს შორის ინდივიდუალური ურთიერთობები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ კოლექტიური უსაფრთხოების მიხედვით ქვეყნებს უნდა ემოქმედათ იმ შემთხვევაშიც კი თუ აღნიშნულ ქვეყანასთან სხვა რომელიმე ქვეყანას მეგობრული ურთიერთობა გააჩნდა, ვინაიდან რიგ ქვეყნებს არ სურდათ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაზიანება, ისინი ხშირად გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდნენ. ერთა ლიგის კოლექტიური თავდაცვის სისუსტე ყველაზე კარგად იტალია აბისინიის ომის დროს გამოიკვეთა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა იტალიას სანქციები მოუხსნეს. მას შემდეგ რაც გერმანიამ აქტიური მილიტარიზაცია დაიწყო კოლექტიურმა უსაფრთხოება დაყვავების პოლიტიკამ ჩაანაცვლა[19].

პაციფიზმი და განიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სისუსტედ მიიჩნეოდა ის, რომ მას მისი შეიარაღებული ძალები არ ჰყავდა, სწორედ ამიტომ ლიგის რეზოლუციის აღსრულება მის წევრ ქვეყნებს უწევდათ, რაც ხშირად არასასურველი იყო. ერთა ლიგის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ერთა ლიგის გადაწყვეტილების სამხედრო გზით აღსრულებას თავს არიდებდნენ, ვინაიდან პირველი მსოფლიო ომის შედმეგ ორივე ქვეყანაში პაციფიზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული ხელისუფლება ერთა ლიგის მიმართ ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენდა, სწორედ ამიტომ ბრიტანეთი ხელშეკრულებებს ლიგის გვერდის ავლით დებდა[19].

ორგანიზაციის გაუქმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება გარდაუვალი იყო, ერთა ლიგის ასამბლეამ გენერალურ მდივანი ჯერ 1938 წელს ხოლო მოგვიანებით 1939 წელს სპეციალური უფლებებით აღჭურვა, რომ ორგანიზაციას ფუნქციონირება შეზღუდულად მაინც გაეგრძელებინა.

1943 წლის თეირანის კონფერენციაზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნილიყო ახალი ორგანიზაცია, რომელიც ერთა ლიგას ჩაანაცვლებდა. ერთა ლიგის ბევრი ორგანო და სამსახური გაეროს დაქვემდებარებაში გადავიდა, მაგალითად საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია გაეროს ნაწილი გახდა. ერთა ლიგისგან განსხვავებით გაეროს შემქმნელებმა ახალი ორგანიზაციის სტრუქტურის ეფექტიანობას დიდი ყურადღება მიანიჭეს. ერთა ლიგის საბოლოო კრება 1946 წლის 18 აპრილს გაიმართა. დარჩენილმა 34 წვერმა ორგანიზაციის თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და მისი აქტივები გაეროს გადასცა[32].

ერთა ლიგა და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე ცხადი გახდა, რომ ანტანტის წევრი ქვეყნები გამარჯვებულები იყვნენ, სწორედ ამიტომ საქართველომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო პარიზის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. 1919 წლის 14 მარტს საქართველომ კონფერენციაში მონაწილე დიდი სახელმწიფოებს წარუდგინეს მემორანდუმი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს მრავალ საუკუნოვან ისტორიაზე და მის სურვილზე, რომ ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო. ქართული დელეგაციის მცდელობის და მიუხედავად ვერსალის კონფერენციამ საქართველო არც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და ერთა ლიგაში გაწევრიანებაზეც უარი ეთქვა, ვინაიდან დასავლეთი საქართველოს კვლავ რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა. საქართველოს დიპლომატიური მისიის დაუღალავი შრომის შედეგად 1920 წლის 12 იანვარს საქართველო დე ფაქტოდ აღიარეს. 1920 წლის დეკემბერში ერთა ლიგაზე განიხილეს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი, რომლის შედეგადაც საქართველოს წევრობაზე უარი ეთქვა. საქართველოს ერთა ლიგის წევრობამდე სულ რამდენიმე ხმა დააკლდა, აუცილებელი 14 ხმიდან მან მხოლოდ 10 მიიღო[33].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Christian, Tomuschat (1995). The United Nations at Age Fifty: A Legal Perspective. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 77. ISBN 9789041101457. 
  2. Covenant of the League of Nations. The Avalon Project. ციტირების თარიღი: 30 August 2011.
  3. See Article 23, Covenant of the League of Nations. ციტირების თარიღი: 20 April 2009, Treaty of Versailles. ციტირების თარიღი: 23 January 2010 and Minority Treaties.
  4. Jahanpour, Farhang. The Elusiveness of Trust: the experience of Security Council and Iran. Transnational Foundation of Peace and Future Research. ციტირების თარიღი: 27 June 2008.
  5. Osakwe, C O (1972). The participation of the Soviet Union in universal international organizations.: A political and legal analysis of Soviet strategies and aspirations inside ILO, UNESCO and WHO. Springer, გვ. 5. ISBN 978-9028600027. 
  6. Pericles, Lewis (2000). Modernism, Nationalism, and the Novel. Cambridge University Press, გვ. 52. ISBN 9781139426589. 
  7. Ginneken, Anique H. M. van (2006). Historical Dictionary of the League of Nations. Scarecrow Press, გვ. 174. ISBN 9780810865136. 
  8. Ellis, Charles Howard (2003). The Origin, Structure & Working of the League of Nations. Lawbook Exchange Ltd, გვ. 169. ISBN 9781584773207. 
  9. Kant, Immanuel. Perpetual Peace: A Philosophical Sketch. Mount Holyoke College. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 16 May 2008.
  10. F.S Northedge, The League of Nations: Its Life and Times, 1920–1946 (1986) p 10
  11. 11.0 11.1 The League of Nations – Karl J. Schmidt. American History. ციტირების თარიღი: 10 December 2013.
  12. The League of Nations: a retreat from international law?. Journal of Global History. ციტირების თარიღი: 10 December 2013
  13. J. A. Thompson, "Lord Cecil and the pacifists in the League of Nations Union." Historical Journal 20#4 (1977): 949–959.
  14. Christof Heyns, "The Preamble of the United Nations Charter: The Contribution of Jan Smuts." African Journal of International and Comparative Law vol 7 (1995): pp 329+. excerpt
  15. Hewes, James E. (1970). „Henry Cabot Lodge and the League of Nations“. Proceedings of the American Philosophical Society. 114 (4): 245–255. JSTOR 985951.
  16. League of Nations Chronology დაარქივებული 4 April 2015 საიტზე Wayback Machine. , The United Nations Office at Geneva
  17. Budget of the League. University of Indiana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 5 October 2011.
  18. League of Nations Photo Archive. University of Indiana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 15 September 2011.
  19. 19.00 19.01 19.02 19.03 19.04 19.05 19.06 19.07 19.08 19.09 19.10 19.11 Northedge, F. S. (1986). The League of Nations: Its life and times, 1920–1946. Leicester University Press. ISBN 978-0-7185-1194-4. 
  20. 20.0 20.1 20.2 League of Nations. (1924)The Covenant of the League of Nations:Article 22. The Avalon Project at Yale Law School. ციტირების თარიღი: 20 April 2009.
  21. The United Nations and Decolonization. United Nations. ციტირების თარიღი: 15 September 2011.
  22. Scott, George (1973). The Rise and Fall of the League of Nations. Hutchinson & Co LTD. ISBN 978-0-09-117040-0.
  23. (1934) რედ. Hudson, Manley: The verdict of the League. World Peace Foundation, გვ. 1–13. 
  24. Churchill, Winston (1986). The Second World War: Volume I The Gathering Storm. Houghton Mifflin Books. ISBN 978-0-395-41055-4. 
  25. The United Nations in the Heart of Europe. United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 15 September 2011.
  26. Du Bois, W.E. Burghardt (July 1933). „Liberia, the League and the United States“. Foreign Affairs. 11 (4): 682–95. doi:10.2307/20030546. JSTOR 20030546.
  27. Charles Loch Mowat, Britain between the Wars 1918–1940 (1955) p. 420.
  28. Haile Selassie I. Appeal to The League of Nations:June 1936, Geneva, Switzerland. Black King. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2008. ციტირების თარიღი: 6 June 2008.
  29. Lannon, Frances (2002). The Spanish Civil War, 1936–1939. Osprey Publishing. ISBN 978-1-84176-369-9. 
  30. Stephen Kotkin, Stalin. Waiting for Hitler, 1929-1941 (New York: Penguin 2017), p.729 (quote).
  31. Winston Churchill, The Gathering Storm (Boston: Houghton Mufflin 1948), pp. 392-393, 447, 539.
  32. Löhr, Isabella. 2015. The League of Nations.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-02. ციტირების თარიღი: 2020-05-15.
  33. ბენდიანიშვილი ალ., დაუშვილი ალ., ნათმელაძე მ., საქართველოს ისტორია 4 ტომად, ტომი IV, საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში, თბ., 2012