ლავროსი კიღურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლვროსი კიღურაძე
დაბ. თარიღი 3 აპრილი, 1880
დაბ. ადგილი ვანისქედი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი ივლისი, 1920
გარდ. ადგილი სოხუმი, საქართველოს დრ
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა რევოლუციონერი
მამა პავლე კიღურაძე

ლავროსი (ლავრენტი) კიღურაძე (დ. 3 აპრილი, 1880, ვანისქედიივლისი, 1920, სოხუმი) — ქართველი პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა დიაკვნის ოჯახში. სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ არ დაუსრულებია. იყო რსდმპ წევრი. 1904 წელს შეწყვიტა სწავლდა და დაბრუნდა სამშობლოში. 1905 წლის დასაწყისიდან ცხოვრობდა ბათუმში და ატარებდა კერძო გაკვეთილებს. ამავე წლის ივნისში გადავიდა სოხუმში, სადაც ტარასი ანჩაბაძის შვილებს უტარებდა კერძო გაკვეთილებს. დაახლოებული იყო ექიმ ვლადიმერ მახვილაძესთან და მის მეუღლე ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძესთან, რომელიც რსდმპ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ამავე ორგანიზაციაში მუშაობდნენ კიღურაძის ნათესავები, რაჟდენ და ამბაკო კიღურაძეები.

ლავროსი კიღურაძე აქტიურად ჩაერთო 1905 წლის რევოლუციაში ქალაქ სოხუმში. 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ რსდმპ ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფმა რეალურად აიღო ძალაუფლება სოხუმში, შექმნა სახალხო მილიცია, დაითხოვა ქალაქის თვითმმართველობა და გამოაცხადა „სოხუმის რესპუბლიკა“. კიღურაძე მონაწილეობდა აფხაზებსა და მეგრელებს შორის არსებული დაძაბულობის მოგვარებაში, სიტყვით გამოდიოდა ოჩამჩირეში გამართულ მოლაპარაკებებში აფხაზებისა და მეგრელების წარმომადგენლებს შორის. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის დასაწყისში, დააპატიმრეს. ერთი თვის განმავლობაში იჯდა სოხუმის ციხეში.

გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა გურიაში საკუთარ სოფელში და ატარებდა კერძო გაკვეთილებს. ერთი წელი ცხოვრობდა და მასწავლებლობდა ოზურგეთში. შემდეგ კვლავ გაემგზავრა იურიევში. 1907 წლის 1 ოქტომბერს დააპატიმრეს და 4 ოქტომბერს გაგზავნეს სოხუმში. თბილისის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო „სოუმის რესპუბლიკის“ საქმეში და გაათავისუფლა. 1909 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც დაბრუნდა 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ ტუბერკულოზით დაავადებული. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, იყო აგრარული და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. არჩეული იყო ქალაქ ფოთის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. გარდაიცვალა 1920 წლის ივლისში, დაკრძალულია ვანისქედის სასაფლაოზე.

1923 წელს ჩეკამ დაიჭირა ლავროსი კიღურაძის ძმა მარტიან კიღურაძე და დახვრიტა 1924 წლის იანვარში. მარტიან კიღურაძე მუშაობდა ჩეკაში და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას. 1923 წელს დააპატიმრეს და 1924 წლის აგვისტოს შემდეგ დახვრიტეს მისი კიდევ ერთი ძმა პროკოფი კიღურაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 357-359 — საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0