იოსებ ელიგულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ ელიგულაშვილი
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1890(1890-11-12)
დაბადების ადგილი ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 1952(1952-10-20) (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი

იოსებ აარონის ძე ელიგულაშვილი (დ. 12 ნოემბერი, 1890, ქუთაისი, — გ. 20 ოქტომბერი, 1952, პარიზი) — ქართველი ებრაელი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე.

ბიოგრრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქუთაისში ვაჭრისა და ქველმოქმედის, ქუთაისის ხმოსანთა საბჭოს წევრის აარონ ელიგულაშვილის (1856-1938) მდიდარ ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. სწავლის დროს ჩაერთო მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს და გადაასახლეს ქუთაისიდან. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში. სწავლის პარალელურად ეწეოდა კომერციულ საქმიანობას. 1917 წლის ოქტობრის გადატრიალების შემდეგ მოსკოვში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მის ოჯახს დიდძალი ქონება ჩამოართვა. გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918 წელს დაინიშნა საგარეო ვაჭრობის კომიტეტის წევრად, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1920 წლის აგვისტოდან იყო ეკონომიკური აგენტი როტერდამსა და საფრანგეთში, რის გამოც გათავისუფლებულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრობიდან. შემდეგ იკავებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილის პოსტს. 1921 წლის თებერვალში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საგანძურის ევაკუაციაში საფრანგეთში. ემიგრაციაში ცხოვრობდა პარიზში, მონაწილეობდა ქართველ ემიგრანტთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1922 წელს მისი ხელშეწყობით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ ლევილის მამული. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] მეორე მსოფლიო ომის წლებში მიხეილ კედიასთან ერთად ათასამდე ქართველი ებრაელი გამოიხსნა გერმანელთა ტყვეობიდან. დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 135-136.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 222-223, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • დაუშვილი, რ. იოსებ ელიგულაშვილი // პრაიმტაიმი. - , 2012. - 23 აპრილი. - N16. - გვ.53.
  • შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 112-120.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]