ნიკოლოზ ქუმსიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (დ. 18 ნოემბერი, 1892, ორხევი, დუშეთის მაზრა — გ. 20 სექტემბერი, 1942, ორხევი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ ქუმსიაშვილი დაიბადა 1892 წლის 18 ნოემბერს, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, სოფელ ზემო ორხევში. 1905–1913 წწ. სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში; დაამთავრა ქ. იალტის ნიკიტინის სახელობის მებაღე–მევენახეობის სასწავლებელი 1913 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური).

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა გერმანია–საფრანგეთში; დაბრუნების შემდეგ ერთი წელი ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სასწავლბელში; 1916 წელს გადმოსახლდა თბილისში; მღეროდა მ. კავსაძის გუნდში; 1924–1932 წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი;

იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან. იყო აგრარული და თვითმმართველობის კომისიების წევრი.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ოკუპაციის დასრულების შემდეგ დარჩა საქართველოში.

1923 წელს შედგა დებიუტი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილი "დაისი"); 1932–1933 წწ. ლენინგრადის ოპერის თეატრის სოლისტი; 1933–1936 წწ. კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1937 წელს წარმატებით მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში; შესრულებული აქვს 46 საოპერო პარტია, მათ შორის ქართული: მალხაზი, აბესალომი, სტუმარი(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "სტუმარი", ჩანაწერი გრამფირფიტაზე), თეიმურაზი (ვ. დოლიძე "ლეილა", 1927, პრემიერა), რატი (ზ. ფალიაშვილი "ლატავრა", 1928, პრემიერა), ვახტანგი (ვ. დოლიძე "ცისანა", 1929, პრემიერა), შოთა რუსთაველი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ნიკო (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), წითელი ყაყაჩო(შ. თაქთაქიშვილი "განთიადი"), ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: რადამესი, ოტელო, მანრიკო(ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრუბადური"), კანიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), კალაფი, კავარადოსი (პუჩინი "ტურანდოტი", "ტოსკა"), ხოზე (ბიზე "კარმენი"), რაული (მეიერბერი "ჰუგენოტები"), ელიაზარი (ჰალევი "რაქილი"), სამსონი (სენ–სანსი "სამსონ და დალილა"), გერმანი (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"); რეპერტუარში იყო ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერები და რომანსები; თბილისში მის ბინაში გაიხსნა სახლ–მუზეუმი; ოპერის მომღერალი, დრამატული ტენორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 404.