შინაარსზე გადასვლა

სოციალისტ-ფედერალისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი იოსებ ბარათაშვილი
ისტორია
დაფუძნდა 1904
დაიშალა 1923
პოზიციები
იდეოლოგია ფედერალიზმი, მემარცხენე ნაციონალიზმი, დემოკრატიული სოციალიზმი[1]
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე
გაზეთი „საქართველო“
წარმომადგენლობითობა
საქართველოს დამფუძნებელი კრება
8 / 130
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

სოციალისტ-ფედერალისტები, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტია — ქართული მემარცხენე ნაციონალისტური პარტია, რომელიც იყო პირველი პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაარსდა 1904 წელს, ჟენევაში.

1901 პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა გაზეთ „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ გარშემო შემოკრებილ ქართველ ინტელიგენტთა ჯგუფი (არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, ანდრია დეკანოზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ ფირცხალავა და სხვები) და დაიწყო მუშაობა პარტიის შესაქმნელად. აირჩიეს ხელმძღვანელი კომიტეტი. 1903 წელს პარიზში დაიწყეს გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა.

1904 წლის აპრილში გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამ იმ ქართველ ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ, ჟენევაში მოიწვია კონფერენცია და დააარსა პარტია. სოციალისტ-ფედერალისტები ითხოვდნენ საქართველოს ავტონომიას ფედერალიზმის საფუძველზე მოწყობილი რუსეთის ფარგლებში. სოციალ-ფედერალისტების პირველ კონფერენციას დაესწრო ნოე ჟორდანია, მაგრამ დატოვა კონფერენცია მათ სამოქმედო პროგრამასთან უარყოფითი დამოკიდებულობის გამო. ჟორდანია მათ აკრიტიკებდა საქართველოსთვის ავტონომიის სტატუსის მოთხოვნის გამო და მათ საპირისპიროდ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართველი ნაციონალისტები“.

1904 წლიდან პარტიის ორგანო გახდა „ცნობის ფურცელი“. 1906 წლის ზაფულში პარტიას მემარჯვენე ფრთა გამოეყო. მოგვიანებით მის საფუძველზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დაარსდა. ამის შემდეგ პარტია უფრო სოციალიზმისკენ გადაიხარა.

1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ სოციალ-ფედერალისტებმა ილიას „სულიერ მკვლელებად“ მოიხსენიეს ქართველი სოციალ-დემოკრატები. ამ ბრალდებას მძაფრი კრიტიკით უპასუხა ნოე ჟორდანიამ.[2]

პარტია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ 33 754 ამომრჩევლის ხმა მიიღო და (მეორე მაჩვენებელი სოციალ-დემოკრატების შემდეგ) კრებაში რვა დეპუტატი გაიყვანა: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, შალვა ნუცუბიძე, სამსონ ფირცხალავა, შალვა ალექსი-მესხიშვილი, იოსებ ბარათაშვილი, იოსებ გედევანიშვილი, თევდორე ღლონტი. მოგვიანებით ამ შემადგენლობას დამატებითი არჩევნების შედეგად შეუერთდა სამსონ დადიანი. 1923 წლის 7 ნოემბერს პარტიის მეორე ყრილობაზე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ, ბოლშევიკური ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, კომუნისტურ პარტიასთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო, რაც თვითლიკვიდაციას ნიშნავდა. სოციალისტ-ფედერალისტების პარტიამ არსებობა შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]