ქართულ-სელჩუკური ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართულ-სელჩუკური ომები

დავით აღმაშენებელი (იისფერ სამოსში) ბენუა დე სენტ-მორის პოემაში „რომანი ტროაზე“, დაახლ. 1155–1160 წწ.
თარიღი 1070-იანები1203
მდებარეობა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
{{{link alias-s}}} დროშა საქართველოს სამეფო თურქ-სელჩუკები

აბასიანთა სახალიფო
რუმის სასულთნო

მეთაურები
ბაგრატ IV
გიორგი II
დავით აღმაშენებელი
გიორგი ჭყონდიდელი
ბარამი
სუმბატ ორბელი
ივანე ორბელი
დემეტრე I
გიორგი III
ივანე სუმბატის ძე ორბელი
სარგის მხარგრძელი
თამარ მეფე
ყუბასარი
დავით სოსლანი
ზაქარია II მხარგრძელი
ივანე I მხარგრძელი
შალვა ახალციხელი
ალფ-არსლანი
მალიქ-შაჰი
ნიზამ ალ-მულქი
მაჰმედ I
აჰმედ სენჯერი
მასუდ I
ქილიჩ-არსლან II
ქეი-ხოსროვ I
რუქნ ად-დინი

ქართულ-სელჩუკური ომები — დაპირისპირება საქართველოს სამეფოსა და სელჩუკთა სახელმწიფოს შორის, რომელიც დაახლოებით 130 წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

XI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის და მცირე აზიისა ტერიტორიებზე დომინანტურ სახლემწიფოდ იქცა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო, რომელმაც მოახერხა ვრცელი ტერიტორიების დაპყრობა, 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ბიზანტიის იმპერია და იქცა ერთადერთ ძლიერ სახელმწიფოდ რეგიონში.

ალფ არსლანის ლაშქრობები კავკასიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქ–სელჩუკები საქართველოს სამეფოს ტერიტორიაზე პირველად გამოჩნდნე 1064 წელს, როდესაც საქართველო დალაშქრა სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა. ალფ–არსლანის ლაშქრობა მესხეთში, ჯავახეთში, შავშეთსა და ტაოში იყო მარბიელი ხასიათის და მიზნად არ ისახავდა ტერიტორიების დაკავებას, თუმცა აშკარა გახდა, რომ საქართველოს სამეფოს დაუმეზობლდა ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელიც ერთი მარბიელი ლაშქრობით არ დაკმაყოფილდებოდა. 1063-1072 წლებში ალფ-არსლანმა არაერთგზის დალაშქრა საქართველო. 1067 წელს მან დალაშქრა ქართლი და აიღო თბილისი. ქართველ მეფეებს ჰქონდათ ცალკეული წარმატებები, მაგალითად 1067 წელს ბაგრატ IV-მ შეუტია განძის საამიროს, რაც სელჩუკებზე თავდასხმას ნიშნავდა.

ფარცხისის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფ-არსლანი შეცვალა მალიქ-შაჰმა (1072-1092), რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა „დიდ სელჩუკთა სახელმწიფო“.[1] 1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე მეორედ განუდგა გიორგი II-ს. ამჯერად მის მეციხოვნეებს გამოსტყუა ქალაქი გაგი და განძის პატრონს ფადლონს გადასცა გარკვეულ საფასურად. ივანე ცდილობდა გარეშე მტერთან კავშირ-ურთიერთობებით გაემაგრებინა თავისი პოზიციები ქვეყანაში. ზუსტად ამ მიზნით, მან საქართველოს წინააღმდეგ წამოსულ მალიქ-შაჰს თავისი შვილი ლიპარიტი მიაგება წინ და „შეაწყნარა სულტანსა“, ამით ივანე გარკვეული ნდობის მოპოვებას ცდილობდა სულთნის წინაშე. ამავე მიზნით იგი ცოტა ხნით სულთანთანაც კი დარჩენილა. როდესაც მალიქ-შაჰმა ივანეს რაღაც დიდი სამსახური მოსთხოვა და საპასუხოდ იგი გაიქცა, გადაწყვიტა მისი მკაცრი დასჯა. სულთანმა თავისი დაპყრობითი საქმიანობა ივანეს მამულებით დაიწყო:

ვიკიციტატა
„და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშვილდესა და წარუღო სამშვილდე, და ტყუე იქნა ივანე, ცოლითა და შვილისშვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედაწულითა, და დაიჭირა სამშვილდე სულტანმან“
(„მატიანე ქართლისაჲ“[2])

მალიქ-შაჰი რისხვად მოევლინა საქართველოს. სამშვილდია აღების შემდეგ მოარბია ქართლი, დიდი ნადავლი შეკრიბა და უკან გაბრუნდა. შემდგომ განძას დაესხა, ფადლონი ციხეში გამაგრდა, მაგრამ ვერ გაუძლო მტრის ესეოდენ ძლიერ დაწოლას და იგი შეპყრობილ იქნა. განძის მმართველად მალიქ შაჰმა სარანგი დასვა, თან 48 ათასიანი ლაშქარი დაუტოვა. ამ უკანასკნელს ბევრი არ დაუყოვნებია და „ყოვლითა ლაშქრითა მისითა“, აგრეთვე განძის დვინისა და დმანისის ამირების თანადგომით წელგამართული მოადგა საქართველოს.

საქართველოს მეფე გიორგი II სარანგის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს არ დაუბნევია (შესაძლოა იგი ელოდა კიდეც ამას). მან შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი, მოიშველია აღსართან კახთა მეფე და მტერს ფარცხისთან დახვდა. ფარცხისის ბრძოლა საქართველოს ლაშქრის გამარჯვებით დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი II-ს აუღია ანაკოფია და „მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშვეთისა, ჯავახეთისა და არტაანისა“. „მატიანე ქართლისაჲ“-ს მიხედვით გიორგი II-მ ასევე აიღო კარის ციხე-ქალაქი და „სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისაანი“, ხოლო თურქები უკან გააქცია.

დიდი თურქობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ფარცხისის ბრძოლაში მიღწეული გამარჯვებისა, XI საუკუნის 80-იანი წლების სასაწყისი თურქ-სელჩუკთა ურიცხვი ბრბოების ახალი შემოსევებით აღინიშნა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი „დიდი თურქობის" დასაწყისად 1080 წელს ასახელებს. („რამეთუ ქორონიკონ იყო სამასი). თურქები შეესივნენ კლარჯეთს, შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს. ერთ დღეს დაწვეს ქუთაისი, არტანუჯი და კლარჯეთის უდაბნოები. თურქ-სელჩუკები თოვლის მოსვლამდე დარჩნენ საქართველოში. ასე გაგრძელდა მომავალშიც: გაზაფხულობით შემოვიდოდნენ, ხოლო ზამთარში უკან ბრუნდებოდნენ. მათი შემოსევები განსხვავდებოდა ბიზანტიელებისა და არაბების შემოსევებისგან. თურქული მომთაბარული მეურნეობა საფუძველს აცლიდა ქართულ ფეოდალურ მეურნეობას, მოსახლეობა ტყვედ მიჰყავდათ, ქალაქები და სოფლები გავერანდა. ცხადი იყო, რომ საქართველოს სამეფო თავისი სამხედრო შესაძლებლობებით სელჩუკთა შემოსევებს ვერ გაუძლებდა, საჭირო იყო კომპრომისის და თანაცხოვრების გარკვეული ფორმის მოძებნა.

1083 წელს გიორგი II-მ მოძებნა ასეთი ფორმა, მან აღიარა სელჩუკთა ვასალიტეტის აღიარებით და აიღო ხარკის გადახდის ვალდებულება. ამისთვის ის ისპაჰანში ეახლა მალიქ-შაჰს. საქართველოს სამეფოს მიერ აღებული ხარკი გულისხმობდა ყოველწლიური ფულადი თანხის გადახდას და სელჩუთა ჯარში მეომართა გარკვეული კონტიგენტის გაგზავნას. მალიქ-შაჰმა გიორგი II–ს კახეთი და ჰერეთი უბოძა შემოსაერთებლად. საპასუხოდ საქართველოს მეფემ დიდძალი ხარკი იკისრა მათ სასარგებლოდ. ამ დროს კახეთ-ჰერეთი არ შედიოდა არც საქართველოს და არც სელჩუკების საკუთრებაში, ამიტომაც შაჰმა გიორგი II-ს ჯარი გამოაყოლა მათ დასაპყრობად. ამას მოჰყვა ვეჯინის ციხის აღებისათათვის ბრძოლა. ალყა შემოდგომიდან დაზამთრებამდე გაგრძელდა. თოვლმა მძიმე პირობები მოუტანა მეციხოვნეებს, მარამ სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოში განვითერებულმა მოვლენებმა მეფე აიძულა ალყა მოეხსნა. თურქების ლაშქარს სუჯეთში, იორისპირსა და კახეთში მისცა გამოზამთრების უფლება.[3] ამ მოვლენამ კახეთის მეფე აღსართან I-ს აქტიური მოქმედების საშუალება მისცა. იგი ეახლა მალიქ-შაჰს, მიიღო ისლამი და საპასუხოდ სულთანმა მას კახეთი უბოძა.

დავით აღმაშენებლის განმათავისუფლებელი ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სამეფოს საშიშროებას უქმნიდმემ მომთაბარე თურქმენი ტომები, რომლებიც იზამთრებდნენ საქართველოს სამხრეთ საძოვრებზე და ეწეოდნენ მომთაბარეთათვის დამახასიათებელ ძარცვა–გლეჯას. მომთაბარე ტომები სელჩუკთა სახელმწიფო აპარატის გარეშე მოქმედებდნენ, რაც ართულებდა მათთან გამკლავებას. მაგრამ XI საუკუნის ბოლოს სელჩუკთა სახელმწიფომ რღვევა დაიწყო. შეიქმნა ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება სელჩუკთა წინააღმდეგ მოქმედებების დაწყებისთვის. წარმატებული აღმოჩნდა სელჩუკთა წინააღმდეგ დაწყებული პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. ჯვაროსნების მიერ ანტიოქიის და იერუსალიმის აღებამ საქართველოს სამეფოს მისცა საშუალება, უარი ეთქვა სელჩუკთა ვასალობაზე და 1099 წელს საქართველოს ახალმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა შეწყვიტა სელჩუკებისთვის ხარკის მიცემა. საქართველოს მიერ ხარკის შეწყვეტას სელჩუკთაგან სადამსჯელო მოქმედება არ მოჰყოლია, რადგან სელჩუკთა იმპერიის შიდაპოლიტიკური მძიმე ვითარება მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. ამით ისარგებლა დავით აღმაშენებელმა და 1104 წელს შეიერთა კახეთ-ჰერეთის სამეფო.

1104-1110 წლებში აღმაშენებელი ებრძოდა მომთაბარეებს და დევნიდა მათ საზამთრო სადგომებიდან. 1110 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო სამშვილდე. სამშვილდის აღებით აღმაშენებელმა მთელი რეგიონი შეიერთა, რადგან სელჩუკებმა მიატოვეს ძერნა და სომხითის სხვა ციხეები. სამშვილდე ადმინისტრაციულად შედიოდა სელჩუკთა უშუალო სამფლობელოში და მისი აღება სელჩუკთა სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. საპასუხოდ სელჩუკებმა გაგზავნეს ლაშქარი, რომელიც დავით აღმაშენებელმა თრიალეთის ბრძოლაში დაამარცხა. თრიალეთის ბრძოლამ სელჩუკთა იმპერიას რამდენიმე წლით წაართვა საქართველოს წინააღმდეგ მსხვილი სამხედრო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, შემდეგი 11 წლის განმავლობაში, დიდგორის ბრძოლამდე, სელჩუკებს საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებული ლაშქრობა არ მოუწყვიათ. 1110-1114 წლებში არც აღმაშენებლს უწარმოებია აქტიური სამხედრო მოქმედებები.

1115 წელს ანტიოქიის მთავარმა როჯერმა დაამარცხა მოსულის ათაბაგი. ამის შემდეგ აღმაშენებელი კვლავ გააქტიურდა და 1115-1118 წლებში ერთმანეთის მიყოლებით დაიკავა რუსთავის, აგარანის და ლორეს ციხეები. ამით მან ალყა შემოარტყა თბილისს და თბილისის საქართველოს მიერ დაკავება დროის საკითხად იქცა. 1120 წელს აღმაშენებელი გასცდა ქრისტიანულ ტერიტორიებს და ისლამის ტრადიციული გავრცელების არეალებში შევიდა, აპრილ-მაისში საქართველოს ლაშქარმა აიღო შირვანის ქალაქები ყაბალა და შემახა, ნოემბერში აიღო აშორნია, ხოლო 1121 წლის მარტსა და მაისში დაარბია ხუნანი და ბარდავი. 1120 წლიდან დაიწყო საქართველოს საწინააღმდეგო კოალიციის ორგანიზება ილღაზის მეთაურობით.

ანისის შემოერთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სამეფო, დიდგორის ბრძოლისა და შემდგომ მოპოვებული წარმატებების წყალობით, იწყებს აქტიურ მოქმედებას მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების სელჩუკი დამპყრობლებისაგან გათავისუფლებისათვის.

დავითი IV ანისის ასაღებად სომეხმა თავკაცებმა მიიწვიეს. ანისის თავკაცების მისიის შესახებ წერს დავითის ისტორიკოსი: „და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“. როგორც „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისიდან“ ჩანს, ანელი თავადები დავითს ეახლნენ დმანისის შემოერთების (1124 წლის მარტი), სომხეთის ციხეთა დაკავებისა (1124 წლის აპრილი) და ჯავახეთიდან ბასიანამდე დავითის მიერ ჩატარებული სამხედრო ექსპედიციის (1124 წლის ივნისი) შემდეგ, აგვისტოს თვეში. ამ თარიღის მართებულობას ამაგრებს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს „კუალ სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის 20 000 კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში“. ამრიგად, დავითის ისტორიკოსისა და ურჰაეცის ცნობებით სრულიად ნათელია, რომ მეფემ ანისი 1124 წელს აიღო.

ქალაქი ანისი დასავლეთ აზიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო. ამ პერიოდში ქალაქს მართავდა აბულ-ასვარი შედადიანების დინასტიიდან, რომელმაც 1118 წელს მამამისი მანუჩარი შეცვალა.

აბულ-ასვარი ავიწროებდა ქალაქის ქრისტიანულ მოსახლეობას, უდიერად ეპყრობოდა მათ რელიგიურ რწმენას. ვარდან ბარძბერდეცი გადმოგვცემს, რომ მან ქალაქ ხლათიდან ჩამოიტანა ვერცხლისაგან გამოჭედილი უზარმაზარი ნალი (ნახევარმთვარე) და სომხური ეკლესიის გუმბათზე დაადგმევინა. ამასთან, მან გადაწყვიტა ანისი 60 000 დინარად ქალაქ კარის ამირასათვის (იგი სელჩუკი იყო) მიეყიდა. ბუნებრივია, აბულასვარის ამგვარმა მოქმედებამ ანისის მოსახლეობის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ანელებმა გადაწყვიტეს დახმარებისათვის მიემართათ საქართველოს მეფისათვის. დავითი თანაგრძნობით შეხვდა ანელ თავადთა თხოვნას, სამ დღეში 60 000 მხედარი შეკრიბა და ანისისკენ გაემართა. სომეხი ისტორიკოსი სამუელ ანელის ცნობით, ანისისა მცხოვრებლებმა ზურგი აქციეს აბულსუვარს და გაუღეს ქალაქის კარი საქართველოს მეფე დავითს.

დავითმა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები დატოვა. ვარდან ბაზბერდეცის მიხედვით, მეფემ ანისი აბულეთს და მის შვილ ივანეს გადასცა.

დემეტრე I-ისა და გიორგი III-ის ურთიერთობები თურქებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრე I-ის მეფობის დროს მუსლიმური სახელმწიფოები აახლებენ ბრძოლას სამხრეთ კავკასიის მიწების ხელში ჩასაგდებად. ქართველები იძულებულნი გახდნენ ზოგი ადგილი დაეთმოთ მტრისთვის (მაგ. ანისი მუსლიმი მფლობელის ხელთ გადავიდა ყმადნაფიცობის პირობით). 1138 წელს ქართველებმა მეფე დემეტრეს სარდლობით განძა აიღეს, მაგრამ მცირე ხნით შეინარჩუნეს, რის შემდეგაც ეს ქალაქი კარგა ხანს იყო საყრდენ პუნქტი თურქებისთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი III-ის პოლიტიკის ძირითადი ხაზი, წინამორბედ მეფეთა მსგავსად, მუსლიმურ ქვეყნებთან ბრძოლა იყო და ამ ბრძოლაში წარმატებებსაც აღწევდა. 1161 წელს გიორგი მეფემ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო, ამირსპასალარს, იოანე ორბელს მიანდო მისი მართვა-გამგებლობა, თანაშემწედ კი დიდებული სარგის მხარგრძელი დაუნიშნა.

ამის შემდეგ ქართველები უფრო სამხრეთისკენ მიიწევენ. 1162 წელს გიორგი მესამემ ქალაქ დვინზე გაილაშქრა. თამარის ისტორიკოსის და მათეოს ურჰაეცის სიტყვებიდან ირკვევა, რომ ბრძოლა დვინის წინ გაიმართა, რის შემდეგაც ქართველები უკუქცეულ გადარჩენილ მტერს კვალდაკვალ ქალაქის კარამდე მიჰყვნენ და ზარდაცემულ ლაშქარს შიგ დვინში შეყვნენ, ქალაქი აიღეს და არაქრისტიანული მოსახლეობა დაარბიეს. ქართველთა მხედრობა შინ ნადავლით და ტყვეებით დატვირთული დაბრუნდა.[4] დვინიც საქართველოს მეფეს დაემორჩილა.

საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მუსლიმი ამირები აიძულა, უფრო მეტი ერთსულოვნებით შეკავშირებულიყვნენ და ქართველებისთვის წინააღმდეგობა შეერთებული ძალით გაეწიათ. ადარბადაგანის ათაბაგმა, დიარბაქირის მმართველმა, შაჰ-არმენმა და არზრუმის ამირამ ლაშქარი შეკრიბეს და საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ, „მომართეს ქუემოკერძოსა ქუეყანასა სომხითისა და მოადგეს ციხესა გაგისასა, აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველი საზღვარნი“. ამის შემდეგ მუსლიმები ანისისკენ დაიძრნენ. მათ ლაშქარს შამსადდინ ილდეღიზი სარდლობდა. ოთხი წლის განმავლობაში ანისს მოსვენება არ ჰქონდა. საქართველოს თანდათან უჭირდა ბრძოლა ანისისათვის. ამიტომაც, როდესაც ილდეღიზმა გიორგი მესამეს ზავი შესთავაზა, საქართველოს მეფე მას კმაყოფილი დაეთანხმა. თანაც „უბოძა ანისი თვისსავე მემამულესა და ითაყვანა თავისა თვისისა ყმადა“. ქალაქი შედადიანებს დაუბრუნდათ. ამირგად, ანისის ახალი მუსლიმი მმართველი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გამხდარა. მიუხედავად ამისა, ანისის დათმობა, თუნდაც ყმადნაფიცისათვის, ქართველების მარცხად უნდა ჩაითვალოს.[5] ივ. ჯავახიშვილი მ. ბროსესთან ერთად ვარდან ბარძბერდეცის ცნობაზე დაყრდნობით ანისის გადაცემას 1165 წლით ათარიღებს, ბ. სილაგაძე კი 1167 წლით.[6]

1173 წელს, სხვა წყაროებით 1174 წელს, გიორგი მესამემ ანისი აიღო, ქალაქის ამირა შაჰანშაჰი თან წაიყვანა და უკან აღარ გამოუშვა (შაჰანშაჰი ტყვეობაში გარდაიცვალა). როდესაც ეს თურქებმა შეიტყვეს, კვლავინდებურად სცადეს ანისის დაბრუნება და შეერთებული ძალით ქალაქს მიადგნენ. ვარდანის თქმით, ივანე ამირსპასალარს ანისის თურქთათვის დათმობა სურდა, თუმცა ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით აზრი შეიცვალა. მტერი უკან ხელცარიელი გაბრუნდა.[7] თუმცაღა, წარწერა ანისის ციხის კედელზე გვამცნობს, რომ 1199 წელს ანისს კვლავ შედადიანები განაგებდნენ.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3. 
  • მარგიშვილი ს., „მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ“, თბილისი: „სიესტა“, 2006, ISBN 99940-881-9-X.
  • შენგელია ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბილისი, 1968;
  • Alexander Mikaberidze (2011). „Georgian-Saljuk Wars (11th–13th Centuries)“, Conflict and conquest in the Islamic world : a historical encyclopedia. Santa Barbara, Calif.: ABC-CLIO, გვ. 333-335. ISBN 978-1-59884-337-8. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 352-353
  2. საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 355-356
  3. საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 358-359
  4. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, გვ. 232-233
  5. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, გვ. 237-238:

    რასაკვირველია, ანისის ისევ დაბრუნება და წყალობა თუნდაც ყმადნაფიცისათვის ქართველებისთვის მარცხი იყო, მაგრამ როგორც ეტყობა სხვა საშუალება არ ყოფილა და მხოლოდ ამ გზით „შეიქმნა მშვიდობა და ზავი ჟამ რაოდენიმე“.

  6. ბ. სილაგაძე, XII-XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ ალ-ასირის ცნობათა შუქზე, გვ. 112
  7. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, გვ. 239
  8. Peacock, Andrew (2011). Encyclopædia Iranica Online. "Shaddadids":

    The lands across the Araxes river were in the hands of another member of the Shaddadid dynasty, Solṭān b. Maḥmud b. Šāvor, who left an inscription dated Ṣafar 570/September 1174 in the citadel at the village of Dashtadem near Talin in modern Armenia (Khachatryan, p. 46). At some unknown point, this individual revived Shaddadid rule in Ani, where another inscription, dated 595/1198-9, gives his name in full as Solṭān b. Maḥmud b. Šāvor b. Manučehr al-Šaddādi (Minorsky, pp. 100-101). Minorsky believes Solṭān b. Maḥmud to be the Šāhanšāh of the literary sources, though he could equally well be another, otherwise unattested, member of the dynasty . Solṭān's inscription at Ani is the last we hear of the Shaddadids, and by 1200 the Georgian queen Tamar had handed the city over to the Christian Mkhargrzdeli family.