პავლე წულაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლე წულაია
დაბ. თარიღი 1882
დაბ. ადგილი ხუნჯულაური
გარდ. თარიღი 1943
გარდ. ადგილი კემეროვოს ოლქი
საქმიანობა პოლიტიკოსი

პავლე წულაია (დ. 1882, ხუნჯულაური, ქუთაისის მაზრა — გ. მარტი, 1943, ციმბირი, კემეროვოს ოლქი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავლე წულაია დაიბადა 1882 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ხუნჯულაურში.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. მუშაობდა ტფილისის რკინიგზის დეპოში. იყო რსდმპ ლონდონის მე-5 ყრილობის (1907) დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. თანამშრომლობდა პრესაში; იყენებდა ფსევდონიმს "დეპო". 1919 წლამდე მუშაობდა მემანქანის თანაშემწედ სამტრედიის რკინიგზის დეპოში; შემდეგ იყო ქუთაისის გუბერნიის საგანგებო სასამართლოს წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო საკონსტიტუციო და გზათა კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში; მცირე ხნით დააპატიმრეს 1921 წლის აპრილში. მისი მონაწილეობით 1932 წელს, კოლექტივიზაციის პარალელურად მიმდინარე ანტირელიგიური კამპანიისას, სოფელმა მოახერხა უნიკალური ხის ეკლესიის დაცვა განადგურებისაგან. 1937-1938 წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს 1937 წლის აგვისტოში, სოფელ ხუნჯულაურში. მისი წიგნები რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს. 1937 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლეგიის გამსვლელმა სესიამ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა "შრომა-გასწორების ბანაკში". გარდაიცვალა ციმბირში, კემეროვის ოლქში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 464.