გურიის სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურია (მრავალმნიშვნელოვანი).
გურიის სამთავრო
სამთავრო
1463 — 1829
გერბი

გურიის სამთავრო XV–XIX საუკუნეებში
დედაქალაქი ალამბარი (XV-XVI სს)
ოზურგეთი (1578-1827)
ნაგომარი (1827-1829)
უდიდესი ქალაქები ბათუმი, ქობულეთი, ოზურგეთი
ენა ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
ფულის ერთეული ოსმალური ყურუში
მოსახლეობა 25 ათასი (1806)
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია გურიელები
მთავარი
 - 1463-1483 კახაბერ II გურიელი
 - 1826-1828 სოფიო
დღეს
დღეს ამ ტერიტორიაზე
ისტორია
 - ჩიხორის ბრძოლის შემდეგ სამთავროს წარმოშობა 1463
 - ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომობა 1568
 - რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა 8 აპრილი 1811
 - სამთავროს გაუქმება 26 დეკემბერი 1829
საქართველოს სამეფო

გურიის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში, რომელიც არსებობდა XV საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გურიის ტერიტორიაზე. სამთავრო წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე და მოიცავდა მესხეთის ქედს, შავ ზღვას, რიონსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ შედიოდა აჭარა და ჭანეთი. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები, მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. გურიელების ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ადგილობრივი თავადები: თავდგირიძეები, ნაკაშიძეები, მაჭუტაძეები, ბერიძეები, ერისთავები და სხვები. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. XVI საუკუნის II ნახევრიდან XVIII საუკუნის ბოლომდე გურიის სამთავრო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, 1811 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. 1829 წელს რუსეთის იმპერიამ სამთავროს ანექსია მოახდინა და მის ტერიტორიაზე შექმნა ოზურგეთის მაზრა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამთავროს ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სამთავრო წარმოიშვა XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად. გურიის სამთავრო ფაქტობრივად დამუკიდებელი გახდა კახაბერ II გურიელის დროიდან, როდესაც ის დაუპირისპირდა საქართველოს სამეფოს უკანასკნელ მეფეს, გიორგი VIII-ს, ხოლო შემდეგ იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს და გურიის სამთავროს დამოუკიდებლობისათვის დაიწყო ბრძოლა. კახაბერ II გურიელის დროსვე გურიამ მიიღო აჭარა და ჭანეთი. ამ პერიოდში გურიის სამთავრო ექვემდებარებოდა და ემორჩლებოდა ოდიშის სამთავროს.[1] XV საუკუნის 70-იან წლებამდე მოხდა გურიაში შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოს საეპისკოპოსოების დაარსება და ქუთაისის საეპისკოპოსოსგან გამოყოფა.

ნაოსნობისთვის გამოსადეგი მდინარე სუფსა ხელს უწყობდა სამთავროს პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში. ბათუმში, ციხისძირსა და ფოთში თავს იყრიდნენ ტრაპიზონელი და იტალიელი ვაჭრები. სამთავროს ცენტრი XV-XVI საუკუნეებში იყო ალამბარი. XVI საუკუნის დასაწყისში გურიელმა უარყო იმერეთის სამეფო კარზე მსახურთუხუცესის ტიტული და შემდგომ აღარც უტარებია, გიორგი I გურიელი უკანასკნელი გურიელი იყო, რომელიც იმერეთის მეფის დარბაზისერთა რიგებში მოიხსენიება.[2]დამოუკიდებელ სამეფო-სამთავროთა ფორმირებას აძლიერებდა ქვეყნის შიგნით იყო ბატონყმობის გამყარება და სათავადო სისტემის წარმოშობა, ქვეყნის გარედან კი დამპყრობელთა აგრესიული პოლიტიკა.

ოსმალეთის აგრესიის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნის დასაწყიიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფეხის მოკიდება დაიწყო ოსმალეთის იმპერიამ. ამავე პერიოდში გურიის სამთავრომ სამცხე-საათაბაგოსთან ბრძოლაში დაკარგა აჭარა და ჭანეთი. მიუხედავად ამისა, გურიის სამთავრო XVI საუკუნეში მაინც ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ კახეთის მეფე გურიელს მიმართავდა დახმარებისთვის. 1519 წელს მამია I გურიელის ქალიშვილი თინათინი ცოლად შერთეს კახეთის მეფე ლევანს, 1520 წელს მამია I ქართლის სამეფოში ლაშქრით შეიჭრა და ქართლის და კახეთის სამეფოების დაზავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1533 წელს მამია I-მა ოდიშის ერისთავ მამია III დადიანთან ერთად გაილაშქრა ჯიქეთში. ჯიქები ზღვიდან თავს ესხმოდნენ და აოხრებდნენ გურია-სამეგრელოს. ლაშქრობა მარცხით დასრულდა, დადიანი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო გურიელი სამი ძმით, ეპისკოპოსით და ჯარით ტყვედ ჩავარდა.[3] ამ მარცხმა გურიის სამთავრო ძლიერ დაასუსტა და ის დროებით კვლავ იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა.[4] ამ დროს იმერეთში მეფობდა ბაგრატ III, რომელიც იბრძოდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისთვის. მან გურიის მთავრის მიმხრობის მიზნით როსტომ გურიელს აჭარა და ჭანეთი დაუბრუნა. როსტომ გურიელი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ გამართულ მურჯახეთის, ქარაღაქისა და სოხოისტის ბრძოლებში. 1555 წელს ოსმალეთმა ამასიის ზავის შედეგად საბოლოოდ მიისაკუთრა სამცხე-საათაბაგო, აჭარა და ჭანეთი და გურიის სამთავროს უშუალოდ დაუმეზობლდა. როსტომ გურიელი იმერეთის მეფესა და დადიანს დახმარებას სთხოვდა, თუმცა ვერ მიიღო და მხოლოდ საკუთარი ძალებით ის მოახერხა, რომ საზღვარი მდინარე ჭოროხზე შეინარჩუნა.[5] ოსმალეთის იმპერიამ გონიოს ციხე შემდგომი დაპყრობების პლაცდარმად აქცია.[6] ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში გურიის სამთავრო საქართველოს საფარი იყო, ის პირველი იგერიებდა სამხრეთ-დასავლეთიდან მომდგარ მტერს და იცავდა დასავლეთ საქართველოს. სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონების გამო დაიწყო სამცხის საეკლესიო სიწმინდეების გახიზვნა გურიაში, მოგვიანებით კი თავად გურიის სამთავროც ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა. როსტომ გურიელის ძე, გიორგი II გურიელი უკვე ოსმალების დახმარებით გახდა გურიის მთავარი.

ბრძოლა სხვა სამეფო-სამთავროებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნის შუა ხანებამდე გურიისა და ოდიშის სამთავროები მოკავშირეები იყვნენ იმერეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის მიზეზი იყო ორივე სამთავროს საერთო ინტერესი, დაესუსტებინათ მეფის ხელისუფლება. XVI საუკუნის შუა წლებისთვის ეს ბრძოლა სამთავროების გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო ქიშპობა უკვე სამთავროებს შორის. პირველი მთავრები, რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იყვნენ გიორგი II გურიელი და ლევან I დადიანი. თუმცა მოგვიანებით იგივენი ერთად დაუპირისპირდნენ იმერეთის მეფეს, მას საჯავახოს მხარე წაართვეს და შუაზე გაიყვეს.[7]

1578 წლიდან იხსენიება ოზურგეთი, რომელიც ამ დროიდან სამთავროს ცენტრი გახდა.[8]

1572 წელს გიორგი II გურიელი შეეცადა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია ოდიშის სამთავრო და აქტიურად ერეოდა ოდიშის შინაურ საქმეებში.[9]. 1581 წელს ის მონაწილეობდა ოსმალეთის მიერ ქართლის სამეფოს დალაშქვრაში. 1583 წელს დაიწყო ომი ოდიშისა და გურიის სამთავროებს შორის, დამარცხებული გიორგი II გურიელი ოსმალეთში გაიქცა და რამდენიმე წლის შემდეგ ოსმალეთის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. 1590 წელს გიორგი II გურიელმა იმერეთს წინააღმდეგ გაილაშქრა, ქუთაისი აიღო, მეფედ საკუთარი კანდიდატი დასვა და დროებით დასავლეთ საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი გახდა.[10] 1590 წელს დასავლეთ საქართველო და მათ შორის გურიის სამთავრო დალაშქრა ქართლის მეფე სიმონ I-მა.[11] 1591 წელს გურიას ზღვიდან თავს დაესხნენ აფხაზები, რომლებიც სამთავროს ლაშქარმა დაამარცხა.[12] გურიელის და დადიანის მეტოქეობა დადიანის გამარჯვებით დასრულდა და XVII საუკუნეში ოდიშის სამთავრო დასავლეთ საქართველოს ყველაზე ძლიერ ერთეულად ჩამოყალიბდა.[13]

მამია II-ის ბრძოლა ოსმალეთთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის დასაწყისში გურიის მთავარი მამია II გურიელი ისე იყო გაძლიერებული, რომ მეფედაც კი იწოდებოდა.[14] 1609 წელს მამია II-მ ისარგებლა 1603-1612 წლების ირან-ოსმალეთის ომით, დაიკავა აჭარა და ოდიშის სამთავროსთან ერთად ხარკის მიწოდება შეუწყვიტა ოსმალეთს.

მამია II-მ ურთიერთობა დაამყარა დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და რეჩ პოსპოლიტასთან, აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოების ანტიირანულ ბრძოლაში. 1614 წელს მან სამთავროში მიიღო იეზუიტი მისიონერები ლუი გრანჟე და ეტიენ ვიო, რომელთა მეშვეობით ცდილობდა რომის პაპთან ურთიერთობის დამყარებას.[15]

მისიონერი პიეტრო დელა-ვალეს რომის პაპ ურბან VII-ს ატყობინებდა გურიის სამთავროსა და კაზაკების ურთიერთობის შესახებ. კაზაკები შავ ზღვაზედიდ პრობლემებს უქმნიდნენ ოსმალეთს, გურიის მთავარი კაზაკებს უთმობდა საკუთარ ნავსადგურებს ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. პიეტრო დელა ვალე სწერდა რომის პაპს, რომ გურიელი და დადიანი, რომლებიც ზღვისპირეთს ფლობენ, ჩვენთვისაც სსარგებლონი იქნებიან, თუ ოსმალეთის წინააღმდეგ საქმეს წამოვიწყებთო.[16] რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას ადასტურებს გურიაში, სხვადასხვა სოფლებში ზედუბანი, ჭანჭათი, მაკვანეთი, ოზურგეთი აღმოჩენილი რამდენიმე პოლონური მონეტა, რომლებიც 1624-1627 წლებშია მოჭრილი სიგიზმუნდ III ვაზას მიერ. 1654 წელს კაზაკებმა ოსმალებისგან გაათავისუფლეს გონიოს ციხე. კაზაკებთან ურთიერთობამ დატოვა სიტყვა „ყაზახი“, „კაძახი“ გურულ დიალექტში. [17]

ირანთან ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა მოაწყო. შეწყდა მარილის, რკინისა და სხვა პროდუქტების შეტანა გურიისა და ოდიშის სამთავროებში. ამან გურიის და ოდიშის მთავრები აიძულა ოსმალეთთან ზავზე ეზრუნათ. ქართველი ელჩები 1614 წლის გაზაფხულზე ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში. ოსმალეთის მიერ შეთავაზებული საზავო პირობები მძიმე იყო ქართული სამთავროებისთვის და მის მიღებაზე უარს ამბობდნენ. აგვისტოში მოლაპარაკებები განახლდა ოსმალეთის ელჩ ომარ-ფაშასა და გურიელს შორის. 13 დეკემბერს ბათუმში დაიდო გურია-ოსმალეთის შეთანხმება, რომლითაც გურიელმა დათმო აჭარა და იკისრა ოსმალეთის ხარკი. 1618 წელს მამია II-მ მფარველობის თხოვნით მიმართა რუსეთის სამეფოს, თუმცა უშედეგოდ.

გურიის სამთავრო XVI საუკუნეში

ოდიშის გავლენის ქვეშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამია II გურიელი, კასტელის ნახატი
ქადაგება გურიაში, კასტელი, 1634-40 წწ

1625 წელს სიმონ II გურიელმა მოკლა მამა, მამია II და თავად გახდა მთავარი.[18] ის ამავდროულად ჩაერთო ოდიშის მძლავრი მთავრის, ლევან II დადიანის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რაც უშედეგოდ დასრულდა. საპასუხოდ, დადიანმა გაილაშქრა გურიაზე, ლანჩხუთთან ბრძოლაში დაამარცხა გურიელი, დააბრმავა ის და ტახტზე თავისი მხარდამჭერი მალაქია II გურიელი დასვა. გურიის სამთავრო დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. მალაქიასა, ვახტანგ II-ისა და ქაიხოსრო I-ის მთავრობის პერიოდში გურიელები დადიანს ემორჩილებოდნენ, ლევან II კი დადიან-გურიელად იწოდებოდა.[19]

მალაქია II-ის მთავრობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღო გურიის ურთიერთობამ რომის პაპთან. 1634-1640 წლებში მალაქიიას მოწვევბით და მფარველობით გურიაში იმყოფებოდნენ თეატინელების ორდენის კათოლიკე მისიონერები კრისტოფორო დე კასტელი, ანტონიო ჯარდინა და სხვები. მისიონერებს მალაქია II მფარველობდა. მათ გახსნეს სკოლა, კათოლიკური ეკლესია, საავადმყოფო, ასწავლიდნენ ქართული ენის გრამატიკა, ებრძოდნენ ტყვის სყიდვას და ნათლავდნენ მოსახლეობას კათოლიკური წესით. 1640 წელს ისინი ვახტანგ II გურიელმა განდევნა. 1650-იან წლებში გურიის სამთავროში იმოგზაურა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პაის I-მა, რომელიც გემით მიადგა ქობულეთის ნავსადგურს და ავიდა ალამბარში.

1658 წელს ქაიხოსრო I გურიელმა ოდიშის მთავრის ტახტისთვის ბრძოლაში მხარი დაუჭირა ნახევარძმა ლიპარიტ III დადიანს და გამოვიდა ვამეყ III დადიანის წინააღმდეგ. ქაიხოსრომ ოზურგეთთან ბრძოლაში დაამარცხა ვამეყ დადიანი[20], მაგრამ ლიპარიტი და ქაიხორსო დამარცხდნენ ბანძის ბრძოლაში და გაიქცნენ სტამბოლში.

ბრძოლა იმერეთის მეფობისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სამთავრო ხან იმერეთის მეფის მოკავშირე იყო ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ, ხან კი — პირიქით, ოდიშის მთავართან ერთად იმერეთის მეფის წინააღმდეგ გამდიოდა. იმერეთის მეფეს გურიელები მაშინ უპირისპირდებოდნენ, როდესაც სამეფო ტახტი დასუსტებული იყო და მეფობის მიტაცება შესაძლებელი ხდებოდა. გურიელებს ასეთი დრო დაუდგათ იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს გარდაცვალების შემდეგ. ამ პერიოდიდან 1710-იანი წლების ჩათვლით გურიელები დროგამოშვებით იმერეთის მეფის ტახტს იკავებდნენ.

პირველმა გურიელთაგან იმერეთის მეფობა ხელში დემეტრე გურიელმა ჩაიგდო. დემეტრე გურიელმა ასევე ტახტიდან გადააყენა ოდიშის მთავარი ლევან III დადიანი და დადიანობაც შეითავსა.[21] უკმაყოფილო იმერელმა თავადებმა მას თვალები დასთხარეს და ტახტიდან ჩამოაგდეს. მის შემდეგ გიორგი III გურიელი ახალციხის ფაშის, ასლან I-ის მხარდაჭერით იბრძოდა დადიანის და იმერეთის მეფის წინააღმდეგ[22] და მოახერხა ორი წლით, 1681-1683 წლებში, იმერეთის მეფის ტახტს დაუფლებოდა, მაგრამ ოსმალეთისვე მხარდაჭერით ის გააძევეს. გიორგი გურიელი აგრძელებდა იმერეთის მეფის ტახტისთვის ბრძოლას და დაიღუპა კიდეც 1684 წელს როკითის ბრძოლაში. ამის შემდეგ იმერეთის მეფის ტახტზე პრეტენზიას მამია III გურიელი აცხადებდა. ის სამჯერ გახდა იმერეთის მეფე, 1701–1702, 1711 და 1713–1714 წლებში. უკანასკნელი გურიელი, რომელმაც იმერეთის მეფობის მოპოვება შეძლო იყო გიორგი IV გურიელი. 1720-იანი წლებიდან იმერეთის მეფეებმა მოახერხეს ტახტზე გამაგრება.

ქვემო გურიის დაკარგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიას ამიერკავკასიაში გაბატონებისთვის დაუპირისპირდა რუსეთის იმპერია. გურიის სამთავრო ოდიშის სამთავროსა და იმერთის სამეფოსთან ერთად ცდილობდა მიეღო რუსეთის დახმარება და დაპირისპირებოდა ოსმალეთს. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 წელს მოაწყვეს ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში. მამია III ერთ-ერთი პირველი ეახლა ოსმალეთის მთავარსარდალ ხალილ-ფაშას და მორჩილება გამოუცხადა.[23] ამ ლაშქრობის შედემად გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმი. 1718 წელს გურიის სამთავრომ დაკარგა ჩაქვი. 1723 წელს გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ. გურიის სამთავროში ოსმალეთის მხარდამჭერებად ნაკაშიძეები გამოდიოდნენ.[24]

გურიის მთავარი მამია IV გურიელი ემორჩილებოდა იმერეთის მეფე სოლომონ I-ს, მონაწილეობდა სოლომონისა და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ანტიოსმალურ კამპანიებში, მონაწილეობდა ხრესილის ბრძოლაში, 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში გამოდიოდა რუსეთის იმპერიის მხარეს. მამია IV-ს მთავრის ტახტისთვის უპირისპირდებოდა მისი ძმა, გიორგი V გურიელი, რითაც კარგად სარგებლობდა ოსმალეთის იმპერია.[25] 1769 წელს ოსმალეთმა დაიკავა გურიის ზღვისპირა ციხეები ციხისძირი და ქობულეთი.[26] 1770 წელს ოსმალებმა აიღეს შუა გურიის ციხეებიც: ასკანა, ლიხაური და ბუკისციხე, მაგრამ მომდევნი წელს სოლომონ I-მა და მამია IV-მ შუა გურიის ციხეები გაათავისუფლეს. 1772 წელს რუსეთის იმპერიის კორპუსმა დატოვა დასავლეთ საქართველო, ამით ისარგებლა ოსმალეთმა და დაიკავა ხინოწმინდა და ქობულეთის მხარის სხვა სოფლები.[27] გაუქმდა ხინოწმინდის საეპისკოპოსო, საიდანაც სიწმინდეები გურიის სხვა ტაძრებში გახიზნეს, ქვემო გურიის მოსახლეობის დიდი ნაწილი შუა გურიაში გაიხიზნა. ბათუმის შემდეგ გურიის სამთავროს მთავარი ნასადგური ქობულეთი იყო, მათმა დაკარგვას სამტავროს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.[28]

1774 წელს დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ოსმალეთის ვასალებად იქნენ აღიარებულნი. ოსმალეთმა ქვემო გურია ტრაპიზონის სანჯაყის ნაწილად აქცია, მაგრამ მას გარკვეული ავტონომია შეუნარჩუნა და ადგილობრივი ფეოდალების მეშვეობით მართავდა.[29] დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, თავადაზნაურობა იღებდა ისლამს, რათა ყმა-გლეხები შეენარჩუნებინა. ისლამიზაცია ქვემო გურიაში რომელიც 1870-იან წლებამდე გაგრძელდა.

სამთავროს ტახტისთვის ბრძოლაში საბოლოოდ გიორგი V-მ გაიმარჯვა, თუმცა მას უწევდა იმერეთის გაძლიერებული სამეფოსთვის ანგარიშის გაწევა. 1770 წელს სოლომონ I-მა გურიას საჯავახოს მხარე წაართვა. არ წყდებოდა ოსმალეთის თავდასხმები. 1784 წელს აკეთში ილაშქრა აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა.[30] ამის საპასუხოდ სოლომონ I-მა იმავე წლის მარტში გაილაშქრა ქვემო გურიაში ამ მხარის გამოსახსნელად, მაგრამ ნაჭიშკრევის ბრძოლაში მძიმედ დამარცხდა და ქვემო გურიის ოსმალეთისგან გათავისუფლება ვერ შეძლო.[31] ამის შემდეგ ეს მხარე 1878 წლამდე ოსმალეთის ხელში იყო.

რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სამთავრო 1810 წელს

სოლომონ I-ის გარდაცვლების შემდეგ ოსმალების თავდასხმები აჭარიდან და ახალციხიდან კიდევ უფრო გახშირდა. 1784 წლის 30 ოქტომბერს გურიაში ოსმალეთის 6 000-იანი ჯარით ილაშქრა ქაიხოსრო აბაშიძემ, მან დალაშქრა ოზურგეთი და გადაწვა სოფლები.[32] ოსმალეთის იმპერია აგრძელებდა გურიაზე თავდასხმებს. 1787 წელს რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი დაიწყო და გურიის სამთავროზე თავდასხმები კვლავ გახშირდა. 1788 წელს ამ თავდასხმების გამო პრაქტიკულად გაუქმდა შემოქმედის საეპისკოპოსოც და გურიის სამი საეპისკოპო კათედრიდან მხოლოდ ჯუმათისა დარჩა. სიმონ III გურიელი შეეცადა სამთავროს გათავისუფლებას ოსმალეთის ქვეშევრდომობისაგან და რუსეთის მფარველობის მიღებას.[33] 1790 წელს მან ხელი მოაწერა საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატს, მაგრამ სამთავროს მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა.

XVIII საუკუნის მიწურული და XIX საუკუნის დასაწყისი გურიაში შინააშლილობით გამოირჩეოდა. მთავრის ტახტისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ ჯერ ვახტანგ III გურიელი და ქაიხოსრო ბატონიშვილი, ხოლო შემდეგ ქაიხოსრო და ლევან ბატონიშვილები.[34] დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცდილობდნენ, მიეღოთ საქართველოს მთავარმართებლის პავლე ციციანოვის მხარდაჭერა და სთავაზობდნენ მას გურიის სამთავროს შესვლას რუსეთის იმპერიის მფარველობაში.[35] ციციანოვს ხელს აძლევდა რუსეთის იმპერიის ტერიტორია გაფართოება გურიის შემოერთების გზით. ის ანდრეი იტალინსკის, რუსეთის ელჩს სტამბოლში, სწერდა, რომ ეზრუნა ბათუმის, როგორც გურიის სამთავროს ნაწილის, რუსეთის იმპერიისთვის შეერთებაზე. მან გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში გაგზავნა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ლევან, ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა.[36]ლიტვინოვმა დაპირისპირებულ მხარეებს შესტავაზა სამტავროს გაყოფა და მოამზადა შესაბამისი პროექტი, მაგრამ გაყოფა არ შედგა.[37]

1804 წლის 25 აპრილს ელაზნაურის შეთანხმებით რუსეთმა გურიის სამთავრო აღიარა იმერეთის სამეფოს ნაწილად. 1805 წლის აპრილში გურიის სამთავროში იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის გეოლოგიური ექსპედიცია ასკანის, კოტიზეთის და გორისფერდის სპილენძის საბადოების შესასწავლად.[38] გურიელები უკმაყოფილო იყვნენ ელაზნაურის შეთანხმებით. გრძელდებოდა დაპირისპირება ქაიხოსრო ბატონიშვილსა და ვახტანგ III-ს შორის. რუსეთმა გადაწყვიტა ამით ესარგებლა და 1807 წლის 19 თებერვალს გენერალ რიკჰოფს დაევალა გურიის სამთავროს დაკავება.[39]

ახალი მთავარი მამია V გურიელი აპირებდა დაეჭირა ოსმალეთის მხარე რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. მან 1809 წელს გურიაზე გასვლის უფლება მისცა ტრაპიზონის სერასკერის 9000-იან ჯარს. რუსული ორიენტაციის თავადებმა დაარწმუნეს მამია V, რომ თუ რუსეთის მხარეს დაიჭერდა, მას რუსეთის იმპერია ისეთივე ხელშეკრულებას გაუფორმებდა, როგორც ოდიშის სამთავროს. მამია V-სთვის მთავარი იმერეთისგან დამოუკიდებლობა იყო და რუსეთის მხარეს გადავიდა.[40] 1809 წლის შემოდგომაზე მან გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის ჯარების მიერ ფოთის აღებაში, სასტიკად დაამარცხა რა ოსმალეთის იმპერიის ჯარი მალთაყვის ბრძოლაში.[41]

1809 წლის დეკემბერში მამია V-მ წერილობით მიმართა საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე ტორმასოვს და მოითხოვა გურიის სამთავროს შესვლა რუსეთის მფარველობაში. მამია V-ს თხოვნა ითვალისწინებდა: გურიის სამთავროს შესვლას რუსეთის მფარველობაში; მისი მემკვიდრეებისთვის მთავრობის შენარჩუნებას; გურიის სამთავროსთვის ოსმალეთის მიერ მიტაცებული მხარეების დაბრუნებას, ასევე იმერეთის ყოფილი სამეფოსგან საჯავახოს დაბრუნებას; გურიელიების სახლისთვის ყმების შენარჩუნებას.[42] ტორმასოვმა უნარიანად გამოიყენა მამია V სოლომონ II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1810 წლის თებერვალში მამია V თავისი 1000 კაციანი ლაშქრით მონაწილეობდა სოლომონ II-ის დამარცხებაში.[43] მამია გურიელს აღარ შეხვედრია წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად. 1811 წლის 8 აპრილს გურიის სამთავრო ტორმასოვის გადაწყვეტილებით რუსეთის იმპერიამ მფარველობაში მიიღო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ხელშეკრულება შედგებოდა 13 მუხლისგან. გურიის სამთავროში განლაგდებოდა რუსეთის სამხედრო ნაწილის, სისხლის სამართლის საქმეებზე იურისიდიქცია გადაეცემოდა რუსეთს, ადგილობრივი მადნებიდან, ნავსადგურებიდან და ქალაქებიდან მიღებული შემოსავლის წილს მიიღებდა გურიელი, გურიელი უზრუნველყოფდა სამთავროში განლაგებული ჯარის მომარაგებასა და კვებას, უზრუნველყოფდა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას ნავსადგურების მშენებლობისთვის საჭირო ხე-ტყით. გადაუჭრელი რჩებოდა საჯავახოს საკითხი.

ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. რუსეთის იმპერიას გურიაში სამხედრო დასაყრდენი სჭირდებოდა. 1813 წელს საქართველოს მთავარმმართებელ ნიკოლაი რტიშჩევს მამია V-მ შეკვეთილში რედუტის აშენების უფლება მისცა. მშენებლობა 1814 წელს დასრულდა და მას რუსებმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ციხე უწოდეს.[44] 1820 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა შეკვეთილისა და ანაკლიის ციხეები და მხოლოდ 1829 წელს დაბრუნდა იქ.[45] რუსეთის ჯარების სურსათით, ბინითა და სათბობით მომარაგება გურიის გლეხთა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა.

1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია გურიაში.[46] დროს აჯანყების ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე გურიაში გაიქცა და ქაიხოსრო ბატონიშვილს შეაფარა თავი. გურიის სამთავროში გაგზავნილ იქნა დამსჯელი რაზმი პოლკოვნიკ პუზირევკის მეთაურობით. პუზირევსკი 1820 წელს შემოქმედის ციხესთან მოკლეს. პუზირევსკის მკვლელობას სერიოზული შედეგები მოჰყვა. მთელი შუა და ზემო გურია აჯანყებამ მოიცვა. აპრილში აჯანყებულებმა დაამარცხეს რუსეთის ჯარი ჯერ შემოქმედთან, შემდეგ ჩოხატაურთან.[47] 1820 წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო აჯანყების დამარცხება იმერეთში და გურიაში გადავიდა რუსთა დამატებითი ძალები (13200 ქვეითი, 7 ზარბაზანი, 150 ცხენოსანი) გენერალ ველიამინოვის სარდლობით. მამია V-მ რუსეთის მხარე დაიჭირა, ეახლა ველიამინოვს და მხარდაჭერა გამოუცხადა. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და საძირკვლამდე დაანგრია შემოქმედის ციხე, ამის შემდეგ რუსეთის ჯარმა დაამარცხა დავით გურიელი სოფელ ღვედში, აიღო გრიგოლეთის, ნიგოზდიდის და გურიანთის ციხეები.[48] აგვისტოს ბოლოს აჯანყება ჩახშობილი იყო.

ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით ოსმალეთში გადავიდა. აჯანყებულების ქონება ერმოლოვმა ხაზინის საკუთრებად გამოაცხადა. ამ მამულებში ერმოლოვმა დანიშნა მოურავები და დაამტკიცა მათთვის სამოქმედო წესები. ამით ერმოლოვმა დაარღვია 1810 წელს დადებული მფარველობის ხელშეკრულება დააშკარად ჩაერია გურიის სამთავროს ავტონომიაში, რის გამოც მამია V-ის უკმაყოფილება გამოიწვია.[49] ერმოლოვი იძულებული გახდა, გაეთვალიწინებინა მამია V-ის მოთხოვნები და უკან დაიხია.[50].

სამთავროს გაუქმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი. სამთავროს მდივანბეგმა გიორგი ნაკაშიძემ და სახლთუხუცესმა დავით მაჭუტაძემ შეკრიბეს გურიის თავადაზნაურები და მათ დააფიცებინეს გურიელის ქვრივის, სოფიოსა და მცირეწლოვან ვაჟ დავითის ერთგულებაზე. დაფიცებაზე უარი განაცხადა ერისთავმა და მისმა სახლიშვილებმა, რომლებიც ამისთვის რუსეთისგან ნებართვას ელოდნენ. საქართველოს მთავარმართებელმა ალექსი ერმოლოვმა დაფიცების აქტი უკანონოდ სცნო და უსაყვედურა სოფიოს. ერმოლოვმა 1827 წლის 3 იანვარს შექმნა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭო, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ სოფიო დაინიშნა. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, დავით გურიელის სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. საბჭოს ადგილსამყოფელად განისაზღვრა ნაგომარი. ერმოლოვი დაპირდა სოფიოს, რომ მას აარჩევინებდა საბჭოს წევრებს, მაგრამ სინამდვილეში ერმოლოვმა თავად დანიშნა საბჭოში ექვსივე წევრი: ვახტანგ ერისთავი, დავით მაჭუტაძე, სვიმონ გუგუნავა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ერისთავი, გიორგი თავდგირიძე. საბჭოს ყველა წევრი ჩაითვალა დავით ბატონიშვილის მეურვედ.

სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. 1827 წლის თებერვალში მან თავადებისა და სამღვდელოების ნაწილთან ერთად (მიტროპოლიტი ნიკოლოზ ჯუმათელი, დავით ვახტანგის ძე გურიელი, გიორგი ლევანის ძე გურიელი, სვიმონ და გიგო ერისთავები, ნარიმან მაჭუტაძე, ბიჭია შალიკაშვილი, გუგუნავებისა და ნაკაშიძეების სახლები) ოფიციალურად მოითხოვა ამ საბჭოს გაუქმება. ერმოლოვს სამთავროს გაუქმება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ საბჭო არ გააუქმა. საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, სოფიოს და დავით მაჭუტაძის მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე კი, ნაკაშიძის მეთაურობით, რუსეთის მხარდამჭერი იყო.

1828 წლის აპრილში რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი დაიწყო. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა. მან დაამყარა ურთიერთობა დაჭერა ქვემო გურიისა და აჭარის ბეგებთან, ფოთის ფაშასთან, გურიის ჯარმა დაიკავა გურიასა და სამეგრელოს სამთავროს შორის სადავო პალიასტომის ტბა. გურია-ოსმალეთის საზღვართან ზემო აჭარის ბეგის, აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილის მეთაურობით აჭარასა და ლაზეთში შეკრებილი 10 ათასი მოლაშქრე დაბანაკდა. მათი მიზანი იყო ჩოხატაურში რუსული საგუშაგოს განადგურება. მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაში სოფიოს მხარდამჭერთა რაოდენობა მცირე იყო. დავით მაჭუტაძემ სოფიოსთვის მხოლოდ 500 მოლაშქრე შეაგროვა.[51]

რუსეთის ჯარის კავკასიის ფრონტის მარჯვენა ფრთის მმართველმა, გენერალ-მაიორმა კარლ ჰესემ სოფიოს 1828 წლის აპრილში წინადადება მისცა, მძევლად ჩაებარებინა დავით მაჭუტაძე და შეეწყვიტა ოსმალეთთან ურთიერთობა. მაგრამ სოფიო აპირებდა დავით მაჭუტაძესთან დაქორწინებას და სამთავრო ტახტის აღდგენას. ჰესემ გააძლიერა რუსეთის საგუშაგოები ჭალადიდსა და ნაბადაში.

1 ივნისს სოფიომ მიიღო ტრაპიზონის ფაშას მიერ გაგზავნილი სიგელი გურიის სამთავროს ოსმალეთის ქვეშევრდომობაში შესვლის დამადაასტურებად. და ოსმალეთის სულთნის საჩუქრები. ივნისში ქვემო გურიაში სოფიოს მხარდასაჭერად ჩავიდნენ ოსმალეთში გაქცეული თავადები დავით ვახტანგის ძე გურიელი და ქაიხოსრო ბატონიშვილი ოჯახით. რუსეთის მოწინააღმდეგეები განსაკუთრებით გაამხნევა ალექსანდრე ბატონიშვილის გამოჩენამ. აჰმედ-ფაშამ სურების ხეობას მოსთხოვა სოფიოსადმი მორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში აოხრებით დაემუქრა. გურიაში ანტიოსმალური განწყობა იმდენად დიდი იყო, რომ სოფიომ ხალხის მიმხრობა ვერ მოახერხა. რუსეთის მომხრე თავად-აზნაურებმა ოჯახები იმერეთში გახიზნეს, ლაშქარი შეკრიბეს და ჩოხატაურში რუსეთის ჯარს შეუერთდნენ. სოფიოს მოწინააღმდეგეები იყვნენ ნაკაშიძეებიც, მაგრამ რაკი მათი მამულები ოსმალეთს ესზღვრებოდა, აქტიური მოქმედებებისგან თავს იკავებდნენ.[52]

ივლისში აჰმედ-ფაშას მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიაში შეიჭრა, მაგრამ 15 ივლისს რუსებმა ფოთი აიღეს, 24 ივლისს ახალქალაქი და 16 აგვისტოს ახალციხე. სოფიო მიხვდა, რომ ოსმალეთი ომს აგებდა, ამიტომ მან აგვისტოში მონანიების წერილები მისწერა ივანე პასკევიჩს და ნიკოლაი სიპიაგინს და ითხოვა რუსეთის ჯარის დახმარება ქობულეთის, ჩაქვისა და ბათუმის ოსმალებისგან გათავისუფლებაში. ეს ლაშქრობა უამინდობის გამო არ შედგა.[53]

გენერალმა პასკევიჩმა სოფიოსთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა თავადი ფალავანდიშვილი, მაგრამ სოფიო არ აპირებდა ტახტის დათმობას. პასკევიჩის ბრძანებით 30 სექტემბერს კარლ ჰესსე ორი ბატალიონით გურის ტერიტორიაზე შევიდა და სამთავროს ციხეები დაიკავა. 1 ოქტომბერს სოფიომ ტახტის მემკვიდრე დავითთან ერთად ოსმალეთს შეაფარა თავი.

ჰესსე დაედევნა გაქცეულებს და 15 ოქტომბერს შეკვეთილთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჩოლოქის გადაკვეთა ვერ გაბედა. ნოემბრისთვის რუსეთის ჯარს დაკავებული ჰქონდა გურიის ყველა სტრატეგიული ადგილი. მთავარმართებელ გენერალ პასკევიჩის განკარგულებით გურიაში დაწესდა დროებითი მმართველობა. დროებითი მმართველობის თავმჯდომარე იყო პოდპოლკოვნიკი კულიაბკო. მმართველობის წევრები იყვნენ მდივანბეგები სვიმონ გუგუნავა და ვახტანგ ერისთავი. მმართველობის რეზიდენცია იყო ნაგომარი. მმართველობა განიხილავდა სამოქალაქო საქმეებს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა იმერეთის მმართველობა, რომელსაც ემორჩილებოდა გურიის დროებითი მმართველობა.

1829 წლის განმავლობაში გურია კვლავ ფრონტის ხაზს წარმოადგენდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომში. 5 მარტს ჰესემ რუსეთის ჯარის და გურიის მილიციით შეკვეთილიდან სამხრეთით დაამარცხა ოსმალეთის 8000-იანი ლაშქარი.[54] აპრილში ოსმალებმა ქვემო გურიაში 17 000 მოლაშქრეს მოუყარეს თავი და აგრძელებდნენ თავდასხმებს გურიაზე. 6 აგვისტოს ჰესემ დაამარცხა ოსმალები მუხაესტატეში და 9 აგვისტოს უბრძოლველად დაიკავა კინტრიში. 15 ნოემბერს ჰესე სასტიკად დამარცხდა ძციხისძირთან და წინსვლა შეაჩერა.[55] ამასობაში მოვიდა ცნობა ზავის შესახებ. ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. ამ საზღვის მიხედვით, ქვემო გურია დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.[56]

1829 წლის 26 დეკემბერს გაუქმდა გურიის სამთავრო და მას გურიის ოლქი ეწოდა. რუსეთის მთავრობამ გურიის მმართველთა საბჭოს სათავეში ჩაუყენა რუსი ოფიცერი პოდპოლკოვნიკი კულიაშკო, წევრებად კი რუსეთის ერთგული ადგილობრივი თავადები გიორგი ერისთავი, გიორგი ნაკაშიძე, სვიმონ გუგუნავა და ვახტანგ ერისთავი დანიშნა. საბჭო ადგილობრივი კანონებით განიხილავდა სამოქალაქო საქმეებს, სისხლის სამართლის საქმეები კი ქუთაისში იგზავნებოდა. 1840 წლამდე შენარჩუნებულ იქნა მმართველობის ძველი სისტემა მოურავებითა და ნაცვლებით. 1832 წელს გურიაში დაბრუნდა მამია V გურიელისა და სოფიოს ვაჟი, მაგრამ ის პეტერბურგში გაგზავნეს სამხედრო სასწავლებელში. 1840 წელს განის რეფორმების ფარგლებში გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და იმავე წლის 10 აპრილს გურია მაზრის სახით რუსეთის იმპერიას უშუალოდ შეუერთდა, ჯერ საქართველო-იმერეთის გუბერნიის, შემდეგ კი — ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში.

სამთავროს საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ საქართველო გიიომ დელილის რუკაზე, 1723 წელი

გურიის სამთავროს საზღვრები დროთა ვითარებაში ცვლილებებს განიცდიდა. თავდაპირველად სამთავროს ტერიტორია ვრცელ მიწაწყალს მოიცავდა.

ვიკიციტატა
„ხოლო გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას-აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გარდმოღმართი, ერგე აჭარა, და ჭანეთი რკინის პალოს აქათი“
ვიკიციტატა
„არამედ მზღვრის ამ გურიას: აღმოსავლით მთა ფარსათი, სამცხე-გურიას შორისი და საჯავახოს შორისი; სამჴრით — ჭოროხის მდინარე და მთა მცირე ფარსათიდამ ჩამოსული დასავლით, აჭარა-გურიას შორისი, ჩრდილოთ — რიონი, გურია-ოდიშს შორისი, და დასავლით — შავი ზღვა“

სამთავროს დასავლეთით შავი ზღვა საზღვრავდა, ხოლო ჩრდილოეთით მდინარე რიონი გამოჰყოფდა ოდიშის სამთავროსგან, თუმცა აღსანიშნავია, რომ მდინარე ხშირად იცვლიდა კალაპოტს. გურიის სამთავროში შედიოდა პალიასტომის ტბა და ამ ტბაში დაჭერილ თევზზე ბაჟს გურიის მთავარი იღებდა. პალიასტომის ტბას სამეგრელოს მთავარი დაეუფლა გურიის სამთავროს გაუქმების დროს, 1828 წელს.[57]

იოჰან გიულდენშტედტი გურიის ტერიტორიაში ასახელებს რიონის შესართავთან მდებარე ციხესა და ნავსადგურ ფოთს, თუმცა XVI საუკუნიდან ფოთს ოსმალეთის იმპერია ფლობდა.[26] იულიუს ფონ კლაპროთის ცნობით მანამდე ფოთი ხან გურიის, ხან ოდიშის სამთავროს ეკუთვნოდა.[58] XVI საუკუნის II ნახევარში გიორგი II გურიელი გირაოს სანაცვლოდ დროებით ფლობდა ხობს.[59]

აღმოსავლეთით გურიის სამთავროს ესაზღვრებოდა იმერეთის სამეფო, რომელთანაც მუდმივი დავის საგანს წარმოადგენდა საჯავახოს მხარე, რომელსაც ხან გურიელი ფლობდა, ხან — იმერეთის მეფე. საჯავახოს გამო დავა დაიწყო გიორგი II გურიელის დროს და გრძელდებოდა გურიის სამთავროსა და იმერეთის სამეფოს არსებობის განმავლობაში. 1787 წელს იმერეთის მეფე დავით II-მ საჯავახო სიგელით დაუმტკიცა ვახტანგ III გურიელს.[60]

გურიის სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი გადიოდა აჭარა-გურიის წყალგამყოფ ქედზე. სამთავროს სამხრეთი საზღვარი აღწევდა რკინის პალომდე.[61] ამ საზღვარს შიგნით იყო მოქცეული აჭარა და ჭანეთი. ზოგჯერ გურიელს ეპყრა მაჭახელიც.[62] XV საუკუნის შუა წლებამდე სამხრეთიდან გურიის სამთავროს ესაზღვრებოდა ტრაპიზონის იმპერია, ხოლო ტრაპიზონის დაცემის შემდეგ — ოსმალეთის იმპერია. ამის შემდეგ სამხრეთ საზღვარმა შევიწროება განიცადა. 1614 წლის გურია-ოსმალეთის შეთანხმებით საზღვარი მდინარე ჭოროხზე დადგინდა. გურიის სამთავროს რჩებოდა კახაბრის ვაკე.[26] 1703 წელს ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო ბათუმი და ჩაქვი, 1769 წელს ციხისძირი და ქობულეთი, ხოლო 1772 წელს ალამბარი და ხინო. გურიის სამთავროს გაუქმების დროისთვის ადრიანოპოლის ხელშეკრულებით ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის საზღვრად მდინარე ჩოლოქი იყო დადგენილი.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერეთის სამეფოს რუკა, 1737 წელი

გურიის სამთავროს პოლიტიკური მოწყობა ძირითადად გვიანფეოდალური ხანის საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. გურიელის სამთავრო კარი იმერეთის სამეფოს კარის მიბაძვით იყო მოწყობილი. სამთავროს უმაღლესი მმართველი პირი იყო მთავარი. მთავრის უმაღლესი მოხელეები იყვნენ სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი და მდივანბეგი, ასევე არსებობდა მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის და ქალაქთუხუცესის თანამდებობები. ყველა თანამდებობა თავად-აზნაურობას ეჭირა. მოხელეები ჯამაგირს ნატურის სახით იღებდნენ.[63] მთავართან არსებობდა მთავრის კარი და დარბაზი[64]

მოქმედებდა ვახტანგ VI-ის სამართალი. XVIII საუკუნის დასაწყისით დათარიღებული საჩივარი მოწმობს, რომ საქმისწარმოება წერილობით ხორციელდებოდა.[65]

გურიის სამთავროს პოლიტიკური ცენტრი თავდაპირველად იყო ალამბარი. XVI საუკუნის შუა წლებიდან კი სამთავროს ცენტრმა და გურიელების რეზიდენციამ გადაინაცვლა ოზურგეთში. ოზურგეთი იყო სამთავროს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სავაჭრო-ფინანსური ცენტრი. გურიის მთავრებს ასევე გააჩნდათ საზაფხულო რეზიდენცია უჩხუბში, საიდანაც ქაიხოსრო ბატონიშვილმა ის შემოქმედში გადაიტანა. სამთავროში რუსული სამხედრო მმართველობის შემოღების დროს, 1827-1829 წლებში, მის სრულ გაუქმებამდე, მისი ცენტრი გადატანილი იყო ნაგომარში.

გურიის მთავარს ეკუთვნოდა სამთავროში არსებული ციხეები, მასვე ემორჩილებოდა ციხისთავები. საკუთარი ციხეები ჰქონდათ თავადებსაც. ციხეების მისაკუთრებას ცდილობდნენ აზნაურთა საგვარეულოებიც, მაგრამ უშედეგოდ. აზნაურებს, მსახურებსა და გლეხებს ვალდებულებად ჰქონდათ მეციხოვნეობა. ციხეები, გარდა თავდაცვითისა, ასრულებდნენ საპრყობილის და ხაზინის საცავის ფუნქციებსაც.[66] 1737 წლის იმერეთის რუკაზე გურიის სამთავროს 12 ციხეა გამოსახული. გურიის სამთავროს ციხეები იყო: გონიოს ციხე, ბათუმის ციხე, სატყეპელა, პეტრას ციხე, ქობულეთის ციხე, მამუკას ციხე, აჭის ციხე, ელიას ციხე, შემოქმედის ციხე, ასკანის ციხე, ლიხაურის ციხე, ბაილეთის ციხე, გურიანთის ციხე, ნაგომრის ციხე, გრიგოლეთის ციხე, ჩოხატაურის ციხე, ნიგოითის ციხე, გორაბერეჟოულის ციხე, სეფის ციხე, ბუკისციხე, შეკვეთილის ციხე, ხინოს ციხე, აკეთის ციხე, ღომის ციხე.

გურიის მთავრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის მთავრები

გურიის მთავრების ქრონოლოგიური სია:

სახელი მთავრობის წლები იმერეთის მეფობის წლები
კახაბერ II გურიელი 1462-1483
გიორგი I გურიელი 1483-1512
მამია I გურიელი 1512-1534
როსტომ გურიელი 1534-1566
გიორგი II გურიელი 1566-1582
ვახტანგ I გურიელი 1582-1587
გიორგი II გურიელი (მეორედ) 1587-1600
მამია II გურიელი 1600-1625
სიმონ II გურიელი 1625-1626
მალაქია I გურიელი 1626-1639
ვახტანგ II გურიელი 1639-1641
ქაიხოსრო I გურიელი 1641-1658
სიმონ II გურიელი (მეორედ, ნომინალურად)
დემეტრე გურიელი (ფაქტობრივად)
1658
ქაიხოსრო I გურიელი (მეორედ) 1658-1660
დემეტრე გურიელი 1660-1664 1660-1664
გიორგი III გურიელი 1664-1684 1681-1683
მალაქია II გურიელი 1684-1685
ქაიხოსრო II გურიელი 1685-1689
მამია III გურიელი 1689-1711 1701-1702
გიორგი IV გურიელი 1711-1712
ლევან გურიელი 1712-1714
გიორგი IV გურიელი (მეორედ) 1714-1716 1716-1717[67]
ქაიხოსრო III გურიელი 1716-1717
გიორგი IV გურიელი (მესამედ) 1717-1726
მამია IV გურიელი 1726-1756
გიორგი V გურიელი 1756-1758
მამია IV გურიელი (მეორედ) 1758-1765
გიორგი V გურიელი (მეორედ) 1765-1771
მამია IV გურიელი (მესამედ) 1771-1776
გიორგი V გურიელი (მესამედ) 1776-1788
სიმონ III გურიელი 1788-1792
ვახტანგ III გურიელი 1792-1797
მამია V გურიელი (ნომინალური)
ქაიხოსრო ბატონიშვილი (ფაქტობრივი)
1797-1809
მამია V გურიელი 1809-1826
სოფიო 1826-1828

მოხელეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლთუხუცესი ასრულებდა საფინანსო, სამეურნეო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ეს იყო მთავრის შემდეგ ყველაზე მაღალი თანამდებობა. დოკუმენტებში მოხსენიებული პირველი სახლთუხუცესი იყო როსტომ გურიელის დროს გოგიბთეჯ კვერღელიძე. XVII სუაკუნის ბოლოდან სახლთუხუცესები იყვნენ მაჭუტაძეები. ბოლო სახლთუხუცესი იყო დავით მაჭუტაძე.[68]

ბოქაულთუხუცესი საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი იყო. ის აღასრულებდა მთავრის გადაწყვეტილებებს. ბოქაულთუხუცესის ხელქვეითი იყო ბოქაული და იასაული.[69] 1664-1712 წლებში ბოქაულთუხუცესი იყო მირზაბეგ თავდგირიძე. ამის შემდეგ გურიელის კარზე ეს თანამდებობა თავდგირიძეებს მემკვიდრეობით ეკავათ, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა. მირზაბეგის შემდეგ ბოქაულთუხუცესები იყვნენ გიორგი და როსტომ თავდგირიძეები. 1770 წელს ბოქაულთუხუცესი მამუკა თავდგირიძე იყო. 1789-1792 წლებში ბოქაულთუხუცესი გიორგი მაქსიმენიშვილი იყო, 1807-1819 წლებში ვახტანგ როსტომის ძე ერისთავი, 1820 წელს კვლავ გიორგი მაქსიმენიშვილი, 1821-23 წლებში კი კვლავ ვახტანგ ერისთავი. 1820-იანი წლების შუიდან ეს თანამდებობა კვავ თავდგირიძეებმა დაიბრუნეს. 1827-1828 წლებში ბოქაულთუხუცესი იყო გიორგი თავდგირიძე.

მდივანბეგი იყო უმაღლესი მოსამართლე. ეს თანამდებობა გურიის სამთავროში მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. მანამდე სასამართლო ხელისუფლებას მთავარი ახორციელებდა და ცალკე სასამართლო ორგანო არ არსებობდა.[70] მდივანბეგთა სასამართლოში სამი მდივაბეგი ინიშნებოდა, ნაკაშიძეების, ერისთავებისა და გუგუნავების გვარიდან. მდივანბეგები სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებდნენ. ისინი საქმეს განიხილავდნენ როგორც ერთპიროვნულად, ასევე კოლეგიურად. [71] მდივანბეგების გადაწყვეტილება გურიის მთავართან საჩივრდებოდა. მთავრის გადაწყვეტილება საბოლოო იყო. XIX საუკუნის დასაწყისშმი მდივანბეგები იყვნენ გიორგი ნაკაშიძე და გიორგი თავდგირიძე.

ქალაქთუხუცესი მაღალი რანგის მოხელედ ითვლებოდა. მისი ფუნქცია სამთავროში ბაზრობათა და ვაჭარ-ხელოსანთა გამგებლობა იყო. ქალაქთუხუცესის სარგო ამ ბაზრობებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილიდან გაიცემოდა. ქალაქთუხუცესი არ იყო მოქალაქეთა წარმომადგენელი, ის არ აირჩეოდა, ამ თანამდებობაზე ყოველთვის დიდი ფეოდალი ინიშნებოდა. როსტომ გურიელის დროს ქალაქთუხუცესები იყვნენ გიორგი და გოჯასპ მახაძეები. XVII საუკუნის მიწურულს ეს თანამდებობა ეკავა მამუკა ნაკაშიძეს, XIX საუკუნის დასაწყისში კი როსტომ ნაკაშიძეს ეჭირა.[72]

მეღვინეთუხუცესი იყო მეღვინეთა და მემარნეთა უფროსი, საღვინის (ღვინის შემოსავლისა და ჭურჭელ-სამსახურებლის შესანახი განსაკუთრებული დაწესებულების) უზენაესი გამგე და ღვინის გადასახადის უმაღლესი მეთვალყურე. პირველი მეღვინეთუხუცესი, რომელიც წყაროებში იხსენიება, არის მურჯახეთის ბრძოლის მონაწილე ისაკ ართმელაძე.[73] ართმელაძეების თავადური გვარის დამცრობის შემდეგ, XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ის ნაკაშიძეებმა დაიკავეს. პირველი ნაკაშიძე, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა, იყო მამუკა ნაკაშიძე. ამის შემდეგ ამ თანამდებობას მუდმივად ნაკაშიძეები ფლობდნენ. 1770 წელს ეს სახელო გიორგი ნაკაშიძეს, ხოლო 1827 წელს ივანე ნაკაშიძეს ეჭრია.

მესტუმრეთუხუცესი იყო მესტუმრეთა უფროსი მოხელე. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს. მესტუმრეთუხუცესის ხელქვეითი იყო კარის მესტუმრე.[74] ეს თანამდებობა ეჭირათ ჯერ ბერიძეებს. 1664-1667 წლის გიორგი III გურიელის წყალობის წიგნში დასახელებულია მესტუმრეთუხუცესი გიორგი ბერიძე. ბერიძეების შემდეგ მესტუმრეთუხუცესები ხდებოდნენ ნაკაშიძეები. XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მესტუმრეთუხუცესი იყო ბეჟან ნაკაშიძე, მასზე ადრე კი მისი მამა. ბეჟან ნაკაშიძის შემდეგ ეს თანამდებობა გურიის სამთავროში აღარ იხსენიება, სავარაუდოდ, ის გაუქმდა და მისი ფუნქციები სხვა მოხელეს გადაეცა.

გარდა ამ თანამდებობებისა, როსტომ გურიელის დროინდელ სიგელში ასევე იხსენიება ამილახორი ბახთასარ ბოხვაძე.[75] ამილახროს შემდეგ იხსენიება მეჯინიბეთუხუცესის თანამდებობდა. XIX საუკუნის I ნახევარში იხსენიება სარდლის თანამდებობა და ორი სარდალი, რაც მიუთითებს, სამთავრო ორ სასარდლოდ იყო გაყოფილი[76] ასევე სხვადასხვა დროს არსებობდა მოლარის, ქეშიკთუხუცესის, ქილიფთართუხუცესის, მუჯირის, ოთხმესდურის, შათირის, ბაირახტარის თანამდებობები.[77]

სამთავროში მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო ერმენის მებაჟეობა, რაც ნაოსნობასა და საზღვაო ვაჭრობაზე საბაჟო გადასახადის აკრეფის უფლებას იძლეოდა. 1788-92 წლებში სიმონ III გურიელმა კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა ერმენის მებაჟეობა. ეს მოიცავდა გურიის მთელი სანაპირო ზოლს, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. აკრეფილი ბაჟის ნახევარი ნაკაშიძეებს რჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელების იყო. ერმენის მებაჟეობის შემოღებამდე არსებობდა გრიგოლეთი საბაჟო, რომელსაც თავართქილაძეები განაგებდნენ.

ძლიერი მოხელეები იყვნენ მოურავები და მოურავებად მხოლოდ თავადები ინიშნებოდნენ.[78] გურიის სამთავროს სამოურავოებად დაიყო XVIII საუკუნის I მეოთხედში და შემდეგ გამრავლდა[79] სამოურავოების რიცხვი იცვლებოდა ხოლმე, სხვადასხვა დროს იყო ლანჩხუთის, გურიანთის, საჯავახოს, ოზურგეთის, საერისთავოს, აკეთის და სხვა სამოურავოები.[72] მოურავები სამოოურავოს მართავდნენ ნაცვალის მეშვეობით.[80]

სათავადოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სამთავრო იყოფოდა სათავადოებად. XVIII საუკუნის ბოლოს თავადები იყვნენ ნაკაშიძეები, თავდგირიძეები, ერისთავები და მაჭუტაძეები. მათგან არცერთი არ იყო მდიდარი და ძლიერი.[26]

სამთავროს ჩრდილოეთი ნაწილი, გურიის ქედის გადაღმა წარმოადგენდა მაჭუტაძეების სათავადოს. სათავადოს ცენტრი იყო სოფელი ნიგოითი.[26] სამთავროს დასავლეთ ნაწილში ოზურგეთიდან შავ ზღვამდე იყო ნაკაშიძეთა სათავადო. ნაკაშიძეთა სათავადოს ჩრდილოეთიდან საზღვრავდა გურიის ქედი, სამხრეთიდან კი მდინარე ჩოლოქი. ნაკაშიძეების სათავადოს ცენტრი იყო სოფლები ციხე და ვაშნარი.[81]

მდინარე ჩოლოქს სამხრეთით მდებარეობდა თავდგირიძეთა სათავადო. აღნიშნული სათავადო თავდგირიძეებს მიეცათ XVII საუკუნის შუა წლებიდან, მანამდე კი მას მაჭუტაძეები და მელიმონაძეები ფლობდნენ. თავდგირიძეთა სათავადო სამხრეთით გონიოს ჩათვლით გრძელდებოდა და სრულიად მოიცავდა ხინოწმინდის საეპისკოპოსოს, ხოლო სათავადოს ცენტრი იყო ალამბარი. თავდგირიძეებმა აღნიშნული სათავადო ეტაპობრივად დაკარგეს 1718-1769 წლებში. ძველი სათავადოს დაკარგვის შემდეგ გურიელებმა თავდგირიძეებს ახალი სათავადო გამოუყვეს. თავდგირიძეების ახალი სათავადო 1713 წლამდე ართმელაძეთა სათავადოს წარმოადგენდა, თუმცა XVIII საუკუნიდან ართმელაძეების გვარი დაკნინდა. თავდგირიძეების ახალი სათავადო მოიცავდა ოთხ სოფელს აკეთი, ჭანჭათი, ვანი და ზომლეთი. სათავადოს ცენტრი იყო აკეთი. ჩრდილოეთით მას ესაზღვრებოდა საჯუმათლო სოფელი შუხუთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე სუფსა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით გუგუნავების სათავადო.[82]

გუგუნავების სათავადო მდებარეობდა მდინარეების, სუფსისა და ბახვისწყლის შესართავთან, სუფსის ორივე მხარეს, მოიცავდა ძიმითსა და ნაგომარს. ეს სათავადო ეკუთვნოდა ბერიძეების გვარს, თუმცა მათი დაკნინების შემდეგ გუგუნავების ხელში გადავიდა.[18] გუგუნავების სათავადოს სამხრეთით მდებარეობდა მაქსიმენიშვილების სათავადო, რომელიც მოიცავდა ასკანასა და ბახვს. სამთავროს აღმოსავლეთ ნაწილში იყო გურიის ერისთავების სათავადო, რომლის ცენტრი იყო გორა.

გურიის სამთავროში ასევე არსებობდა შალიკაშვილების, ბერეჟიანების, კობალაძეების, კვერღელიძეების სათავადოები, თუმცა ეს გვარები ბერიძეებისა და ართმელაძეების მსგავსად დროთა განმავლობაში დაკნინდნენ.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სამთავროში გაბატონებული იყო ნატურალური მეურნეობა. მიწათმოქმედებას პრიმიტიული ხასიათი ჰქონდა. მიწა რამდენიმე წელიწადში იფიტებოდა. გლეხობისთვის პრობლემას წარმოადგენდა მიწის ფართობებისა და მუშა საქონლის ნაკლებობა. არსებული მეურნეობა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნის მინიმუმის დაკმაყოფილებას ახერხებდა. გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო ღომი და XVII საუკუნის დასაწყისიდან სიმინდი, რომელმაც თანდათან განდევნა ღომი. ღომის გავრცელებული ჯიშები იყო თეთრი, ბარამელა, საადრო, დიდი, მთა-ველი, ძირდაბალა. ჭაობ ადგილებში თევსადნენ ბრინჯს, XVI საუკუნის II ნახევრიდან გავრცელდა თურქული ლობიო.

მევენახეობას პრიმიტიული, მაღლარი ვენახის სახით იყო წარმოდგენილი. გავრცელებული იყო 14 ჯიში, მათ შორის ჩხავერი, მტევანდიდი, ჯანი და სხვა. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მამია V გურიელმა დაიქირავა იაკობ მარი.[45] სოფლის მეურნეობის დამხმარე დარგები იყო მეაბრეშუმეობა და მეფუტკრეობა. მცირე რაოდენობით მოჰყავდათ ბამბა და კანაფი. ეს საქონელი მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებდა და არ გადიოდა ექსპორტზე.[45] გიულდენშტედტის ცნობით ზღვისპირა მხარეებში მოჰყავდათ ლიმონი, ფორთოხალი და ზეთისხილი.[26] 1826 წლისთვის გურიის სამთავროში ცვილისა და თაფლის დიდი რაოდენობა იყო.[45] სუსტად იყო წარმოდგენილი მეცხოველეობა. მეურნეობის პრიმიტიული იარაღებით და ტექნიკით გლეხები ვერ ებრძოდნენ ნესტიანობასა და ჭაობებს. ხშირი იყო ციებ-ცხელება, რაც ხშირ სიკვდილიანობას იწვევდა.

მამია V-მ დაიწყო მრეწველობის განვითარება. მან ქუთაისელ კათოლიკე ქართველებს 10 წლით იჯარით მისცა სამღებროების და არყის სახდელების მოწყობის მონოპოლია.[83].

სამთავროს შემოსავლების წყარო იყო გლეხებისთვის დაწესებული ბეგარა-გადასახადები, ბაზრობებსა და საბაჟოებზე დაწესებული ბაჟები, ასევე გურიელი შემოსავალს იღებდა საკუთარი მარნებიდან, ყანებიდან და მესაქონლეობიდან.

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამთავროს მთავარი მუდმივმოქმედი სავაჭრო პუნქტი იყო დვაბზუ, სადაც ყოველწლიური ბაზრობა იმართებოდა.[84] 1808 წელს ქაიხოსრო გურიელმა დააწესა ექსპორტის შეზღუდვა და ნიხრები გასაყიდ საქონელზე. დვაბზუში, ნაგომარში, ლანჩხუთში, ვანისქედსა და ჯუმათში იმართებოდა პერიოდული ბაზრობები. ასევე გურიიდან ხშირად მიდიოდნენ იმერეთისა და სამეგრელოს ბაზრობებზე. ვაჭრობის განვითარებას ცდილობდა მამია V გურიელი.[45] მან დააარსა ნაგომრის ბაზრობა, ხოლო ბაზრობაზე ხალხის მისაზიდად სამთავროში მოლდოვეთიდან ვლახეთიდან მასხარები და ჯამბაზები ჩაიყვანა. მიმოქცევაში გავრცელებული იყო ოსმალური ფული. იმპორტული საქონელი სამთავროში ოსმალეთის იმპერიიდან შედიოდა. სამთავროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ახალციხესთან სადაც, ძირითადად, ღვინო გაჰქონდათ.

საგზაო მიმოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალციხესთან მიმოსვლა საკმაოდ რთული იყო რელიეფის გამო და გამოიყენებოდა სურამის უღელტეხილი. გურიის სამთავროს თავადაზნაურობა აპირებდა გუბაზეულის ხეობის გავლით ახალციხემდე გზის გაყვანას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. იმერეთსა და სამეგრელოს გურიის სამთავრო უკავშირდებოდა ბევრი სხვადასხვა გზით, თუმცა ეს გზები წვიმის დროს გაუვალი იყო. შედარებით მოსახერხებელი იყო ნაგომარი-ჩოხატაური-საჯავახო-მარნის გზა. შეკვეთილი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მიმავალი გზით უკავშირდებოდა ფოთს. რამდენიმე ბილიკი მიდიოდა ოზურგეთიდან ქობულეთისკენ. წარმოებდა ნაოსნობა სუფსასა და ნატანებზე. გურიის სამთავრო სათანადოდ ვერ იყენებდა ზღვას, როგორც სავაჭრო არტერიას.

ხარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII-XVIII საუკუნეებში გურიის სამთავრო იხდიდა ოსმალეთის იმპერიისთვის განკუთვნილ ხარკს.[85] ხარკის გადახდა ტვირთად აწვა გლეხობას, რომელიც კომლზე აბაზის შესაბამის ტილოს იხდიდა. ამ გადასახადს „სალიანი“ ეწოდებოდა. ხარკი გურიის სამთავრომ 1614 წელს გურია-ოსმალეთის შეთანხმებით იკისრა. გარდა გადასახადისა, გურიის სამთავრო ოსმალეთს ხარკის სახით ყოველწლიურად ასევე უგზავნიდა ტილოს და ქალ-ვაჟებს. XVII საუკუნის შუა წლებში 80 ქალ-ვაჟს, იმავე საუკუნის ბოლოს 46 ქალ-ვაჟს.[86]. ოსმალეთისთვის ხარკის გადახდა გურიის სამთავრომ 1770 წელს შეწყვიტა და მას შემდეგ აღარ გადაუხდია.

სოციალური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიელებს, სხვა ფეოდალებთან შედარებით, ყველაზე მეტი ყმა-გლეხი ჰყავდათ. მთავრის საარსებო წყაროს შეადგენდა ბეგარა-გადასახადები და ბაჟები. გურიელი იყო არა მხოლოდ ყმა-გლეხების, არამდეს სამთავროს სხვა თავადების ბატონიც. გურიის სამთავროს თავადები იყვნენ გუგუნავები, მაჭუტაძეები,ბერიძეები, ერისთავები, თავდგირიძეები, ნაკაშიძეები, შალიკაშვილები, მაქსიმენიშვილები. ძლიერი თავადები, რომლებიც საკუთარ ციხეებს ფლობდნენ, ცდილობდნენ გურიელისგან გათავისუფლებას, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ ცდილობდნენ, აღარ დამორჩილებოდნენ გურიელს. ასეთები იყვნენ ნაკაშიძეები, ერისთავები. ურჩი ფეოდალების მიმხრობის მიზნით გურიელი მათ ხშირად ათავისუფლებდა გადასახადისგან. გადასახადისგან ასევე ხშირად თავისუფლდებოდნენ გურიელის ყმები, ღარიბი და მცირემიწიანი აზნაურები. აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებთან შედარებით გურიელი ეკონომიკურად სუსტი იყო. მისი ყმების რაოდენობა 5-6 ათას სულამდე აღწევდა. სამღვდელობა ცალკე ფენას არ წარმოადგენდა. სასულიერ თანამდებობაზე მყოფი ინარჩუნებდა საკუთარ წოდებას. ყველაზე დაბალი სოციალური ფენა იყო გლეხობა. გურიის სამთავროში 7 გლეხზე ერთი ბატონი მოდიოდა. კუთვნილების მიხედვით არსებობდნენ სამთავრო, სათავადო, სააზნაურო, საეკლესიო და გლეხთა გლეხები. შედარებით უფრო მსუბუქი იყო საეკლესიო გლეხების მდგომარეობა. მებატონეს არ შეეძლო ყმის მოკვლა, წამება, გადასახლება, ოჯახისგან მოწყვეტა. სხვა მხრივ გლეხი მებატონის საკუთრებას წარმოადგენდა, მას შეეძლო გლეხის გაყიდვა ოჯახით, გამზითვება, დაგირავება, გაჩუქება, შეეძლოთ 30 წლის განმავლობაში გაქცეული ყმა ეძებნათ. მებატონეები ასევე ახერხებდნენ ოჯახისგან მოწყვეტით გლეხების გაყიდვასაც. გლეხობა გარდა საბატონო ბეგარისა, იხდიდა საქვეყნო-სამთავრო და ოსმალეთის იმპერიისთვის განკუთვნილ გადასახადსაც („სალიანი“). ოსმალეთისთვის განკუთვნილი ხარკის სახით ერთი კომლი აბაზის შესაბამის ტილოს იხდიდა. სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ რუსეთის ჯარების შენახვა გლეხებს დააწვა ტვირთად, რადგან იძულებულნი იყვნენ პროდუქტი საბაზროზე სამჯერ იაფად ჩაებარებინათ ჯარების გამოსაკვებად. გურიის სამთავროს ტერიტორიაზე სხვა კუთხეებთან შედარებით მეტად იყო გავრცელებული ტყვის სყიდვა, რადგან გურია უშუალოდ ესაზღვრებოდა ოსმალეთს.[87] გურიის სამთავროსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშანი, რითაც ის განსხვავდებოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებისგან იყო ის, რომ აქ მებატონეთა ძალადობას ნაკლები გასაქანი ჰქონდა და გლეხობამ შეძლო შედარებით უპირატესი უფლებების შენარჩუნება.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის სამთავროში გაბატონებული რელიგია იყო მართლმადიდებლობა. XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინოწმინდლო — კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. სამთავრო აღიარებდა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების უზენაესობას და ეპარქიებში აკრეფილი გადასახადების წილს უხდიდნენ მას.[58]დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის პოსტი რამდენჯერმე გურიის სამთავროს დიდებულებმა დაიკავეს, მაგალითად მალაქია II გურიელმა და მაქსიმე I მაჭუტაძემ.[88] სამთავროს სამხრეთ ნაწილების ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცების შემდეგ დაიწყო ამ ნაწილში მცხოვრების ხალხის გამაჰმადიანება.[58]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1772 წელს იოჰან გიულდენშტედტის ცნობით გურიაში 5000 ოჯახი ცხოვრობდა.[26] 1806 წელს გურიის მოსახლეობა იყო დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. იულიუს ფონ კლაპროთის ცნობით გურიაშიი 6000 კომლი ცხოვრობდა (1807-1809).[58] 1831 წლის 1 სექტემბრისთვის გურიის მოსახლეობა იყო 6130 კომლი (36 720 სული). 1837 წლის მონაცემებით კი — 31 ათასი. მოსახლეობას შეადგენდნენ ძირითადად ქართველები მცირე რაოდენობით იყვნენ ებრაელები, სომხები და კავკასიის სხვა ხალხები.[26] საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ჩვევები, ცხოვრების წესი და საქმიანობა მთლიანად ქართული იყო.[58]

იხილეთ აგრეთე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 70
  2. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 73-74
  3. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 33
  4. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 89
  5. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 93
  6. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 41
  7. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 56-60
  8. ქართლის ცხოვრება, წიგნი II — თბილისი, 1959
  9. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 96
  10. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 97
  11. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 98
  12. სოსელია, 1954, გვ. 136
  13. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 69
  14. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 112
  15. მამია II გურიელის (1600-1625) ერთი რელიგიური და დიპლომატიური აქტის შესახებ
  16. Pietro della Valle, "An Account of Georgia," (1627) - Part 3
  17. სურგულაძე ა., „უკრაინელ კაზაკებთან გურიის სამთავროს ურთიერთობის წარსულიდან“, //„ლენინის დროშა“, N8, გვ. 2 — 1961 წ.
  18. 18.0 18.1 თაყაიშვილი ე., „არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები“, თბ., 1907. — გვ. 24-41.
  19. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 82-84
  20. ქაიხოსრო გურიელის სიგელი აჭის ეკლესიას
  21. აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 351, ISBN 978-9941-0-5498-3.
  22. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 840
  23. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 151
  24. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 158
  25. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 249
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 26.5 26.6 26.7 გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
  27. ჩხატარაიშვილი, 1964, გვ. 128-130
  28. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 193
  29. ჩხატარაიშვილი, 1964, გვ. 130
  30. გაზეთი „ივერია“ N195, 13 სექტემბერი, 1891
  31. ჩხატარაიშვილი, 1964, გვ. 136-137
  32. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 290
  33. ხუსკივაძე თ.. (1902)მამია V გურიელი. ციტირების თარიღი: 2023-04-02.
  34. ჩხატარაიშვილი, 1964, გვ. 141
  35. Акты, собранные Кавказской археографической комиссией ტ. 2 გვ. 540, 542
  36. Акты собранные кавказской археографической комиссией, ტ. 2, გვ. 539, 544
  37. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 246
  38. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 244
  39. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 248
  40. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 363
  41. სოსელია, 1954, გვ. 130
  42. Акты собранные кавказской археографической комиссией, ტ. 4, გვ. 432
  43. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 371
  44. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 266
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 45.4 ჟაკ ფრანსუა გამბა, მოგზაურობა ამიერკავკასიაში, თბ.: განათლება, 1987. — გვ. 107-108.
  46. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 286
  47. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 288
  48. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 290
  49. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 294
  50. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 295
  51. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 303
  52. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 305
  53. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 307
  54. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 317
  55. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 320
  56. ნოზაძე ვ., „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, თბ.: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989. — გვ. 8.
  57. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 30-31
  58. 58.0 58.1 58.2 58.3 58.4 გელაშვილი, გ., იულიუს კლაპროტის ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ // „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, ტ. 22, თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2018. — გვ. 283-289.
  59. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 31
  60. Акты собранные кавказской археографической комиссией, ტ. 4, გვ. 441
  61. დუმბაძე, 1954, გვ. 5
  62. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 36
  63. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 365
  64. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 364
  65. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 276
  66. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 39
  67. სოსელია, 1954, გვ. 133
  68. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 368
  69. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 387
  70. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 385
  71. კეკელია მ., „სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ“, ტომი 1, გვ. 119
  72. 72.0 72.1 სოსელია, 1954, გვ. 169
  73. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 375
  74. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 371
  75. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 370
  76. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 369
  77. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 372, 381
  78. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 390
  79. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 392
  80. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 394
  81. სოსელია, 1981, გვ. 165
  82. სოსელია, 1981, გვ. 178
  83. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 298
  84. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 284
  85. Jean-Baptiste Tavernier, Les Six Voyages... (1676) - Part 2
  86. ჩხატარაიშვილი, 1959, გვ. 123, 143
  87. Акты собранные кавказской археографической комиссией, ტ. 1, გვ. 65
  88. Акты собранные кавказской археографической комиссией, ტ. 1, გვ. 74
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.