აფხაზეთის სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
აფხაზეთის სამთავრო
სამთავრო
XVII ს. — 1864
აფხაზეთის სამთავროს დროშა გერბი მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით

აფხაზეთის სამთავრო XVII-XIX საუკუნეებში
დედაქალაქი ლიხნი (XVIII ს. 10-იანი წლებიდან)

სოხუმი (XVIII ს. 80-იანი წლების შუა ხანებშიდან)[1][2][3][4][5]

დინასტია შარვაშიძეები
  1. ზურაბ პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა (ისტორიული რაკურსი), 2021 წ. გვ.151, 182
  2. И. Г. Антелава, Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков. Второе, исправленное издание. Издательство Академии наук ГССР. Сухуми, 1951 გვ. 28, 82
  3. З. В. Анчабадзе, Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.). Абгосиздат. Cухуми, 1959 გვ. 261-262
  4. Г. А. Дзидзария, Присоединение Абхазии к России. – Труды, I. Издательство „Алашара“. Сухуми, 1988 გვ.22
  5. ზაზა წურწუმია, აფხაზეთი რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობებში (XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში). გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი, 2012 - გვ. 64.
აფხაზეთის სამთავროს გერბი ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით

აფხაზეთის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო XVII-XIX საუკუნეების დასავლეთ საქართველოში. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის დროს (XV საუკუნის II ნახევარი) აფხაზეთი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა. XVI საუკუნის ბოლოდან აფხაზმა ფეოდალებმა შარვაშიძეების მეთაურობით იწყეს განკერძოებისათვის ბრძოლა, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში დამთავრდა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავროს შექმნით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის სამთავრო 1843 წელს

აფხაზეთის სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი იყო მდინარე კოდორი. აფხაზი ფეოდალები სამთავროს საზღვრების გასაფართოებლად ებრძოდნენ დადიანებს, ცდილობდნენ დაჰპატრონებოდნენ სამეგრელოს მიწა-წყალს მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირზე. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ბოლოს, XVII საუკუნის მიწურულს შარვაშიძეებმა სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე ენგურამდე გადასწიეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიული დანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII—XVIII საუკუნეების მიჯნაზე მთავარ ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტორია მდინარე ბზიფსა და კოდორს შუა, ჯიქეშიას — კოდორსა და ღალიძგას შუა (აბჟუა), ყვაპუს — ღალიძგისა და ენგურს შუა, რომელსაც შემდეგში სამურზაყანო ეწოდა (სახელწოდება წარმოდგა ყვაპუს შვილის მურზაყანის სახელიდან). ფორმალურად აფხაზეთის სამთავრო იმერეთის სამეფოში შედიოდა. სამთავროს სათავეში ედგა მთავარი (აფხაზურად — აჰ). მისი რეზიდენცია იყო ლიხნში, ხოლო მოგვიანებით ოდიშის სამთავროსთვის ტერიტორიების წართმევის შემდეგ— სოხუმი. აფხაზეთის სამთავრო იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი (მდინარე ბზიფსა და გუმისთას შორის), რომელიც მთავრის უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა, საძნი (ქართულად ჯიქეთი, გაგრა-ადლერის მხარე), გუმა (მდინარე გუმისთასა და კოდორს შორის), აბჟუა (მდინარე კოდორსა და ღალიძგას შორის), სამურზაყანო და წებელ-დალი.

გუმა, აბჟუა და სამურზაყანო მთავრის საგვარეულოს (შარვაშიძე-ჩაჩბა) უმცროსი შტოების საუფლისწულო იყო, საძებში უფროსობდა თავადი გეჩბა, წაბალ-დალში — თავადი მარშანია. მთავრის დომენი და საუფლისწულოები იყოფოდა ცალკეულ სენიორებად, რომელთა სათავეში იდგნენ თავადები (ათაუად) აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ძიაფშ-იფა, ინალ-იფა (ინალიშვილი), ჩაბალურხუა და ჩხოტუა.

ნიკოლოზ დადიანის ცნობით იმერეთის მეფის დავით II-ის გამეფების დროს აფხაზეთის სხვადასხვა ნაწილს თავისი ფეოდალი მართავდა. ასე მაგალითად „დადიანის საზღვარს იქეთ, ზუფუში იჯდა ზურაბ შარვაშიძე, აყუს ციხეში — ქელაიშ აჰმედ-ბეგი, შუა-სოფელში (აყუს საზღვრიდან ღალიძგამდე) ზურაბ შარვაშიძის ძმის-წული — ბექირ-ბეგი“[1].

კლასობრივი დანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარსა და უფლისწულებს (აჰიფა) თავადების გარდა, ყმა-ვასალებად ჰყავდათ აზნაურებიც (აამსთა). მათ შორის ყველაზე გამოჩენილი იყვნენ: მაანი (მარღანია), ლაკირბა, მიქანბა, ზვანბა და სხვა. აზნაურები ჰყავდათ თავადებსაც. მთავრის ხელისუფლება ემყარებოდა ფეოდალურ ლაშქარს. მთავარს ჰყავდა აგრეთვე ახლო ნათესავებისა და ერთგული ხელქვეითებისაგან შემდგარი შეიარაღებული რაზმეული, რომელსაც კიარაზი ეწოდებოდა. მთავრის შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს ყმა გლეხთა ბეგარა-გადასახადი შეადგენდა. მის ხაზინაშივე შედიოდა ჯარიმები (აიბარი), სავაჭრო ბაჟი, „ნებაყოფლობითი“ საჩუქრები და სხვა.

XVI—XVIII საუკუნეებში აფხაზეთი საზოგადოება იყოფოდა ორ ძირითად კლასად: ფეოდალებად (თავადები, აზნაურები) და გლეხებად. გლეხთა კლასი შემდეგ კატეგორიებად იყოფოდა: ანხაიუ, ამაწურასგუ, ახოიუ და ახაშალა. გლეხობა კლასობრივი ბრძოლის სხვადასხვა ფორმას მიმართავდა: უარს ამბობდა გადასახადების გაღებაზე, გარბოდა „უკეთეს“ ბატონთან, კლავდა ფეოდალს. უფრო იშვიათად გლეხები კოლექტიური პროტესტებითაც გამოდიოდნენ. ამ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა იყო მთიელი აფხაზების თანდათანობითი ჩამოსახლება მთისძირა და ზღვისპირა ზოლში. ამის შედეგად თავისუფალ გლეხთა ფენა იყრდებოდა, ფეოდალური წყობილება რამდენადმე სუსტდებოდა და ერთგვარ პატრიატქალურ ელფერს იღებდა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის სამთავროს ეკონომიკურ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი ეკავა სოფლის მეურნეობას. მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას (უმთავრესად ზღვისპირა ზოლში), მევენახეობა-მეღვინეობას, მესაქონლეობას (უპირატესად მთიან მუნიციპალიტეტებში), მეფუტკრეობას, ნადირობას. XVII საუკუნემდე ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა ღომი იყო. სიმინდი მასობრივად გავრცელდა XVIII საუკუნეში. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ლობიოს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა პრიმიტიული და მარტივი იყო (ხის კავი — წნული ფარცხი, ხისა და კრინის თოხი). აფხაზეთიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ თაფლი და ცვილი.

XVI—XVIII საუკუნეებში აფხაზეთის სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა-მრეწველობა, საქალაქო ცხოვრება და ქალაქები X—XII საუკუეებთან შედარებით დაკნინდა. ამის უმთავრესი მიზეზები იყო ოსმალეთის თითქმის სამასწლიანი ბატონობის და შინაფეოდალური ომები. შედარებით აღორძინდა აფხაზეთის სამთავროს ეკონომიკა XVIII საუკუნის მიწურულს. აფხაზეთის სამთავროში მისი არსებობის მთელ მანძილზე გაბატონებული იყო ნატურალური მეურნეობა.

აფხაზეთსა და სამეგრელოში, კერძოდ, ქიფურიაში, კორცხელში, ილორსა და ბედიაში იმართებოდა რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული ბაზრობა. XVI—XVIII საუკუნეებში აფხაზეთში გაჩაღებული იყო ე. წ. „სანაპირო ვაჭრობა“, რომელიც თურქი კომერსანტების შუამავლობით წარმოებდა. თურქებს აფხაზეთში შემოჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის საქონელი და ჩალის ფასად გაჰქონდათ ბზა, ქონი, ბეწვეული, ტყავეული და სხვა.

ოსმალეთის გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნეში აფხაზეთი, ისე როგორც მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენა-ბატონობის სფეროში მოექცა და ხარკს უხდიდა მას. ოსმალეთი მოსახლეობას სრულ დამორჩილებასა და ასიმილაციას ისახავდა მიზნად. თანდათანობით ვრცელდებოდა ისლამი. თურქი დამპყრობლების და ადგილობრივი ფეოდალების გარკვეული ნაწილის წყალობით აფხაზეთის სამთავროში გავრცელდა „ტყვის სყიდვა“, დიდძალი აფხაზი ჭაბუკი და ქალწული იყიდებოდა სკურჩასა და სოხუმში.

აფხაზი ხალხი აქტიურად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. 1725 და 1728 აჯანყებულმა აფხაზებმა ალყა შემოარტყეს ფაშის რეზიდენციას, სოხუმის ციხეს. 1733 ოსმალეთის მრავალრიცხოვანმა ჯარმა გააპარტახა სამეგრელოსა და აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამან გამოიწვია საყოველთაო აჯანყება. აფხაზებმა დაამარცხეს ოსმალეთის ჯარი და განდევნეს ქვეყნის უდიდესი ნაწილიდან. მტრის ხელთ დარჩა მხოლოდ რამდენიმე ზღვისპირა ციხესიმაგრე. ფეოდალური დაქიცმაცებულობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთიანი ძალით იბრძოდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. აფხაზები მონაწილეობდნენ ხრესილის ბრძოლაში (1757), სადაც დასავლეთ საქართველოს გაერთიანებულმა ლაშქარმა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მეთაურობით დაამარცა თურქთა რჩეული ჯარი. 1770 აფხაზთა რაზმი რუსებსა და ქართველებთან ერთად იბრძოდა თურქების წინააღმდეგ ქ. ფოთთან. 1771 აჯანყებულმა აფხაზებმა აიღეს სოხუმის ციხე-სიმაგრე, მაგრამ აჯანყებულთა შორის განხეთქილების შედეგად ვერ შესძლეს მისი შენარჩუნება. აფხაზეთის განთავისუფლება ოსმალეთის ბატონობისაგან შესაძლებელი გახდა რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ.

რუსეთის ანექსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლ-კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ აფხაზეთის მთავარი ქელეშბეი რუსეთის ქვეშევრდომობის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ მეტი კომპენსაციის მიღების მიზნით საქმეს აყოვნებდა. ამავე დროს იგი აშკარად განუდგა ოსმალეთს და განდევნა მისი ჯარი აფხაზეთიდან. 1808 წლის 2 მაისს ოსმალეთის აგენტებმა ქელეშ-ბეი მოკლეს, რამაც აფხაზეთის სამთავროში დესტაბილიზაცია შეიტანა. აფხაზეთში მძაფრად დადგა სამთავროს მემკვიდრის საკითხი. მალევე ძალაუფლება ასლანბეიმ ჩაიგდო ხელთ, რომელმაც ოსმალეთის ერთგულება გამოაცხადა. მის წინააღმდეგ გამოვიდა ქელეშბეის მეორე ვაჟი — საფარბეი, რომელიც მონათლული იყო გიორგის სახელით. რადგანაც ასლანბეი-გიორგის არ გააჩნდა საკმარისი მხარდაჭერა, გადავიდა სამეგრელოში, საიდანაც სამეგრელოს მთავრის ნინო დადიანის შუამდგომლობით მიმართა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს რათა მიმხრობოდა მას, რითაც ის აღუთქვამდა რუსეთის იმპერატორს მის ქვეშევრდომობაში გადასვლას. 1809 წელს აფხაზეთის სამთავროს ტახტის მემკვიდრე გიორგიმ (საფარბეი) ხელი მოაწერა ე. წ. „სათხოვრის პუნქტებს“, სადაც გამოთქვამდა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობისა და სამსახურის სურვილს.

1809 წლის გაზაფხულზე დასავლეთ საქართველში განახლდა რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირება. იმავე წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ფოთს და აიძულეს ზღვით დაეტოვებინა ტერიტორია და გარნიზონთან ერთად გადაეცურათ ტრაპიზონში. ფოთის აღების შემდეგ რიგი იმერეთზე მიდგა, რომელიც გურიისა და სამეგრელოსაგან განსხვავებით არ მიისწრაფოდა რუსეთის იმპერიაში შესვლას. ასლანბეი სოლომონ II-სთან ერთად 4 ათას კაციანი ლაშქრით დაიძრა სამეგრელოს მხარეს. 1810 წლის 17 თებერვალს ალექსანრე I-მა დაამტკიცა „სათხოვარი პუნქტები“ და გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის მემკვიდრეობით მთავრად დანიშნა. 1810 წლის 2 ივლისს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო სოხუმ-კალეს სიმაგრე. სუხუმ-კალეს აღებიდან რამდენიმე დღეში ქალაქში დაიკავა რუსულმა ჯარმა საფარბეი-გიორგის ხელმღვანელობით. იმ დროისათვის ასლანბეიმ ჯიქეთისკენ დაიხია. 1810 წლის 6 აგვისტოს წერილში გენერალმა ტორმასოვმა განსაკუთრებულად მიულოცა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარეს ნ. რუმიანცევს სოხუმ-კალეს აღება.

1810 წელს იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის პროვინცია — იმერეთის ოლქი გახდა, რომლის იურისდიქციაშ გადავიდა გურია, სამეგრელო და აფხაზეთი. რუსეთი არ ჩქარობდა ნებით ახალმიერთებული რეგიონების მმართველობის გაუქმებას და როგორც შემდგომ, კავკასიის ომის შემდეგ გაირკვა ელოდებოდა კავკასიის სრულ დამორჩილებას, შემდგომში რიგ ტერიტორიებზე არსებული ავტონომიური მმართველობა რომ გაეუქმებინა. ასე მოიქცნენ აფხაზეთის სამთავროს მიმართებაშიც. სამი რეგიონიდან მხოლოდ გურიას შეუწყდა ავტონომიური მმართველობა, როდესაც 1828 წელს გურიის მთავარმა სოფიო გურიელმა შეურაცხყოფის გამო შეცვალა თავისი პოზიცია ოსმალეთის იმპერიის სასარგებლოდ.

გიორგი (საფარბეი) ჩაჩბა-შარვაშძის მმართველობა გაგრძელდა 1821 წლამდე. მისი მართველობის პერიოდში რუსეთის იმპერიის ჩართულობა რეგიონის მართვაში იყო მინიმალური. რუსები გამაგრებული იყვნენ მხოლოდ სუხუმ-კალეს ციხესიმაგრეში დ არ ერეოდნენ აფხაზების ყოვლედღიურ ცხოვრებაში. ნ. დუბროვინი თავის წიგნში „ომის ისტორია და რუსების მპყრობელობა კავკასიაში“ წერდა, რომ „ადრეულ წლებში აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში მხოლოდ რუკებზე არსებობდა, სინამდვილეში კი რუსეთის იმპერიის გავლენა მასზე იყო მინიმალური“[2]. მიუხედავად ყველაფრისა, აფხაზეთის ის ნაწილი, რომელიც გიორგის (საფარბეი) ებარა მას დიდად პატივს არ სცემდა. 1818 წელს იმერეთის ოლქის მმართველი გენერალ კურნატოვსკი წერდა, რომ გიორგი (საფარბეი) იმაზე უფრო სუსტი მართელი იყო ვიდრე ის წარმოაჩნდა საკუთარ თავს მათ წინაშე.

1821 წლის თებერვალში გიორგი (საფარბეი) გარდაიცვალა. აფხაზეთში რეალურ პრეტენდენტად ითვლებოდა ოსმალეთში ემიგრირებული ასლანბეი და გიორგის (საფარბეი) უმცროსი ძმა ხასანბეი, რომელსაც ცერად უყურებდნენ რუსეთის იმპერიაში. მალევე ხასანბეი სოხუმის ციხეში შეიტყუეს, შებოჭეს და გააციმბირეს, სადაც 1928 წლამდე იმყოფებოდა.

1821-1822 წლებში გიორგი შარვაშიძის შემდგომ ავტონომიურ აფხაზეთს მისი ვაჟი დიმიტრი (ომარბეი) და 1822-1864 წლებში მიხეილი (ხამუთ-ბეი) მართავდნენ. აფხაზური ტომების (წებელდა, დალი, ფსხუ, აიბღა, ახჩიფსი და ჩუჟგუჩა) ნაწილი, სადაც მართვა მარშანიების ოჯახთა ხელში იმყოფებოდა უარი განაცხადეს შეერთვოდნენ რუსეთის იმპერიას. დამოუკიდებლობას ასევე ინარჩუნებდნენ ჯიქეთის საოგადოებების უმრავლესობა. ერთადერთი მხოლოდ გიორგი შარვაშიძის დაყოლიებით ცანდრიფშის თავადმა ლევან ცანბამ მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. სხვადასხვა დროს ჯიქეთის მთავრები ხან გადადიოდნენ ხან ტოვებდნენ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობას.

1821-1824 წლებში მთელი აფხაზეთი აჯანყებამ მოიცვა, რომელიც უკავშრდებოდა ხასანბეის მუხანათურ შეპყრობას. სახალხო მოძრაობას სათავეში ედგა ასლანბეი. აჯანყების ჩახშობაში დიდი როლი მიუძღვოდა სამეგრელოს სამთავროს წარმომადგენელს პოლკოვნიკ ნიკო დადიანს, რომელმაც დაიყოლია აბჟუის მმართველი ალექსანდე (ალიბეი) ჩაჩბა და სალრიპ მარშანია, რომელსაც ემორჩილებდა მთელი წებელდა განდგომოდნენ ასლანბეის. გენერალმა გორჩაკოვმა დამსჯელი ექსპედიციები გაგზავნა სოფლებში, სადაც გლეხთა აჯანყებები მძვინვარებდა. მათ გადაწვეს სოფელი აკავა, უკან დაბრუნებისას კი გლეხები თავს დაესხნენ დამსჯელ რაზმს, გაანადგურეს იგი და მოკლეს პოდპოლკოვნიკი მიხინი, რომელიც რაზმს მეთაურობდა.

1840 აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროებს შორის სამურზაყანოსთან დაკავშირებული დავის გამო გენერალ გოლოვინმა ჩამოართვა იგი სამეგრელოს და მისგან შექმნა საბოქაულო ავტონომიური უფლებებით. ლევან დადიანმა სამურზაყანოს ნაცვლად მხოლოდ მიზერული კომპენსაცია მიიღო.

1859 წლის 28 იანვარს ფსხუს საზოგადოების (ბზიფის ხეობა) ნაწილი დანებდა რუსეთის იმპერიას. 1860 წლის 7 აგვისტოს წებელდის რაზმი გენერალ ყორღანოვის მეთაურობით დაიძრა ფსხუს საზოგადოების ურჩი მოსახლეობის დასასჯელად. 17 აგვისტოს გენერალ ყორღანოვმა მდინარე ბზიფის ზედა დინებაში დაამარცხა ფსხუელთა, ახჩიფსხუელთა, ჯიქეთთა და უბიხთა რაზმი. 18 აგვისტოს ფსხუს საზოგადოებამ გამოაცხადა რუსეთის იმპერიისადმი მორჩილება[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზ. „ივერია“, №5, 2 აპრილი, 1877
  2. Дуб­ро­вин Н., Исто­рия войны и влад­ычес­тва рус­ских на Кав­ка­зе, СПб., 1871-1888
  3. Кавказский календарь на 1865 г.