სახალხო გვარდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სახალხო გვარდია
Gvardia10.jpg
სახალხო გვარდიის ემბლემა
აქტიური 5 სექტემბერი,191718 მარტი,1921
ქვეყანა Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალები
ტიპი ქვეითი, ცხენოსანი, არტილერია, ჯავშანძალები
როლი სიმეტრიული საბრძოლო მოქმედებები, სპეცოპერაციები
ფერები წითელი
ბრძოლები 1917-1921 წლების ყველა ომში
მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
ვ. ჯუღელი, ა. მაისურაძე, ა. დგებუაძე, ა. ჯიჯიხია, ა. კონიაშვილი, გ. ხიმშიაშვილი, ვ. გოგუაძე, ქ. ჩოლოყაშვილი

სახალხო გვარდია (ინგლ. Peoples Guard) — შეიარაღებული ძალების შემადგენელი საარმიო ტიპის ფორმირება, რომელიც მოწყობილი იყო ტერიტორიული პრინციპით და ძირითადად შედგებოდა კადრირებული დანაყოფებისგან. მშვიდობიან დროს გვარდიას მართავდა გვარდიის მთავარი შტაბი, ხოლო ომის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. გვარდია მონაწილეობდა როგორც სიმეტრიულ საომარ მოქმედებებში, ასევე ანტიპარტიზანულ და საპოლიციო ოპერაციებში. სახალხო გვარდია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა წესრიგის დამყარებაში 1918-1919 წლებში და სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება დიდწილად მათი დამსახურება იყო, ამიტომ „გვარდიის ხელის ხლება საშიში იყო, გვიწევდა თვალის დახუჭვა, რადგან ის დომინირებდა სახელმწიფოში და მათ ხელში იყო დეფაქტო ძალაუფლება ქვეყანაში ... ამ პერიოდში გვარდიამ ქვეყნის შიდა ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ძირითადი ამოცანისა, დაეცვა რევოლუციური მონაპოვარი, ის არაერთგზის ამყარებდა წესრიგს ქვეყანაში და ჩანასახშივე ახშობდა უწესრიგობას როგორც ხალხში, ასევე ახლადფორმირებად საარმიო დანაყოფებში, რომლებშიც რუსეთის არმიიდან დემობილიზებული ჯარისკაცების გამო, ბოლშევიკების ძლიერი გავლენა იყო. თავისი მოქმედებით ის ამყარებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ეს უდაოდ მათი დამსახურებაა“ (გ. კვინიტაძე). სახალხო გვარდიის დანაყოფები ძალის გამოყენებით შლიდნენ ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს და კრებებს, ახშობდნენ კომუნისტურ აჯანყებებს, მათ რამდენიმეჯერ განაიარაღეს უკონტროლო საარმიო ქვედანაყოფები, მილიციასთან ერთად აქტიურად ებრძოდნენ ყაჩაღთა და კრიმინალთა ბანდებს, აღკვეთავდნენ ეთნიკურ კონფლიქტებს და როგორც ტერიტორიული დაცვის ნაწილები ხშირად პირველები რეაგირებდნენ მოულოდნელად წარმოქმნილ სამხედრო საფრთხეებზე, თუმცა სპეციფიკური, დემილიტარიზირებული ორგანიზაცების გამო გვარდიას უჭირდა სიმეტრიულ ომში ხანგრძლივი მოქმედება. ამ მიზეზების გამო გვარდიელებს ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება და საარმიო დანაყოფებთან შედარებით უკეთესი მომარაგება.

გვარდია გააუქმა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ 1921 წლის მარტში, ხოლო მისი წევრები განსაკუთრებული მონდომებით იდევნებოდნენ.

სექციების სია

დაარსების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსაფრთხოების კომისიის საგანგებო რაზმი. 1917 წ. 12 დეკემბერი

წითელი გვარდია (რომელსაც „სახალხო“ 1918 წლის 26 მაისის შემდეგ ეწოდა) თანამედროვე შინაგანი ჯარების სტილის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკები) კონტროლქვეშ მყოფ „რევოლუციური მონაპოვრის“ დამცველ მოხალისეთაგან დაკომპლექტებულ შეიარაღებულ ძალად ჩამოყალიბდა 1917 წლის შემოდგომაზე. ამ რაზმის პირადი შემადგენლობა პირველ ხანებში შედგებოდა მხოლოდ მარქსისტული იდეოლოგიის მატარებელი თბილისელი მუშებისაგან, შემდგომში გვარდიაში ჩაწერა ყველა მოქალაქეს შეეძლო და ის არ წარმოადგენდა პარტიულ ფორმირებას [1] .

პირველი დანაყოფი შექმნა ამიერკავკასიის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს საზოგადროებრივი უსაფრთხოების კომისიამ. იარაღის პირველი მცირე პარტია აქტივისტებმა მიიღეს გაუქმებული გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოდან და მიიტანეს სადარაჯო ბატალიონის ყაზარმებში. სულ შეგროვდა 150 სხვადასხვა შაშხანა და რამდენიმე ათეული რევოლვერი. 1917 წლის 5 სექტემბერს გადაწყდა შეექმნათ პირველი დანაყოფი ნაძალადევში, სადაც გაიგზავნა 40 შაშხანა, ამ დანაყოფის მიზანი კონტრრევოლუციური გამოსვლების ჩახშობა იყო. რკინიგზის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საწყობში აღმოჩნდა 300 ძველი შაშხანა და ვაზნები, რომლებიც ასევე გადაეცა კომიტეტს. ამგვარად შეიქმნა რევოლუციურ მუშათა შეიარაღებული, 220-250 კაციანი დანაყოფი: უსაფრთხოების კომისიის საგანგებო რაზმი.

უსაფრთხოების კომისიას მეთაურობდნენ: ვალიკო ჯუღელი, ვლადიმერ ჯიბლაძე, შენგელია, კახიანი, ალექსანდრე მაისურაძე, ალექსანდრე დგებუაძე, ტრაპაიძე, მოროზოვი და კორზიუკოვი.

კომისიის დაფინანსება ძალიან მწირი იყო, არ გააჩნდათ ავტომობილები და სხვა ტექნიკა. მუშაობდნენ უხელფასოდ, ენთუზიაზმის ხარჯზე.

1917 წლის 12 დეკემბერს რაზმმა იერიშით აიღო თბილისის საარტილერიო საწყობები არსენალის მთაზე და საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ საქართველოს. 12 დეკემბერი გამოცხადდა სახალხო გვარდიის დღედ და ყოველ წელს დიდი ზეიმით აღინიშნებოდა.

მთავარი შტაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი, 1920 წ

სახალხო გვარდიას მართავდა მთავარი შტაბი, რომელსაც ირჩევდა გვარდიის ყრილობა ერთი წლის ვადით და ამტკიცებდა მთავრობა. მთავარი შტაბი მთავრობის თავმჯდომარის მეშვეობით პირდაპირ ექვემდებარებოდა რესბუბლიკის მთავრობას, ხოლო მთავრობის სხდომაზე გვარდია წარმოდგენილი იყო ერთი სათათბირო ხმით. მთავარ შტაბს ემორჩილებოდა საოლქო, ხოლო საოლქოს სარაიონო შტაბები. როგორც საოლქო, ასევე სარაიონი შტაბები არჩევითი იყო ერთი წლის ვადით. ამ შტაბებში სხვადასხვა პროფესიის ათასამდე ადამიანი მუშაობდა. გვარდიის მობილიზაციის უფლება მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს – უკიდურეს შემთხვევაში კი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ან გვარდიის მთავარ შტაბს ჰქონდა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სასახლეში იყო განთავსებული. მთავარი შტაბი 21 წევრისაგან შედგებოდა: ნოე ჟორდანია (საპატიო თავმჯდომარე), ვალიკო ჯუღელი (თავმჯდომარე), ალექსანდრე დგებუაძე (მოადგილე), ალექსანდრე მაისურაძე (მოადგილე), ვლადიმერ ჯიბლაძე (მოადგილე), ან. ჭიაბრიშვილი (მოადგილე), დავით საღირაშვილი (მოადგილე), რუბენ აუშტროვი (მდივანი), გოგიტა ფაღავა (მდივანი), ალექსანდრე ფარნიევი, ი. ქარცივაძე, ზ. გურული, ვ. გოგეშვილი, ე. სირბილაძე, იაკობ ხარაში, თ. შენგელია, მ. ვარდოიანი, ტ. ფარქოსაძე, ლ. რუხაძე და ვ. მუხარინსკი.

ორგანიზაცია და ქვედანაყოფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარდიის შესახებ გამოიცა ორი კანონი, 1918 წლის ივლისში და 1919 წლის დეკემბერში, ხოლო ბოლო დადგენილებები მიიღო გვარდიის დელეგატთა მესამე სხდომამ 1920 წლის 8 აგვისტოს [2]. გვარდია იყოფოდა რეგულარულ და კადრირებულ ქვედანაყოფებად. რეგულარული ქვედანაყოფების სია 1919 წლის რეორგანიზაციის შემდეგ ასე გამოიყურებოდა:

სახალხო გვარდიის თბილისის საგანგებო ბატალიონი. 1918 წ.

თბილისის საგანგებო ქვეითი ბატალიონი - 538 კაცი

სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი - 456 კაცი

სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადა - 612 კაცი 20 ქვემეხით.

ორი მსუბუქი ბატარეა, ორი სამთო ბატარეა, ერთი ჰაუბიცების ბატარეა

სახალხო გვარდიის საგანგებო ტყვიისმფრქვეველთა რაზმი - 157 კაცი

სახალხო გვარდიის ჯავშნოსან ავტომობილთა ასეული - 89 კაცი, 4 ჯავშნოსანი [3]

ჯავშნიანი რკინიგზის რაზმი - 114 კაცი, 2 ჯავშანმატარებელი

გვარდიის საინჟინრო ასეული - 77 კაცი

1920 წელს საარტილერიო ბრიგადამ მიიღო 2 ახალი ჰაუბიცა და დაიმატა 35 კაცი.ჯავშანმატარელებთა რიცხვი გაიზარდა ოთხამდე: N1 „რესპუბლიკელი“, N2 „მუშა“, N3 „სიკვდილი ან გამარჯვება“ და N4 „თავისუფლების სიმაგრე“.

ამავე წლის ბოლოს გვარდიის შემადგენლობაში შევიდა სატანკო დივიზიონი, რომელშიც შედიოდა ჩრ. კავკასიიდან უკანდახეული რუსეთის თეთრი გვარდიის გადმოცემული ორი ინგლისური ტანკი Mark-V, თუმცა მათი გარემონეტება ვერ მოხერხდა და 1921 წელს წაიღეს რუსეთში [4] .ამგვარად, სრულად დაკომპლექტებული სახალხო გვარდიის მუდმივმოქმედი ქვედანაყოფები შტატით ითვლიდნენ 2.113 კაცს, 30-ზე მეტ ქვემეხს, 4 დაჯავშნულ ავტომობილს და 4 ჯავშანმატარებელს. კადრირებული იყო 20-მდე ქვეითი ბატალიონი. ომის დროს გვარდიის პირადი შემადგენლობა 10.000 მებრძოლზე ადიოდა.

იხ. სახალხო გვარდიის დანაყოფების სრული სია [5]

გვარდიის სპეციფიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ ეტაპზე ქართველი მარქსისტების მთავარ ამოცანას „როვულუციის მონაპოვარის“ და „მუშათა და გლეხთა საქმის და ინტერესების“ დაცვა წარმოადგენდა, ხოლო ეროვნული ინტერესები მეორე პლანზე იდგა. სახასიათოა გვარდიის მეთაურის ვ. ჯუღელის შინაგანი გაწყობა რომელიც ასე იხსენებს 1918 წლის 26 მაისს: „არ ვიცოდი რამ გამოიწვია ეს დამოუკიდებლობა, მოვლენათა უბედურმა დამთხვევამ, თუ დაწყევლილმა ნაციონალიზზმა იზეიმა? ... ვიცი ერთი: „დამოუკიდებელმა საქართველომ“ კიდევ უფრო გააღმავა ჩემი სევდა ... შექმნილ სიტუაციაში ნაკლებ ბოროტებად მიმაჩნია გერმანიის მეგობრული პროტექტორატი, რადგან რუსეთიდან მოგგვლიჯეს, ხოლო ინგლისი და საფრანგეთი ჩვენგან მიუღწეველნი არიან. საცოდავი, საცოდავი და ნატანჯი რუსეთი! როგორ მიყვარდი შენი ნათელი მომავლით [ავტ.: გულისხმობს რევოლუციას], შენი მომავალი თავისუფლებით და როგორ მწყდება გული, სევდა მიპყრობს როცა ვხედავ შენს დაშლილ, დასუსტებულ და დაღუპვისთვის განწირულ სხეულს“ [6]. შემდგომში ვ. ჯუღელმა აზრი შეიცვალა და შეაკვდა დამოუკიდებელ საქართველოს 1924 წლის 30 აგვისტოს აჯანყების დროს, სწორედ იმ რუსებთან ბრძოლაში, რომელთა „ნათელ მომავალსაც“ 1918 წელს მისტიროდა.

გვარდიელები ამრეზით უყურებდნენ საქართველოში შემოსულ გერმანელებს როგორც იმპერიალისტებს და კლასობრივ მტრებს, მაგრამ მალევე აღმოაჩინეს რომ ცდებოდნენ, აღარ ეთაკილებოდათ გერმანელებთან მხარდამხარ ბრძოლა და გაცილებაც საზეიმო მოუწყვეს. ინტერნაციონალური ილუზიები თანდათან ქარწყლდებოდა, ცხოვრების რეალობა მწარე იყო და ამას სოცდეკებიც ხედავდნენ.

ქართველ მენშევიკებს ფსიქოლოგიურად ყველაზე მეტად ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლა უჭირდათ. გარდა იმისა რომ პირადად იცნობდნენ ერთმანეთს მრავალი წლის მანძილზე, იდეოლოგიაც დიდად არ იყო განსხვავებული, განსხვავდებოდა მხოლოდ მიზნის მიღწევის გზები. გვარდიელების ფსიქოლოგიური პორტრეტს ძალიან კარგად ახასიათებს მათი სარდალი ჯუღელი: „სოჭის ფრონტი ჩვენთვის უფრო მისაღები იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკებს ყოველთვის მტკიცედ ვებრძოდით და ვანადგურებდით, თითოეული ჩვენგანს - როგორც მეთაურობას, ასევე რიგით გვარდიელებს გული გვეთანაღრებოდა, რადგან ბოლშევიკების რიგებში ჩვენი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მათ მხარეს მოწინავე თბილისელი მუშების ნაწილიც იბრძოდა. ეს გარემოება მძიმე იყო ყველა გვარდიელისთვის, ისინი იძულებულნი იყვნენ ჩაეხშოთ დიდი ტკივილი და დიდი სევდა, თუმცა იბრძოდნენ, რადგან იცოდნენ რომ ამით გადარჩებოდა სახალხო საქმე და რევოლუცია ... როცა სოჭის ფრონტზე ჩავედით გენერალ ალექსეევის წინააღმდეგ, როცა ჩვენი სანგრების წინ ალექსეევის თეთრგვარდიელ მოხალისეთა სანგრები აღიმართა, იქ სევდა და გაუგებრობა საერთოდ აღარ იყო! რადგან ვიცოდით რომ ჩვენს წინ მტკიცე კონტრრევოლუციონერები იყვნენ, რომლებსაც სურდათ რევოლუციის მონაპოვრის ამოძირკვა, ამიტომ ყველა სახალხო გვარდიელი გაცილებით მსუბუქად და მხნედ გრძნობდა თავს. მიუხედავად იმისა რომ იქ მთელი სამი თვე დავყავით, სახალხო გვარდია არ იწყენდა, რადგან იცოდა რომ მის წინ უბოროტესი მოწინააღმდეგე იდგა. ხშირად რიგითი გვარდიელები მოგვმართავდნენ და გვთხოვდნენ: „რატომ ვდგავართ მტრის წინ ასე დიდხანს, არ ჯობია შევუტიოთ ამ კონტრრევოლუციონერებს?“ გვარდიის მოტივაცია დამოკიდებული იყო მტრის პოლიტ-სოციალურ პლატფორმაზე. გარდა ამისა, გვარდიას არ გააჩნდა მკაცრი სამხედრო ვერტიკალი და დემოკრატიულად იმართებოდა, თუ გვარდიელები ჩათვლიდნენ რომ რომელიმე ოპერაცია რევოლუციის მიზნებს არ შეესაბამებოდა, ან ზედმეტად იყვნენ დაღლილები, სამი თვე კი არა, ორი დღეც არ ჩერდებოდნენ პოზიციებზე და ხანდახან თვითნებურადაც კი ტოვებდნენ წინა ხაზს, თუმცა პასუხს არავინ არ სთხოვდათ ამ თვითნებობაზე.

მიუხედავად მარქსისტული იდეოლოგიისა, ბევრი გვარდიელი პატრიოტულად იყო განწყობილი და ესმოდა სამშობლოს მნიშვნელობა, დამახასიათებელია ასეთი შემთხვევა: „მახსოვს როგორ მოდიოდნენ ჩემთან სამხედრო სკოლაში გვარდიელები მუშებიდან, რომლებიც დიდხანს იდგნენ პლაცზე და სიმოვნებით უყურებდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა წვრთნა ქართულ ენაზე. ისინი ხშირად ავლენდნენ ჩემთან პატრიოტულ გრძნობებს და იძახდნენ: მადლობა ღმერთს, სწავლება ჩვენს ენაზე რომ მიმდინარეობს!“ (გ. კვინიტაძე).

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო გვარდიის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია 1920 წლის 12 დეკემბრიდან გამოსცემდა ილუსტრირებულ ჟურნალს „სახალხო გვარდია“, სულ მოესწრო 6 ნომრის გამოშვება.

ჟურნალი „სახალხო გვარდიელი“ N1 1920 წ

დამოკიდებულება არმიასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგულარული არმიისადმი სოციალ-დემოკრატების დამოკიდებულება კარგად ჩანს მათივე ოფიციალურ ორგანო „ერთობაში“ (N46. 25.02.1918 წ) გამოქვეყნებული წერილიდან: „რას წარმოადგენს მუდმივი ჯარი? ყველა სოციალ-დემოკრატი ამაზე დაუყოვნებლივ გიპასუხებთ, რომ მუდმივი ჯარი ეს ერთი იმ ბოროტებათაგანია, რომელიც თანდაყოლილი აქვს ბურჟუაზიულ წყობას. მუდმივი ჯარი ყაზარამში ჩამწყვდეული ხალხის შვილებისაგან შემდგარი, ბოლოს და ბოლოს ამ ხალხის, დემოკრატიის წინააღმდეგ მიდის და მისი შეწუხება-შევიწროვების უმთავრეს იარაღად იქცევა. გაბატონებული კლასები მას თავის მიზნებისთვის იყენებენ და ასე ხალხის დამორჩილებას თვით მათივე შვილების საშუალებით ახერხებენ. დემოკრატია ამიტომ წინააღმდეგი იყო და არის მუდმივი ჯარის არსებობის. რუსეთის რევოლუციამ დემოკრატიის ასეთ შეხედულებას კიდევ ერთი ზედმეტი საბუთი მისცა.“ ამ იდეების მატარებელი ხალხის აზრით მილიციურ სისტემაზე მოწყობილი იდეოლოგიზირებული და კლასობრივი გვარდია უნდა გამხდარიყო ერთადერთი შეიარაღებული ძალა. მეფის რუსეთის არმიის ყოფილ ოფიცრებში და მათი ავტორიტეტის ქვეშ მყოფ, „ყაზარამში გამოკეტილი ჯარისკაცებში“ ქართველი სოციალისტები ხედავდნენ მათი ძალაუფლებისთვის პოტენციურ საფრთხეს.

1918-1921 წლების მანძილზე ორივე ეს კომპონენტი პარალელურ რეჟიმში არსებობდა და ხელს უშლიდა ომების ნორმალურად ჩატარებას. 1919 წელს დადგა გვარდიის არმიასთან შერწყმის საკითხი, მაგრამ დიდი ავტორიტეტის და დამსახურების გამო გვარდია დამოუკიდებელ ორგანიზაციად დატოვეს. მართალია საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს გვარდიული დანაყოფები ემორჩილებოდნენ შეიარაღებული ძალების სარდლობას და ასრულებდნენ მათ ბრძანებებს, დასჯის წესებიც ორივე ფორმირებისთვის ერთნაირი იყო, თუმცა რეალობაში გვარდია თვითნებობდა და დასჯითაც არმიელები უფრო ისჯებოდნენ ვიდრე გვარდიელები.

სახალხო გვარდიაში მიიჩნეოდა რომ არმია იყო „უმცროსი ძმა“, ზემოდან ყურება იქამდე მიდიოდა, რომ არმიის ოფიცრებს საჯაროდ აყენებდნენ შეურაცხყოფას (მაგ.: ბორჯომის სადგურში ვალოდია გოგუაძემ სახეში გაარტყა ხეიბარ ოფიცერს, რომელიც ფრონტიდან მოდიოდა, ვერ მოასწრო ახალი ფორმის მიღება და სხვების მსგავსად იმპერიული არმიის შინელი ეცვა. რუსთაველის გამზირზე მხცოვან და დამსახურებულ გენერალს ჩამოგლიჯეს წმ. გიორგის ჯვარი და ა.შ.), რაც ძაბავდა ურთიერთობას მებრძოლებს შორის. გვარდია იღებდა შედარებით უკეთეს ეკიპირებას და ზოგადად მეტი ყურადღება ექცეოდა ვიდრე არმიას, თუმცა აღსაღნიშნავია რომ ორივე ძალა მეტნაკლებად ერთნაირ პირობებში იყო.

ამგვარ უცნაურ ყოფას ასე აღწერს მაზნიაშვილი: „გვარდია იყო პირმშო, ჯარი კი გერი. და „დედინაცვლის“ უსამართლობა თვითონ ჯარსაც და მოქალაქეებსაც გულს ნაღვლით უვსებდა და უბოროტებდა. ოფიცრები და ჯარისკაცები ხშირად ხმამაღალ გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და აღშფოთებას, ხოლო მათში ვინც იყო სულმდაბალი და სუსტი, თავს ანებებდა სამსახურს და სახალხო გვარდიაში ეწერებოდა, სადაც ასეთ ხალხს სიხარულით იღებდნენ“.[7]

სახალხო გვარდიის მართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დროს, გვარდიის მთავარი შტაბი სთხოვდა სარდლობას დაენიშნათ ესა თუ ის ოფიცერი ომის დროის შტატით გაშლილი გვარდიის ბატალიონების მეთაურად, რადგან გვარდიას ბატალიონების სისტემა ჰქონდა და არ იქმნებოდა გვარდიული პოლკები, ან ბრიგადები, რაც ომის დროს მართვის იმპროვიზაციას იწვევდა. არმიის ოფიცრები ერიდებოდნენ გვარდიაში ასეთ დროებით დანიშნვას, რადგან ერთის მხრივ საკუთარ უშუალო მოვალეობას წყდებოდნენ და მეორეს მხრივ უცხო დანაყოფის მეთაურობა არ უნდოდათ. რიგითი შემადგენლობა ხშირად არც იცნობდა თავის მეთაურს, ანუ მათ არ გააჩნდათ საკმარისი სამეთაურო ავტორიტეტი დანაყოფში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინის დამყარებისთვის. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის და ბატალიონების მეთაურების პარალელურად, მთავარი შტაბიც მართავდა ათეულობით გვარდიულ დანაყოფს, მართვის ეს უცნაური და დუბლირებული სისტემა ხანდახან კატასტროფულ შედეგებს იწვევდა. მაგალითად: ცხინვალის აჯანყების დროს როკის პოზიციაზე მყოფმა მეწინავე ასეულმა ითხოვა შეცვლა, ბატალიონის მეთაურმა კაპიტანმა ჩხეიძემ მათ შესაცვლელად გააგზავნა მეორე ასეული, თუმცა უსაფრთხოების ზომების უგულვებელყოფის გამო ორივე დანაყოფი ოსების ალყაში მოექცა. ჩხეიძემ სხვა ასეულებში განგაში გამოაცხადა და როკისკენ წასვლის ბრძანება გასცა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ასეულები მის დაუკითხავად შვებულებაში გაეშვა გვარდიის მთავარ შტაბს. ორივე ასეული ტყვედ ჩავარდა და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. მართვის მხრივ შედარებით კარგად იყო სიტუაცია გვარდიის ცხენოსან დივიზიონში, სადაც კადრის გამოცდილი ოფიცრები და სერჟანტები მსახურობდნენ.

მიუხედავად იმისა რომ გვარდია ტერიტორიულად იყო მოწყობილი და ბატალიონის სრული მობილიზაციისთვის 48 საათი იყო გამოყოფილი კანონით, სხვადასხვა მიზეზების გამო ხშირი იყო შემთხვევა, როცა დანაყოფის მობილიზაციას და ადგილიდან დაძვრას 10-12 დღე სჭირდებოდა. არადა ტერიტორიული მოწყობის უპირატესობა სწორედ სწრაფ მობილიზაციაშია.

უკმაყოფილება გვარდიის მიმართ მენშევიკების რიგებშიც იზრდებოდა, 1919 წლის ივლისში გაიმართა სამხედრო კანონებზე მსჯელობა და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა სახალხო გვარდია სამხედრო სამინისტროს დაქვემდებარებოდა, რასაც გვარდიის მთავარი შტაბი ეწინააღმდეგებოდა, ისინი სრულ დამოუკიდებლობას და უშუალოდ მთავრობისადმი, ან მთავრობის თავმჯდომარისადმი დაქვემდებარებას უჭერდნენ მხარს. ჯუღელი ასე აღწერს სიტუაციას:

„ეს ნიშნავდა, რომ სახალხო გვარდია ფაქტიურად გენერალიტეტს და სამხედრო კასტას დაუქვემდებარეს! ეს უდრიდა სახალხო გვარდიის სულის მოკვლას! და გვარდიის სულს კლავდა ის ხალხი, რომლებმაც საკუთარი სული, საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი ხალხი სწორედ მათ მიერ დახოცილი გვარდიით გადაარჩინეს! ამან მე ამაღელვა, დამაღონა და აღმაშფოთა. დავინახე სახალხო გვარდიისადმი ფარული უნდობლობა და განვაცხადე, რომ ასეთი უნდობლობის შემდეგ შტაბში აღარ დავრჩებოდი და წავიდოდი; და მე წავედი ... კოლექტივიზმის სული უსაზღვროდ მეფობდა და ეს აქცევდა გვარდიას ძალიან ფასეულად ჩემთვის. ამ შემოქმედებითი კოლექტივის, შეიარაღებული დემოკრატიის დამორჩილება სამხედრო სამინისტროსადმი თავად ამ დემოკრატიის შეურაცხყოფად მიმაჩნია! ... მე კოლექტიური ძალაუფლების ფანატიკოსი ვარ, მე აბსულუტური კოლექტივისტი ვარ''.

რამდენიმე დღის შემდეგ გვარდიის შესწორება დამტკიცდა და ჯუღელი დააბრუნეს პოსტზე:

„ამგვარად ჩვენ ისევ დამოუკიდებლები ვართ გენერალიტეტისგან, ჩვენ თავისუფლები ვართ ჩვენს დემოკრატიზმში!“

„დემოკრატიული მართვის“ ნიმუშია 1921 წლის 3 მარტის ოსიაურის კონტრშეტევა, როდესაც ტყეში განლაგებულმა გვარდიულმა დანაყოფებმა არ ისარგებლეს ხელსაყრელი გარემოებით და ბრძანების შესრულებას ვინ ჩივის, სულაც მიატოვეს ბრძოლა და სურამის უღელტეხილისკენ ისე წავიდნენ, არც მაზნიაშვილი გაუფრთხილებიათ, არც მეზობლად მყოფი გვარდიული ბატალიონი და არც შტაბი. ეს არ იკმარეს, არც უღელტეხილზე იბრძოლეს და რუსებმა უომრად დაიკავეს სტრატეგიული გადასასვლელი, რამაც გამარჯვების ისედაც მცირე შანსი საბოლოოდ მოსპო.

სახალხო გვარდიის არტილერია და შტაბი სოჭის რაიონში 1919 წ

სამხედრო იერარქია და დისციპლინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარდიის მთავარი ნაკლი მკაცრი სამხედრო იერარქიის არქონა, ხშირად ელემენტარული სამხედრო წესების უგულვებელყოფა და დაწყებითი სამხედრო მომზადების არქონა იყო. ბატალიონებს მართავდნენ ძირითადად სამოქალაქო პირებისგან შედგენილი შტაბები რომლებიც ხმების უმრავლესობით იღებდნენ გადაწყვეტილებას და თუ ფრონტის სარდლის, ან გვარდიაზე მიმაგრებული ოფიცრის ბრძანება გვარდიის ამა-თუ იმ დანაყოფს არ მოეწონებოდა, შეეძლოთ არ დამორჩილებოდნენ, პასუხსაც ვერავინ მოსთხოვდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ კანონით ვალდებულები იყვნენ ბრძანება დაუყოვნებლივ მოეყვანათ სისრულეში. 1). 1918 წელს შულავერიის ბრძოლის დროს გვარდიის ბატალიონმა, მიუხედავად მათი მეთაურის, გენერალ ჩხეტიანის თხოვნისა, თვითნებურად და თან ზედიზედ ორჯერ (!!) მიატოვა ბრძოლით აღებული სიმაღლე, რამაც შულავერის აღების ოპერაცია ორი დღით გადადო, რაც თავის მხრივ საქართველო-სომხეთის საზღვრის კონფიგურაციაზე აისახა, რადგან სწორედ 2 დღე არ ეყო ჩვენს სარდლობას ლორეს ზონის მთლიანად დასაკავებლად. 2). სოფელ სადახლოდან გამოიხმეს გვარდიის ნაწილი რომელიც უნდა დახმარებოდა ბოლნისის რაიონში მოქმედ გვარდიის ძირითად დაჯგუფებას, ამ ბატალიონს უნდა გაევლო შულავერზე, სადაც ღვინის საწყობები იყო. გვარდიელებმა ამოცანის ასრულება გადადეს და მიტოვებულ საწყობებს შეესივნენ, წესრიგის აღსადგენად ფრონტის სარდალ გიორგი მაზნიაშვილს პირადად მოუწია შულავერში დაბრუნება და ეს ხებოდა მაშინ, როცა თითოეულ საათს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 3). 1921 წლის 18 თებერვალს სოღანლუღის ბრძოლის დროს ხაშურის გვარდიის ბატალიონი ჩუმად და უბრძოლველად მოიხსნა სიმაღლიდან და გაიპარა არმიის ასპინძის მე-9 და თბილისის მესაზღვრეთა ათასეულებს შორის, რამაც ძალიან სახიფათო მდგომარეობა შექმნა, რუსებმაც ვერ შეამჩნიეს მათი წასვლა, თორემ უკან გაყვებოდნენ და თბილისში უბრძოლველად შემოვიდოდნენ. სამაგიეროდ მათ მარცხნივ, დაბლობში მყოფმა გორის სახალხო გვარდიის ბატალიონმა სასტიკი ბრძოლა გაუმართა წითელი არმიის 58-ე ბრიგადას და შეაჩერა მისი წინსვლა. დანაყოფის ასეთი ქცევა დაბალ სამხედრო მომზადებასა და სუბორდინაციის მოშლაზე მიუთითებს. კონვენციურ ომში გარემოებათა დადებითი მსვლელობისას გვარდია ნორმალურად იბრძოდა, მაგრამ ხშირად პირველივე კერძო წარუმატებლობაზე უმართავ მასად იქცეოდა და რეალურად მათი ფრონტზე ყოფნა საშიშიც კი იყო სარდლობისთვის, მათი ქცევის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. გვარდიაში ჩვეულებრივი ამბავი იყო ბრძანებების განხილვა, გაპროტესტება, ხმების უმრავლესობით გადაწყვეტილების შეცვლა და ა.შ. ანუ ისეთი მოვლენები, რაც დაუშვებელია სამხედრო სტრუქტურაში, ანუ გვარდიის პრობლემები მათი შიდა წესების ბრალი იყო და არა თავად გვარდიელების ბუნებრივი ავი ზნე.

ძირითადი საბრძოლო მოქმედებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარდია მონაწილეობდა ყველა ბრძოლაში, რომელიც 1917-1921 წლებში მომხდარა საქართველოში. შეიძლება ითქვას რომ გვარდიული დანაყოფები განუწყვეტლივ იმყოფებოდნენ ფრონტზე და ერთი ადგილიდან შეუსვენებლად გადაყავდათ მეორეგან, ხშირად გვარდია ერთადერთი შეიარაღებული ძალა იყო, რომელსაც შეეძლო პასუხი გაეცა ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისათვის. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები, სადაც გვარდია შედარებით მსხვილი ძალებით მონაწილეობდა:

გორის მე-4 ქართული პოლკის განიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 7 თებერვალს თბილისის წითელი გვარდიის დანაყოფები შევიდნენ გორში, სადაც მარადიორობდნენ ჯარისკაცები და თავზარს სცემდნენ მოსახლეობას. გვარდიელებმა დაიკავეს ყაზარმები და პოლკი დაშალეს. მცირე შეტაკებაში დაიჭრა ორი გვარდიელი.

თელავის მე-8 პოლკის განიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 21 თებერვალს სამ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად წითელი გვარდიის ნაწილებმა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით განაიარაღეს თელავში განლაგებული მე-8 ქართული პოლკის ბოლშევიკურად განწყობილი ჯარისკაცები, რომლებიც არბევდნენ დაწესებულებებს და მარადიორობდნენ. ჯარისკაცებთან შეტაკებაში დაიღუპა უნტერ-ოფიცერი, წმ. გიორგის ორდენით დაჯილდოებული გიორგი მირზოევი, პირველი წითელგვარდიელი რომელიც დაეცა ბრძოლაში, დაიჭრა რამდენიმე. რკინიგზის სადგურში საჯაროდ დახვრიტეს აჯანყების სამი მოთავე, ხოლო თელავში დროებით დატოვეს 40 გვარდიელი, რომლებსაც გვარდიის ადგილობრივი დანაყოფის ჩამოყალიბება დაევალათ.

დუშეთის ცხენოსანი პოლკის განიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 22 თებერვალს თბილისის მეორე ბატალიონი ვლადიმერ ჯიბლაძის მეთაურობით ჩავიდა მცხეთის სადგურში, საიდანაც სატვირთო ავტომობილებით გაემგზავრნენ დუშეთში ცხენოსანი პოლკის დასაშლელად. ბატალიონი საბრძოლო წყობით შევიდა ქალაქში და ნახევარსაათიანი შეტაკების შემდეგ დაიკავა ყაზარმა. ჯარისკაცების უმეტესობა გაიქცა. საავტომობილო ინციდენტის შედეგად დაზიანდა 3 გვარდიელი. საღამოს დუშეთში შემოვიდა გორის წითელი გვარდიის ასეული სანდრო მაისურაძის და გიორგი მაჩაბელის მეთაურობით. გაიმართა საინფორმაციო მიტინგები შეშინებული მოსახლეობის დასამშვიდებლად, დააპატიმრეს რამდენიმე ბოროტმოქმედი. 25 თებერვალს დუშეთის ოპერაცია დასრულდა და გვარდიამ დატოვა მზარა.

ეთნიკური დაპირისპირების აღკვეთა სადახლოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის მარტს თათრები თავს დაესხნენ მატარებელს N641-ს და წაიღეს გვარდიის კუთვნილი შეიარაღება. ექიმმა მანთაშევმა გამოაცხადა სომხების მობილიზაცია, რადგან ხმა გავარდა ქართველებმა იარაღი მიაწოდეს თათრებსო. ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დარბევის დროს გადაიწვა თათრების რამდენიმე სოფელი. თბილისიდან ჩასულმა გვარდიის ნაწილებმა სწრაფად აღადგინეს წესრიგი და ჩადგნენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. 19 მარტს გვარდიის ძირითადმა ნაწილებმა დატოვეს სადახლოს რაიონი და ცხინვალისკენ გაემართნენ. შტაკებებში დაიღუპა სამი გვარდიელი.

1918 წლის არეულობა ცხინვალში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 მარტს გაბოლშევიკებულმა ოსებმა დაიწყეს არეულობა ცხინვალის რეგიონში, ითხოვდნენ მიწების გადაცემას და თავად-აზნაურების გაძევებას, ხოლო რადიკალები ქართველების გასახლებას. 17 მარტს ქალაქში შევიდა წითელი გვარდიის 200 კაციანი ასეული კომუსარი გიორგი მაჩაბელი მეთაურობდა, მათი მიზანი ოსებთან მოლაპარაკება იყო. 18 მარტს ოსებმა მიტინგს ცეცხლი გაუხსნეს და შეტაკებები დაიწყო. გვარდიამ ტყვედ აიყვანა 60 აჯანყებული, თუმცა 19 მარტს, ორ საათისთვის გვარდიელებს ვაზნები გამოელიათ და აჯანყებულებმა შეძლეს ასეულის განადგურება. დაჭრილი გიორგი მაჩაბელი ხიშტებით აწამეს, მასთან ერთად მოკლეს კოსტა ყაზიევი, სანდრო კეცხოველი და რამდენიმე ტყვედ ჩავარდნილი გვარდიელი. განადგურდა ათეულობით სახლი. 21 მარტს ცხინვალისკენ დაიძრნენ აღმოსავეთ საქართველოს გვარდიის ნაწილები ჯუღელის და კონიაშვილის მეთაურობით, სოციალ-ფედერალისტების რაზმი და 200 გვარდიელი იმერეთიდან. გადაიკეტა ატენის ხეობა, ქარელის, გომის და სხვა მიმართულებები. შეტევა წარმატებით განვითარდა, 22 მარტს გვარდიის ნაწილებმა უომრად აიღეს ცხინვალი, აჯანყებულები გარშემო სოფლებში დაიფანტნენ. განთავისუფლდა 150 ქართველი მძევალი. 23 მარტს საღამოს 6 საათზე სოფელ თამარაშენთან მოკლეს 5 გვარდიელი და დაჭრეს 3. ოსური ბანდები დაიფანტნენ, აჯანყების მეთაურები დააპატიმრეს და წესრიგი სრულად აღდგა.

ჩოლოქის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 5 აპრილს მდ. ოჩხამურას ნაპირებზე 180-მა გვარდიელმა მოიგერია მრავალრიცხოვანი თურქების შეტევა, დაიღუპა დანაყოფის მეთაური დოლიძე და 8 გვარდიელი, დაიჭრა 12. 8 აპრილს გ. მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში მყოფმა ნაწილებმა ფრონტის მარცხენა ფრთაზე სასტიკად დაამარცხეს თურქები. ჩოლოქის ხიდთან წითელი გვარდიის წევრის, „რევოლუციის რაინდის“ ვ. გოგუაძის ჯავშანმატარებელმა N4 გამოიტყუა მტერი საფრიდან, გაუძლო მათ შეტევას, ხოლო ბრძოლა დაასრულა გორის წითელი გვარდიის, აღმასრულებელი კომიტეტის და მოხალისეთა დანაყოფებმა, რომლებმაც კონტრშეტევის დროს 600-მდე ასკერი მოკლეს. მარჯვენა ფრთაზე არმიის პოლკი უომრად გაიქცა და მოწინააღმდეგემ ოზურგეთი დაიკავა.

სამეგრელოს აჯანყების მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 6 აპრილს გურიაში მდგარი გვარდიის ნაწილი სასწრაფოდ გაიწვიეს სამეგრელოში ბოლშევიკების მიერ აგორებული გამოსვლების ჩასაქრობად, აბაშა-სენაკი-მარტვილის ზონაში მოქმედმა გვარდიამ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას, მცირე შეტაკებების ფონზე სწრაფად ჩააწყნარა სიტუაცია და დიდი მოცულობის ახსნა განმარტებითი სამუშაოები ჩაუტარა კომუნისტების მიერ მოტყუებულ ხალხს, ანარქიის და ინფორმაციის არქონის პირობებში, გვარდია ხანდახან ერთადერთი ძალა იყო, ვინც მთავრობის პოზიციას აცნობდა ხალხს. 8 აპრილს ოპერაცია დასრულდა და დანაყოფები გურიისკენ წამოვიდნენ.

ვაშნარის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 10 აპრილს მაზნიაშვილის დაჯგუფებამ დაიწყო ოზურგეთის ოპერაცია, რომელიც ქალაქის განთავისუფლებას და გურიის თურქებისგან გაწმენდას ისახავდა მიზნად. ქართული ფორმირებები სამი მიმართულებიდან გადავიდნენ იერიშზე, სოფელ ნატანებიდან უტევდა სახალხო გვარდია კონიაშვილის მეთაურობით, რომელსაც თურქების ძირითადი ძალების თავისკენ მიზიდვა ევალებოდა, ხოლო სამეგრელოდან ჩამოსული თბილისის საგანგებო ბატალიონი იდგა რეზერვში. მძიმე ბრძოლის შემდეგ გვარდიამ დაძლია თურქების წინააღმდეგობა და მიუახლოვდა ოზურგეთს: „ოსმალები გაშმაგებით იცავდნენ თავიანთ პოზიციებს, მაგრამ აღფრთოვანებული გვარდიის მიწოლას მტერმა ვერ გაუძლო, დაცალა პოზიციები და გზატკეცილით ოზურგეთისკენ დაიხია“ (გ. მაზნიაშვილი). არმიის ნაწილებისგან შემდგარი გენერალ სუმბათაშვილის დაჯგუფება მზად იყო გადამწყვეტ იერიშზე გადასულიყო, თუმცა შეტევა შეაჩერა მთავრობის ბრძანებამ, რომლებმაც თურქებთან დაზავებას მოაწერეს ხელი, არადა მტერი უკვე გარბოდა ოზუგეთიდან. აპრილის ბოლომდე გვარდიის ნაწილები რჩებოდნენ მაზნიაშვილის რეზერვში გურიის ფრონტზე.

აფხაზეთის და ტუაპსეს ოპერაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 4 მაისს სახალხო გვარდია დაიძრა აფხაზეთისკენ, სადაც აჯანყებულმა კომუნისტებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. 11 მაისს დაჯგუფება მდინარე კოდორთან გავიდა, მის შემადგენლობაში იყო თბილისის გვარდია, აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო ბატალიონი, ფოთის გვარდია და არტილერიის დივიზიონი. მათ წინააღმდეგ 2.000 კომუნისტი განლაგდა. 12 მაისს გვარდიის დივიზიონმა ვ. შარაშენიძის მეთაურობით საარტილერიო დუელში ჩაახშო მტრის ბატარეები. ფრონტზე ჩამოვიდა ზესტაფონის და სამტრედიის გვარდია, ხოლო 15 მაისს საზღვაო ძალების კატარღებმა ცეცხლი გაუხსნეს კომუნისტებს. 17 მაისს დილის 4 საათზე გვარდია შეტევაზე გადავიდა, არტილერიამ დაამუშავა პოზიციები, ქვეითებმა სწრაფად დაიკავეს კოდორის ხიდი, დაპანიკებული მტერი გაიქცა და გვარდია შუადღისას შევიდა სოხუმში. ალაფის სახით ავიღეთ 11 ერთეული არტილერია, 21 ტყვიამფრქვევი, 1 სატრანსპორტო გემი და ტყვედ ჩავარდა 400 აჯანყებული. გვარდიამ გააგრძელა შეტევა და გავიდა გაგრასთან. 24 მაისს თურქების და თათრების ქვემო ქართლზე შეტევის გამო გვარდიის ძირითადი დანაყოფები თბილისისკენ წამოვიდნენ. გუდაუთასთან დარჩა თბილისის საგანგებო ბატალიონი და ზესტაფონის გვარდიის 150 კაციანი ასეული ლ. ნოვიკოვის მეთაურობით.

17 ივნისს 2.000-მდე შეიარაღებული კომუნისტი, ძირითადად რუსი ჯარისკაცები, აფხაზები, სომხები და ქართველები ლაკობას და ეშბას მეთაურობით თავს დაესხნენ გვარდიის ასეულს და 3 დღიანი ბრძოლის შემდეგ, როცა რაზმს ვაზნები გამოელია, შეძლეს მისი განადგურება. ტყვედ ჩავარდა 100-მდე გვარდიელი. 24-მა მოახერხა ალყის გარღვევა და სოხუმში ჩამოსვლა. ბრძოლაში ორჯერ დაიჭრა ასეულის მეთაური ნოვიკოვი. 11 ტყვე გვარდიელი წამებით მოკლეს.

17 ივნისს გვარდიის მთავარი შტაბის თხოვნით აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად ინიშნება გიორგი მაზნიაშვილი და მასვე დაევალა აფხაზეთის ბანდიტებისგან გაწმენდა.

19 ივნისს მაზნიაშვილი არმიის მესამე პოლკის 3 ასეულით და მეტყვიამფრქვევეთა რაზმით სოხუმში ჩავიდა და დაიქვემდებარა გვარდიის დანაყოფები, მათვე შეუერთდა აფხაზთა 300 კაციანი დანაყოფი. მაზნიაშვილს გვარდიის რეზერვში დატოვება სურდა, მაგრამ მათ მოითხოვეს მეწინავე რაზმად გასვლა და ავანგარდად იქცნენ.

23 ივნისს დაჯგუფებამ ხელახლა დაიკავა გუდაუთა, გვარდიელებმა სწრაფი იერიშით აიღეს ბზიფის ხიდი, სადაც შეტაკებაში მოკლეს 9 კომუნისტი და 28 ივნისს შევიდნენ გაგრაში, ხოლო 6 ივლისს ბრძოლით დაიკავეს სოჭი, რომლის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა გვარდიის საგანგებო ბატალიონის მეთაური ფირცხალავა და 8 გვარდიელი. მტერმა ერთ კვირაში 200 ჯარისკაცი დაკარგა მოკლულების სახით და უწესრიგოდ გაიქცა. 26 ივლისს მაზნიაშვილის დაჯგუფება ტუაფსეში შევიდა. 4 აგვისტოს შემხვედრ ბრძოლაში ბელორეჩინსკაიასთან გაანადგურა კომუნისტ ანტონოვის 4.000 კაციანი დაჯგუფება და ფრონტის ხაზი დასტაბილურდა. კომუნისტები დამარცხდნენ და რუსეთის სიღმეში დაიხიეს.

16 აგვისტოს სახალხო გვარდიის ასეულმა მოიგერია თურქეთიდან გადმომსხდარი დესანტი სოფელ მოქვთან. ბრძოლაში დაიღუპა 10-მდე გვარდიელი და 55 თურქი მედესანტე.

2 სექტემბერს დენიკინის თეთრგვარდიელებისგან დევნილმა კომუნისტების ე.წ. „ტამანის არმიამ“, რომელიც 20.000 ჯარისკაცისგან შედგებოდა მძიმე ბრძოლის შემდეგ უკუაგდო სახალხო გვარდიის და კაზაკთა დანაყოფები და დაიკავა ტუაფსე, რომელიც მალე დატოვა და ჩრდილო კავკასიაში გადავიდა.

8 სექტემბერს ქართულმა ნაწილებმა მდინარე შახისკენ დაიხიეს, მათ პირდაპირ დენიკინის ჯარები განლაგდნენ.

ბორჩალოს ექსპედიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 9 ივნისს ქართულმა (არმიის და გვარდიის დანაყოფები) და გერმანულმა ნაწილებმა დაიკავეს მდინარე ხრამის სანაპირო. მეორე მხარეს აჯანყებული თათრები განლაგდნენ, რომლებსაც თურქი ოფიცრები მეთაურობდნენ.

12 ივნისს ქართულ-გერმანულმა ნაწილებმა (გვარდია შეადგენდა შეტევის მარჯვენა ფრთას) გადალახეს მდინარე და უკუაგდეს მოწინააღმდეგე, სოფელ კოშა-ქილისას აღების დროს მოკლეს გვარდიის არტილერიის მეთაური ვ. შარაშენიძე. რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ გვარდია შევიდა შულავერში. თავი გამოიჩინა ვ. გოგუაძის ჯავშანმატარებელმა, რომელმაც მოულოდნელი რეიდით თავზარი დასცა მტერს და საშუალება მისცა ქვეით არმიელებს რამდენიმე ასეული ტყვე აეყვანათ. ქართულმა ნაწილებმა მთლიანად დაიკავეს ქვემო ქართლი და ლორეს რაიონი. აღსაღნიშნავია რომ არმიის და გერმანულ დანაყოფებს შორის გაუგებრობები არ ხდებოდა, მაშინ როცა არმიის და გვარდიის დანაყოფებს შორის სიტუაცია მწვავდებოდა და მთავარსარდლის ჩარევაც გახდა საჭირო.

დუშეთის მაზრის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

27 ივნისს გვარდიის დანაყოფები სამი კოლონით (ა. ფურცელაძე, ა. კონიაშვილი, ვ. ჯუღელი) დაიძრნენ დუშეთის მაზრაში აჯანყებული კომუნისტების წინააღმდეგ. აღსაღნიშნავია რომ პარალელურად გამოსვლები დაიწყო ლეჩხუმსა და საჩხერეში რომლებიც სწრაფადვე ჩაახშეს. 28 ივნისს კომუნისტების მეწინავე რაზმი არტილერიის გამოყენებით დაფანტეს მცხეთასთან და უკუაგდეს დუშეთისკენ. 4-6 ივლისის ბრძოლაში გვარდიამ შემოვლითი მანევრით დაამარცხა კომუნისტები და უკვე 8 ივლისს გაანთავისუფლა ფასანაური, სადაც დახვრიტეს რამდენიმე კომუნისტი. გვარდიას შემოუერთდნენ შეიარაღებული ხევსურები და მოხევეები. 13 ივლისს ალყაშემორტყმული კომუნისტები მთლიანად განადგურდნენ სოფელ ცდოსთან, პირველივე შეტაკებაში მოკლეს „ამიერკავკასიის სოციალისტური ჯარების მთავარსარდალი“ კ. ჭავჭავაძე, რამაც მტერი საბოლოოდ არია. გვარდიამ ალაფის სახით ჩაიგდო 2 ქვემეხი, 4 ნაღმმტყორცნი, ტყვიამფრქვევები, ასეულობით კარაბინი და 200 ტყვე. 15 ივლისის შეტაკების შემდეგ კომუნისტების ბოლო რაზმიც გაიქცა რუსეთში და საღამოს 9 საათზე გვარდიის დანაყოფები სოსო გედევანიშვილის მეთაურობით გავიდნენ ლარსთან.[8]

ზღვისპირეთის ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 31 აგვისტოს გვარდიის ნაწილები თბილისიდან დაიძრნენ ტუაპსეს მიმართულებით. გზად მოუწიათ სამეგრელოში მოქმედი კომუნისტური ბანდების განიარაღების ოპერაცია, რასაც წარმატებით გაართვეს თავი, ზუგდიდთან ახლოს შეტაკებაში დაიღუპა ოფიცერი ა. საყვარელიძე. 10 სექტემბერს სამეგრელოს ოპერაცია დასრულდა. 14 სექტემბერს გვარდიამ უკუაგდო კომუნისტების რაზმი სოფელ რეპთან. 15-ში სოფელ ბედიასთან გვარდიას ტყვედ ჩაბარდა თურქი მედესანტეების 100 კაციანი რაზმი. 18 სექტემბერს რაზმი შევიდა სოხუმში. ხოლო 20-ში სოჭში გაიმართა სამხედრო საბჭოს სხდომა, რომელმაც მაზნიაშვილის მოხსენება მოისმინა. სახალხო გვარდიის დანაყოფებმა დაიკავეს ფრონტის ხაზი.

ომი სომხეთთან. კატერინენფელდის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის ოქტომბერში დაიძაბა მდგომარეობა ლორეს რაიონში, სადაც სომხებმა დაიწყეს შეიარაღებული გამოსვლები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ლოკალური შეტაკებები 12 დეკემბერს გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში. გვარდიის დაჯგუფება (დაახლ. 800 კაცი, ჯუღელის, ახმეტელის და ჯიჯიხიას მეთაურობით) 17 დეკემბერს დილით ჩავიდა სოფელ სადახლოში სადაც თავს იყრიდნენ ბამბაკის ხეობიდან ბრძოლით გამოსული გენერალ გ. წულუკიძის დაჯგუფების ნარჩენები, ოპერატიული ვითარების დამძიმების გამო გვარდიის დაჯგუფება გადაისროლეს კატერინენფელდთან (ბოლნისი). 19 დეკემბერს გამთენიისას სომხების 2.000 კაციანი დაჯგუფება მოულოდნელად თავს დაესხა გვარდიას, - მარშით გადაღლილებს ეძინათ და არ დააყენეს საკმარისი ოდენობით დაცვა, დაიკავა არტილერიის პოზიციები. მძიმე ბრძოლაში გვარდიამ შეძლო მოწინააღმდეგის განადგურება, დაიღუპა 40-მდე გვარდიელი, მათ შორის მთავარი შტაბის წევრი ს. მაისურაძე, არტილერია მთლიანად დავიბრუნეთ უკან. თავი გამოიჩინეს ცხენოსნებმა (გ. ხიმშიაშვილი და ქ. ჩოლოყაშვილი) და მეტყვიამფრქვევეთა ასეულმა, რომელმაც ღვინის ქარხანასთან გამართულ შეტაკებაში დიდი დანაკარგი მიაყენა მტერს. სომხებმა მოკლულების სახით დაკარგეს 100-ზე მეტი ჯარისკაცი, 120 ტყვედ ჩავარდა, მათ შორის ბატალიონის მეთაური. გვარდია გაძლიერდა 500 კაცით და 21 დეკემბერს დაიწყო სოფლების დაგეთ-ხაჩინის და სამშვილდეს აღების ოპერაცია, რომელიც 25 დეკემბერს დასრულდა მოწინააღმდეგის დამარცხებით.

30 დეკემბერს გვარდიამ შეუტია სოფელ ბოლნის-ხაჩინს. შეტევაში მონაწილეობდნენ მარჯვენა ფლანგზე სამტრედიის და ფედერალისტების ბატალიონები (ალ. დგებუაძე), ცენტრში თბილისის ორი ბატალიონი (იაკობ ხარაში), მარცხნიდან ცხენოსანი დივიზიონი და გურიის ბატალიონი. 31 დეკემბერს სამთო არტილერიამ (ი. ცაგურია) ზუსტი ცეცხლით ჩაახშო მტრის არტილერია და დაჯგუფებამ აიღო სოფელი. რითაც დაასრულა ვორონცოვკა-ბოლნისის მიმართულებაზე მოქმედება. შეტაკებებში 70-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.

სხვა გვარდიული დანაყოფები იბრძოდნენ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში და მოქმედებდნენ შულავერ-სადახლოს მიმართულებაზე.

ახალციხე-არდაგანის ოპერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის თებერვალში აჯანყდა მესხეთის მუსულმანური მოსახლეობა სერვერ ბეგის მეთაურობით, რომლებმაც დაამარცხეს ახალციხის მაზრაში მდგარი სამთავარობო ძალები და აწყურამდე დაახევინეს. 5 მარტს დაიწყო დიდი შეტევა აჯანყებულებზე, გიორგი კვინიტაძემ გვარდიას თავი მოუყარა შეტევის მარცხენა ფრთაზე, ბორჯომ-ახალციხის გზის გასწვრივ, რომლებსაც გვარდიის მთავარი შტაბის გადაწყვეტილებით მეთაურობდა გენერალი ახმეტელი. სულ დაჯგუფებაში იყო 5.000 გვარდიელი, აქედან 3.200 ე.წ. „აქტიური ხიშტი“. გვარდიამ ერთი დარტყმით აიღო აწყური და უკუაქცია მოწინააღმდეგე. 7 მაისს გვარდიის ჯავშანმანქანები შევიდნენ ახალციხეში. 12 მარტს თითქმის მთლიანად განთავისუფლდა ახალქალაქის მაზრა. 13 მარტს გვარდია შეასვენეს და გვარდიის შტაბის ბრძანებით ჯარისკაცებს ჩამოართვეს ალაფი, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 22 მარტს გვარდიელების დაჟინებული თხოვნის გამო, ისინი მოხსნეს ფრონტიდან და დასასვენებლად გაუშვეს სახლებში. საბრძოლო მოქმედებები საარმიო ნაწილებმა გააგრძელეს და 20 აპრილს გაანთავისუფლეს ქალაქი არდაგანი.

გვარდიის სოჭის დაჯგუფების განადგურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 7 თებერვალს თეთრგვარდიელები მოულოდნელად გადმოვიდნენ შეტევაზე, ტყვედ აიყვანეს სახალხო გვარდიის 700 კაციანი რაზმი, ა. კონიაშვილის მეთაურობით, 10 თებერვალს აიღეს გაგრა და გამაგრდნენ მდინარე ბზიფის ნაპირზე. სახალხო გვარდიის მობილიზებული დანაყოფები დაიძრნენ ახალ მტერთან საომრად. 19 თებერვალს ინგლისელების ჩარევით შედგა მოლაპარაკება და მოწინააღმდეგეები დროებით დარჩნენ დაკავებულ პოზიციებზე. კომუნისტების სწრაფი წინსვლის გამო დენიკინის არმიის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც 17 აპრილს სახალხო გვარდიის დანაყოფები შეტევაზე გადავიდნენ გაგრის მიმართულებით, მარჯვენა ფლანგს მეთაურობდა პოლკოვნიკი კარგარეთელი, მარცხენას გ. ხიმშიაშვილი, თბილისის საგანგებო ბატალიონი (ს. ხუხუნაშვილი) მარჯვნიდან იწყებს შემოვლით მანევრს მთებში. ინგლისელების პიკეტებმა გაატარეს ქართული დანაყოფები. დღის 2 საათზე გვარდიის მესამე ბატალიონი ბრძოლით შევიდა გაგრაში. მოწინააღმდეგე პანიკურად უკუიქცა, ბოლო მათი დანაყოფი ტყვედ აიყვანა ს. ბაგრატიონ-მუხრანელის ცხენოსანმა რაზმმა ადლერის გადასასვლელთან. გვარდიას დაეღუპა რამდენიმე ჯარისკაცი, მტერმა მოკლულების სახით დაკარგა 87 ოფიცერი და ჯარისკაცი, ტყვედ ჩავარდა 240. გაგრის ჰოსპიტალში ტყვედ ავიყვანეთ 25 ოფიცერი და 360 ჯარისკაცი, რომლებიც ავად იყვნენ და ვერ მოახერხეს გაქცევა.

ვ. ჯუღელი. სახალხო გვარდიის მეთაური, 1918 წ

სომხური სოფლების განიარაღების ოპერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 3 მაისს გვარდიამ დაიწყო დენიკინის მხარეზე მებრძოლი აფხაზეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობის განიარაღების ოპერაცია. 4 მაისს მცირე შეტაკების შემდეგ დაიკავეს მთებში განლაგებული სოფელი აჩმარდა: „მთელი მოსახლეობა გაიქცა, მიატოვეს სოფელი და საქონელიც. რა უაზრონი არიან ეს უბედურნი! რისთვის გარბიან? მათთან მაღლა ამართული თეთრი დროშით მოვდიოდით და არ ვერჩოდით, მაგრამ მანამდე ისინი განუწყვეტლივ ესროდნენ ჩვენს ნაწილებს და არ უშვებდნენ თავისთან ჩვენს პარლამენტიორებს“ (ვ. ჯუღელი). იმავე დღეს დაიკავეს დიდი სოფელი ქრისტოფოროვო, მოსახლეობის დიდი ნაწილი აქაც გაიქცა, რადგან დენიკის დახმარების იმედი აღარ ჰქონდათ. აღსაღნიშნავია, რომ გვარდიელთა ამ რაზმებში საკმაოდ ბევრი იყო ეთნიკური სომეხი.

მოხალისეთა უკანდახეული დანაყოფების განიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის 24 მარტიდან აღმოსავლეთ საქართველოს გვარდიის ნაწილები მონაწილეობას იღებენ წითელი არმიის მიერ დამარცხებული მოხალისეთა არმიის განიარაღებაში, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს და დარიალის უღელტეხილით შემოვიდნენ. სულ საქართველოში შემოვიდა 10.000 -მდე დევნილი ოფიცერი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი.

რუსეთის თავდასხმა 1920 წ. მაისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის აპრილის ბოლოს ცხადდება სახალხო გვარდიის საყოველთაო მობილიზაცია რუსეთის წითელი არმიის სავარაუდო შემოჭრასთან დაკავშირებით, რომლებმაც დაიკავეს აზერბაიჯანი და მოუახლოვდნენ საქართველოს საზღვრებს. საბრძოლო მოქმედებები დაიწყო 1 მაისს თბილისის სამხედრო სკოლაზე კომუნისტი ტერორისტების და ფოილოს ხიდზე წითელი არმიის 2 ჯავშანმატარებლის და ქვეითების თავდასხმით. ორივე შეტევა მოგერიებულ იქნა, ხოლო ხიდი აფეთქებული. რუსებმა 4 მაისს შეუტიეს წითელ ხიდს, რომელსაც გვარდიის კახეთის II ბატალიონი და ცხენოსანი ესკადრონი იცავდა. ქვეითებმა უარი განაცხადეს კომუნისტებთან ომზე და სანდარის (მარნეული) მიმართულებით წამოვიდნენ, ნაწილი გაიქცა. ადგილზე დარჩა გვარდიის ცხენოსანი ესკადრონი გოგი ხიმშიაშვილის მეთაურობით, რომელიც ჩაება ბრძოლაში. 7 მაისს ყაზახის მიმართულებაზე დაგროვდა გვარდიის მსხვილი ძალები. 10 მაისს სახალხო გვარდია შეტევაზე გადავიდა მთელ ფრონტზე. სენაკის (სამეგრელოს II ბატალიონი) და თბილისის საგანგებო ბატალიონებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი. აქტიურად იბრძოდა ცხენოსანი დივიზიონი და კახეთის II ბატალიონის ნაწილი. ჯამში 6 ქვეითი ბატალიონი. სადახლოდან გასულმა ნაწილებმა დაიკავეს ბაბაქიარის ქედი და ჩაებნენ სროლაში რუს ცხენოსნებთან. ფრონტის მეთაურად დაინიშნა ა. ჯიჯიხია.

12 მაისს ხიმშიაშვილის და ცომაიას დაჯგუფებებმა დაიწყეს მეორე იერიში სიმაღლეზე გამაგრებულ მტერზე. გვარდიელები ძლიერ წვიმაში, ჩუმად და გაშლილი მწკრივით მიდიოდნენ ღია ადგილას. რუსებმა ვერ გაუძლეს შეტევას და გაიქცნენ წითელი ხიდისკენ, სადაც ჭყლეტა დაიწყო და ბევრი რუსი ადგილზე მოკლეს. მტერმა სცადა შიხილის სიმაღლეზე დამაგრება, მაგრამ გვარდიის საარტილერიო დივიზიონმა ზუსტი ცეცხლით არ მისცა ამის საშუალება. ბრძოლაში მძიმედ დაზარალდა წითელი არმიის 32-ე ქვეითი დივიზია.

13 მაისს შეტევა გაგრძელდა, რუსებმა კიდევ უფრო ღრმად დაიხიეს უკან. გვარდიის წინსვლა საშუალებას აძლევდა გიორგი კვინიტაძეს საარმიო რეზერვებისთვის მოეყარა თავი და მოეგო როგორც სივრცე, ასევე დრო.

14-15 მაისს გადაწყდა დაღლილი ჯარების შეჩერება. ფრონტის ხაზი გახდა მდინარე ინჯასუ. მწყობრში დარჩა მხოლოდ 2.000 გვარდიელი, მაგრამ 15 მაისი რუსები შეტევაზე გადმოვიდნენ და სცადეს მდგომარეობის აღდგენა, თუმცა გვარდიამ კონრტშეტევით 13-14 კილომეტრით უკან დაახევინა.

16 მაისს რუსებმა ყველა რეზერვი ჩააბეს ბრძოლაში და შეძლეს იმერეთის II ბატალიონის უკუგდება, რამაც პანიკა გამოიწვია მთელს ფრონტზე და გვარდია წითელი ხიდისკენ გაიქცა. თუმცა რუსები იმდენად იყვნენ დასუსტებულნი, დადევნება არც უცდიათ. ამ მომენტისთვის მწყობრში იყო 1.800 გვარდიელი. განუწყვეტლივ წვიმდა. 18 მაისს საბძროლო მოქმედებები შეწყდა. გვარდიის დანაკარგებმა შეადგინა: 53 მოკლული, 86 დაღუპული ავადმყოფობისგან, 252 დაჭრილი, 439 დაავადებული, 65 ტყვე, ანუ ავანგარდში მყოფი გვარდიული ნაწილების 30-35%.[9]

სპეცოპერაცია ცხინვალის რეგიონში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის მაისში ოსებმა ისარგებლეს რა რუსთის თავდასხმით, დაიწყეს საბრძოლო მოქმედება ცხინვალის რეგიონში განლაგებული სახალხო გვარდიის ნაწილების წინააღმდეგ, გამოიყენეს გვარდიის უდისციპლინობა და ნაწილების შეცვლის დროს 8 ივნისს ტყვედ აიყვანეს 200-ზე მეტი გვარდიელი. გადარჩენილი რაზმი კაპიტან ჩხეიძის მეთაურობით ცხინვალის სამხრეთით გამოვიდა. მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ აღმოსავლეთის ფრონტიდან მოხნა გვარდიის 6 ქვეითი ბატალიონი, არტილერიის ნაწილი და გენერალ ალექსანდრე კონიაშვილს დაავალა კომუნისტი ოსებისგან ცხინვალის რეგიონის გაწმენდა.

გორის გვარდიის ნაწილებმა დაიკავეს მტკვარის ყველა გადმოსასვლელი, ჯავშანმატარებლები დადგნენ რეიდზე და გორის სამხრეთით მცხოვრებ ოსებს მოუსპეს აჯანყებაში მონაწილეობის საშუალება.

14 ივნისს შეტევა დაიწყო მთელს ფრონტზე, ოთხ უბანზე და სწრაფი ფლანგური მანევრით ცხინვალის შემოვლით. ოსებმა ვერ გაუძლეს შეტევას და გაიქცნენ. მეორე დღეს ჯარები როკის უღელტეხილზე გავიდნენ. გვარდიამ მოკლულების სახით მხოლოდ 4 ჯარისკაცი დაკარგა, 27 დაიჭრა, ხოლო 251 ავადმყოფობის გამო გამოვიდა მწყობრიდან. 15 ივნისს განთავისუფლდა დაბა ჯავა და მოკლედ დროში წესრიგი სრულად აღსდგა. სამხედრო საბჭომ აღარ აპატია ოსებს მესამე აჯანყება და სახალხო გვარდიამ გადაწვა აჯანყებულთა სახლები.

ბათუმის ოლქის დაკავების ოპერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმში საიდუმლოდ შეიქმნა სახალხო გვარდიის ბათუმის ბატალიონი, რომელიც 500 კაცისგან შედგებოდა და მზად იყო მოქმედების დასაწყებად ქალაქში. საარმიო დანაყოფები მზად იყვნენ შეტვაზე გადასასვლელად გოდერძის უღელტეხილის და გურიის მხრიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იდგნენ აჭარელთა დანაყოფები. 1 ივლისს ჯავშანმატარებლებმა გადაკვეთეს ოკუპირებული ზონის საზღვარი და დაიძრნენ ქობულეთისკენ. აჭარლებმა ცეცხლი არ გახსნეს და 1920 წლის 7 ივლისს ქართული დანაყოფები შევიდნენ ბათუმში, ხოლო მომდევნო დღეებში დაიკავეს ართვინი, ბორჩხა და ხულო.

არმიის მეექვსე პოლკის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის მაისში ლაგოდეხის რაიონში რუსების წინააღმდეგ განლაგდა თელავის VI პოლკი, კახეთის გვარდიის ბატალიონი და მოხალისეთა ცხენოსანი ასეული, რომლებიც უნდა შეჭრილიყვნენ ზაქათალის ოლქში გენერალ სუმბათაშვილის მეთაურობით. გვარდიის ნაწილმა უარი განაცხადა კომუნისტების წინააღმდეგ ომზე და დაუმორჩილებლობაში გახვია არმიის მეექვსე პოლკის ჯარისკაცთა ნაწილიც, რომლებმაც 15 ივლისს მიატოვეს პოზიციები და დაემუქრნენ შტაბს. სიტუაცია დროებით განმუხტეს არტილერისტებმა და სადაზვერვო რაზმმა, რომლებიც ფიცის ერთგულნი დარჩნენ და მეთაურები დაიცვეს.

კვინიტაძემ აჯანყებულთა წინააღმდეგ დაძრა სამხედრო სკოლის შერეული ბატალიონი, სახალხო გვარდიის თბილისის ბატალიონი და საგანგებო ბატალიონის ნაწილი. როდესაც სამხედრო სკოლის და გვარდიის მოახლოების შესახებ გაიგეს, დაუმორჩილებაში მონაწილე რაზმებმა წინააღმდეგობა არ გაწიეს და დაემორჩილნენ მეთაურობას. მოთავეები დააპატიმრეს და 9 კაცი დახვრიტეს. დანარჩენები სხვადასხვა ნაწილებში გადაიყვანეს.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო გვარდიის რაზმი ქუთაისი პოლკის განიარაღების შემდეგ 1918 წ

1921 წლის 12 თებერვალს რუსეთის და სომხეთის წითელი არმიის ნაწილები თავს დაესხნენ ქართულ ქვედნაყოფებს. გვარდიული ნაწილები თავმოყრილნი იყვნენ შემდეგ მიმართულებებზე: 1). მარჯვენა ფლანგზე გვარდიის 3 ბატალიონი, სამთო ბატარეა და ცხენოსანი რაზმი, პოლკოვნიკ ჩხეიძის მეთაურობით, შტაბით ვორონცოვკაში. 2). გვარდიის ერთი ბატალიონი წითელ ხიდთან. 3). მარნეულის სამხრეთით რეზერვში იდგა გენერალ ჯიჯიხიას დაჯგუფება გვარდიის რამდენიმე ბატალიონით და არტილერიით და 4). გვარდიის ორი ბატალიონი ფოილოს ხიდთან. მტერმა ბრძოლით უკუაგდო ქართული ფორმირებები და 16 თებერვალს გავიდა მდინარე ხრამთან. 18 თებერვალს ფონიჭალის ბრძოლაში გორის გვარდიის და თბილისის სადარაჯო ბატალიონმა შეძლეს 58-ე ბრიგადის შეჩერება, ხოლო გამთენიისას დასახმარებლად მოსულმა გვარდიის იმერეთის და თბილისის ბატალიონებმა ერთობლივი იერიშით მთლიანად გაანადგურეს მოწინააღმდეგე, რომელმაც 540 კაცი მოკლულების და 1000 ტყვეების სახით დაკარგა. გვარდიელებმა 20 თებერვლის ბრძოლაში დაიკავეს კოჯორი და გაწმინდეს სიმაღლეები ტაბახმელას, თუმცა მათი ძირითადი მასა იდგა ლილოს ფრონტზე (გენ. ჯიჯიხიას სექტორი), სადაც მათ შეძლეს 23-24 თებერვალს რუსების ძლიერი შეტევების მოგერიება. 25 თებერვალს უკანდახევის დროს არმიის და გვარდიის ნაწილები დემორალიზდნენ და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი სახლში წავიდა. გვარდიის დარჩენილი ნაწილების მოწესრიგება მხოლოდ 3 მარტისთვის მოხერხდა ხაშურთან, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს ოსიაურის კონტრშეტევაში, მაგრამ თვითნებურად მიატოვეს წარმატებით დაწყებული ოპერაცია, რამაც მოგების შანსი აღარ დაუტოვა საქართველოს არმიას.

სახალხო გვარდიის ტელეფონისტთა რაზმი სოჭის რაიონში. 1919 წ

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. -სახალხო გვარდიის 1919 წლის კანონი http://legionerebi.com/armia1918/?p=659
  2. „სახალხო გვარდიელი“ N4, 1920. გვ. 9-10
  3. დ. სილაქაძე. „პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჯავშანმანქანები“ http://pirvelirespublika.blogspot.com/2017/05/blog-post_20.html
  4. დ. სილაქაძე. „პირველი ტანკები საქართველოში“ http://pirvelirespublika.blogspot.com/2016/05/blog-post.html
  5. დ. სილაქაძე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურისა და რიცხოვნობის საკითხისათვის“. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი. ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. შრომები ტ. 3 თბ. 2011 გვ. 334-348
  6. ვ. ჯუღელი „მძიმე ჯვარი“, 1920 წ. www.legionerebi.com/failebi/mogval.doc
  7. გ. მაზნიაშვილი „მოგონებები“, 1927 წ.
  8. დუშეთის მაზრის შეიარაღებული აჯანყება 07.06-14.07.1918 წ. http://legionerebi.com/armia1918/?p=1034
  9. საბრძოლო მოქმედებები 1920 წლის მაისში აღმოსავლეთის ფრონტზე http://legionerebi.com/armia1918/?p=426