საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში არსებობდა დასავლეთში კოლხეთის სამეფოსა და აღმოსავლეთში იბერიის სამეფოს სახით.

კოლხეთის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლხური მონეტები

ძვ. წ. VI-I საუკუნეების ბერძენი მწერლების ცნობათა მიხედვით კოლხეთის სამეფო მოიცავდა ტერიტორიას პიტიუნტიდან აფსაროსამდე. ის სამი მხრიდან შემოფარგლული იყო ქედებით, კავაკსიონით, მესხეთის ქედითა ლიხის ქედით. ცხოვრობდნენ კოლხები და სანები. კოლხეთის სამეფოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდნენ ჰენიოხები და სანიგები. სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც ქსენოფონტეს ცნობით მითიური აიეტის შთამომავალი იყო. კოლხეთის სამეფო წარმოადგენდა ადრეკლასობრივ სახელმწიფოს. მისი ტერიტორია დაყოფილი იყო სკეპტუხიებად, რომლებსაც სათავეში სკეპტუხები ედგნენ. სკეპტუხები ადგილობრივი გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლებისგან ინიშნებოდნენ მეფის მიერ. დედაქალაქი იყო ქუთაისი. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო სკეპტუხიების ცენტრები ვანი, ითხვისი, საირხე და სხვა. მაღალ დონეზე იდგა რკინის მეტალურგია. აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაში მრავლადაა სასოფლო–სამეურნეო იარაღებებიც, განვითარებული იყო მესაქონლეობა, ხელოსნობა. მშენებლობის ძირითადი მასალა იყო ხე, გავრცელებული იყო ჯარგვალის ტიპის შენობები და კოშკური არქიტექტურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხური ოქრომჭედლობა და ოქროს ნივთების სიმრავლე, რაც გახდა ანტიკურ საბერძნეთში ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ წარმოდგენის საფუძველი და აასახა მითში არგონავტებისა და ოქროს საწმისის მოსაპოვებლად მათი კოლხეთში მოგზაურობის შესახებ.

გაცხოველებულ საშინაო და საგარეო ვაჭრობაზე მიუთითებს ორიგინალური ვერცლის მონეტების კოლხური თეთრის არსებობა. მისი გავრცელების არეალი თითქმის ემთხვევა სამეფოს ტერიტორიას. კოლხეთის სამეფოს არსებობა ემთხვევა ბერძნული კოლონიზაციის პერიოდს. ბერძნული დასახლებები კოლხეთში იყო ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი. ბერძნებს კოლხეთიდან გაჰქონდათ ოქრო, ხე–ტყე, რკინა, სელი, შემოჰქონდათ ღვინო, ზეთი, კერამიკა. დიოსკურია და ფაზისი ვაჭრობისა და ტრანზიტის მნიშნელოანი ცენტრები იყო.

კოლხეთის სამეფოს ძლიერება დაეცა ძვ. წ. IV საუკუნიდან. დაქვეითდა მატერიალური კულტურა.

იბერიის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცხეთა
არმაზის გალავნის ნაშთები

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა აქემენიანთა იმპერიამ. ქართლი მექცა აქემენიანთა იმპერიის XVIII და XIX სატრაპიებში. ამასთან ამ ტერიტორიებზე ძვ. წ. IV საუკუნეში უკვე დაშლილი იყო გვაროვნული სოციალური სტრუქტურები და მომხდარი იყო კლასობრივი დიფერენციაცია, წარმოქმნილი იყო ქალაქები ურბნისი, სამადლო და სხვა.

ლეონტი მროველის მიხედვით ქართლის სამეფოს დამაარსებელია ფარნავაზ I. მისი ცნობით ფარნავაზმა დაამარცხა აზო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი იყო. აზომ დაიპყრო ქართლი და ეგრისი, შეავიწროვა ადგილობრივები, დახარკა ოსები, ლეკები და ხაზარები. აზოს დაუპირისპირდა მცხეთის მამასახლისის ძმისწული ფარნავაზი, რომელიც 3 წლის ასაკიდან მთიულეთში იყო გახიზნული. დასავლეთ საქართველოს მმართველ ქუჯის, დურძუკების და სელევკიდების მეფე ანტიოქოს I-ის დახმარებით ფარნავაზმა დაამარცხა აზო და გახდა ქართლის მეფე. ფარნავაზმა საკუთარი ძალაუფლება გაავრცელა დასავლეთ საქართველოზეც. მისი სამეფო მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ბერდუჯიდან შავ ზღვამდე. მასში შედიოდა ჭოროხის ხეობაც. ჩრდილოეთით მისი სამეფო შემოსაზღვრული იყო კავკასიონის ქედითა და მდინარე ღალიძგით.

ფარნავაზმა ქვეყნის მმართველობის მოსაწესრიგებლად სამეფო დაყო 8 საერისთავოდ: მარგვეთის, კახეთის, ხუნანის, სამშვიდლის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის და ეგრისის. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შექმნა ქართლის სასპასპეტო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპასპეტი — სამხედრო სარდფალი. საერისთავოს სათავეში მეფის მოხელე ერისთავი იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი, რომელთა მეშვეობით იკრიფებოდა „ხარკი სამეუფო და საერისთავო“.

ფარნაავაზმა გააშენა ქალაქი მცხეთა და სხვა ქალაქები. მცხეთის მნიშვნელობას განაპირობებდა სავაჭრო გზა, რომელიც ევროპას აკავშირებდა ინდოეთთან. მანვე შექმნა მთავარი ღვთაება - არმაზის კულტი, არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს. არმაზთან ერთად, რომელიც მთვარის ღვთაება იყო, შენარჩუნდა გაცის და გაიმის კულტი. ფარნავაზის შემდგომმა მეფემ საურმაგმა აღმართა აინინას კერპი, ხოლო მირიან I-მა დანინას კერპი. კერპების აღმართვას თან სდევდა ციხესიმაგრეების მშენებლობა. არმაზის კერპის სიახლოვეს აშენდა არმაზის ციხე, ხოლო მეფე ფარნაჯომმა აღმართა ზადენის კერპი და ციხე. ამ კერპებთან ერთად იბერიის სამეფოში გავრცელებული იყო მზის კულტიც.

რომის ექსპანსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. II საუკუნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოხდა ახლო აღმოსავლეთში, რამაც შეცვალა ქართული სახელმწიფოების სამხრეთ საზღვრებთან არსებული ვითარება. აღმოსავლეთით ექსპანსია დაიწყო რომის რესპუბლიკამ. იბერიის მოკავშირე სელევკიდების სამეფომ დაიწყო დასუსტება რომთან დამარცხების შემდეგ. მას გამოეყო და ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა პართია. შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო - მცირე სომხეთი და დიდი სომხეთი. ამ სამეფოებმა დასუსტებულ ქართლის სამეფოს წაართვეს ტერიტორიები, სტრაბონის მიხედვით ეს იყო სპერი, ხორძენე და გოგარენე. სომხეთის მიერ დაპყრობილ ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა ქართლის საპიტიახშო. ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ალბანეთის სამეფო. ძვ. წ. I საუკუნეში იბერიის სამეფომ შეიერთა კამბეჩოვანი.

გნეუს პომპეუსი

ძვ. წ. I საუკუნეში იბერია, სომხეთი და ალბანეთი გაერთიანდნენ პონტოს სამეფოსთან ერთად რომის საწინააღმდეგო კოალიციაშ. პონტოს სამეფო განსაკუთრებით გაძლიერებული იყო მითრიდატე VI ევპატორის მმართველობის დროს. მან დაიპყრო შავი ზღვის სანაპიროები და კოლხეთის ტერიტორიებიც. ძვ. წ. 66 წელს გნეუს პომპეუს მაგნუსმა სასტიკად დაამარცხა პონტოელები. მითრიდატე VI გაიქცა კოლხეთში, გამოიზამთრა დიოსკურიაში და შემდეგ გაემგზავრა ბოსფორში, საიდანაც ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ძვ. წ. 63 წელს იქვე თავი მოიკლა.

გნეუს პომპესუი ჯერ დაიძრა სომხეთისკენ, სადაც ტიგრან II-მ დანებება ამჯობინა. ძვ. წ. 65 წელს პომპეუსი შეიჭრა ქართლში, სადაც ამ დროს მეფობდა არტაგ II. არტაგი კარგად ხვდებოდა, რომ ძალები უთანაბრო იყო და მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია რომაელთა უძლეველი არმიისთვის. ამიტომ მან პომპეუსს დესპანი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა. რომაელთა სარდალი ზავს არ დასთანხმდა და არმაზის ციხეს მიადგა. არტაგი გადავიდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და დაწვა მდინარეზე გადებული ხიდი, შემდეგ კი არაგვის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა. პომპეუსი არაგვის ხეობაში შეიჭრა და ტყეების გაკაფვა და გადაწვა დაიწყო. ამის შემდეგ არტაგი დანებდა, მან საჩუქრები და მძევლები გაუგზავნა პომპეუსს, დადო ჩრდილოეთ კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავების და რომისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა. ზავის პირობების თანახმად, ქართლში რჩებოდა მეფის ხელისუფლება. თავის მხრივ რომი ქართლის მიმართ არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდნენ. ქართლის სამეფო რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. რომის ვასალად იქცა კოლხეთისც, სადაც პომპეუსმა მმართველად დანიშნა ადგილობრივი წარჩინებული არისტარქე. ამით კოლხეთი პრაქტიკულად რომის პროვინციად იქცა.

ძვ. წ. 36 წელს ქართლში შევიდა პუბლიუს კანიდიუს კრასუსი მარკუს ანტონიუსის დავალებით, რომელიც პართიის წინააღმდეგ ლაშქრობდა. ისტორიკოს კასიუს დიონ კოქცეიანუსის ცნობით რომაელებმა დაამარცხეს იბერების მეფე ფარნავაზ II და ალბანეთის მეფე ზობერი. ამის შემდეგ ურთიერთობები რომსა და იბერიას შორის სტაბილური და მშვიდობიანი გახდა. 14 წლიდან იბერა რომის მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო გახდა. ქართლი იყენებდა რომის მოკავშირეობას სომხეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და სამხრეთით საზღვრების გასაფათოებლად. ჩრდილოეთ კავკასიის გასასვლელების კონტროლი ქართლის სამეფოს დიდ უპირატესობას ანიჭებდა. 35 წელს დაიწყო შიდა აჯანყება პართიაში. მასში ჩაერია რომის იმპერატორი ტიბერიუსი. ქართლის მეფემ, რომელიც ტიბერიუსის მოკავშირე იყო, პართიის შემადგენლობაში მყოფ სომხეთში საკუთარი ძე მითრიდატე გაამეფა. ქართლის მეფე ფარსმან I-მა რომისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან სომხეთის უშუალოდ შეერთება სომხეთის სამეფო ტახტიდან მისი ძმის ჩამოგდება გადაწყვიტა. მან ამ მიზნით სომხეთში ვაჟი რადამისტი გაგზავნა, რომელმაც ბიძა დაამარცხა და ტახტი დაიკავა, მაგრამ რადამისტი დაამარცხა პართიის მეფემ. დამარცხებული და ქართლში დაბრუნებული რადამისტი ფარსმანმა მოაკლვევინა. ფარსმანის მოქმედებებმა სომხეთი რომს დააკარგვინა და ის კვლავ პართიას დაემორჩილა.

I საუკუნის 60-70–იან წლებში იბერიის მეფეებმა ჩრდილოეთ კავკასიიდან ალანები გადმოიყვანეს და სომხეთი და ატროპატენა დაარბიეს. ვესპასიანეს არმაზის სტელა მოწმობს, რომ რომის იმპერატორმა ვესპასიანემ არმაზის ციხის კედლები გაუმაგრა ქართლის მეფეს.

ქრისტიანობის გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I საუკუნეში პალესტინაში გაჩნდა ახალი რელიგია ქრისტიანობა. ქრისტიანული სწავლება მოციქულების ქადაგების შედეგად გავრცელდა. იბერია მარიამ ღვთისმშობელის წილხვედრი გახდა, მაგრამ აქ ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა იქადაგეს. მოციქულთა ქადაგებამდე ქართლში უკვე ინახებოდა ქრისტეს კვართი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ქართლელმა ებრაელებმა, ელიოზ მცხეთელმა და ;ლონგინოზ კარსნელმა მცხეთაში ჩაიტანეს. კვართი გულში ჩაიკრა ელიოზის დამ, წმინდა სიდონიამ, რომელიც კვართთან ერთად მცხეთაში დამარხეს.

ანდრია მოციქული ტრაპიზონის გავლით შევიდა და იქადაგა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და შავიზღვისპირეთში. მან დააარსა პირველი საეპიკოსპოსო აწყურში. ანდია მოციქულმა შემდგომში კიდევ ორჯერ იმოგზაურა და იქადაგა საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული წყაროების მიხედვით ანდრია მოციქულმა საქართველოში ჩაიტანა აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ღვთისმშობლის კვართი, მაცხოვრის ჯვრის ფიცრები სამსჭვალები და სხვა რელიკვიები. მასთან ერთად ქადაგებდნენ სვიმონ კანანელი და მატათა, რომლებიც საქართველოშივე არიან დაკრძალულნი. სხვადასხვა ცნობებით საქართველოში ქადაგებდნენ თომა მოციქული, ბართლომე მოციქული და თადეოზი (სამოცდაათთაგანი). ქრისტიანობა ქართლში სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხადდა, მაგრამ II-III საუკუნეების არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ამ პერიოდის ქართლში არსებობდა ქრისტიანული სამარხები და ცხოვრობდნენ ქრისტიანები.

საქართველო II-III საუკუნეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის იმპერია
რადამისტი კლავს, მის ცოლ ზენობიას
რომაელების მიერ აგებული გონიოს ციხე აჭარაში.

კიდევ უფრო გაძლიერდა ქართლის სამეფო II საუკუნის პირველ ნახევარში. ქართლის მეფე ფარსმან II ქველი. 128 წელს მცირე აზიაში იმყოფებოდა რომის იმპერატორი ადრიანე. მან თავისთან დაიბარა ქვეშევრდომი სახელმწიფოების მმართველები მათ შორის ფარსმან ქველიც. ქართლი იმდენად გაძლიერებული იყო, რომ ფარსმანი იმპერატორთან არ გამოცხადდა. ამ დროისთვის ფარსმან ქველს დაპყრობების შედეგად გაფართოებული ჰქონდა საკუთარი ქვეყნის საზღვრები. მან დაიმორჩილა ძიდრიტები, რომლებიც მდინარე ჭოროხის სამხრეთით ცხოვრობდნენ, მოიპოვა გასასვლელი შავ ზღვაზე, დაიკავა არგვეთი.

134 წელს ფარსმანმა გახსნა დარიალის კარი, გამოიყვანა ალან-ოსთა მეომარი ტომები და რომისა და პართიის პროვინციებს შეუსია. რომისა და ქართლის დაძაბული ურთიერთობა მოწესრიგდა ადრიანეს სიკვდილის შემდეგ. ახალმა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ცნო ქართლის სამეფოს მიერ შავიზღვისპირა ტერიტორიების შეერთება. მან ფარსმანი რომში სტუმრად მიიწვია. ფარსმან II დიდი ამალით და ცოლ-შვილით ჩავიდა რომში, სადაც მონაწილეობა მიიღო დიდ ასპარეზობაში. იმპერატორმა ნება დართო ქართლის მეფეს კაპიტოლიუნმში მსხვერპლი შეეწირა, რაც დიდი პატივი იყო უცხოელებისათვის. ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება ომის ღმერთის, მარსის ტაძარში დაიდგა.

ფარსმან II-ის დროს იბერიის სამეფომ საკუთარი სიძლიერის ზენიტს მიაღწია. ქვეყნის სათავეში იდგა ფარნავაზიანების დინასტიის მეფე, მისი ხელისუფლება შეუზღუდავი იყო. მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სპასპეტი — უზენაესი მთავარსარდალი და მოსამართლე. სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობდნენ ქურუმები. არსებობდა ეზოსმოძღვრის, პიტიახშისა და ერისთავის თანამდებობები.

ქართლი ინარჩუნებდა სავაჭრო–სატრანზიტო როლს. ამ პერიოდის რომაულ რუკაზე ნაჩვენებია სავაჭრო გზები სომხეთის დედაქალაქ არტაშატიდან სებასტოპოლისამდე და მცხეთამდე. მოპოვებულია მდიდარი ნუმიზმატური მასალა არამხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც. აღსანიშნავია საქალაქო ცხოვრების დიდი აღმავლობა. ჩვნდება ახალი ქალაქები, მაგ. ძალისი. მშენებლობაში გამოიყენება ქვითკირის ხსნარი. ამ პერიოდში ჩნდება სასახლეთა კომპლექსები, მარნები, აბანოები, მაღალ დონეზე დიგა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების დამუშავება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]