ჰერეთის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ისტორია
საქართველოს გერბი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
უძველესი ისტორია
დიაოხის სამეფო
კოლხეთის სამეფო
იბერიის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ძველი და ახალი ისტორია
ქართლის საერისმთავრო
კახეთის სამთავრო
კახეთ-ჰერეთის სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ჰერეთის სამეფო
საქართველოს ოქროს ხანა
ქართლის სამეფო
კახეთის სამეფო
იმერეთის სამეფო
გურიის სამთავრო
სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო
აფხაზეთის სამთავრო
ქართლ-კახეთის სამეფო
სამცხე-საათაბაგო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
უახლესი ისტორია
საქართველოს დრ
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა
საქართველო

საქართველოს დროშა საქართველოს პორტალი
  •  •  

ჰერეთის სამეფო — ქართული ფეოდალური სახელმწიფო (IX საუკუნის დასასრული — XI საუკუნის დასაწყისი). მისი დამაარსებელია ჰამამი, რომელმაც, მოსე კალანკატუელის ცნობით, 893 მეფის ტიტული მიიღო.

სახელმწიფოს სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IX-X საუკუნეებში კახეთის სამთავროს მეზობლად არსებული ჰერეთის სახელმწიფოს ქართულ და უცხოურ წყაროებში ეწოდება „შაქი“, „კამბეჩანი“. ის აგრეთვე მოიხსენიება სახელწოდებით „რანი“, „ალბანეთი“. ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში „რანებად“ ერთ-ერთი ალბანური ტომიც იწოდება. ალბანური ტომები იმავე წყაროებში ჰერებადაც იწოდებოდნენ, ამიტომაც „რანი“ და „ჰერეთი“ ამ წყაროების თანახმად, იდენტური ცნებებია. ქართულ წყაროებში ეს სახელმწიფო ხან „ჰერეთად“ იწოდება და ხანაც „რანად“, ამასთანავე ქართული „ჰერეთის სამეფო“ არაბული წყაროების „შაქის სამეფოსა“ და სომხური და ბიზანტიური წყაროების „ალვანთა სამეფოს“ იდენტურიცაა. ამ სამეფოს სახელწოდება ქართველებმა თავიანთი უახლოესი მეზობლის, ძველი ალბანეთის ერთ-ერთი ტომის, ჰერებისაგან აწარმოეს, არაბებმა სახელმწიფოს დედაქალაქის - შაქისაგან, სომხები და ბიზანტიელები მას ალბანეთს უწოდებდნენ, რადგან ის ყოფილი ალბანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. ქართულში ტერმინი „ალბანეთი“ ვერ დამკვიდრდა. ის რამდენიმეჯერ გვხვდება სომხურიდან ნათარგმნ წერილობით წყაროებში, სადაც, როგორც ჩანს, ის სომხურიდან მექანიკურადაა გადმოღებული. ალვანეთის შესატყვისად IX-XI საუკუნეების ქართულ (როგორც ორიგინალურ, ისე სომხურიდან ნათარგმნ) წყაროებში გვხვდება „ჰერეთი“. IX-X საუკუნეებში ჰერეთი და ალვანეთი რეალურადაც ემთხვეოდა ერთმანეთს, რადგან ალვანეთი, რომელიც I-V საუკუნეებში ვრცელდებოდა იბერიიდან კასპიის ზღვამდე, სასანიანთა და არაბთა ბატონობის შედეგად, ტერიტორიულად შემცირდა და თავისი არსებობის ამ ბოლო ხანაში ჰერეთის ფარგლებში მოექცა. ამდენად ქართულმა წერილობითმა წყაროებმა, ფაქტობრივად, ალვანეთის აღსანიშნავად სხვა ტერმინი არ იციან გარდა ჰერეთისა, რაც გვაძლევს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ „ჰერეთს“ არა მარტო IX-X სს-ში, არამედ თავიდანვე ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: ვიწრო - საკუთრივ ჰერეთისა და ფართო - მთლიანად ალვანეთისა.

შიდაპოლიტიკური ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამამის გარდაცვალების შემდეგ ჰერეთის სამეფო ტახტზე ადის მისი შვილი ადარნასე. ქართული წყაროების მიხედვით („მატიანე ქართლისაჲ“, ვახუშტი ბატონიშვილი) ადარნასე პატრიკი. მის დროს დაახლოებით 915, კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე I-მა (892—918) აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: არიში (ახლანდელი მთისძირი), გავაზი (ახლანდელი ახალსოფელი), ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გართულებით და დაკარგული ტერიტორიათა დაიბრუნა. ადარნასე პატრიკის შემდეგ ჰერეთის მეფე იყო მისი ძე იშხანიკი (დაახლოებით 943—X საუკუნის 60-იანი წლები). მასთან ერთად ჰერეთს მართავდა დედამისი — დინარ დედოფალი (ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი, ადარნასე II-ის ასული და ცნობილი გურგენ IV დიდის, ერისთავთერისთავის, მაგისტროსის და).

იბნ ჰაუკალის თხზულების მიხედვით, იშხანიკის მეფობის დროს ჰერეთი დეილამის მთავრობის - სალარიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. X საუკუნის 50-იან წლებში იშხანიკმა ისარგებლა სალარიდების სახელმწიფოში შინაფეოდალური ომებით და ხარკის მიცემა შეწყვიტა. ქართული წყაროების მიხედვით, იშხანიკისა და დინარ დედოფლის მმართველოს ხანაში ჰერეთმა უარყო მონოფიზიტობა და აღიარა ქალკედონული მრწამსი. ამ დიდმნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული აქტით განხორციელდა ჰერთა საბოლოო გაერთიანება ერთიან ქართულ (მცხეთის) ეკლესიასთან.

იშხანიკის შემდეგ მეფობდა იოანე სენექერიმი (დაახლოებით X საუკუნის დასასრული). ალბანეთისა და კახეთის სამეფოს ხარჯზე, რის გამოც წინართა მეფის ტიტულიც მიიღო. XI საუკუნის დასაწყისიდან საისტორიო წყაროებში ჰერეთის მეფე აღარ იხსენიება. როგორც ჩანს, ამ დროს არსებობა შეწყვიტა ჰერეთის მფლობელთა დინასტიამ.

XI საუკუნის დასაწყისში გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ III და კახთა ქორეპისკოპოსი დავითი (976—1010) იბრძვიან ჰერეთის დასაპყრობად. XI საუკუნის ოციან წლებში კახეთის მეფე კვირიკე III (1010—1037) დიდმა დაიპყრო ჰერეთი სამეფო რითაც დასრულდა კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური შერწყმის პროცესი. ამიერიდან ჰერეთის სამეფომ შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა და მოექცა ახლად შექმნილი პოლიტიკური ერთეულის - "რანთა და კახთა" სამეფოს შემადგენლობაში.

XII საუკუნის დასაწყისში ჰერეთი კახეთის სამეფოსთან ერთად გახდა გაერთიანებული საქართველოს ორგანული და განუყოფელი ნაწილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. IX—X საუკუნეებში ჰერეთის სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიური ძლიერება და მაღალი კულტურა დასტურდება ისტორიულ ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლით. შემონახულია შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლები: ყუმის ბაზილიკა (VIII ს.), ლექეთის ტეტრანკონქი (VIII—IX სს.), გურჯაანის (კახთუბნის) "ყველაწმინდა" (VIII-IX სს.), ხირსის "სტეფანწმინდა" (IX ს.), ოზანიანის „ამაღლება“ (IX ს.) და მრავალი სხვა.

ეკონომიკური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, არაბთა და ბიზანტიელთა ბატონობის პირობებში, ჰერეთის ეკონომიკა შეფერხებით, მაგრამ მაინც წინსვლის გზით ვითარდებოდა. დამპყრობლებმა, განსაკუთრებით არაბებმა, მართალია შეაფერხეს, მაგრამ ვერ შეაჩერეს ქვეყნის სამეურნეო განვითარება. შუა საუკუნეებში ფეოდალური ურთიერთობის განმტკიცებას, რასაც თან ახლდა მიწის ახალი ფართობების ათვისება, ხელს უწობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების, ბარში - მებაღეობა-მევენახეობის, სახნავი მიწათმოქმედების, მთის ზოლში - ძირითადად, მესაქონლეობის განვითარებას. იორ-ალაზნის აუზის ბარი საქართველოს მევენახეობის ერთ-ერთი რაიონი იყო. მეურნეობის ინტენსიური დარგების, განსაკუთრებით მევენახეობა-მებაღეობის განვითარებისათვის, საქალაქო ცხოვრების აღმავლობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სარწყავი სისტემის არსებობას, რომელთა ნაშთებიც მრავლადაა შემორჩენილი ჰერეთში. მთის ზონა მდიდარი იყო ალპური საძოვრებით, რაც ხელს უწყობდა მეცხვარეობის, მეცხენეობის, მსხვილფეხა რქოსანი მესაქონლეობის განვითარებას. ვახუშტი ბაგრატიონის აზრით, ერთ-ერთი რეგიონის, კამბეჩოვანის (ქიზიყის) სახელწოდება, კამეჩიდან წარმოდგა. თუ ეს ვარაუდი სწორია, ის მიუთითებს ამ რეგიონში კამეჩის გავრცელებაზე უძველესი დროიდან, რადგან უკვე სტრაბონი (ძვ. და ახალი წელთაღრიცხვათა მიჯნა) ამ მხარეს კამბისენეს უწოდებს. სოფლის მეურნეობის დარგების აღმავლობა ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხელოსნობის დარგების განვითარებას. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ადასტურებს კერამიკული და მინის საწარმოების არსებობას, მექვევრეობას, სახნავ-სათიბი, სამკალი იარაღის მჭედლობის არსებობას, მოპოვებულია ვაზის სასხლავი დანა და რკინის სხვა იარაღები. ჰერეთზე გადიოდა საქართველოს ამიერკავკასიაში უზენაესი არაბი მოხელის რეზიდენციასთან დამაკავშირებელი გზა, რაც ხელს უწყობდა ამ მხარის განვითარებას. ჰერეთის სამეფოს საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სახალიფოსთან, რასაც ჰერეთში აღმოჩენილი იმდროინდელი მრავალრიცხოვანი არაბული მონეტები მოწმობენ. ჰერეთის სამეფო არაბთა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში მონაწილეობდა და საკუთარი სახელოსნო თუ სასოფლო-სამეურნეო საქონელიც გაჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 629, თბ., 1987 წელი.
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
  • მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VII-XI სს.), თბ., 1982;
  • მ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი., საქართველოს ისტორია, ტ. 2 - საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე, 2012 წელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]