ოთარ თაქთაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაქთაქიშვილი.
ოთარ თაქთაქიშვილი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 ივლისი, 1924(1924-07-27)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი თბილისი[1]
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, 1989(1989-02-21) (64 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი ან მოსკოვი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ოთარ თაქთაქიშვილი ვიკისაწყობში

ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილი (დ. 27 ივლისი, 1924, თბილისი — გ. 21 თებერვალი, 1989, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961), სსრ კავშირის სახალხო არტისტი (1974). ლენინური (1982), სტალინური (1951, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1984) და სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიების (1967) ლაურეატი. საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი (1965–1984). მას ეკუთვნის საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტობისას დაწერა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ თაქთაქიშვილი თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი შემოქმედება ღრმად ეროვნულია, იგი ჭეშმარიტად ქართული ხელოვანია, თავისი ქვეყნის მოტრფიალე პოეტი და მომღერალი, რომელმაც ქართული მუსიკა გაამდიდრა ეროვნული საგანძურის ახალი დიალექტებით.

ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედება იყოფა ორ პერიოდად: 40-50-იანი წლები, როცა იგი მხოლოდ სიმფონიური მუსიკის ჟანრში მუშაობს და 60-70-იანი წლები, როდესაც საოპერო და ვოკალურ-სიმფონიურ ჟანრებს მიმართავს.

ოთარ თაქთაქიშვილი დაიბადა 1924 წელს ქალაქ თბილისში, მდიდარი სამუსიკო ტრადიციების მქონე ოჯახში. კომპოზიტორის ბიძებმა, ცნობილმა მუსიკოსებმა - შალვა და გიორგი თაქთაქიშვილებმა დიდად შეუწყეს ხელი მისი ნიჭის განვითარებას. ბავშვობიდანვე სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მღეროდა სკოლის მოსწავლეთა გუნდში. ზაფხულობით, ქვიშხეთში ყოფნის დროს, გატაცებით უსმენდა ხალხურ სიმღერებს და ზოგი მათგანის შესრულებაში თვითონაც მონაწილეობდა.

თავდაპირველად ოთარ თაქთაქიშვილს დიდი სურვილი ჰქონდა, პიანისტი გამხდარიყო. ამ მიზნით, 1938 წელს, შევიდა პირველ სამუსიკო სასწავლებელში, მეცადინეობდა შესანიშნავი პიანისტისა და პედაგოგის, ელენა ჩერნიავსკაიას კლასში. სწორედ მას მიუძღვის დიდი დამსახურება ახალგაზრდა კომპოზიტორის, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში. პედაგოგი დიდი გულისყურით ეკიდებოდა ნიჭიერი მოსწავლის მუსიკალური გემოვნების განვითარებას, აცნობდა კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, მასთან ერთად უკრავდა ოთხ ხელში, რითაც ანსამბლური მუზიცირების სიყვარულს უნერგავდა. დიდი სარგებლობა მოუტანა მომავალ კომპოზიტორს მოსწავლეებისგან შემდგარ ორკესტრში მონაწილეობამაც. აქ იგი გაეცნო მსოფლიო მუსიკის შედევრებს - ჰაიდნის, შუბერტის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს.

1942 წელს ოთარ თაქთაქიშვილი შედის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის განხრით, სადაც მეცადინეობს პროფესორ სერგო ბარხუდარიანთან. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში (1942—1947 წლები), მუშაობდა საგუნდო კოლექტივებში ქორმაისტერად. მისი სტუდენტობის წლები დაემთხვა სამამულო ომის წლებს. ომის თემამ ასახვა ჰპოვა შემდგომში ორატორიაში "ცოცხალი კერა". ოთარ თაქთაქიშვილი გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში და გაამწესეს თბილისის საავიაციო სასწავლებელში. მიუხედავად ამისა, მას არ მიუტოვებია კონსერვატორია. სასწავლებელსა და კონსერვატორიაში პარალელურად სწავლა დიდ სიძნელეებს უქმნიდა, დრო აღარ რჩებოდა ფორტეპიანოზე სამეცადინოდ და ამიტომ მოუხდა უარის თქმა პიანისტობაზე.

ომის წლებში თბილისში მართავდნენ კონცერტებს ისეთი შესანიშნავი მუსიკოსები, როგორევიც იყვნენ - სერგეი პროკოფიევი, ნიკოლოზ მიასკოვსკი. ამ წლების მუსიკალურმა შთაბეჭდილებებმა ღრმა კვალი დატოვეს ოთარ თაქთაქიშვილის მეხსიერებაში.

კონსერვატორიაში სწავლა დიდი წარმატებით მიმდინარეობდა, რისთვისაც ოთარ თაქთაქიშვილს დანიშნული ჰქონდა პერსონალური სტიპენდია. ამ პერიოდში მას შექმნილი ჰქონდა ორი სიმებიანი და ერთი საფორტეპიანო ტრიო, სავიოლინო სონატა, საფორტეპიანო პიესები. ახალგაზრდა კომპოზიტორისათვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 1946 წელი - მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესარჩევ კონკურსში და გაიმარჯვა კიდეც. 22 წლის ყმაწვილი გახდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი.

1947 წელს დაამთავრა კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). მისი სადიპლომო ნაშრომი იყო საფორტეპიანო კონცერტი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1947-50 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, პარალელურად დიდი ინტენსივობით მეცადინეობდა დირიჟორობაში.

ოთარ თაქთაქიშვილი დირიჟორობისას.

თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე თაქთაქიშვილი ყველაზე განსხვავებულ ჟანრებს შეეხო. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ დიდი ენერგიით შეუდგა სიმფონიური მუსიკის წერას და შექმნა ორი სიმფონია, პირველი საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, სიმფონიური პოემა „მწირი“ , მცირე ფორმის ნაწარმოებები - საფორტეპიანო პიესები, რომანსები, უვერტიურები და სხვა.

შემოქმედებითი გზის დასაწყისში ახალგაზრდა კომპოზიტორის გატაცება სიმფონიური ჟანრით განპირობებული იყო 40-50-იანი წლების ქართულ მუსიკაში არსებული მდგომარეობით.

მომდევნო წლებში ქართულმა სიმფონიურმა მუსიკამ დიდი აღმავლობა განიცადა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერმა კომპოზიტორმა, მისთვის ჩვეული ენერგიულობით, სწორედ სიმფონიურ ჯანრს მიმართა და გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. პირველი სიმფონია, პირველი საფორტეპიანო კონცერტი, მეორე სიმფონია — ეს ის ნაწარმოებებია, რითაც დაიწყო თაქთაქიშვილმა საკომპოზიტორო გზა და რომლებმაც იმთავითვე მიუჩინეს მას გარკვეული ადგილი ქართული მუსიკის ისტორიაში.

50-იანი წლების შუა პერიოდში კომპოზიტორს აღარ აკმაყოფილებს წმინდა ინსტრუმენტული ჟანრები და მიმართავს ვოკალურ ჟანრს. ოთარ თაქთაქიშვილი ჯიუტად და მიზანდასახულად ეძებს ვოკალური მუსიკის ახალ ჟანრებს და გამომსახველობით საშუალებებს, ცდილობს, მიაგნოს საკუთარ გზას. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ოპერების - "მინდიას". "სამი ნოველის" და "მთვარის მოტაცების" მუსიკალური ენის საფუძველი, სათავეს სწორედ მის პირველ ვოკალურ ციკლებში იღებს.

ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ორატორიები "ცოცხალი კერა", "რუსთაველის ნაკვალევზე", "ნიკოლოზ ბარათაშვილი". სწორედ ამ უკანასკნელის შექმნის შემდეგ კომპოზიტორს დაებადა სურვილი ღრმად შეესწავლა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და მათზე დაყრდნობით დაეწერა ნაწარმოებების დიდი სერია. ასე შეიქმა დიდი ჟანრული კანტატა - ხმის, გუნდისა და ორკესტრისათვის "გურული სიმღერები" და სვანურ თემაზე - მე-2 საფორტეპიანო კონცერტი.

საკომპოზიტორო მოღვაწეობასთან ერთად ოთარ თაქთაქიშვილი საშემსრულებლო და დიდ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. 1951-52 წლებში აწყობს საკონცერტო ტურნეს საზღვარგარეთ, სადაც გამოდის, როგორც საკუთარი ნაწარმოებების დირიჟორი. 1959-დან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია მიჰყავს კომპოზიციის კურსი, 1966 წლიდან კონსერვატორიის პროფესორია, ხოლო 1962-65 წლებში - კონსერვატორიის რექტორი. 1947-1952 იყო საქართვ. საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, ხოლო 1952-1956 — სამხატვრო ხელმძღვანელი, 1965-84 წლებში იყო საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი. თაქთაქიშვილი სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანია 1957-დან.

ოთარ თაქთაქიშვილის პირველი სიმფონია, პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ორატორია "რუსთაველის ნაკვალევზე" აღინიშნა სახელმწიფო პრემიით. 1961 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

გარდაიცვალა 1989 წელს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერები
  • „მინდია“ (ვაჟა-ფშაველას პოეზიის მოტივებზე, 1961, თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრი)
  • „სამი ნოველა“ („ორი განაჩენი“, „ჯარისკაცი“, „დროშები მაღლა!“, პირველი ორი — მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელების ნაწარმოებების მიხედვით, მესამე — გალაკტიონის ლექსზე, 1967, თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრი; ახალი რედაქცია — „სამი სიცოცხლე“, მე-3 ნოველა — „ჩიკორი“ ხელახლა დაწერა, 1972, მოსკოვი)
  • „მთვარის მოტაცება“ (1977, სსრკ დიდი თეატრი)
  • „მუსუსი“ (1978, თბილისი)
  • „პირველი სიყვარული“ (1980, თბილისი)
სოლისტებისთვის, გუნდისა და ორკესტრისათვის
ორატორიები
  • „ცოცხალი კერა“ (1963, მე-2 რედაქცია 1970)
  • „რუსთაველის ნაკვალევზე“ (1964)
  • „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1970)
სიუტები
  • „მეგრული სიმღერები“ (1972)
  • „სატრფიალო სიმღერები“ (1973)
  • „აკაკის ჩანგი“ (1983)
კანტატები
  • კავკასიონი
  • „გურული სიმღერები“ (1971)
პოემა
  • „კლდე და მდინარე“ (1962)
ორკესტრისათვის
  • 2 სიმფონია (1949, 1953)
  • სიმფონიური პოემა „მწირი“ (1956)
  • და სხვ.
ინსტრუმენტებისთვის ორკესტრთან ერთად
  • 4 საფორტეპიანო კონცერტი (1951–1983)
  • 2 სავიოლინო კონცერტი (1976, 1985)
  • ჩელოს კონცერტი (1977)
  • კონცერტინო ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1956)
  • საფორტეპიანო კვინტეტი, სიმებიანი კვარტეტი, სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის
გუნდისათვის

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო საქართველოს (1961) და სსრკ (1974) სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო (1951, 1952, 1967) და ლენინური (1983) პრემიების, აგრეთვე ალბერტ შვაიცერის პრემიის (1986) ლაურეატი, იუნესკოსთან არსებული მუსიკალური საბჭოს წევრი. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ოქტობრის რევოლუციისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით.

1985 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1987 წელს ვოკალური ციკლებისათვის “აკაკის ჩანგი” და “ნიკოლოზ ბარათაშვილი” მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 168, თბ., 1994
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 591-592.
  • Чкония С. М., Какулия Л. В. Тактакишвили Отар Васильевич // Музыкальный энциклопедический словарь / гл. ред. Келдыш Г. В.. — М.: «Советская энциклопедия», 1990. — стр. 533, 672 c. ISBN 5-85270-033-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლექსიკონები და ენციკლოპედიები
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია
ფოტოარქივი
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Тактакишвили Отар Васильевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.