გლაციოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლაციალური ზონა

გლაციოლოგია (ლათ. glaciesყინული და ბერძნ. logos – მოძღვრება) — მეცნიერება მყინვარების შესახებ; ე.ი. დედამიწის ზედაპირზე ყინულის იმ ბუნებრივ დანაგროვთა შესახებ, რომლებიც მყარი ატმოსფერული ნალექების აკუმულაციისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნენ. გლაციოლოგია შეისწავლის მყინვართა წარმოშობას, არსებობისა და განვითარების პირობებს, მათ შედგენილობას, აგებულებას და ფიზიკურ თვისებებს, გეოლოგიურ და გეომორფოლოგიურ მოქმედებას, გეოგრაფიულ გავრცელებას და გეოგრაფიული გარსის სხვა კომპონენტებთან დამოკიდებულებას.

დღეისათვის ტერმინი გლაციოლოგია ფართო მნიშვნელობით იხმარება. გლაციოლოგიის საგანი იფარგლება კვლევის ისეთი განხრით, როგორიცაა მთლიანად გლაციოსფეროს შესწავლა, მასში არსებული ყინულის ფორმათა (მყინვარები, თოვლის საბურველი, წყალსატევების ყინულის საფარი და სხვ.) ფართო კვლევა და მათი ევოლუცია. გლაციოლოგია სწავლობს ატმოსფეროსა და ლითოსფეროში არსებული ყინულების, აგრეთვე მდინარეებისა და ზღვებზე წარმოქმნილი ყინულების ფორმათა ერთობლიობას.

ისტორია[რედაქტირება]

გლაციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ლუი აგასისი

გლაციოლოგიას როგორც მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა 1779-1796 წწ. როდესაც გამოქვეყნდა შვეიცარიელი მეცნიერის ორას ბენედიქტ დე სოსიურის „ალპებში მოგზაურობა“. გლაციოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ლუი აგასისის, ფრანსუა ფორელის, დევიდ ფორბზისა და სხვ. შრომებმა. აგასისმა შეისწავლა მყინვარული ნალექები, დაასაბუთა იმ დროისათვის ახალი და ძირითადად სწორი იდეა მყინვარული ეპოქების არსებობის შესახებ. ფორელმა კი საფუძვლიანად შეისწავლა ალპური მყინვარები.

XIX საუკუნის II ნახევრიდან რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებასთან დაარსებული ე. წ. მყინვარული კომისია ივანე მუშკეტოვის ხელმძღვანელობით იწყებს რუსეთის ტერიტორიაზე ძველი და თანამედროვე მყინვარების შესწავლას. მნიშვნელოვანი იყო გლაციოლოგიაში მიულერის, ფლინტის, პატერსონისა და სხვათა შრომები. XX საუკუნის 20-იან წწ. კავკასიონის თანამედროვე და ძველ გამყინვარებას იკვლევდნენ ვილჰელმ ჰერმან აბიხი, ივანე მუშკეტოვი, ნიკოლოზ ბუში და სხვ. კავკასიონის ჩრდილოეთ კალთის მყინვარების შესწავლაში დიდი ღვაწლი მიუძღვის სტანისლავ კალესნიკს, გიორგი ტუშინსკის და პავლე კოვალიოვს. მყინვარწვერზე და იალბუზზე აშენდა მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურები. 1932 წელს განხორციელდა რაჭის, ზემო სვანეთისა და ხევის მყინვართა ენების ტოპოგრაფიული აგეგმვა (მელენტი სანებლიძე, ალექსანდრე ასლანიკაშვილი, დავით წერეთელი და სხვ.).

გლაციოლოგიის განვითარებას ხელი შეუწყო პირველმა (1882-1883 წწ.) და მეორე (1932-1933 წწ.) საერთაშორისო პოლარულმა წელმა. გლაციოლოგიური კვლევა ფართოდ გაიშალა საერთაშორისო გეოფიზიკური წლისა (1957-1958 წწ., დამატებით 1959) და საერთაშორისო ჰიდროლოგიური ათწლეულის (1965-1975) პერიოდში, სადაც წამოიჭრა ახალი მოსაზრებანი მყინვარების წარმოქმნისა და მოქმედების შესახებ.

დედამიწაზე გამყინვარების ანაბეჭდი („თეთრი სივრცეები“)

გამოკვლეულია პამირის (ნ. კორჟენევსკი, რ. ზაბიროვი), ტიან-შანის (გ. ავსიუკი), ალთაის (მ. ტრონოვი) მყინვარები.

გლაციოლოგიის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ის რომ მყინვარებს დედამიწაზე ხმელეთის ფართობის დაახლოებით 11% უკავია; მყინვარები დიდი რაოდენობით შეიცავენ მტკნარ წყალს.

გლაციოლოგია გეოლოგიისა და გეორგაფიის მეცნიერებათა ციკლს მიეკუთვნება. იგი ფართოდ არის დაკავშირებული გეოკრიოლოგიასთან, რომელიც თავის მხრივ, შეისწავლის მზრალი გრუნტების წარმოშობასა და მათ პროცესებს. ამ მეცნიერებებს შორის საზღვარი პირობითია. ცნობილია, რომ გლაციოლოგია შეისწავლის ყველა სახის ბუნებრივ ყინულებს, რომლებიც დედამიწის ხმელეთის ზედაპირზეა წარმოდგენილი; ხოლო გეოკრიოლოგია სწავლობს ყინულს, რომელიც მიწის ქვეშაა მოქცეული (ამ შემთხვევაში ქანებში). თუმცა ამ დარგების ასეთი დაყოფა პრაქტიკული თვალსაზრისით ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი არ არის, რამეთუ მიწისზედა და მიწისქვეშა ყინულების წარმოშობის კანონზომიერებანი ხშირად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამდენად ასეთი მიდგომა ყოველთვის გამართლებული არ არის.

გლაციოლოგია ფართო ხაზით ებჯინება აგრეთვე გეოგრაფიისა (კლიმატოლოგიას, ოკეანოლოგიას, ხმელეთის ჰიდროლოგიას, კარტოგრაფიას) და გეოლოგიის (კრისტალოგრაფიის, ვულკანოლოგიის) შესაბამის დარგებს.

უდიდესი მყინვარები[რედაქტირება]

პ ა მ ი რ ი:

ყ ა რ ა ყ ო რ უ მ ი:

ტ ი ა ნ - შ ა ნ ი:

ჰ ი მ ა ლ ა ი:

ა ლ პ ე ბ ი:

კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი:

ანტარქტიდისა და გრენლანდიის გამყინვარება[რედაქტირება]

მსოფლიოს ყველაზე ვრცელი გამყინვარება ანტარქტიდაზეა. ანტარქტიდის თითქმის მთელი ზედაპირი დაფარულია კონტინენტური ყინულით. ყინულოვანი საფრის ზედაპირის საშუალო სიმაღლე 2040 მ-ს აღწევს.

რისერ-ლარსენის შელფური მყინვარი (ანტარქტიდა).

კონტინენტის ცენტრალური ნაწილიდან მყინვარული ნაკადები ნელა მიემართება პერიფერიისაკენ, ზღვაში ეშვება და აისბერგებს ქმნის. მყინვარების მოძრაობის სიჩქარე წელიწადში 30-40 მ-იდან 350-400 მ-მდეა. ზოგან მყინვარული ნაკადები ზღვაში ათეულ კილომეტრზე იჭრება. მოსაზღვრე მყინვართა ენების შეერთებით სანაპირო ზოლში ჩნდება უძრავი ყინულოვანი წარმონაქმნი — შელფური მყინვარები.

ყველაზე მნიშვნელოვანია როსისა (ფართ. 487 ათ. კმ²) და ფილხნერის (ფართ. 430 ათ. კმ²) უზარმაზარი შელფური მყინვარები.

მნიშვნელოვანი გამყინვარებაა წარმოდგენილი მსოფლიოს უდიდეს კუნძულ გრენლანდიაზე. გრენლანდიის ტერიტორიის 81% დაფარულია სქელი ყინულოვანი ჯავშნით. გამყინვარების საერთო ფართობია - 1 834 ათ. კმ². ყინულის ფარი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ორ დიდ გუმბათს ქმნის. ყინულის ზედა ფენები გრენლანდიის ცენტრიდან ფარის დასავლეთ და აღმოსავლეთ კიდისკენ წელიწადში 150 მ სიჩქარით მოძრაობს. სანაპირო ზოლში წარმოიქმნება ცალკეული მყინვარები, რომელთა სიჩქარე დღე-ღამეში 30-40 მ აღწევს. ნაპირთან მყინვარებს წყდება ყინულის დიდი მასები, რომლებიც აისბერგების სახით დაცურავს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში (15 ათ-მდე აისბერგი წელიწადში).


გლაციოლოგია საქართველოში[რედაქტირება]

კავკასიონის მყინვარების შესწავლა XIX ს. II ნახევარში დაიწყო. სპორადული დაკვირვებები ტარდებოდა საქართველოს მყინვარებზეც (გ. აბიხი, ი. ხოძკო, ნ. დინიკი, ა. კრასნოვი, ა. პასტუხოვი, გ. მერცბახერი და სხვ.). XX ს. დასაწყისში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ტოპოგრაფიული რუკების საფუძველზე აღინუსხა კავკასიონის ყველა მყინვარი და შედგა კატალოგი (კ. პოდოზერსკი, 1911).

დადგინდა კავკასიონის ძველი გამყინვარების პერიოდების სინქრონულობა ალპურ გამყინვარებასთან (ვ. რენგარტენი, ა. რეინგარდი), რამაც გამოიწვია გამყინვარების ალპური სქემის უცვლელად გადმოტანა კავკასიაში. 1950-იან წწ. ეს სქემა კრიტიკულად გადაისინჯა ქართველი გეოგრაფის ლევან მარუაშვილის მიერ. 1930-იან წწ. დაიწყო კავკასიონის ძველი და თანამედროვე მყინვარების თანმიმდევრული შესწავლა, დადგინდა მყინვართა დეგრადაციის ფაქტი (დავით წერეთელი). 1950-იანი წწ. დაიწყო კავკასიონის სამხრეთ კალთის მყინვარების გავრცელების გეოგრაფიული თავისებურებების, რეჟიმისა და ზედაპირული ჩამონადენის შესწავლა (ვ. ცომაია, შ. ინაშვილი). მომზადდა მასალა დასავლეთ ამიერკავკასიის მყინვართა კატალოგისათვის.

დღეისათვის ვახუშტის ინსტიტუტი აწარმოებს კავკასიონის ზოგიერთ მყინვარზე დაკვირვებებს. კარგად არის შესწავლილი მყინვარი თბილისა. ბოლო დროს სამეცნიერო ექსპედიციები მოეწყო მყინვარ ზოფხიტოზე. აღსანიშნავია რამინ გობეჯიშვილისა და ვლადიმერ კოტლიაკოვის შრომები გლაციოლოგიის დარგში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • წერეთელი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 175, თბ., 1978 წელი.
  • Lliboutry L., Traité de glaciologie, v. 1—2, P., 1964—66.
  • Калесник С. В., Очерки гляциологии, М., 1963;
  • Тронов М. В., Ледники и климат, Л., 1966;
  • Шумский П. А., Основы структурного ледоведения, М., 1955;
  • Котляков В. М., Снежный покров Земли и ледники, Л., 1968;
  • Войтковский К.Ф., Основы гляциологии - 1999;