საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი
დევიზი Scientia Potestas Est (ლათ.)
(ცოდნა ძალაა)
დაფუძნდა 1922
ტიპი საჯარო
რექტორი არჩილ ფრანგიშვილი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი კოსტავას ქ. № 77, თბილისი, საქართველო
ტელეფონი კანცელარია - (99532) 330493
კამპუსი 9
ფერები თეთრი და მუქი წითელი[1]

           

მეტსახელი „გე-პე-ი“
კავშირები EUA
საიტი http://www.gtu.ge/
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიის გერბი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი ვ. ი. ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური (საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის) უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით (1972).

მდებარეობს თბილისში. უნივერსიტეტი, როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია არჩილ ფრანგიშვილი.

უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის 6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 28 დეპარტამენტი, ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს. სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია, მოიცავს რა 1,697,590 წიგნს, რომელთა შორის მრავალი უნიკალური და იშვიათი ეგზემპლარია, და 5.000.000-ზე მეტ პერიოდულ გამოცემას.

ისტორია

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში სახალხო მეურნეობის აღდგენა-განვითარებასთან დაკავშირებით, 1921 წლის 30 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ გადაწყვიტა 1922 წლის იანვარში სატექნიკო ფაკულტეტის ერთი სემესტრის გახსნა (ნავარაუდევი იყო საჭიროების შემთხვევაში მეორე სემესტრის გახსნაც). 1922 წლის 16 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი. მის პირველ სხდომას თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი. პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს პროფ. ა. დიდებულიძე. იმავე დღესვე, პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია მათემატიკაში ანდრია რაზმაძემ წაუკითხა. ამით დაიწყო სასწავლო პროცესი ქართული საინჟინრო კადრების მოსამზადებლად.

1922 წლისთვის პოლიტექნიკური ფაკულტეტი ასე გამოიყურებოდა:

  • სამშენებლო განყოფილება
  1. არქიტექტურული სპეციალობა;
  2. ჰიდროტექნიკური სპეციალობა;
  3. საგზაო სპეციალობა;
  • მექანიკური განყოფილება
  1. ელექტრომექანიკური სპეციალობა;
  2. ჰიდრომექანიკური სპეციალობა;
  3. თერმომექანიკური სპეციალობა;
  • სამთამადნო განყოფილება
  1. სამთო სპეციალობა;
  2. მეტალუპგიული სპეციალობა;
  3. ქიმიურ-ტექნოლოგიური სპეციალობა;

იმავე წლის სექტემბრიდან, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე შესვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შემოიღეს მისაღები გამოცდები[2]. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საკონკურსო საგნები იყო ალგებრა, გეომეტრია და ტრიგონომეტრია.

პირველივე სემესტრში პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე პედაგოგიური მუშაობა დაიწყეს ა. რაზმაძემ, ნ. მუსხელიშვილმა, ა. დიდებულიძემ, ა. ბენაშვილმა, გ. ნიკოლაძემ, არჩ. ხარაძემ. 1928 წლის 28 ივნისს ქართველი ინჟინრების პირველი გამოშვება შედგა. ამ დღეს პოლიტექნიკური ფაკულტეტის 6 სტუდენტმა დაიცვა სადიპლომო პროექტი (ნიკოლოზ კალატოზიშვილი, ვიქტორ მამალაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, ევგენი ჩიქოვანი, ივანე გვიჩია და ირაკლი მაღალაშვილი).

1928 წლის 1 ოქტომბერს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეიქმნა, შემდეგი ფაკულტეტებით:

  • სამშენებლო ფაკულტეტი
  1. გზებისა და ხიდების განყ-ბა;
  2. ჰიდროტექნიკური განყ-ბა;
  3. სამოქალაქო მშენებლობის განყ-ბა;
  4. სატრანსპორტო-საექსპლოატაციო განყ-ბა;
  • მექანიკური ფაკულტეტი
  1. მექანიკური განყ-ბა;
  • სამთო-ქიმიური ფაკულტეტი
  1. სამთო განყ-ბა;
  2. ქიმიუპ-ტექნოლოგიური განყ-ბა.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად შეთავსებით დაინიშნა სახალხო განათლების კომისარი დავით კანდელაკი, პრორექტორად სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში — ნიკოლოზ მუსხელიშვილი. გახსნისას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა 20 პროფესორი, 19 დოცენტი, 104 ლექტორი, 38 ასისტენტი.

1930 წელს ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაცია. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა ექვსი ინსტიტუტი:

  1. საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო;
  2. ამიერკავკასიის ენერგეტიკული;
  3. ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული;
  4. ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური;
  5. ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინჟინერთა ინსტიტუტი;
  6. ამიერკავკასიის საინჟინრო-მელიორაციული (ეს უკანასკნელი გადატანილ იქნა განჯაში).

1932 წელს სამთო-მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი. 1933 წელს სამთო-ქიმიური, საინჟინრო-სამშენებლო და ენერგეტიკული ინსტიტუტები გაერთიანდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სახელწოდებით. 1936 წელს, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმების შემდეგ მას საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ეწოდა. 1933 წლის 8 იანვარს თბილისის უნივერსიტეტი ხელახლა ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება.

1947 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა უმაღლესი ტექნიკური განათლების 25-ე წლისთავი იზეიმა. საკავშირო მთავრობამ იგი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიენიჭა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი. ამ დროს ინსტიტუტში არსებობდა 6 ფაკულტეტი (სამშენებლო, ენერგეტიკული, სამთო, ქიმიურ-ტექნოლოგიური, მექანიკა-მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული). საინჟინრო კადრების მომზადება 22 სპეციალობაში ხდებოდა. 1959 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შეუერთდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი.

1972 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლის იუბილეზე, იგი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა. იუბილეში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ვარშავის, კიევის, პრაღის, ბუქარესტის, ბაქოს, ერევნის, ბრნოს, ალმა-ატის, კრაკოვის, კოშიცეს, კაუნასის, ტომსკის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. 1972-73 სასწავლო წლის დასაწყისში ინსტიტუტს ჰქონდა 28 ფაკულტეტი და 102 კათედრა. დღის სტაციონარზე 15 ფაკულტეტი ფუნქციონირებდა:

  • სამშენებლო ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ნინუა);
  • ენერგეტიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. წივწივაძე);
  • სამთო ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. ბეჟაშვილი);
  • ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ე. ჩხიკვაძე);
  • მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (დოც. გ. ჩიხლაძე);
  • მეტალურგიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ჯ. ლომსაძე);
  • ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. გ. ჩიხლაძე);
  • სატრანსპორტო ფაკულტეტი (დეკანი დოც. ა. შალამბერიძე);
  • საინჟინრო ფიზიკური ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ვ. სანაძე) ;
  • არქიტექტურის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. მგალობლიშვილი);
  • ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ნ. მოწონელიძე);
  • გეოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ჯაფარიძე);
  • კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ა. კერესელიძე);
  • ავტომექანიკური ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. პეტრიაშვილი) ;
  • სპი' ქუთაისის ფაკულტეტის (დეკანი პროფ. კ. იმედაშვილი);

საღამოს სტაციონარულ სწავლებას 7 ფაკულტეტი ემსახურებოდა: თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ჭიათურის, ტყიბულის (ზესტაფონის განყოფილებით), ფოთისა და გორის. დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები იყო თბილისსა და სოხუმში (თელავისა და ზუგდიდის საკონსულტაციო პუნქტებით).

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელები, როგორც წესი ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ . 1988 წელს პირველად ჩატარდა რექტორის არჩევნები სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. რექტორად არჩეულ იქნა პროფ. გოჩა ჩოგოვაძე. 1990 წელს საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1992 წელს დაარსდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი. 2005 წელს დაარსდა ქართული სამეცნიერო პოტენციალის და სტუდენტ-ახალგაზრდობის დასასაქმებლად „საინივაციო ფონდი-ტექნოლოგიური პარკი“. 2006 წელს 17 მაის ჩატარდა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები.

სტრუქტურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიის I კორპუსი
განახლებული I კორპუსის კორიდორი.
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, არქიტ. მ. შავიშვილი, 1962 წ.

უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის უშუალოდ განმხორციელებელი ძირითადი სტრუქტურული ერთეულები: ფაკულტეტები, ბიბლიოთეკა (ბიბლიოთეკები) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეულებია ფაკულტეტები. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიან სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

ფაკულტეტები

უნივერსიტეტის ამჟამინდელი ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო ერთეულებია:

  1. საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტი (დეპარტამენტის უფროსი — თამაზ ბაციკაძე, სრული პროფესორი).
  2. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი (აგული სოხაძე, სრული პროფესორი).
  3. ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი (ლალი ღოღელიანი, სრული პროფესორი).
  1. ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი (თამაზ კუპატაძე, სრული პროფესორი).
  2. თბო და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტი (ომარ კიღურაძე, სრული პროფესორი).
  3. ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტი (შალვა ნაჭყებია, სრული პროფესორი).
  1. საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტი (მერაბ თევზაძე, სრული პროფესორი).
  2. სამთო ტექნოლოგიის დეპარტამენტი (ირაკლი გუჯაბიძე, სრული პროფესორი).
  3. გეოლოგიის დეპარტამენტი (ნოდარ ფოფორაძე, სრული პროფესორი).
  4. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიის დეპარტამენტი (გურამ ვაშალომიძე, სრული პროფესორი).
  1. ქიმიური და მიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი (ნაზიბროლა კუციავა, სრული პროფესორი).
  2. მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი (დავით ნოზაძე, სრული პროფესორი).
  1. არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის) დეპარტამენტი (გიორგი სალუქვაძე, სრული პროფესორი).
  2. არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის დეპარტამენტი (მზია მილაშვილი, სრული პროფესორი).
  1. კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი (ზურაბ გასიტაშვილი, სრული პროფესორი).
  2. საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტი (თამაზ ობგაძე, სრული პროფესორი).
  3. ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტი (გიორგი გოგიჩაიშვილი, სრული პროფესორი).
  4. ფიზიკის დეპარტამენტი (აკაკი გიგინეიშვილი, სრული პროფესორი).
  5. მათემატიკის დეპარტამენტი (დავით ნატროშვილი, სრული პროფესორი).
  1. მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი (თამაზ მეგრელიძე, სრული პროფესორი).
  2. სატრანსპორტო დეპარტამენტი (გოდერძი ტყეშელაშვილი, სრული პროფესორი).
  3. საგზაო დეპარტამენტი (ალექსი ბურდულაძე, სრული პროფესორი).
  4. საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი (ანზორ შავგულიძე, სრული პროფესორი).
  1. საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტი (იგორ კვესელავა, სრული პროფესორი).
  2. უცხო ენებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი (მაია ჩხაიძე, სრული პროფესორი).
  3. ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტი (ევგენი ბარათაშვილი, სრული პროფესორი).
  4. სამართლის დეპარტამენტი (ზაზა რუხაძე, სრული პროფესორი).
  5. საერთაშორისო გერმანულენოვანი ინსტიტუტი (გენადი იაშვილი, სრული პროფესორი).
  6. ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება N89(ალექსანდრე ედიბერიძე, სრული პროფესორი).

ბიბლიოთეკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოადგენს ამავე უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო-კვლევით ერთეულს და სამეცნიერო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მომსახურებას. იგი, ასევე წარმართავს სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიულ საქმიანობას. ბიბლიოთეკის ერთიან ქსელში გაერთიანებულია უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურის საბიბლიოთეკო მომსახურება. იგი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ფაკულტეტების ბიბლიოთეკათა მუშაობას, უზრუნველყოფს მათ დაკომპლექტებას სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურით. ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის მუშაობას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა, დაარსდა 1922 წელს. ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ფონდი მოიცავს — 2224357 საბიბლიოთეკო ერთეულს. მათ შორის 1697590 წიგნია, ხოლო 526767 — პერიოდული გამოცემა. სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდი შედგება თანამედროვე და მე-19 და მე-20 საუკუნეების უნიკალური გამოცემებისაგან, რომელთა შორის ზოგიერთი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ აქაა დაცული. ამჟამად უნივერსიტეტში მიმდინარეობს ბიბლიოთეკის კოლექციის დიგიტაციის პროცესი.

ადმინისტრაცია

  • რექტორიარჩილ ფრანგიშვილი (ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი)
  • რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში — ლევან კლიმიაშვილი (ტმდ, სრული პროფესორი )
  • რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში — ზურაბ გასიტაშვილი (ტმდ, სრული პროფესორი )
  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — ქეთევან ქოქრაშვილი (სამართლის დოქტორი. სრული პროფესორი)
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი — სერგო ესაძე (ტმდ, სრული პროფესორი)
  • პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი — თამაზ ბაციკაძე (ტმდ, სრული პროფესორი)
  • საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი — ოთარ ზუმბურიძე (ტმდ, სრული პროფესორი)
  • აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე — სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი
  • წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი — ეკატერინე თევზაძე

სტრუქტურული ერთეულები

  • სწავლების დეპარტამენტი | დეპარტამენტის უფროსი - იური ლომიძე
  • მეცნიერების დეპარტამენტი | დეპარტამენტის უფროსი - დავით თავხელიძე
  • კომერციალიზაციის დეპარტამენტი | დეპარტამენტის უფროსი - მამუკა მაცაბერიძე
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა | დირექტორი - ვაჟა პაპასკირი
  • სამეურნეო და საექსპლუატაციო-სარემონტო დეპარტამენტი | დეპარტამენტის უფროსი - ივანე კომახიძე
  • ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება | განყოფილების უფროსი - ხათუნა ჩხიკვიშვილი
  • კანცელარია | უფროსი- ელიკო ოხანაშვილი
  • სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება | განყოფილების უფროსი - ბექა მაისურაძე
  • საგეგმო-საფინანსო განყოფილება | განყოფილების უფროსი - კონსტანტინე ქურციკიძე
  • აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება | განყოფილების უფროსი - გიორგი ნადარეიშვილი
  • უწყვეტი განათლების და დაუსწრებელი სწავლების განყოფილება | განყოფილების უფროსი - ანზორ კვარაცხელია
  • საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ | სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე – ანზორ შავგულიძე | დირექტორი- ალექსანდრე გრიგოლიშვილი
  • სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის განყოფილება | განყოფილების უფროსი - ბორის გითოლენდია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება | განყოფილების უფროსი - დავით ჩიქოვანი
  • გეოეკოლოგიური მონიტორინგის განყოფილება | განყოფილების უფროსი - დიმიტრი აბზიანიძე
  • დიპლომების სექტორი | სექტორის უფროსი - როზეტა მგალობლიშვილი
  • არქივი | უფროსი - რუსუდან თათარაშვილი
  • სამხედრო სამობილიზაციო სექტორი | სექტორის უფროსი - ნინო ჩუბინიძე
  • მონიტორინგის ჯგუფი | უფროსი - ელიზბარ ელიზბარაშვილი
  • შესყიდვების ჯგუფი | უფროსი - ეკა ივანიშვილი
  • სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი | ცენტრის ხელმძღვანელი – მერაბ ტაბუცაძე
  • პოლიტექნიკური მუზეუმი | მუზეუმის დირექტორი - მანანა თევზაძე

სწავლება და მეცნიერება

სტუ-მა ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს ინჟინერთა, ქიმიკოსთა და მეცნიერული ინდუსტრიის სპეციალისტთა 60 % გამოუშვა. ბოლო წლებში სტუ-ს ფარგლებში ჩამოყალიბდა რამდენიმე დამატებითი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის „კავკასიის ბიზნეს სკოლა“ (თსუ-ს, სტუ-სა და ჯორჯია სტეიტ უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი), გერმანული სწავლების ფაკულტეტი, ფრანკო-ქართული სწავლების ფაკულტეტი და სისკოს ქსელების აკადემია. სტუ-ს ქვეყნის მასშტაბით 13 ფილიალი და დაქვემდებარებული დაწესებულება გააჩნია. ტექნიკურ უნივერსიტეტს ამჟამად ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს.

უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  1. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების განხორცი-ელება.
  2. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
  3. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
  4. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა.
  5. საპროექტო, საძიებო და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობა.
  6. საექსპერტო, დიაგნოსტიკური და საკონსულტაციო საქმიანობა.
  7. საგამომცემლო საქმიანობა.

უცხოელ სტუდენტთა სწავლება

სტუ-ში სასწავლებლად როგორც დასწრებულ, ისე დაუსწრებელი სწავლების ფორმაზე (სტუდენტები, სტაჟიორები, ასპირანტები და დოქტორანტები) მიიღებიან 35 წლის ასაკამდე უცხოელი მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ საშუალო განათლების ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების სერტიფიკატი. დოქტორანტურაში და სტაჟირებაზე ასაკი შეზღუდული არ არის.

მოსამზადებელ განყოფილებაზე მსმენელი შეისწავლის ქართულ ან რუსულ ენას (იმისდა მიხედვით თუ რომელ სექტორზე სურს მას სწავლის გაგრძელება). გარდა ენისა მსმენელი შეისწავლის:

  1. ტექნიკური პროფილით სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში — მათემატიკას, ფიზიკასა და ხაზვას.
  2. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიულის პროფილით — ქიმიას, მათემატიკას, ხაზვას.
  3. ფარმაციისა და ბიოტექნოლოგის სპეციალობით — ბიოლოგიას, ქიმიას.
  4. ჰუმანიტარული პროფილით — ისტორიას, მეორე უცხო ენას.

მოსამზადებელი განყოფილების მსმენელი აბარებს გამოსაშვებ გამოცდებს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ სერტიფიკატი და ჩაირიცხებიან სტუ-ში.

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ორგანიზაციები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედებს ორი სტუდენტური გაერთიანება. ერთ-ერთი მათგანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი, დაარსებული 1990 წლის 18 დეკემბერს. სტუდენტური კავშირი პირველი გაერთიანება იყო, შექმნილი სტუ-ს ფარგლებში და ამჟამად მონაწილეობს უნივერსიტეტის თვითმმართველობაში. მეორე ორგანიზაციაა „რეფორმატორები“, შექმნილი 2006 წელს.

სტუდენტური კლუბები

ამჟამად სტუ-ში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია ტურისტული კლუბი, რომელიც აერთიანებს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტებს და სპეციალისტებს, ასევე სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებს. ტურისტული კლუბის შეიქმნა 2005 წლის დეკემბერში სტუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტზე. 14 დეკემბერს ჩამოყალიბდა მმართველი სტრუქტურა, ხოლო 10 მარტიდან ტურისტულმა კლუბმა დაიწყო მოღვაწეობა სტუ-ს ფარგლებში. კლუბში გაწევრიანდა 80 სტუდენტი. კლუბის დამფუძნებლები არიან: დავით ფაჩულია, ეკა ნოზაძე, თიკო დუდუნია, ლიკა შავგულიძე, კახა ჯიმშიაშვილი.

სამედიცინო მომსახურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს უნივერსიტეტის პოლიკლინიკა, რომელიც დაარსდა 1945 წელს და ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებს ემსახურებოდა. თავდაპირველად უ. ჩხეიძის ქუჩაზე, პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობაში მდებარეობდა. 1980 წლიდან კი კოსტავას ქ. 75-შია განთავსებული.

პოლიკლინიკა მუშაობს სახელშეკრულებლო პრინციპით, რომელიც გულისხმობს: უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხელფასიდან ყოველთვიურად 1 ლარი ექვითებათ, რაც პოლიკლინიკის ანგარიშზე გადაირიცხება. სამედიცინო მომსახურება (გარდა სტომატოლოგიური მომსახურება) უფასოა. იმ თანამშრომლების მომსახურება, რომელთაც ასეთი ხელშეკრულება არ აქვთ, ხორციელდება შიდა სტანდარტებით, რაც ქალაქის ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია. განფასოება შეთანხმებულია უნივერსიტეტის რექტორატთან და პროფკავშირებთან.

პოლიკლინიკა ლიცენზირებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. პოლიკლინიკა უფასოდ ემსახურება უდედმამო სტუდენტებს, ინვალიდებს, აფხაზეთში დაღუპული პირის ოჯახის წევრებს (სტუდენტებს, თანამშრომლებს).

რეკვიზიტები

საიდენთიფიკაციო ნომერი 211349192
სერტიფიკაციის ნომერი 020790
ზემდგომი — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საფოსტო რეკვიზიტები:

  • მისამართი — 0175, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი
  • ტელეფონი:
კანცელარიის — (995 32) 330493
რექტორის სამდივნოსი — (995 32) 36 53 62
ცნობათა ბიუროსი — (995 32) 333 323
ელ-ფოსტა — Kanc@gtu.ge; Info@gtu.ge; foreign@gtu.edu.ge

საბანკო რეკვიზიტები:

ანგარიშის ნომერი 3408001

სიმბოლიკა

ტექნიკურ უნივერსისტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით (მუხლი 2). 2010 წლის 5 მაისს, აკადემიურმა საბჭომ მიიღო ახალი დადგენილება „სტუ-ს ახალი გერბის და დროშის შესახებ“[3], რომელიც განსახილველად და დასამტკიცებლად გადაეცა უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს, რაც საბოლოოდ განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა 2011 წლის 21 მარტს.[4]:

სტუ-ს გერბი
ვიკიციტატა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს ფარს, რომლის არქიტექტონიკაში ძირითადი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების - მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშს, ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას სტილიზებული შრიფტით შესრულებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა “სტუ”, რომელშიც ჩაწნულია ფარზე განფენილი ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით “ცოდნა ძალაა”, ლათინურ ენაზე - “Scientia potestas est”. ფარზე, არწივის ქვემოთ, განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე, შესაბამისად: “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” და “GEORGIAE UNIVERSITAS RERUM TECHNICI”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი, “1922” და ზეთისხილის ტოტების, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო.“
([5])
სტუ-ს დროშა
ვიკიციტატა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3. ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ფერის ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. სტუ-ს დროშაზე წარმოდგენილი ყველა ფერი, ჰერალდიკის კანონების მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მქონეა: თეთრი - უმანკოება, უბიწოება, სიწმინდე, სიბრძნე; ყვითელი (ოქროსფერი) - განათლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დიდება; მუქი წითელი - სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამართლიანობა და სიყვარული.“
([5])
ვიკიციტატა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიმნი, მსგავსად გერბისა, შინაარსით სიმბოლურია, ის პატივს მიაგებს უმაღლესი სკოლის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე.“
([5])

2011 წლამდე სტუ-ს გერბი არ ქონია, გააჩნდა მხოლოდ ემბლემა. 2008-2011 წწ მოქმედებდა აკადემიუღი საბჭოს მიერ მიღებული ვარიანტი, თუმცა დადგენილების შინაარსით მას სავალდებულო ძალა არ ქონია.[6] უფრო ადრე კი - ძველი ვარიანტი.

საინტერესო ცნობები

  • სტუ-ში დაწესებულია ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი, რომელსაც ანიჭებს დიდი საბჭო. ჯილდოვდებიან უნივერსიტეტის თანამშრომლები ხანგრძლივი და ნაყოფიერი სასწავლო-აღმზრდელობითი, მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოსა და სხვა ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს.
  • სტუ-ს I კორპუსი გეგმაში განასახიერებს ნამგლისა და უროს კომპოზიციას.

სქოლიო

  1. http://gtu.ge/new_simbolika.php
  2. უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტზე მისაღები გამოცდები არ არსებობდა
  3. [http://www.gtu.ge/pdf/dadgenilebebi/dadgenileba_251_10.05_10%5B1%5D.pdf საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 10 მაისის #251 დადგენილება „სტუ-ს ახალი გერბის და დროშის შესახებ“] (2010-05-10). წაკითხვის თარიღი: 2011-06-19.
  4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №41/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ (2011-03-21). წაკითხვის თარიღი: 2011-06-19.
  5. 5.0 5.1 5.2 სტუ-ს ახალი სიმბოლიკა (2011 (ბოლო განახლება)). წაკითხვის თარიღი: 2011-06-19.
  6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება N17 „სტუ-ს ემბლემის ახალი ვარიანტის შესახებ“ (2011-03-21). წაკითხვის თარიღი: 2011-06-19.

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: