ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა | |
ჟიული შარტავას საფოსტო მარკა, 2020 | |
აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ივლისი, 1993 – 27 სექტემბერი, 1993 (გარდაცვალებამდე) | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | თამაზ ნადარეიშვილი |
მემკვიდრე | ზურაბ ერქვანია |
აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1992 – 27 სექტემბერი, 1993 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
დაბადებული | 7 მარტი, 1944 სენაკი, საქართველოს სსრ |
გარდაცვლილი | 27 სექტემბერი, 1993 (49 წლის) სოხუმი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მამა | კალისტრატე შარტავა |
დედა | ნინო (ფენია) დარასელია |
მეუღლე | ლია ჯალაღონია |
შვილები | კახა შარტავა, ირაკლი შარტავა |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი |
წოდება | გენერალ-მაიორი |
პროფესია | ინჟინერი დიპლომატი |
ჯილდოები |
ჟიული შარტავა (დ. 7 მარტი, 1944 — გ. 27 სექტემბერი, 1993) — საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი.
1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა.
სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიული შარტავა დაიბადა სენაკში, 1944 წლის 7 მარტს, პედაგოგების, კალისტრატე და ნინო შარტავების ოჯახში. 1951–1961 წლებში სწავლობდა სენაკის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს.
საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავამ ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე.
იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავა ჩაირიცხა ასპირანტურაში, თუმცა უმაღლესი სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივნად არჩევის გამო მან არ გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა.
ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალე ჟიული შარტავა დააწინაურეს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტში, ჯერ მეორე მდივნის, ხოლო შემდგომ პირველი მდივნის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე მან 8 წელი იმუშავა და ბევრი ნოვატორული წამოწყება მიიყვანა ბოლომდე. ჟიული შარტავას სახელს უკავშირდება შავნაბადაზე ახალგაზრდული კომპლექსის დაფუძნება. ჟიული შარტავას საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის პერიოდს უკავშირდება აგრეთვე ყოველწლიური ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული ზეიმების მოწყობა რუხში. ცნობილია მის გამოკვეთილი ეროვნული პოზიცია 1978 წლის 14 აპრილის კრიზისის დროს, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა გმირულად აღუდგა წინ საკავშირო ცენტრის მცდელობას საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციიდან ამოეღოთ მუხლი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ.
1980 წელს ჟიული შარტავა ინიშნება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის, მოგვიანებით კი ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ხელმძღვანელად. სწორედ ამ დროიდან ხდება იგი საქართველოს პარტიული ლიდერის ედუარდ შევარდნაძის უახლოესი თანამებრძოლი. ჟიული შარტავა მის სავარაუდო „მემკვიდრედაც“ კი მოიაზრებოდა რესპუბლიკის პირველი პირის პოზიციაზ, მაგრამ, მის კარიერულ წინსვლას ხელი შეუშალა ხელისუფლების ცვლამ 1985 წელს. ჟიული შარტავას მოუწია ცენტრალური კომიტეტიდან წასვლამ და პარტიული მუშაობა რუსთავში გააგრძელა. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი.
ჟიული შარტავა დროებით რუსეთში გადავიდა. მან მოსკოვში დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და 1990 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ამავე პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც პროფესორ ნოდარ ლომინაძის ხელმძღვანელობით განაახლა და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის, მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“.
1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[2] 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. 1993 წლის შემოდგომისთვის, ჟიული გეგმავდა მონოგრაფიის „ოპტიმალური არჩევანი“ გამოცემას და სადოქტორო დისერტაციის წარდგენას თემაზე: „დისკრეტული პროცესების მოდელირება და ოპტიმიზაცია მართვაში“.
დამოუკიდებელი საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს ჟიული შარტავა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. მალე მას მოუწია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დავალების შესრულება — 1993 წლის 18 ივლისს აფხაზეთში გახურებული სამხედრო მოქმედებების დროს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ ჟიული შარტავა სრულიად მოულოდნელად ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
ჟიული შარტავა აქტიურად შეუდგა თავის მოღვაწეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში. მაგრამ მისი სწრაფვა და მონდომება, როგორმე შეეჩერებინა ძმათამკვლელი ომი და აფხაზეთში მშვიდობა დაემყარებინა, ამაო გამოდგა – მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს ჟიული შარტავას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დაჯილდოებულია „წმინდა გიორგის„ ოქროს და „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენებით. სენაკში შეიქმნა ჟიული შარტავას მუზეუმი. მისი სახელი მიენიჭა ქუჩებს (გამზირებს) და საჯარო სკოლებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში. დაიდგა ძეგლები რუსთავსა და სენაკში. 2014 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაფუძნდა ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლა.
2020 წელს გამოიცა ჟიული შარტავას საფოსტო მარკა 2019–2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში „ეროვნული გმირი“.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟიული შარტავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჟიული შარტავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- შარტავა ჟიული: პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. საქართველოს პარლამენტი, 1992
- (რუსული) ჟ. შარტავას მემორიალური გვერდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ეროვნული გმირის ორდენის 18 მფლობელი
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 117, ISBN 978-9941-0-5972-8.
- ↑ „საქართველოს ფოსტამ“ ჟიული შარტავას საფოსტო მარკა გამოსცა. marketer.ge (18 თებერვალი, 2020). ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2020.
|
|
|
- დაბადებული 7 მარტი
- დაბადებული 1944
- გარდაცვლილი 27 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1993
- მოკლული პოლიტიკოსები
- საქართველოს ეროვნული გმირები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- სკკპ-ის XXV ყრილობის დელეგატები
- საქართველოს სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები