ალექსანდრე ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (დ. 1871 — გ. 20 მაისი, 1923) — ქართველი მხედართმთავარი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი, ქართული არმიის გენერალი, გიორგის ჯვრის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. 1913-1917 წლებში იყო ალექსეევის სამხედრო სასწავლებლის მასწავლებელი. 1917 წლის ივნისიდან იყო საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1917 წლის ბოლოდან დაბრუნდა საქართველოში და მონაწილეობდა ეროვნული შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში. 1918 წლის შემოდგომიდან 1919 წლის ზაფხულამდე იყო საქართველოს შეარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი. 1920 წლის მაისიდან 1921 წლის თებერვლამდე იყო ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, 1921 წლის თებერვალში იყო კოჯორ-ტაბახმელას ფრონტის სარდალი. 1921 წლის მარტში იყო დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდალი

1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ანდრონიკაშვილი გახდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1921-1923 წლებში იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის („დამკომი“) სამხედრო ცენტრის წევრი. 1923 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. 1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დააპატიმრეს. მასთან ერთად დააპატიმრეს სამხედრო ცენტრის წევრები: გენერალი კოტე აფხაზი (სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი), გენერალი ვარდან წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნილი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა), სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ნიკოლოზ ზანდუკელი. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის საგანგებო კომისიისაგან. ინტერპარტიული კომიტეტის სამხედრო შტაბის აღმოჩენა. განაჩენი.- გაზ. "კომუნისტი", N 115, 1923 წ. 25 მაისი.
  • საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალმდებლო დასკვნა). ტფილისი, 1925.