ნიკოლოზ ზანდუკელი (სამხედრო ცენტრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზანდუკელი.

ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე ზანდუკელი (დ. 1886, სოფ. არანისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. რევოლუციური საქმიანობისათვის 1905 წელს ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს ოლონეცკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა. 1910 წელს გადასახლების ადგილზე დააბრუნეს. 1913 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გაიწვიეს რუსეთის იმპერიის არმიაში. მსახურობდა რიგითად სახელმწიფო ლაშქრის სტავროპოლის 597-ე დრუჟინაში კავკასიის ფრონტზე.

1918 წელს როგორც ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წელს გაწევრიანდა სახალხო გვარდიაში და შეუერთდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიას. იყო დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატის სამნეო ნაწილის გამგე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი. 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატში. აქტიურად მონაწილეობდა იატაკქვეშა ანტისაბჭოთა მოძრაობაში დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა.

2023 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ ზანდუკელს და სამხედრო ცენტრის სხვა დახვრეტილ წევრებს ეროვნული გმირის ორდენი და ეროვნული გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ურუშაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 307.;
  • კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 170.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02.
  2. გამოცემაში შეცდომით იხსენიება, როგორც „ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის ძე“.