გიორგი მაზნიაშვილი
გიორგი მაზნიაშვილი | |
---|---|
1870 — 1937 | |
| |
დაბადების ადგილი | სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების ადგილი | საბჭოთა კავშირი |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
წოდება |
გენერალ-მაიორი (რუსეთის იმპერია) გენერალი (საქართველო) დივიზიის უფროსი (სსრკ) |
ბრძოლები/ომები |
რუსეთ-იაპონიის ომი პირველი მსოფლიო ომი სოჭის კონფლიქტი სომხეთ-საქართველოს ომი რუსეთ-საქართველოს ომი (1921) |
ჯილდოები |
![]() |
გიორგი მაზნიაშვილი (დ. 6 აპრილი, 1870 — გ. 16 დეკემბერი, 1937) — ქართველი მხედარმთავარი, გენერალი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დააწინაურეს და მისცეს გენერლის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904–1905 წლებში იგი გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით. მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის და მიიწვია თავის სასახლეში. პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, ჩამოაყალიბა 2 დივიზია, რითაც აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
1918 წლის ბრესტის ზავის თანახმად, თურქებმა დაიკავეს ბათუმი და შეუტიეს გურიას. საფრთხე დაემუქრა ოზურგეთს. გიორგი მაზნიაშვილმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ოსმალებს ჩოლოქის ბრძოლაში. 1918 წელს ის დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, სადაც ივნისის თვეში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან შემოჭრილ ძალებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.
1918 წლის ოქტომბერში მაზნიაშვილი დაინიშნა თბილისის ოლქის გენერალ-გუბერნატორად, ხოლო 1918 წლის ნოემბერში ის იყო საქართველო-სომხეთის ომის შულავერის ფრონტის სარდალი. 1919 წ. აპრილში იყო ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, ხოლო 1920 წლის ოქტომბერში დაინიშნა თბილისის გარნიზონის მეთაურად. 1921 წლის თებერვალში გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სოღანლუღის სიმაღლეებს თბილისის მისადგომებთან.
1921 წელს თურქებმა ხელახლა დაიკავეს ბათუმი. გიორგი მაზნიაშვილმა ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი და მთლიანად აჭარა საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, სადაც, ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში. მას, როგორც „მოღალატეს“ და „სამშობლოს მტერს“ ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია.
გიორგი მაზნიაშვილი დასახლდა თავის მამაპაეულ სოფელ სასირეთში და ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. 1937 წელს, რეპრესიების დროს დაიჭირეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. რუსულ წყაროებში იგი ცნობილია სახელწოდებით გიორგი მაზნიევი.
2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[1] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი
- 15 მარტი – დაიბადა გიორგი მაზნიაშვილი, ისტორიული კალენდარი, სპებ.
- გენერალი მაზნიაშვილი – გმირი საფლავის გარეშე – გიორგი ჩხაიძე, Presa.ge
- გიორგი მაზნიაშვილი
- გიორგი მაზნიაშვილი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 72-73, ISBN 978-9941-0-7386-1.
- Н. Воронович. Меж двух огней. // Архив русской революции. Т. 7.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|