გურამ გაბესკირია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამ გაბესკირია (მრავალმნიშვნელოვანი).
გურამ გაბესკირია

გურამ გაბესკირია (დ. 2 მარტი, 1947, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 27 სექტემბერი, 1993, სოხუმი, აფხაზეთის არ, საქართველო) — ქალაქ სოხუმის მერი, რომელიც მოკლულ იქნა აფხაზი სეპარატისტების მიერ 1993 წელს ქართველების ეთნიკური წმენდის დროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ გაბესკირია დაიბადა 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით, თუმცა თავი გამოიჩინა როგორც ფეხბურთელმა. 1960-იანი წლების ბოლოს თამაშობდა სოხუმის „დინამოში“, მოგვიანებით კი თავისი კარიერა გააგრძელა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში, ბოლოს კი — თბილისის „ცსკა“-ში. 1972 წელს იგი გახდა რესპუბლიკური დონის, 1974 წელს კი - საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი. 1989 წელს სსრკ-ში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ყველა ქართულმა გუნდმა, სოხუმის „დინამოს“ გარდა, დატოვა საბჭოთა ჩემპიონატი. გურამ გაბესკირიამ მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კლუბ სოხუმის „ცხუმის“ დაარსებაში, რომელიც თამაშობდა ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში. გურამ გაბესკირია აგრეთვე გახდა კლუბის პრეზიდენტი. 1990 წელს იგი მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში, თუმცა თავისი კანდიდატურა მოხსნა თამაზ ნადარეიშვილის სასარგებლოდ.

1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქალაქი სოხუმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და აფხაზი და დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკიების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი. ვიდეო-მასალების, ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტებისა და მოვლენათა შესახებ თვითმხილველთა გადმოცემების მიხედვით, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა ძალით გაიყვანეს პარლამენტის შენობის გარეთ და მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც გურამ გაბესკირიამ მათ რუსულად უპასუხა: „არასდროს ჩემს სიცოცხლეში!“ (რუს. Никогда в жизни!).

ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს. 2005 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა მალკოლმ ლინტონმა თბილისის არტ-გალერეაში მოაწყო მის მიერ აფხაზეთის ომის დროს გადაღებული ფოტომასალების გამოფენა, სადაც გურამ გაბესკირიას შვილმა ვლადიმერ გაბესკირიამ ცხედრებს (ჟიული შარტავასა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად) შორის ამოიცნო მამამისი, რომელიც აშკარად ჩანს ერთ-ერთ ფოტოსურათზე.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირია სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაჯილდოებულ იქნა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი - საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით. 2017 წლის ოქტომბერში გურამ გაბესკირიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში[1][2][3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]