ვლადიმერ გოგუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ გოგუაძე
ვალოდია გოგუაძე
1880-1954
Ironclad Train of Georgian Democratic Republic.jpg
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი ჭანჭათი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების ადგილი ლევილი, საფრანგეთი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
წოდება პორუჩიკი
მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებელი
ბრძოლები/ომები სომხეთ-საქართველოს ომი, რუსეთ-საქართველოს ომი (1921)
ჯილდოები
საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე (დ. 1880, ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1954, ლევილი, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში. 1918-1921 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური, საქართველოს ეროვნული გმირი (1918), 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალოდია გოგუაძე დაიბადა გურიაში ღარიბი, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. 11 წლიდან მუშაობდა მოჯამაგირედ, მუშად ბათუმის ქარხნებში. 1900 წელს გაიწვიეს რუსეთის არმიაში. მსახურობდა ოდესაში, მანჯურიაში 1901-02 წლებში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1903 წლიდან მუშაობდა ბაქოს რკინიგზაზე. ბაქოში გოგუაძე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. როგორც გამოცდილი მებრძოლი, ის სამხედრო რაზმების უფროსად აირჩიეს. 1904 წელს გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში. რევოლუციური იატაკქვეშა კომიტეტის დავალებით თანამებრძოლებთან ერთად გოგუაძემ მრავალრიცხოვანი ტერორისტული აქტი ჩაატარა მეფის რეჟიმის მსახურთა წინააღმდეგ, ოხრანკის ჯაშუშების ლიკვიდაციის მიზნით. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში ბაქოში, შემდეგ — გურიაში, სადაც გოგუაძე და მისი რაზმელები სდევნიდნენ ყაჩაღთა და ავაზაკების ბანდებს, რომელთა რაოდენობაც ძლიერ მომრავლდა რევოლუციის პერიოდში. ბაქოში მას „დიდი ვალოდია“ შეარქვეს. მთავრობის მიერ იგი კანონგარეშე იყო გამოცხადებული და მკვლელებიც ჰყავდა მიჩენილი, მაგრამ გოგუაძე ყოველთვის ახერხებდა დასხლტომოდა მტერს, თუმცა მრავალჯერ დაიჭრა ბრძოლებში და ტერორისტული აქტების ჩატარების დროს. გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად რევოლუციური შტაბის გადაწყვეტილებით გოგუაძე საქართველოში, სოხუმში გაემგზავრა.

ვიკიციტატა
„ტერორისტულ აქტებზე მეტ წილად მარტო მივდიოდი, რადგან მიყვარდა თავისუფალი მოქმედება. ამას გარდა, ხშირად თან მყოლი ამხანაგები იბნეოდნენ ხოლმე და მეც ხიფათში მაგდებდნენ“

1909 წლიდან გოგუაძე გურიაშია და ის ფაქტობრივ მფარველად მოევლინა გურიის მოსახლეობას, რომელიც აკლებული ჰყავდა მოთარეშე ბანდებს. მთავრობისა და პოლიციისგან მიტოვებული მოსახლეობა სამართალს ქურდებისა და ყაჩაღებისა წინააღმდეგ ბრძოლაში გოგუაძისა და მისი მეგობრების დახმარებით პოულობდა. ამიტომ მის მოკვლას ცდილობდა არა მხოლოდ პოლიცია, არამედ ყაჩაღებიც.

ვიკიციტატა
„1910 წ. 17 ნოემბერს მე ყაჩაღები დავიბარე სოფელ გუთურში, დანიშნულ ალაგას მოვიდა 97 ყაჩაღი. ყველა იყო შეიარაღებული კარაბინით. ამათში იყო შვიდი კაცი, პარტიული ამხანაგი — კიკია მამულაიშვილი, სერგო მათითაიშვილი, თეოფილე მუხაშავრია, რაჟდენ ხომერიკი და სხვ. შეიარაღებულ პირებს მივმართე, წესრიგისათვის თავმჯდომარე აერჩიათ. დამასახელეს მე, მაგრამ მე მათ განვუცხადე, რომ ზნეობრივად არ შემიძლია მათი თავმჯდომარეობა. ისინი გაჯავრდნენ და იარაღზე გაიკრეს ხელი. მე ...მაგრად შევყვირე: თუ რამეს გაბედავენ, ათგირვანქიან ბომბით გაგიმასპინძლდებით-მეთქი. ისინი მოლბნენ. ...მათ გადავეცი კომიტეტის უკანასკნელი გაფრთხილება. გაფრთხილებამ უშედეგოდ ჩაიარა. ყაჩაღები ძველებურად ისევ თარეშობდნენ...“

1917 წლის რევოლუციის დროს მონაწილეობდა თბილისის „წითელი გვარდიის“ (შემდეგში საქართველოს სახალხო გვარდია) შექმნაში. გოგუაძემ ჩამოაყალიბა ჯავშნოსანი მატარებლის რაზმი 80-მდე კაცის შემადგენლობით, რომელიც მთელ საქართველოში მოძრაობდა წესრიგის აღასადგენად, ამბოხებათა ჩასახშობად, დეზერტირებისგან შემდგარი მოთარეშე შეიარაღებული ბანდების გასანადგურებლად. 1917 წლის 11-12 დეკემბერს გვარდიასთან ერთად აიღო თბილისის არსენალი, რომლითაც დაიწყო ქართული შეიარაღებული ძალის ფორმირება. ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით მოხერხდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან მობრუნებული რუსეთის 200 ათასიანი ჯარის ეშელონებით თბილისისთვის არიდება და აზერბაიჯანში გადაყვანა. შეთანხმების მიხედვით ჯავშნოსანს უნდა გაეცილებინა ბაქოსკენ მიმავალი ფრონტიდან მობრუნებული რუსული არმიის ეშელონები, გზაზე მათ თავს ესხმოდნენ თათრების შეიარაღებული ბანდები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ოსმალეთის ოფიცრები. ადრე 1918 წლის იანვარში შამქორთან რუსის ჯართან ბრძოლაში, დაიღუპა პირველი ჯავშნოსანის მეთაური როტმისტრი აფხაზავა, მაგრამ ჯარი თბილისში არ შემოუშვა.

განსაკუთრებული გმირობა გოგუაძის რაზმმა გამოიჩინა 1918 წლის იანვარ-მარტში აჭარასა და გურიაში შეჭრილი ოსმალეთის ჯარების წინააღმდეგ. 1918 წ. აპრილში მან ჯერ ჩაქვში დაიხსნა ალყაში მოქცეული პოლკოვნიკ ყარალაშვილის ჯარი. აქ, ვინაიდან ჯავშნოსანი მატარებელი ვერ უახლოვდებოდა ალყაშემორტყმულ ყარალაშვილის დაჯგუფებას, გოგუაძემ პორფილე გორგოშიძის ხელმძღვანელობით გადასხა 25 კაციანი რაზმი, რომელმაც მოახერხა ზურგში მოქცეოდა ოსმალეთის რაზმს და უეცარი შეტევით გაანადგურა პანიკაში ჩავარდნილი მრავალრიცხოვანი მტერი.

ამის შემდეგ ჩოლოქთან ჯავშნოსანმა ოსმალეთის გალიპოლის დივიზიის ერთი ბრიგადა, შვიდი ათასი კაცი პირწმინდად გაანადგურა გაბედული სამხედრო მანევრით. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც ჯარს სარდლობდა, ბრძანებდა, რადგან საკმარისი ძალები არ გვყავს, ამიტომ მდინარე სუფსის გაღმა დავიხიოთო. ბათუმში ოსმალეთის ჯარის შესვლასთან დაკავშირებით, მაზნიაშვილის აზრით, საჭირო იყო ორგანიზებული უკან დახევა.

ვიკიციტატა
„7 აპრილს გენერალმა მაზნიაშვილმა უკან დახევა ბრძანა. უკან დახევის დროს ჯავშნიანით არიერგარდში ვყოფილიყავი და მტრის თავდასხმისგან იგი დამეცვა, ბოლოს ამეფეთქებინა რკინის გზის ხიდები და სუფსაში მივსულიყავი. მე მას ჩემი გეგმა მოვახსენე: მტრის პოზიციებში შევიჭრები და ბრძოლას გავუმართავ-მეთქი. გენერალმა ეს განზრახვა არ გაიზიარა და ამიკრძალა კიდეც: ტყუილა-უბრალოდ დაიღუპებითო. მე თუ არიერგარდში უმოქმედოდ ვიქნებოდი, მაშინ მტრის არტილერია დამაზიანებდა. გენერალმა ბოლოს მითხრა და დამლოცა: ნახე! როგორც სჯობდეს, ისე მოიქეციო. ჯავშნოსანის მხედრებს არ ეძინათ. უკვე ორი საათი იყო. მებრძოლები შევკრიბე და მათ მდგომარეობა განვუმარტე, ჩემი გადაწყვეტილებაც გავაცანი...დილით ხუთ საათზე ჩოლოქის ხიდს მივადექით. ოსმალო გუშაგები დავიჭირეთ, მტრის ბანაკში შევედით და შუა ადგილი დავიპყრეთ. ოსმალების ჯარს იქაურობა აევსო. რკინის გზის აღმოსავლეთით ნაყანევი ადგილები მტრის ჯარებით იყო გავსებული. მე სროლა არ ავტეხე. მტერს ვაგრძნობინე, რომ მე შეცდომით მოვხვდი მტრის ბანაკში და ვნებდები. უკვე გათენდა და ოსმალნი ჩვენი ჯავშნოსანისაკენ გამოიქცნენ. ახლოს მოვიდნენ. მატარებლის საფეხურებზეც ამოცოცდნენ, ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვეველების ლულებს ჩამოეკიდნენ. ჯავშნიანი მატარებელი ჩაკეტილი იყო, შიგ შემოსვლა არავის შეეძლო. ოსმალთა იქ მყოფი ჯარი შეგროვდა რკინის გზასთან. როცა აქ ყველამ მოიყარა თავი, მაშინ გავეცი ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ. შეიქნა სასტიკი ბრძოლა. მოწინააღმდეგე მამაცად იბრძოდა. ერთი საათის ბრძოლის დროს ბევრი ოსმალო დაიღუპა. შემდეგ ოსმალებმა მიაშურეს საფარს და იქიდან დაგვიწყეს სროლა. მე დავიწყე მანევრების კეთება და სადაც ოსმალოებს უფრო მეტი ჯარი ჰყავდათ, სწორედ იქითკენ გავხსენი მომაკვდინებელი ცეცხლი. მტრის უმთავრესი ძალა უკვე განადგურებული იყო“

1918 წ. 13 აპრილს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს და რევოლუციის პირველი გმირის წოდება მიანიჭეს. გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებელით მონაწილეობდა მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის სამხედრო ნაწილების ამბოხების ჩახშობაში ქუთაისსა და თელავში (1918 წ. თებ.), ბორჩალოს მაზრაში (1918 წ. ივნ.), სომხეთთან ომში (1918 წ. დეკ.), საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებ.). ამ უკანასკნელი ომის დროს მძიმედ დაჭრილი გოგუაძე მეგობრებმა სტამბოლშო წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. სტამბოლში მას მეუღლემ ჩააკითხა. 1923 წელს ისინი პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. გოგუაძემ ემიგრაციაში დაწერა ვრცელი „მოგონებები“, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარების საფრანგეთში შესვლისას ავტორმა ხელნაწერები ცეცხლს მისცა. გოგუაძის „მოგონებების“ ფრაგმენტები, რომელიც ძირითადად 1890-1919 წწ. პერიოდს ასახავს, გადაარჩინა და 1963 წ. პარიზში ქართულად გამოსცა მისმა მეუღლემ.

გარდაიცვალა იქვე. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

მეუღლე — ნამეტია ბერძენიშვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამეტია ბერძენიშვილი (1891-1988) გურიის სოფელ შუა ფარცხმაში ღარიბ და მრავალშვილიან გლეხის ოჯახში დაიბადა 1891 წელს მეცხრე შვილად. 1919 წელს ნამეტია, მაშინ თბილისის უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ცოლად გაჰყვა ვალოდია გოგუაძეს და მასთან ერთად იბრძოდა ჯავშნოსანზე.

ვიკიციტატა
„მე ჯავშნოსანზე მყავდა ახალი მეომარი – ჩემი მეუღლე. მე ჩემ ძმას და ნათესავებს დავავალე: ბრძოლის დროს ჩემს ცოლთან ახლოს ყოფილიყვნენ და თუ საქმე ცუდად წავიდოდა, მოეკლათ კიდეც, რათა ოსმალებს ტყვედ არ ჩავარდნოდა“

ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივით შეგროვებული იქნა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა მიწა ქართული სასაფლაოსთვის და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო. მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველებიც სულ სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრებ ქართველების დასაფლავების ნებაც დართო.[1] ამის გამო ნამეტიას „ლევილის დედა“ შეარქვეს. 1970-იანი წლების დამდეგს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს გამგეობამ, პირველად სათვისტომოს ისტორიაში, ნამეტიას საპატიო წევრის წოდება მიანიჭა.[2]

მის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„,ვალოდია ამოზრდილი იყო ქართული ეპოსითგან. ფესვმაგარი, მტკიცე, ურყევი, უდრეკი, უტეხი, უშიშარი: როგორც თავგამოდებული მებრძოლი თავისუფლებისათვის სამშობლოისა. თვითონ ჯავშანი – საარაკო ბელადი შემმართებელი „ჯავშნოსანისა“. არავითარი სიძნელის წინაშე უკან არ დამხევი – ძალაყრით მოშვიდული, ყოველი დაბრკოლების გადამლახავი“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლ. ფაღავა „გუშაგი“ N17 — პარიზი, 1988
  2. გ. წერეთელი, „ჩვენი დროშა“ — პარიზი, 1988