შინაარსზე გადასვლა

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია სამხედრო მოღვაწეს ეხება. პოეტის შესახებ იხილეთ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი
მეტსახელი ქაქუცა
დაბადების თარიღი 14 ივლისი, 1888
დაბადების ადგილი მატანი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1930
გარდაცვალების ადგილი ლევილი, საფრანგეთი
კუთვნილება რუსეთის იმპერია რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ჯარის სახეობა კავალერია
სამხედრო სამსახურის წლები 1914-1921
წოდება პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (დ. 14 ივლისი, 1888, მატანი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 27 ივლისი, 1930, პასი, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. საქართველოს ეროვნული გმირი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ქართული გვარის — ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი იყო, რომლის მატარებლებიც თავადები იყვნენ და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნებოდნენ.

ქაქუცა სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც 1907 წელს დაამთავრა. 21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, სადაც ოფიცრის წოდება მიიღო.

1912 წელს, გათავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან და საქართველოში დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, რის შემდეგაც საკუთარ მამულში სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.

პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გენერალ გიორგი კვინიტაძესთან ერთად

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. ის იბრძოდა აღმოსავლეთის, კერძოდ - ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც ხელმძღვანელობდა ცხენოსან ესკადრონს. 1914 წელს იგი მძიმედ დაიჭრა და თავისივე სურვილით კავკასიის ფრონტზე არიერგარდის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ჩოლოყაშვილმა თავი გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლაში. ციხე-სიმაგრე „არწივის ბუდეზე“, რომელსაც ქაქუცა იცავდა, თურქების შეტევის შემდეგ ის კვლავ დაიჭრა. ამ ბრძოლაში ჩადენილი გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.

განკურნების შემდეგ,1915 წელს, ქაქუცა ჩაეწერა ახალდაარსებულ საქართველოს ცხენოსანთა რაზმში, რომელიც ნიკოლოზ ბარათოვის ხელმძღვანელობით სპარსეთში იბრძოდა. რაზმმა წარმატებული რეიდი განახორციელა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ბრიტანეთის არმიას.

დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. მსახურობდა სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში, სადაც მეთაურობდა დივიზიონის პირველ ესკადრონს. თავი გამოიჩინა სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომში, ასევე 1919 წლის სოჭის ფრონტზე დენიკინის ნაწილების წინააღმდეგ და გორის მაზრაში ამბოხების ჩახშობის დროს. 1920 წლის აპრილში ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რამდენიმე ოფიცერთან ერთად, სახალხო გვარდიიდან გარიცხეს, რადგან ისინი ერთ-ერთ დაპატიმრებულ ოფიცერს გამოექომაგნენ, მისი გათავისუფლება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ თუ ოფიცრს არ გაათავისუფლებდნენ, ისინი გვარდიას დატოვებდნენ. შტაბის აზრით, ოფიცრებმა დივიზიონის დატოვების გადაწყვეტილება ძალზე რთულ მომენტში მიიღეს, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მთავრობასთან შუამდგომლობა დააყენეს, რომ მათ არმიასა და გვარდიაში სამხედრო სამსახური აკრძალვოდათ. მთავრობის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებით მიმართა.

1920 წლის ივლისში, გამომძიებელმა თარხნიშვილმა, ცხენოსანი დივიზიონის ოფიცერთა საქმე წინასწარ ძიებაში მიიღო, მაგრამ შემდგომ, საქმეს მსვლელობა არ მისცემია. 1920 წლის ზაფხულიდან მსახურობდა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილთან განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრად. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დასაწყისში, გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში გააგზავნეს ახალი ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ომის ბოლო პერიოდისათვის მათ შეძლეს ორი ესკადრონის შექმნა, რომელთაგანაც ერთ-ერთს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩაუდგა სათავეში.

პარტიზანულ მოძრაობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეფიცულთა რაზმი

1921 წლის 17 მარტს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდა (იხ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში). ქაქუცა ჩოლოყაშვილი იმ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ.

1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო.

შეფიცულთა რაზმმა აჯანყება იმავე წლის ივნისში დაიწყო. პირველი შეტაკება სიღნაღთან მოხდა. ამას მოჰყვა გლეხთა აჯანყება ხევსურეთში. თავდაპირველად დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, იძულებული გახდა, ალყა გაერღვია და თავი კახეთისთვის შეეფარებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთს წითელი არმია შეუსია და ააოხრა.

პირველი პარტიზანული კამპანიის წარუმატებლობის შემდეგ ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ჩოლოყაშვილს სურდა, ჩეჩნებთან გაერთიანებულიყო და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, ერთიანი ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა.

ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ბრძოლები განაახლა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა მისი ძმა, სიმონ ჩოლოყაშვილი. საბჭოთა ხელისუფლება განაგრძობდა ქაქუცას დევნას. მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. დააპატიმრეს ასევე „დამკომის“ წევრები და მათ დახვრეტა მიუსაჯეს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი აგვისტოს აჯანყებისას

1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენიმეჯერ დაესხა თავს წითელ არმიას. ამასობაში „დამკომმა“ გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა.

აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა. მიუხედავა ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა აიღო მანგლისი, მაგრამ მისი შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ქაქუცა გადავიდა აღმოსაველთ საქართველოს მთიანეთში და დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალე დატოვა, რადგან დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ, 3 სექტემბერს, მან სვიმონიანთ ხევთან დაამარცხა წითელი არმია.

4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან, კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში

ქაქუცა ჩოლოყაშვილი 30 თანამებრძოლთან ერთად ტრაპიზონში ჩავიდა, საიდანაც გეზი საფრანგეთისკენ აიღო. მათ პარიზში გამგზავრების უფლების მოპოვება საკმაოდ გაუჭირდათ, რადგან თურქეთის ხელისუფლებაში მყოფი სოციალ-დემოკრატები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ დახვედრიან ლტოლვილებს. საფრანგეთში ის ცხოვრობდა საქართველოს ემიგრირებული მთავრობის რეზიდენციაში.

ჯერ ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მიყენებულმა მძიმე ჭრილობებმა ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა ქაქუცა ოსტსაუას სანატორიუმში მოათავსეს, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ის ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა.

ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რათა ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის საქართველოში მოხვედრა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ შესრულდა და იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი თბილისში, მთაწმინდაზე
ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფოსტო მარკა, 2008

ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნება პოპულარული გახდა 80-იანი წლების ბოლოდან, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმასვლასთან და ნაციონალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის გაძლიერებასთან.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი პლაკატის სახით ხშირად ჩნდებოდა იმ პერიოდის საპროტესტო აქციებზე. 1989 წელს ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში შეხვდა ჩოლოყაშვილის ერთადერთ ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს, ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში, ასევე მისი ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. 1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში აღნიშნეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 101 წლისთავი.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი 23 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200-ლარიანი კუპიურები, რომლებზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტია გამოსახული. მისი სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან ვაკეში.

200 ლარიანი ბანკნოტი ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტით

თბილისში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს ატარებს ორი ქუჩა. ერთი ვაკეში, ვაკის პარკსა და ბაგებს შორის და მეორე - ისნის რაიონში, თუმცა 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში მდებარე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვა და ეწოდა ბერი გაბრიელის ქუჩა. იმავე გადაწყვეტილებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი საბურთალოზე იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ეწოდა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.[1]

  • ქაქუცა ჩოლოყაშვილი, თბილისი, მერანი, 1989 წ.
  • ალექსანდრე სულხანიშვილი მოგონებები შეფიცულთა რაზმზე, თბილისი, არტანუჯი, 2007, ISBN 978-99940-59-61-4.
  • ივანე ლიქოკელი ხევსურები და ქაქუცა, თბილისი, არტანუჯი, 2006, ISBN 99940-55-23-2.
  • სილაქაძე დ., ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (ქაქუცა) // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 500–501.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]