ავთო იოსელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავთანდილ იოსელიანი (დ. 16 სექტემბერი, 1952, მულახი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ოქტომბერი, 1992, ოჩამჩირე) — ქართველი გეოფიზიკოსი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი. საქართველოს ეროვნული გმირი (2019).

მისი მშობლები, აბო იოსელიანი და მარიამ გოგიტაშვილი პედაგოგები იყვნენ. ავთანდილ იოსელიანი, თავდაპირველად, მშობლიური სოფლის სკოლაში სწავლობდა, ხოლო მე-3 კლასიდან, სწავლა თბილისის მე-60 საშუალო სკოლაში გააგრძელა. 1968 წელს, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1978 წელს, გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით დაამთავრა. სტუდენტობის დროს მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ავთანდილ იოსელიანმა მუშაობა საქნავთობში, გეოფიზიკურ ექსპედიციაში დაიწყო. 1980-იანი წლების ბოლოს, სამსახური გააგრძელა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ გეოფიზიკურ ექსპედიციაში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოფიზიკური სამმართველოს უფროსად. 1980-იანი წლების ბოლოდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. 1992 წლის სექტემბერში, სამსახურიდან შვებულება აიღო და აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მოხალისედ წავიდა.

ავთანდილ იოსელიანმა, 1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა. 2019 წლის 17 ნოემბერს, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ავთანდილ იოსელიანი ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. მას დარჩა მეუღლე და სამი შვილი. დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]