შავი ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი ზღვა
შავი ზღვის თანამგზავრული ფოტო

შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა" - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარილოს ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.

ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 2210 მ.

შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.

მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.

შავი ზღვის ზოგადი მახასიათებლები[რედაქტირება]

შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაკეტილი წყლის მასივია. ზღვის სიგრძე უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის 1167 კმ-ია (ბურგასი-ქობულეთი). სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია, საიდანაც საქართველოს 320 კმ ეკუთვნის (რუსეთის ფედერაცია-395 კმ, უკრაინა-1340 კმ, რუმინეთი-215 კმ, ბულგარეთი-317 კმ, თურქეთი-1365 კმ). შავი ზღვის ე.წ. ზედა ჟანგბადით მდიდარი "ცოცხალი" ფენა 175-200 მ სიღრმემდე ვრცელდება, 200 მ-დან ფსკერამდე თითქმის უჟანგბადოა და საერთოდ არ გვხვდება ორგანული სიცოცხლე. შავი ზღვის განსაკუთრებულ თავისებურებას, რაც მას მკვეთრად განასხვავებს დედამიწის დანარჩენი ჰიდროგარსისგან, წარმოადგენს წყლის ორიგინალური ფენობრივი ხასიათი. 175-200 მ სისქის მქონე ზედაპირული ფენა სიმკვრივით გამოირჩევა (მსუბუქია) მის ქვეშ მდებარე წყლის მასისაგან. ეს განსხვავება იმდენად მკვეთრია, რომ წყლის აღრევა ფენებს შორის თითქმის არ წარმოებს. ამის გამო ღრმა წყალში დაგროვილია H2S გრანდიოზული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში საერთოდ არ არსებობს საშიში იხტიოფაუნა.

საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი[რედაქტირება]

საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი მთლიანობაში არ გამოირჩევა კლაკნილობით, მკვეთრად გამოხატული ნახევარკუნძულებითა და უბეებით. ნაპირის შედარებით რთული მოხაზულობით აფხაზეთი გამოირჩევა. აქ გამოკვეთილია ბიჭვინთის, სოუქსოს, წითელი შუქურისა და კოდორის ნახევარკუნძულები (კონცხები) მათ შორის მოქცეული მიუსერის, ახალი ათონის, სოხუმისა და ოჩამჩირის უბე-ყურეებით.

მიქცევა-მოქცევის სიდიდეები საქართველოს სანაპიროსათვის უმნიშვნელოა ფოთში 8-9 სმ შეადგენს და ნახევარდღეღამურ ხასიათისაა.

შავი ზღვის ფსკერი საქართველოს ნაპირიდან საკმაოდ ციცაბოდ ეშვება სიღრმეში. ეს განსაკუთრებით ეხება აფხაზეთის უბანს. სანაპირო ზოლის ფსკერის წყალქვეშა რელიეფი გაფართოებულია ნახეობარებით და დელტებით, რომლებიც აგრძელებენ ყველა მნიშვნელოვან მდინარეთა ზედაპირულ ხეობებს.

შავ ზღვაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის გეოლოგიური წარმონაქმნია იშვიათი (არ მოეპოვება ანალოგი მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში) კონცენტრაციის მქონე მაგნეტიტური ქვიშებით აგებული ნაპირი გურიის მხარეში (შეკვეთილი-მაგნეტიტი(ურეკი) - გრიგოლეთი).

კლიმატი[რედაქტირება]

საქართველოს შავიზღვისპირეთი კავკასიონის ქედით დაცულია ჩრდილოეთის ქარებისგან. ზამთარში ძირითადად აღმოსავლეთის ქარებია, ზაფხულში უმეტესად დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის. დამახასიათებელია მოკლეპერიოდიანი ბრიზები. ქარების საშუალო უმცირესი სიჩქარეები ბათუმში გვხვდება, ზამთარში ქარები ძლიერდება და ზაფხულისთვის სუსტდება.

შავი ზღვის წყალი კომფორტულად ითვლება, თუ მისი ტემპერატურა 200-ზე მეტია, ჰაერის ტემპერატურა 150-ზე მეტი, ხოლო ტალღების სიძლიერე 3 ბალზე ნაკლებია. ეს მაჩვენებლები საქართველოს სანაპიროს წელიწადში 6-7 თვის განმავლობაში ახასიათებს.

ტალღები[რედაქტირება]

ოკეანეებთან შედარებით შავ ზღვაზე აღინიშნება ნაკლები ინტენსივობის ღელვა. შტორმული მოვლენები შავ ზღვაზე ციკლონური ზემოქმედების შემთხვევაში წარმოიქმნება. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებების ქარების მოქმედება დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვის ციკლონების გავლასთან. ატლანტიკის ციკლონები იწვევენ დასავლეთის მიმართულების ქარების და ტალღების გაჩენას, რომლებიც ძლიერი ზვირთების სახით საქართველოს სანაპიროს აღწევენ.

მარილიანობა[რედაქტირება]

ზღვის წყლის მარილიანობა საქართველოს ნაპირებთან ყველგან ნაკლებია 17 პრომილეზე (ანატოლიის ზღვისპირეთში 18 პრომილეს აჭარბებს, საშუალოდ 22 პრომილე), რაც ორჯერ ნაკლებია მსოფლიო ოკეანის მარილიანობასთან შედარებით.

შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები[რედაქტირება]

1996 წლის ოქტომბერში შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 1997 წლიდან 31 ოქტომბერი საქართველოშიც აღინიშნება, როგორც - შავი ზღის საერთაშორისო დღე.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, შავი ზღვის თემატიკის კიდევ ერთხელ პოპულიზების მიზნით, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ შავი ზღვის საერთაშორისო დღის - 31 ოქტომბრის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა.

30 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ გამართა კონფერენცია თემაზე - "გადავარჩინოთ შავი ზღვა". განიხილეს შემდეგი საკითხები: - შავი ზღვის ბიორესურსების შეფასება; - შავ ზღვაში ეუტერიფიკაციის პრობლემები; - შავი ზღვის ქიმიური და ორგანული დამაბინძურებლები; - ძუძუმწოვრები შავ ზღვაში; - უკანონო თევზჭერის ნეგატიური გავლენის ფაქტორები; - ეგზოტები შავ ზღვაში; - შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოსთვის. (ფოტო სურათები)

30 ოქტომბერს ცაცხვის ნერგები გადაეცა სარფის მშენებარე ეკლესიას. (ფოტო სურათები)

30-31 ოქტომბერს სამმართველოში მოეწყო პრეზენტაცია, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის მართვის განყოფილებამ წარმოადგინა თემა - "წყლებზე და ატმოსფერულ ჰაერზე ფაქტობრივი ზემოქმედება" და ნარჩენების მართვის განყოფილებამ - "სამედიცინო ნარჩენების ინსტიტუციონალური მართვა ქ. ბათუმსა და ქობულეთში". (ფოტო სურათები)

31 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვებმა გამოფინეს ნახატები თემაზე "დელფინები". გამოფენაში მონაწილეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]