გეოსინკლინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ დანა. გეოსინკლინების თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი

გეოსინკლინი (ბერძნ. gē – მიწა, დედამიწა და სინკლინი) — ზღვის ფსკერზე ჩასახული დედამიწის ქერქის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურულ-გეოლოგიური ერთეული. წარმოადგენს მობილურ უბანს, რომელიც დედამიწის ქერქის სტაბილურ უბანს — ბაქანს, უპირისპირდება. ახასიათებს დიდი სისქის (10-20 კმ) ზღვიური ნალექების დაგროვება (რაც ფსკერის დაძირვით აიხსნება), ქანების ძლიერი მეტამორფიზმი, ინტენსიური დანაოჭება, მძლავრი მაგმატიზმი და მთათწარმოშობა. გეოსინკლინი გრძელი (ასეულობით კილომეტრი), შედარებით ვიწრო სარტყელია, რომლის წარმოშობა უმეტეს შემთხვევაში სიღრმულ რღვევებს უკავშირდება.

რღვევები განაპირობებენ დედამიწის ქერქის ბლოკებად დასახსვრას, დაძირვასა და გეოსინკლინში მაგმის შემოჭრას. გეოსინკლინის განვითარების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ფსკერის დაძირვა და ნალექთდაგროვება (საკუთრივ გეოსინკლინური ეტაპი). ამ ეტაპზე ხშირია წყალქვეშა ვულკანიზმი, რომელიც ვულკანოგენურ ფორმაციებს წარმოშობს (სპილიტურ-კერატოფირული, სპილიტურ-დიაბაზური, პორფირიტული). ამ ეტაპზე ხდება დანაოჭებაც, რის გამოც გეოსინკლინში წარმოიქმნება კუნძულთა რკალები (გეოანტიკლინები) და შიგა გეოსინკლინური როფები, რომლებშიც ნალექთდაგროვების პირობები ცვალებადია. გეოსინკლინებში ინტრუზიულ სხეულთა შემოჭრაც ხდება. გეოსინკლინის განვითარების მეორე ეტაპზე (ოროგენულზე) მიმდინარეობს ძლიერი დანაოჭება და მთათა წარმოქმნა.

აზევება დიფერენცირებულია — მთების გვერდით მთათაშუა და მთისწინა როფებიც ჩნდება, რომლებშიც მიმდინარეობს მთების გადარეცხვის პროდუქტების, მოლასების, დაგროვება. შემდგომი დანაოჭება მოლასურ ნალექებსაც მოიცავს და ზღვა აქედანაც უკან იხევს. ამ ეტაპზე გაბატონებულია უმთავრესად ფუძე და საშუალო მჟავიანობის სუბაერული ვულკანიზმი. გეოსინკლინური ნალექების ქვედა ნაწილი დიდ სიღრმეზე დაძირვის გამო მეტამორფიზმს განიცდის.

გეოსინკლინური ნაოჭები ხაზობრივია, უმეტეს შემთხვევაში ძლიერ შეკუმშული, შეცოცებით დაწყვეტილი და ზოგჯერ დიდი ჰორიზონტალური გადაფარვებით — შარიაჟებით გართულებული. გეოსინკლინურ როფებს შორის ზოგან მოქცეულია დედამიწის ქერქის ბლოკები — შუალედი მასივები, რომლებიც გეოსინკლინის განვითარებაში სუსტად ან სულ არ მონაწილეობენ. შუალედი მასივის სუბსტრატი ადრევეა დანაოჭებული, სუსტი დაძირვის გამო სიმტკიცეს ინარჩუნებს და მასზე განლაგებულ ახალგაზრდა ნალექებს ინტენსიური დანაოჭებებისაგან იცავს.

შუალედი მასივებისა და გეოსინკლინების ერთობლიობა გეოსინკლინურ სისტემას ქმნის; უკანასკნელთა ერთობლიობა — გეოსინკლინურ სარტყლებს (მაგ., ხმელთაშუა ზღვის სარტყელი). განარჩევენ ევ- და მიოგეოსინკლინებს. პირველი ხასიათდება ძლიერი მაგმატიზმით. აღნიშნული გეოსინკლინის ორი ტიპი გამოყო გერმანელმა გეოლოგმა ჰანს შტილემ.

თანამედროვე გეოსინკლინებად მიაჩნიათ კუნძულთა რკალები, ოკეანური ღრმულები, შიგა და გარე ზღვები. გეოსინკლინურ სარტყელში ხდება დედამიწის ქერქის ევოლუცია ოკეანურიდან კონტინენტურამდე. გრავიტაციული და მაგნიტური ველები გეოსინკლინში მკვეთრად ანომალიურია. დამახასიათებელია აგრეთვე ძლიერი სეისმურობა.

გეოსინკლინების თეორიის ფუძემდებლები არიან ამერიკელები ჯეიმზ ჰოლი (1859) და ჯეიმზ დანა (1873), რომლებმაც შემოიღეს ტერმინი „გეოსინკლინი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ცაგარელი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 87-88, თბ., 1978 წელი.
  • Архангельский А. Д., Геологическое строение и геологическая история СССР, 4 изд., т. 1—2, М. — Л., 1947—1948;
  • Кэй М., Геосинклинали Северной Америки, пер. с англ., М., 1955;
  • Хаин В. Е. и Шейнманн Ю. М., Сто лет учения о геосинклиналях, "Советская геология", 1960, № 11;
  • Белоусов В. В., Основные вопросы геотектоники, 2 изд., М., 1962;
  • Штилле Г., Избр. труды, пер. с нем., М., 1964;
  • Хаин В. Е., Общая геотектоника, М., 1964;
  • Тектоника Евразии, М., 1966;
  • Обуэн Ж., Геосинклинали. Проблемы происхождения и развития, [пер. с англ.], М., 1967.