ალპური დანაოჭება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთი ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ტექტონიკურ რუკაზე ასახულია ალპიდების მთიანი სარტყლის დასავლეთი მონაკვეთის ტექტონიკური სტრუქტურა.

ალპური დანაოჭება (ალპური ოროგენი) — დედამიწის ქერქის დანაოჭების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციკლი. გამოვლინდა მეზოზოურ და კაინოზოურ ერებში. ალპური დანაოჭების ზონებში დედამიწის ქერქი დანაოჭდა და აზევება განიცადა. ამის შედეგად წარმოიქმნა გეოლოგიურად ყველაზე ახალგაზრდა მთათა სისტემები. ალპური დანაოჭების ციკლი დედამიწის ქერქში არათანაბრად და სხვადასხვა დროს გამოვლინდა ოროფაზისების სახით. ყველაზე მძლავრი ოროფაზისები ზოგან მეზოზოურ, ზოგან კი კაინოზოურ ერაში აღინიშნება. ამიტომ ბევრი მკვლევარი მეზოზოურ დანაოჭებას ალპური დანაოჭებისაგან დამოუკიდებელ ციკლად გამოყოფს.

ალპური ნაოჭა სისტემები, ფართო გაგებით, გარს ერტყმის წყნარ ოკეანეს და მოიცავს: კორდილიერებს, ცენტრალურ ამერიკას, ანდებს, სამხრეთ სანდვიჩის კუნძულებს, ანტარქტიდის ნაწილს, ახალ ზელანდიას, ახალ გვინეას, მალაის არქიპელაგს, ფილიპინისა და იაპონიის კუნძულებს, შორეულ აღმოსავლეთს, კურილის კუნძულებს, კამჩატკას, ჩუკოტკის ნახევარკუნძულს და ალეუტის კუნძულებს. ალპური დანაოჭების ზონასვე მიეკუთვნება ხმელთაშუა ზღვაჰიმალაის მთების ზოლი, რომელშიც შედის ბეტის კორდილიერები, ატლასის მთების ჩრდილოეთი ნაწილი, აპენინები, ალპები, კარპატები, ბალკანები, მცირე აზიის, ყირიმის მთები, კავკასიონი, ქოფეთ-დაღი, პამირი, ჰიმალაი, მიანმარი და მალაკის ნახევარკუნძული, სადაც მთათა სისტემების ზოლი წყნაროკეანურ სარტყელს ერწყმის.

საკუთრივ ალპური, ეგრეთ წოდებული კაინოზოური დანაოჭება, გამოვლინდა ხმელთაშუა ზღვაჰიმალაის ზოლში და გამოიწვია ტეთისის ვრცელი გეოსინკლინის გარდაქმნა მთათა სისტემებად. მეზოზოური დანაოჭება კი ძირითადად წყნაროკეანურ სარტყელში მოხდა, ამიტომ მას წყნაროკეანურ დანაოჭებასაც უწოდებენ.

ალპური დანაოჭების ზონებში დედამიწის ქერქი ბევრგან დღესაც ინტენსიურად მოძრაობს და ძლიერი სეისმურობით ხასიათდება. მასთანვეა დაკავშირებული თითქმის ყველა მოქმედი ვულკანი. ამჟამად ყველაზე ძლიერი მოძრაობებით ხასიათდება წყნარი ოკეანის დასავლეთი პერიფერია, რის გამოც მას თანამედროვე გეოსინკლინად თვლიან. ალპური დანაოჭება პირველად შეისწავლეს ალპებში, აქედან მოდის სახელწოდებაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]