საქართველოს წყალსაცავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წალკის წყალსაცავი
ალგეთის წყალსაცავი
სიონის წყალსაცავი

საქართველოს წყალსაცავებისაქართველოს ტერიტორიაზე არის 51 წყალსაცავი, რომელთა საერთო მოცულობა უდრის 345,7 მლნ. მ³-ს.[1] საქართველოს წყალსაცავების წყალი ძირითადად გამოყენებულია ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავვებლად და საირიგაციოდ. იყენებენ აგრეთვე თევზის მეურნეობის ობიექტებად. საქართველოს წყალსაცავები წარმოდგენილია კასკადების (გალი-ჯვარის, შაორი-ტყიბულის, სამგორის) ან წყალსატევების (წალკის, ჟინვალის) სახით. დასავლეთ საქართველოს კაშხლიანი წყალსაცავები მხოლოდ ენერგეტიკაში, ჰიდროელექტროსადგურებისთვის წყლის რესურსების დასაგროვებლადაა შექმნილი. მათ შორის უდიდესი — ჯვრის წყალსაცავი — სპეციალურად ენგურჰესისთვის აშენდა. წყალსაცავების დიდი ნაწილი მდინარის ხევებშია განლაგებული, ზოგი მეორეული მდინარეების შესართავებთან.[1]

ფართობით საქართველოში უდიდესია წალკის წყალსაცავი (33,7 კმ²), რომელიც გაშენებულია მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: — ხრამჰეს I, ხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა.[2]

დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესია ჯვრის წყალსაცავი, რომლის ზედაპირის ფართობია 13,5 კმ². წყლის მოცულობა 1090 მლნ. მ³. შეიქმნა მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის. წარმოადგენს საქართველოში ყველაზე ღრმა წყალსაცავს (226 მ). მიეკუთვნება გალი-ჯვრის წყალსაცავების კასკადს. მნიშვნელოვანია აგრეთვე რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე შაორის წყალსაცავი, რომელიც შექმნილია მიწაყრილის კაშხალით. წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³.[3]

მდინარე ივრის შუა წელში გაშენებულია სიონის წყალსაცავი, რომელსაც უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს.[4]

ქალაქ თბილისთან აღსანიშნავია თბილისის ზღვა, რომლის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 45 მ. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით.[5]

საქართველოს მნიშვნელოვანი წყალსაცავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალსაცავების სია მკვებავი მდინარე ფართობი კმ² მოცულობა მ³ (მლნ.) სამრეწველო გამოყენება
წალკის წყალსაცავი ქცია/ხრამი 33.7 312 ენერგეტიკა
ჯვრის წყალსაცავი ენგური 13.5 1090 ენერგეტიკა
შაორის წყალსაცავი შაორა 13.2 90.0 ენერგეტიკა
სიონის წყალსაცავი იორი 12.8 325.4 ენერგეტიკა
ტყიბულის წყალსაცავი ტყიბულა 12.1 84 ენერგეტიკა
თბილისის ზღვა იორი 11.6 308 კომპლექსური
ჟინვალის წყალსაცავი არაგვი 11.5 520 კომპლექსური
გალის წყალსაცავი ერისწყალი 8.2 145 ენერგეტიკა
ვარციხის წყალსაცავი ყვირილა 5.1 4.6 ენერგეტიკა
გუმათის წყალსაცავი რიონი 2.4 39 ენერგეტიკა
ალგეთის წყალსაცავი ალგეთი 2.3 65 მელიორაცია
ლაჯანურის წყალსაცავი ლაჯანურა 1.6 50 ენერგეტიკა
ნადარბაზევის ტბა ლიახვი 1.18 8.2 მელიორაცია
ზონკარის წყალსაცავი პატარა ლიახვი 1.4 40.0 მელიორაცია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ი. იორდანიშვილი, კ. იორდანიშვილი, საქართველოს მთის წყალსაცავები და მათი ზემოქმედება გარემოზე, თბ., 2010
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 289.
  3. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 685.
  4. გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 380.
  5. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 617.