პრომეთე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრომეთე (ჟურნალი).
ჰერა და პრომეთე
მიჯაჭვული პრომეთე (მხატ. გიუსტავ მორო

პრომეთე. ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, ქართულად „წინდახედული“, „წინასწარმეტყველი“, „შორსმჭვრეტელი“. ტიტანი. იაპეტისა და ოკეანიდ აზიის (ზოგი ვარიანტით კლიმენეს, თემიდას) ვაჟი. ეპიმეთესა და ატლანტოსის ძმა, დევკალიონის მამა. მითებში პრომეთე ღმერთებთან მებრძოლ და ადამიანების ინტერესების დამცველ გმირადაა გამოყვანილი, ღმერთებისგან ტიტანების დამარცხების შემდეგ პრომეთე ადამიანების მხარეზე დადგა. ზევსის მოტყუების მიზნით პრომეთემ დაკლული ხარის ხორცი ორად გაყო, ერთ მხარეზე საუკეთესო ხორცის ნაჭრები დაალაგა, ზემოდან ტყავი და კუჭი დაადო, ხოლო მეორე მხარეზე ძვლები მოაგროვა და ზემოდან ქონები დაალაგა. შემდეგ ზევსს შეეკითხა, თუ რომელ ნაწილს აირჩევდა. ხარბმა ზევსმა ქონიანი ნაწილი აირჩია. პრომეთეს საქციელით გაჯავრებულმა ზევსმა ადამიანებს ცეცხლი წაართვა, მაგრამ პრომეთე ავიდა ოლიმპოზე, ცეცხლი ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან გამოიტაცა, ადამიანებს გადასცა და მისი შენახვა ასწავლა. ზევსი ამ ამბავმა კიდევ უფრო გააჯავრა და მან, ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის, ბრძანა, რომ პრომეთე მიეჯაჭვათ კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზე. მიჯაჭვულ გოლიათთან ყოველდღე მიფრინდებოდა არწივი და გმირს ღვიძლს უძიძგნიდა, (რაც იმას ნიშნავს, რომ ის (ღვიძლი) ისევ გამრთელდებოდა, რადგანაც ამ ორგანოს აქვს აღდგომის უნარი), მაგრამ ღამ-ღამობით მტანჯველი წყლული ისევ შუშდებოდა.

პრომეთეს მითი გავრცელებული იყო მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კავკასიაშიც, სადაც იგი ამირანის შესახებ თქმულებას შეერწყო მრავალი საერთო ნიშნისა და დეტალის გამო.

წყარო[რედაქტირება]

  • მითოლოგიური ლექსიკონი. შეადგინა ნ. გაფრინდაშვილმა. გამომც. „განათლებ“, თბილისი, 1972. გვ. 262–264.
  • გელოვანი აკაკი. მითოლოგიური ლექსიკონი. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983. გვ. 425–427.