ცხენისწყალი
|
|
|
|---|---|
| ცხენისწყალი | |
| დახასიათება | |
| სიგრძე | 176 კმ |
| აუზის ფართობი | 2120 კმ² |
| წყლის ხარჯი | 90,4 მ³/წმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | კავკასიონი |
| · მდებარეობა | საქართველო |
| · სიმაღლე | 2710 მ |
| შესართავი | რიონი |
| · მდებარეობა | საქართველო |
| ჩაედინება | რიონი (საქართველო) |
| განლაგებულია | |
აუზი |
|
| ქვეყნები | |
| ქალაქები | ცაგერი |
ცხენისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კვ.კმ. ცხენისწყლის შუა და ზემო დინება კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო — კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70%), ზამთარში — წყალმცირობა (10%), შემოდგომაზე — წყალმოვარდნა (20%).
წყალდიდობა ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში — აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად რიონს უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები — ყინულნაპირისი და თოში — იცის ზემო და შუა დინებაში. მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.
ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: ზესხო, ხელედულა, ჯონოულა (მარჯვ.), ღობიშური, ლეუშერისწყალი, ხოფური (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.
ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 251, თბ., 1987 წელი.
|
|||||||