არიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Alexandri anabasis, 1575

ფლავიუს არიანე (Arrianos Phlabios, Arrianus Flavius; დ. დაახლ. 95 – გ. 175) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, დაიბადა ბითინიის ქ. ნიკომედიაში. ფილოსოფოს ეპიქტეტეს მოწაფე. კარგად იცნობდა ბერძნულ და რომაულ ლიტერატურას.

ეკავა მაღალი სამხედრო თანამდებობები. 131–137 წლებში კაპადოკიის მმართველი იყო. ადმინისტრაციულ ფუნქციებთან ერთად დაკისრებული ჰქონდა იმპერიის საზღვრების დაცვაც. ამ მიზნით 131 ახლო ხანებში იმპერატორ ადრიანეს დავალებით მოიარა შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო. თავისი საინსპექციო მოგზაურობის შედეგებზე არიანემ იმპერატორის გაუგზავნა ოფიციალური ანგარიში, რომელსაც იგი „ლათინურ წერილს“ უწოდებს. შემდეგ მან ეს მოხსენება ლიტერატურულად გადაამუშავა და უწოდა „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ („Periplus Pontou Euxeinu“). „მოგზაურობის“ I ნაწილში არიანე აღწერს შავი ზღვის სანაპიროს ტრაპეზუნტიდან დიოსკურიამდე, ჩამოთვლის აქ მოსახლე ტომებს (სანები, მაკრონები, ჰენიოხები, ზიდრიტები, ლაზები, სანიგები, აფშილები, აბაზგები), იხსენიებს აქაურ „მეფეებს“ და ახასიათებს მათ დამოკიდებულებას რომთან. აქვე აღწერს სანაპიროზე არსებულ ციხესიმაგრეებს (აფსაროსი, ფაზისი, სებასტოპოლისი), ასახელებს მდინარეებსა და აღნიშნავს მათს შესართავებს შორის არსებულ მანძილებს. „მოგზაურობის“ პირველი ნაწილი ძირითადად ემყარება არიანეს მიერ პირადად შეკრებილ მასალას. იგი ძვირფასი წყაროა II საუკუნის კოლხეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის, პოლიტიკის ვითარების, რომთან დამოკიდებულების, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის, ისტორიის, გეოგრაფიის და სხვა საკითხების შესასწავლად. ნაკლები მეცნიერული ღირებულება აქვს — „მოგზაურობის“ II და III ნაწილებს, რომლებიც დაწერილია წერილობითი წყაროებისა და ზეპირი გადმოცემების საფუძველზე. მათში აღწერილია შავი ზღვის სანაპირო ხაზი ბოსფორიდან ტრაპეზუნტამდე და სებასტოპოლისიდან ბიზანტიონამდე.

არიანე როგორც კაპადოკიის მმართველი, დიდ როლს ასრულებდა მეზობელ სამეფოებთან ურთიერთობის მოგვარებაში და ალანთა შემოსევებისაგან იმპერიის აღმოსავლეთი საზღვრების დაცვაში. საფიქრებელია, რომ მან მონაწილეობა მიიღო ალანთა საკითხებზე გამართულ მოლაპალაკებაში იბერიის მეფე ფარსმან II-თან და ამავე დროს დაათვალიერება კასპიის კარი (დარიალი) მისი გამაგრების მიზნით. ალანთაგან თავდაცვას ეხება აგრეთვე არიანეს თხზულებები :„ალანთა ისტორია“ და „ტაქტიკა“. მასვე ეკუთვნის ნაშრომები „ძაღლებით ნადირობისათვის“, „ინდოეთი“, „მოგონებანი ეპიქტეტეზე“ და სხვა. არიანეს საუკეთესო შრომად ითვლება „ალექსანდრეს ანაბასისი“ (I–XII წიგნი), რომელიც ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა ისტორიისათვის.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაყმაძის გამოცემა, თბ., 1961.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანაშია ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე. შრომები, ტ. 1, თბ., 1949;