იუნესკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუნესკო
Flag of UNESCO.svg
იუნესკო
დაარსების თარიღი

16 ნოემბერი, 1945

ტიპი

სპეციალური სააგენტო

იურიდიული სტატუსი

მოქმედი

სათავო ოფისი

პარიზი, საფრანგეთი

გენერალური მდივანი

ბულგარეთის დროშაირინა ბოკოვა

მშობელი ორგანიზაცია

გაერო

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) – გაეროს სპეციალიზირებული სააგენტო. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად[1][2].

ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. 2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით იუნესკო აერთიანებს 195[3] ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. იუნესკოს ყურადღების ცენტრში მოქცეულია აფრიკა და გენდერული თანასწორობა[4].

ისტორია[რედაქტირება]

1942 წელს დიდ ბრიტანეთში ინგლისისა და უელსის განათლების საბჭოს თავმჯდომარის რიჩარდ ბატლერის და ბრიტანეთის საბჭოს პრეზიდენტის მ. რობერტსონის ინიციატივით, გაიმართა ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების განათლების მინისტრების შეხვედრა (ინგლ. Conference of Allied Ministers of Education). შეხვედრა, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი მთვრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მიმდინარეობდა ლონდონში 16 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე[5]. კონფერენციის მთავარი თემა მშვიდობის დამყარების შემდეგ განათლების სისტემის აღდგენა იყო. ერთჯერადი ღონისძიებების ნაცვლად 1945 წლის დეკემბრამდე (იუნესკოს ოფიციალურ დაარსებამდე) ჩატარდა 60 შეხვედრა. კონფერენციის იდეებმა დიდი მხარდაჭერა ჰპოვა მსოფლიო თანამეგობრობაში[6].

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ლონდონში გაიმართა გაეროს კონფერენცია, განათლებისა და კულტურის ორგანიზაციის შექმნის თაობაზე. კონფერენცია მოიწვიეს 1942 წლის და 1945 წლის სან-ფრანცისკოს შეხვედრის რეკომენდაციების შესაბამისად.

1945 წლის 16 ნოემბერს ხელი მოეწერა იუნესკოს დებულებას. შეხვედრის 44 მონაწილიდან დებულებას ხელი მოაწერა 37-მა. დებულება ძალაში შევიდოდა მას შემდეგ რაც 20 ქვეყანა მოახდენდა მის რატიფიკაციას. ეს კი მოხდა 1946 წლის 4 ნოემბერს[5]. იუნესკოს პირველი კონფერენცია, რომელსაც 30 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მიმდინარეობდა პარიზში, 1946 წლის 19 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე[6].

სტრუქტურა[რედაქტირება]

იუნესკოს თანამედროვე შტაბ-ბინა, რომელსაც ლათინური ანბანის ასო Y ფორმა აქვს, 1958 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა. გარდა იუნესკოს პარიზის შტაბ-ბინისა, მსოფლიოს მასშტაბით არსებობს მთელი რიგი იუნესკოს ოფისებისა. ორგანიზაციას გააჩნია რეგიონალური ბიუროები დაკარში, ნაირობში, ბეირუთში, კაიროში, ბანგკოკში, ჯაკარტაში, ვენეციაში, ჰავანაში, მონტევიდეოში და სანტიაგოში. წარმომადგენლობით ოფისთა უმრავლესობა ე.წ. კლასტერული ოფისებია, რომელთა რიცხვი ამჟამად 27-ია[7]. კლასტერული ოფისები სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს, თუმცა გარდა ამისა არსებობს რეგიონალური ოფისებიც. იუნესკოს ასევე გააჩნია 21 ნაციონალური ოფისი, ინსტიტუტები და ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ხდება გაეროს წევრი ავტომატურად ხდება იუნესკოს წევრიც, ხოლო გაეროდან გასვლის შემთხვევაში ასევე ავტომატურად ტოვებს იუნესკოს რიგებსაც. ქვეყანა, რომელიც არაა გაეროს წევრი შესაძლებელია გახდეს იუნესკოს წევრი გენერალური კონფერენციის წევრთა 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში.

იუნესკოს ოფიციალური ენებია: ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ენები. თავდაპირველად იუნესკოს ძირითადი ენები იყო ინგლისური და ფრანგული, 1950 წელს ოფიციალური ენის სტატუსი მიიღო ესპანურმა ენამ, 1954 წელს – რუსულმა, 1974 წელს – არაბულმა, 1980 წელს კი ჩინურმა.

მმართველობა[რედაქტირება]

იუნესკოს ხელმძღვანელი ორგანოებია გენერალური კონფრენცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება და აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც ირჩევს გენერალური კონფერენცია და ორგანიზაციას ხელმძღვანელობს კონფერენციათა შორის პერიოდში. იუნესკოს აღმასრულებელი ორგანოა სამდივნო, რომელსაც გენერალური დირექტორი უდგას სათავეში[8].

ამჟამად გენერალურ დირექტორს ირჩევს გენერალური კონფერენცია 4 წლის ვადით. 2009 წელს გენერალურ დირექტორად აირჩიეს ბულგარელი დიპლომატი ირინა ბოკოვა.

იუნესკოს გენერალური დირექტორები
# გენერალური დირექტორი ქვეყანა მმართველობის წლები
1 ჯულიან ჰაქსლი დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი 19461948
2 ხაიმე ტორეს ბოდეტი მექსიკის დროშა მექსიკა 19481952
3 ჯონ ტეილორი აშშ-ის დროშა აშშ 19521953
4 ლიუტერ ევანზი აშშ-ის დროშა აშშ 19531958
5 ვიტორინო ვერონეზე იტალიის დროშა იტალია 19581961
6 რენე მაიო საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 19621974
4 ამადუ-მახთარ მ'ბოი სენეგალის დროშა სენეგალი 19741987
8 ფედერიკო მაიორი ესპანეთის დროშა ესპანეთი 19871999
9 კიოტირო მაცურა იაპონიის დროშა იაპონია 19992009
10 ირინა ბოკოვა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 2009-დან

საქმიანობა[რედაქტირება]

იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ.

პროგრამები[რედაქტირება]

განათლება ყველასათვის[რედაქტირება]

იუნესკო არის საერთაშორისო პროგრამის "განათლება ყველასათვის" კოორდინატორი. აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზნები ჩამოყალიბდა დაკარის 2000 წლის ფორუმზე[9].

ადამიანი და ბიოსფერო[რედაქტირება]

პროგრამა წარმოადგენს ინტერდისციპლინარული კვლევის გეგმას, რომლის მიზანია გააუმჯობესოს ადამიანის ურთიერთქმედება ბუნებრივ გარემოზე. პროგრამის ძირითადი მიზანია განსაზღვროს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგები ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და შემცირების თვალსაზრისით.

მსოფლიო მემკვიდრეობა[რედაქტირება]

გალაპაგოსის კუნძულები – ნომერ პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მსოფლიო მემკვიდრეობა.

1972 წელს იუნესკომ მიიღო მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1975 წელს. ყოველწლიურად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება სესიაზე, რომელიც განსაზღვრავს თუ, რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. პირველი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს 1978 წელს და ეს იყო გალაპაგოსის კუნძულები.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიის მთავარი მიზანია თითოეული ობიექტი დაიცვას და გახადოს ცნობილი თუ რა თქმა უნდა იგი შეესაბამება იუნესკოს კრიტერიუმებს. იუნესკოს სულ 10 კრიტერიუმი აქვს, რომელთაგან პირველი ექვსი მოქმედებს 1978 წლიდან და განსაზღვრავს კულტურულ ობიექტებს, ხოლო დანარჩენი ოთხი მოქმედებაშია 2002 წლიდან და ბუნებრივ ობიექტებს განსაზღვრავს. 2005 წლიდან 10-ვე კრიტერიუმი გაერთიანდა ერთ სიად[10].

იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები დაყოფილია ხუთ გეოგრაფიულ ზონად:

ამჟამად სულ 911 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 148 ქვეყანაში. აქედან: 704 კულტურულია, 181 ბუნებრივი, ხოლო 26 კი შერეული ტიპის.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება]

2003 წელს იუნესკომ მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნიეს ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ფესტივალები და ხალხური რეწვა.

მსოფლიოს მეხსიერება[რედაქტირება]

პროგრამა მსოფლიოს მეხსიერება შეიქმნა 1992 წელს, რათა დაიცვას დოკუმენტური მემკვიდრეობა[11] მათ შორის ისტორიული დოკუმენტები, არქივები და ა. შ.

2011 წელს საქართველოს დოკუმენტური მემკვიდრეობის 1000 ნამუშევარი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა.[12]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Организация Объединённых Наций по вопросам образования, науки и культуры. დსე. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  2. მოკლედ იუნესკოზე. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  3. General Conference admits Palestine as UNESCO Member State
  4. იუნესკო. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  5. 5.0 5.1 იუნესკოს სტორია. იუნესკო. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  6. 6.0 6.1 UNESCO past and present. იუნესკო. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  7. National Offices. იუნესკო. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  8. Руководящие органы ЮНЕСКО. იუნესკო. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  9. Education: Mission. ЮНЕСКО. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  10. The Criteria for Selection. მსოფლიო მემკვიდრეობა. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  11. Programme Background. მსოფლიოს მეხსიერება. წაკითხვის თარიღი: 2010-05-23.
  12. ქართული ხელნაწერების 1000 ნამუშევარი იუნესკოს მსოფლიო პროგრამის რეესტრში მოხვდა